Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უჭირთ ქიმია, მათემატიკა, გეოგრაფია და განსაკუთრებით ფიზიკა და ბიოლოგია - რას აჩვენებს ეროვნული გამოცდების შედეგები

ფოტო გადაღებულია 2025 წელს თბილისის მეათე საჯარო სკოლაში, რომელიც წლებია რეაბილიტაციის გამო დაკეტილია.
ფოტო გადაღებულია 2025 წელს თბილისის მეათე საჯარო სკოლაში, რომელიც წლებია რეაბილიტაციის გამო დაკეტილია.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები და ბოლო 5 წლის მონაცემების ანალიზი რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციას კვეთს.

მათგან თვალში საცემია ის, რომ აბიტურიენტთა დიდი ნაწილი საბუნებისმეტყველო საგნებში - ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, გეოგრაფიასა და მათემატიკაში - მინიმალური ზღვრის გადალახვასაც კი ვერ ახერხებს.

არამარტო წელს, თითქმის ყველა წინა წელს ამ საგნებში ბარიერის გადალახვა ყველა მესამე ან ყველა მეოთხე აბიტურიენტისთვის შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა.

რატომ ვერ სწავლობენ ბავშვები საბუნებისმეტყველო საგნებს?

“საბუნებისმეტყველო საგნების კარგად სწავლას განსაკუთრებით სჭირდება კრიტიკული აზროვნება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგი დავით თარხნიშვილი, რომელიც გვიხსნის, რომ მისი სტუდენტებისთვის ნაკლულ ცოდნაზე უფრო დიდი პრობლემა კვლევის ჟინის და უნარების სიმწირეა.

თუმცა ეროვნულ გამოცდებში მიღებული ცუდი შედეგები ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდას ცუდი სასტარტო პირობების გაუმჯობესება არ შეუძლია.

„მქონია შემთხვევები, როცა წარმატებული, მაღალი ქულებით ჩარიცხული ახალგაზრდები სწავლისას კარგავენ ინტერესს და მათთვის უნივერსიტეტში გატარებული დრო დაკარგულია”, - ამბობს პროფესორი დავით თარხნიშვილი რადიო თავისუფლების პოდკასტ “გამოკითხვაში”.

რადიო თავისუფლებამ გამოკითხა ათამდე პედაგოგი, მათი ნაწილი სკოლაში, მოწაფეებთან ან აბიტურიენტებთან მუშაობს, ნაწილი კი სტუდენტებთან. მათთან საუბრის შემდეგ იმ პრობლემების კომპლექსური სია, რომელიც ხელს უშლის მოსწავლეებს უკეთ ისწავლონ საბუნებისმეტყველო საგნები, ასე გამოიყურება:

  • კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტი - ერთი მხრივ, სისტემა საკმარისს ვერ აკეთებს ახალგაზრდების სკოლაში მისაზიდად და მეორე მხრივ, არც მასწავლებლების გადამზადების პროგრამებია საკმარისად ეფექტური. მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ან უკვე საპენსიო ასაკისაა, ან საპენსიო ასაკს უახლოვდება.


“მცირეკონტინგენტიან და ქალაქის სკოლებშიც კი, არიან მასწავლებლები, რომლებიც რამდენიმე საგანს ასწავლიან იმისათვის, რომ ელემენტარული, ყოფისათვის საკმარისი ანაზღაურება მიიღონ - ეს არ არის მათი არჩევანი და დამატებით სხვა საგნების ხელფასისთვის აღება, მასწავლებლებისთვისაც შეურაცხმყოფელი და დამღლელია და პროფესიისთვის ღირსების და რეპუტაციის შემლახველი”, - ამბობს გეოგრაფი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის პროფესორი, მანანა რატიანი, რომელიც თვლის, რომ მოსწავლის შედეგების გამადიდებელი შუშით შესწავლის პარალელურად მნიშვნელოვანია, სისტემა ხედავდეს მასწავლებლის საჭიროებებსაც.

  • დაფინანსების სიმწირე, მასწავლებლების დაბალი ხელფასები [500-დან 2 000 ლარამდე, დატვირთვის და სტატუსის მიხედვით] და სკოლების ღატაკი ლაბორატორიები, რაც სწავლას ექსპერიმენტების ჩატარების ელემენტს ართმევს.


“სკოლას რეალურად ბევრად უფრო კარგად აღჭურვილი ლაბორატორიები სჭირდება, ვიდრე უნივერსიტეტს, სადაც მე ვასწავლი. უნივერსიტეტში უკვე მოტივირებული ადამიანი მოდის და სკოლაში ეს მოტივაცია უნდა შექმნა და გააჩინო…” - ფიზიკოსი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ზაზა ოსმანოვი თვლის, რომ განათლებაში ფინანსების დაზოგვა ყველაზე თვალსაჩინო ზიანს ყველაზე რთულად ასათვისებელ საგნებს აყენებს და აბიტურიენტების შედეგები მის ამ მოსაზრებას მხოლოდ ამოწმებს.

  • ინფრასტრუქტურული პრობლემები - რემონტის ან ახალი შენობის ასაშენებლად დაკეტილი სკოლები და ამის გამო წლობით სხვა სკოლის შენობაში შეხიზნული მოწაფეები და მასწავლებლები. რამდენიმე ცვლაში სწავლა კი უფრო მოკლე გაკვეთილებსაც ნიშნავს.


2022–2026 წლების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული იყო 800 საჯარო სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია, რომელთაგან 200-ისთვის სრულიად ახალი შენობა უნდა აშენებულიყო, 500 გარემონტებულიყო და კიდევ 80 ახალი სკოლა უნდა დაემატებინათ. ამ შენობებიდან რამდენი განახლდა და რამდენი აშენდა, რადიო თავისუფლებამ არაერთხელ იკითხა განათლების სამინისტროში, თუმცა დაზუსტებული მონაცემები ვერცერთ ჯერზე ვერ მიიღო.
  • რეპეტიტორების აუცილებლობა - სკოლა დამოუკიდებლად ვერ ამზადებს მოწაფეებს ეროვნული გამოცდებისთვის. - სიღარიბე კი უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს იმ მოსწავლეებს, ვისაც უმაღლესში ჩასაბარებლად რეპეტიტორის დაქირავება სჭირდება. უთანასწორობა თვალში საცემია დედაქალაქისა და პერიფერიების სკოლების მოსწავლეთა ოჯახების შესაძლებლობებს შორის.


საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 18 წლამდე ბავშვების 9.2% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამავე წელს 379 957 ბავშვი იყო რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში.

  • სახელმძღვანელოების ხარისხი - ეს პრობლემაც შესაძლოა უფრო დამძიმდეს, რადგან სახელმწიფო სასკოლო წიგნების შექმნაზე მონოპოლიას აცხადებს, გამომცემლობებს თიშავს ამ პროცესიდან და კონკურენციას, რაც გარკვეულწილად მაინც აიძულებდა ავტორებს სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, სრულად სპობს.
  • შეუფასებელი დანაკარგები - განათლების სისტემა არ ითვლის არც იმ ზიანს, რაც პანდემიის დროს დისტანციური სწავლის გამო მიიღეს მოსწავლეებმა და არც იმას, რაც სკოლების გაჭიანურებულმა მშენებლობამ მოიტანა.
  • განათლების პოლიტიკა - ფრაგმენტული და დაუგეგმავი, უფრო ცალკეულ ცვლილებებზე გათვლი, ვიდრე სისტემურ გარდატეხაზე.

“პრობლემას მე ვერ ვხედავ მოსწავლეებში, პრობლემას მე ვერ ვხედავ მასწავლებლებში, პრობლემას მე ვხედავ სამინისტროსა და მის პოლიტიკაში”, - ამბობს პროფესორი, მანანა რატიანი, რომელიც თვლის, რომ დიდია ცდუნება, ცუდი შედეგები მასწავლებლების არაკომპეტენტურობით აიხსნას, თუმცა ეს პრობლემის გამარტივება იქნებოდა.

მეცნიერები და განათლების სპეციალისტები შიშობენ, რომ პრობლემა, რომელიც ბოლო წლების მონაცემებში ჩანს და რომელსაც სახელმწიფო ვერ პასუხობს, შესაძლოა უფრო გამწვავდეს.

“ჩვენ წინ გველოდება განათლების სფეროში სერიოზული აპოკალიფსი - ჩვენ უკვე ვართ კატასტროფაში, სადაც მხოლოდ აბიტურიენტები კი არა, მასწავლებლებიც ვერ ლახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. ამ სისტემის ჩამოშლა გარდაუვალია და ბევრი სხვა სისტემისგან განსხვავებით, განათლების სისტემის ჩამოშლა ცალსახად საზიანო იქნება ჩვენი შვილებისთვის”, - ამბობს ზაზა ოსმანოვი.

კიდევ რა ჩანს სტატისტიკაში - ევროპულ ენებს რუსული ანაცვლებს

ეროვნულ გამოცდებზე ახალგაზრდები ქართულსა და ინგლისურში თითქმის ერთნაირი წარმატებით ახერხებენ მინიმალური ზღვრის გადალახვას და მხოლოდ აბიტურიენტების 3%-ს უჭირს ამ ორ საგანში გამოცდის ჩაბარება, თუმცა, იგივე არ ითქმის რუსულის, ფრანგულისა და გერმანულის შემთხვევაში. ინგლისურის გარდა, ქართველ მოსწავლეებს უნივერსიტეტში მოსახვედრად სწორედ ამ სამი ენის ჩაბარება შეუძლიათ.

2026 წელს რუსულში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 6%-მა, ფრანგულში, თითქმის 5%-მა და გერმანულში 3%-მა - წინა ხუთი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ენის შემთხვევაში 8-დან 15%-მდე მერყეობს.

ენების გამოცდების სტატიკა აჩვენებს იმასაც, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო ცოტა ახალგაზრდა აბარებს გამოცდას ფრანგულსა და გერმანულში და მეტი ირჩევს რუსულს.

და რა საჭიროა ყველამ უნივერსიტეტში ჩააბაროს?

კიდევ ერთი, რასაც მონაცემები აჩვენებს, არის ის, რომ მცდარია შეხედულება, თითქოს სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარებას უმრავლესობა ცდილობს - რიცხვები აჩვენებს, რომ:

  • ყოველწლიურად მცირდება იმ მოსწავლეების რიცხვი, ვინც 12 კლასს ამთავრებს - თუკი 2022 წელს საქართველოში 45 ათასს აჭარბებდა მათი რიცხვი, 2026 წელს მათი რიცხვი 21 ათასამდე შემცირდა;
  • ყოველ წელს დაახლოებით 5 ათასამდე თორმეტკლასდამთავრებული არ რეგისტრირდება ეროვნულ გამოცდებზე, ანუ არ აინტერესებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება.
  • საბოლოო ჯამში სტუდენტი თორმეტკლასდამთავრებულთა დაახლოებით 75% ხდება.
  • მთავარი პრობლემა, რაც მონაცემებში იკვეთება, ისაა, რომ ქართველი მოსწავლეები სკოლის დამთავრებამდე ეთიშებიან ქართულ განათლების სისტემას - ბოლო 6 წელიწადში, საქართველოს სკოლებიდან საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად 22 737 მოსწავლე წავიდა. მხოლოდ 2025 წელს 3 669 მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა ქართულ სკოლებში და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა - ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც ხევსურეთის, რაჭის და სვანეთის სკოლის მოსწავლეების ჯამური რაოდენობა, ან თბილისის ერთი დიდი სკოლა.

2026 წლის მონაცემები აჩვენებს სოციალურ უთანასწორობის ზრდის რისკსაც - ბოლო ეროვნულ გამოცდებზე შარშანდელთან შედარებით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც კერძო უნივერსიტეტებში ჩააბარა და სადაც სახელმწიფოს გრანტის გაუქმების გამო სწავლის გადასახადი გაიზარდა, სახელმწიფო სასწავლებლებში კი, სადაც სახელმწიფო სტუდენტებს უფასო სწავლის შესაძლებლობას ჰპირდებოდა, სტუდენტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG