Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გვპირდება სალომე?


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამის ძირითადი პუნქტები.

ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის პრიორიტეტებში მოხვდა:

სტაბილურის დაცვა, საზოგადოების დაცვა და ზრუნვა საქართველოს გაერთიანებისთვის. ამ ნაწილში მოიაზრება:

საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა. ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება და მისი გამთლიანებისთვის წინაპირობების შექმნა. ნატოში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია. საზოგადოების გაერთიანებაში პირადი წვლილის შეტანა. არა კონფრონტაცია, არამედ კონსტრუქციული თანამშრომლობა ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან და საზოგადოებასთან, მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ტოლერანტული საზოგადოების გაძლიერება ყველა წარმოშობის მოქალაქეების ინტერესების დაცვითა და ჩართულობით, რაც მიიღწევა, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ენის სწავლის ხელმისაწვდომობით. ევროკავშირის მისიასთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გაზრდა. პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულების შესრულება - აფხაზური ენისა და იდენტობის დაცვა.

შემდეგი პრიორიტეტია ევროპა საქართველოში და საქართველო ევროპაში:

ევროპული სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში: ადამიანის ძირითადი უფლებების, სოციალური და ეკონომიკური, ეკოლოგიური, შრომის უსაფრთხოების უფლებების დაცვა; მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და განსაკუთრებული სოციალური საჭიროებების მქონე სხვა პირთა ინტერესების დაცვა. ევროპული გამოცდილების გაზიარება არა მზა მაგალითებით, არამედ საქართველოს თავისებურებების გათვალისწინებით. ევროპული სტანდარტების დანერგვითა და ქართული კულტურის, ღირებულებების გაზიარებით ევროპაში კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისთვის მუშაობა. ქვეყნის ევროპასა და ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია თავისი კულტურითა და იდენტობით. მკაცრი ზედამხედველობა მთავრობის მიერ ხალხისთვის გაცემული დაპირებების შესრულებაზე

რეგიონების გაძლიერებაში სალომე ზურაბიშვილი გულისხმობს:

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ქვეყნის გაძლიერების საფუძველია. აუცილებელია ახალი პოტენციალის დანახვა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პერსპექტივის გაჩენა ადგილებზე.რეგიონების პრეზიდენტი, მათი წარმომადგენელი ხელისუფლებაში, მათი ინტერესების გატანა საზღვარგარეთ და ახალი კავშირების ხელშეწყობა.

კულტურა:

პრეზიდენტი - კულტურული მემკვიდრეობის გარანტი.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლების დაცვა და ახალი ძეგლების შეტანის ხელშეწყობა (მაგალითად, მეგრული ოდა). ქართული კულტურის, როგორც ქართველი ხალხის უმთავრესი ღირებულების დაცვა და განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ. პრეზიდენტი, როგორც კულტურის ელჩი.

ახალგაზრდობა:

ახალგაზრდების ინიციატივების წახალისება, ნოვატორული იდეების მხარდაჭერა. სახელმწიფო დაფინანსებით უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ღირსეული დაბრუნება და სრულფასოვანი ჩართვა ქვეყნის მშენებლობაში. ევროპის ქვეყნებთან შეთანხმება დროებითი მიგრანტების თაობაზე

ჯანდაცვა:

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და სპორტის განვითარება. ნარკოტიკების წინააღმდეგ უწყვეტი საინფორმაციო კამპანიის წარმართვა.

დიასპორა:

ორმაგი მოქალაქეობის დამკვიდრებით მოქალაქეობრივი და სამართლებრივი კავშირის აღდგენა დიასპორასთან. უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ღირსეული დაბრუნება საქართველოში და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაში. დიასპორის სახლის დაარსება.

მედიცინა:

იმ დიდი პოტენციალისა და ტრადიციების განვითარების ხელშეწყობა, რაც ისტორიულად გვაქვს მედიცინის სფეროში (ფარმაცია და ხალხური მედიცინა, ფაგები, კურორტოლოგია). დაავადებების პრევენციისთვის მუშაობის გააქტიურება. უშუალოდ პრეზიდენტის მხარდაჭერა და ლობირება ონკოლოგიის ცენტრის შესაქმნელად, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ ადგილზე მკურნალობის შესაძლებლობა.

ტურიზმი:

თემატური ტურიზმის (არქეოლოგიური, რელიგიური, ექსტრემალური, ბალნეოლოგიური, ეკოტურიზმი და ა.შ.) განვითარება, რაც უშუალოდ შეუწყობს ხელს რეგიონების გაძლიერებას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოდელი ასეთი იქნება:

პრეზიდენტის რეზიდენცია ორბელიანის სასახლეში; ადმინისტრაციის გამჭვირვალობა; კავშირი მოქალაქეებთან (ცხელი ხაზი); გენდერული ბალანსი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წარმომადგენლობა ადმინისტრაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG