Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ქურქში


არა, არ ვარ ვეგეტარიანელი. თუმცა ხორცი არ მიყვარს და ხორციან კერძებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გეახლებით ხოლმე. ყველა იმ ადამიანისაც მესმის, ვისაც ცხოველის ხორცის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, ვისაც „ბალახი“ არ აკმაყოფილებს. მაგრამ არ მესმის, რატომ შეიძლება განიჭებდეს სიამოვნებას ცხოველების ატრაქციონები ცირკში, რატომ შეიძლება მოგწონდეს დაკვირვება, თუ როგორ იქცევა ცხოველი გალიაში და რაც მთავარია, თუკი სადღაც, ალასკაზე არ ცხოვრობ, როგორ არ უნდა გრცხვენოდეს, დიახ, გრცხვენოდეს... მკვდარი ცხოველის შემოცმა და ასე, საქვეყნოდ, სახალხოდ ქურქში სიარული. მით უმეტეს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ!

დიახ, მარია კალასსაც უყვარდა ქურქი. მგონი, ჯენის ჯოპლინიც მყავს ქურქში ნანახი. არ გამოვრიცხავ, რომ მოსწონდათ ძვირფას ბეწვში გახვევა, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ თვითდამკვიდრების გარკვეული საშუალება იყო ეს ქურქი. მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ კალასს და კიდევ ბევრ კარგ ქალს (კაცსაც, ალბათ) არასდროს უფიქრია როგორ მზადდება ეს ქურქები, როგორი სისასტიკე ახლავს თან ქურქის წარმოებას, რამდენი სისხლი იღვრება იმისთვის, რომ ადამიანმა ბეწვი შემოიხვიოს. თანაც არა იმდენად იმისთვის, რომ გათბეს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დამკვიდრდეს, უფრო სწორად თავისი ძალაუფლება გვიჩვენოს.

კალასის შემდეგ ბევრი რამე გავიგეთ და გავიაზრეთ ადამიანებმა. ცხოველთა უფლებების დამცველებიც გააქტიურდნენ. ცხოველთა უფლებების ის დამცველები, რომლებიც ირონიულად მოიხსენია ამას წინათ სალომე ზურაბიშვილმა, ინგა გრიგოლიას გადაცემაში.

შონ მონსონის ფილმი „დედამიწელები“ (2006), პირველ რიგში ჩვენს პრეზიდენტს მინდა შევთავაზო. მას ჯიუტი და ხისტი ქალის სახელი აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მაინც იმოქმედებს მასზე და იმ რაღაც ქურქს, ლიეტუვაში რომ ეცვა, თავად მოუღებს ბოლოს (ლიეტუვა რომ „ცივი ქვეყანაა“, რატომღაც არ გაითვალისწინა... ლიეტუვის პრეზიდენტმა, რომელიც ბეწვებში, მოგეხსენებათ, ვერ ვიხილეთ). ქურქი კი არა, ხალხი ვიცი, ვინც ამ სურათმა ვეგეტარიანელი გახადა. ძლიერი ემოციური ეფექტი, რომელიც ფილმს ახლავს, მაყურებლის ეთიკური პოზიციის „კონსტრუირებას“ უწყობს ხელს. მერე რა, რომ ხოაკინ ფენიქსის ხმა კადრს მიღმა, თითქმის დემონსტრაციულად ნეიტრალურია? მერე რა, რომ ფილმში არ საუბრობენ სპეციალისტები, ცხოველთა უფლებების დამცველები, აქტივისტები. ეფექტი მაინც ძალიან ძლიერია, რადგან „დედამიწელები“ გვიჩვენებს ტკივილს. არა იმდენად ცოცხალი არსების წამებას, რამდენადაც ტკივილს! ჰოდა, ვის არ განგვიცდია ტკივილი. ფიზიკური ტკივილი! ყველამ ვიცით, რა არის ეს. ცხადია, იცის საქართველოს პრეზიდენტმაც.

პრეზიდენტი სტუდიებში არ დადისო, ბრძანა სალომე ზურაბიშვილმა. მის ამ ნათქვამს „შუბის“ კონტექსტში თუ განვიხილავთ, საერთოდ კატასტროფას მივიღებთ. მე პირადად აქ ინგა გრიგოლიას „უზრდელობამ“ კი არ გამაკვირვა და აღმაშფოთა, არამედ იმან, თუ როგორ შეიკავა ჟურნალისტმა თავი. რადგან ქურქში გახვეულ პრეზიდენტს თუ გავიხსენებთ, ამ ფრაზას - „პრეზიდენტი სტუდიებში არ დადის“, სულ სხვა მნიშვნელობას მივანიჭებთ - გამოდის, რომ საქართველოს პრეზიდენტს ეს „შუბა“ სწორედაც რომ ძალაუფლების დემონსტრირებისთვის ეცვა. თუკი პრეზიდენტი სტუდიაში არ დადის, „იმიტომ რომ პრეზიდენტია“, პრეზიდენტი უფრო მდიდრულად იცვამს კიდეც, გამორჩეულად, თავისი „დომინანტურობის“ ხაზგასასმელად. მერე რა, რომ იგი ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტია. იმ ქვეყნისა, რომელიც რამდენი წელია უკვე (საუკუნეც?) სხვის კმაყოფაზე ცხოვრობს. შინაურულად რომ ვთქვათ, „მათხოვრობს“... ჰოდა, კიდევ კარგი, ლიეტუველების ჭირიმე, ჩემს პრეზიდენტს ცხოველთა უფლებების დამცველებმა კვერცხები არ დაუშინეს, როგორც არაერთ ქვეყანაში გაუკეთებიათ. ძალიან შემრცხვებოდა!

საკუთარი ცოდვები მეყოფა. ახლა კიდევ პრეზიდენტის გამო რატომ უნდა შემრცხვეს, არ ვიცი. ანახეთ, ანახეთ, თუ შეიძლება, „დედამიწელები“ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG