Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რად გინდათ ევროპა, თქვე საყურიანებო” - რას იხსენებენ აქციაზე ნაცემი და დაკავებული ადამიანები


საპროტესტო აქციის მონაწილის დაკავება
საპროტესტო აქციის მონაწილის დაკავება

“რას გამოეთრიეთ, ვერაფერს მიაღწევთ, რა ევროპა მოგინდათ, რად გინდათ ევროპა, თქვე საყურიანებო, თქვე შეღებილთმიანებო, მეუბნებოდნენ სპეცრაზმელები და მცემდნენ”, - უყვება რადიო თავისუფლებას ირაკლი ნონიაშვილი.

ის ერთ-ერთია იმ 133 დემონსტრანტს შორის, რომელიც პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო 7 და 8 მარტის აქციებზე დააკავა.

დაკავებისას ირაკლი ცდილობდა, მისკენ ნასროლი მხუთავი აირის ჭურვი უკან გადაეგდო.

“რობოკოპები ბოლიდან გამოვიდნენ, ვერც კი დავინახე, ჩემკენ რომ მორბოდნენ. დავემორჩილე ხელების აწევით, გამაკავეს და მერე უკვე უხეშობაზე გადავიდნენ, კინაღამ თითები მომატეხეს. როცა გავუძალიანდი, სახეში მუშტების რტყმაზე გადავიდნენ, ერთ-ერთმა ცხვირში ჩამარტყა მუშტი, ალბათ ოცამდე სპეცრაზმელი დამეხვია თავს, დამაგდეს ძირს, მირტყამდნენ, ცდილობდნენ ნივთების წართმევას”, - ასე იხსენებს ირაკლი დაკავების მომენტს.

დაკავების ოქმის გასაფორმებლად ის შუაღამეზე თბილისის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მიიყვანეს. იქ გაირკვა, რომ ყველა ახლომდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორი სავსე იყო. მას უნდა აერჩია, სად უნდოდა წასვლა - ბაკურიანში თუ თელავში. საბოლოოდ, ღამის 12 საათზე დაკავებული დილის 6 საათზე ისე შეასახლეს თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში, რომ არც მას მისცეს ოჯახსა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება და არც ოჯახმა იცოდა მისი ადგილსამყოფელი. თელავში ირაკლის აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი ადამიანი დახვდა - აქ მან არასრული ორი დღე გაატარა.

ირაკლის დაკავების კადრებში, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოხვდა, ჩანს, რომ მას სახე სისხლიანი აქვს, დაკავებაში კი მონაწილეობს ათზე მეტი სპეცრაზმელი.
ირაკლის დაკავების კადრებში, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოხვდა, ჩანს, რომ მას სახე სისხლიანი აქვს, დაკავებაში კი მონაწილეობს ათზე მეტი სპეცრაზმელი.

9 მარტს, გვიან საღამოს უთხრეს, რომ ათავისუფლებდნენ. ირაკლის პირადი ნივთები და ტელეფონი თბილისის პოლიციის განყოფილებაში დაიტოვეს იმ დათქმით, რომ სასამართლოში გადაყვანისას მიუტანდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 9 მარტს, განაცხადა, რომ ყველას, ვინც აქციაზე დააკავა, ათავისუფლებდა. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დიდმა ნაწილმა კომპრომისად აღიქვა, თუმცა სინამდვილეში ამას ითხოვდა კანონი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანი არაუგვიანეს 24 საათისა უნდა წარედგინოს სასამართლოს. დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, შეიძლება პატიმრობა კიდევ ერთხელ, მაქსიმუმ 24 საათით გახანგრძლივდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში არ შეიძლება 48 საათზე დიდხანს დაყოვნება.

ყველა დაკავებულის მიმართ სამართლებრივი დევნა ისევ გრძელდება.

მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ განაგრძობს დამნაშავეების ძებნას, რომლებიც ხელკეტებს, მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას იყენებდნენ სამართალდამცველების წინააღმდეგ, წვავდნენ მანქანებს და ამსხვრევდნენ შუშებს პარლამენტის შენობაში.

“ადამიანები ტელეფონის, პირადი ნივთების გარეშე აღმოჩნდნენ ღამით შუა ქუჩაში, ზოგი ბაკურიანში, ზოგი თელავში, ჩემსავით”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირაკლი ნონიაშვილი. თბილისში აქციაზე დაკავებულთა ნაწილი იმ ღამით ქუთაისის იზოლატორებშიც კი აღმოჩნდა.

უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ვინც აქციებზე დაკავებულებს უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობდნენ, ჰქონდათ ეჭვი, რომ მათი ნაწილი ნაცემი იყო და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შორს წაიყვანეს, ის იყო, რომ არ სურდათ ოჯახის წევრებს ამის შესახებ გაეგოთ.

“სახეზე ჰქონდა ტატუ, იგინებოდა და ილანძღებოდა პოლიციელების მისამართით. იძახდა “მონებს”, “ძაღლებს”, “ოცთეთრიან მონებს”, - ეს არის ჩანაწერი გურამ მაცხონაშვილის დაკავების ოქმიდან.

“რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მითქვამს, ძალიან სწორხაზოვნად, მხოლოდ %ლეს ვეძახდი”, - ამბობს გურამი. მასაც, სხვა დაკავებულების მსგავსად, პოლიციელები ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან.

“ერთადერთ მომენტში შევაქციე ზურგი სპეცრაზმს და მომენტალურად უკნიდან მომეპარნენ და შემითრიეს პოლიციის დიდ ჯგუფში”, - იხსენებს გურამი, რომელიც 8 მარტს, დილის ორ საათზე დააკავეს კინო რუსთაველთან და უთხრეს, რომ ზაჰესის იზოლატორში გადაჰყავდათ. მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ გაიგო, რომ ორი დღე და ღამე გაატარა არა ზაჰესში, არამედ სპეციალურად ამ აქციებზე დაკავებული ადამიანებისთვის გახსნილ #2 წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღომში, რომელიც რემონტის გამო იყო დაკეტილი.

გურამი ჰყვება, რომ იზოლატორში წყლის და საკვების გარეშე 36 საათი დააყოვნეს. პირველი 15 საათის შემდეგ იგი სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და მისმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მოინახულეს.

“ამის მერე დაფაცურდნენ, გავაფრთხილე, რომ ვეგეტარიანელი ვიყავი და ნებისმიერი რამე მოეცათ ხორციანის გარდა. კარგიო. 20 წუთში მომიტანეს ხორციანი მაკარონი, რომელიც უკან გავატანე. ამის შემდეგ კიდევ 10 საათი არ შემომაწოდეს საჭმელი. მერე ცვლა შეიცვალა და ისინი დამპირდნენ, შემოგიგზავნითო. ისე დავტოვე იზოლატორი 36 საათის შემდეგ, რომ საჭმელი არ მოუციათ”, - ამბობს გურამ მაცხონაშვილი და ამატებს, რომ სასამართლოში პროცესის მოლოდინში იზოლატორში გატარებულ საათებს კიდევ 9 დაემატა. მას იმედი ჰქონდა, რომ მოსამართლე გაიზიარებდა მის მოსაზრებას, რომ პოლიციელების ქცევა დამსჯელობითი იყო, ვეგეტარიანელისთვის ხორციანი საჭმლის შეთავაზება კი დისკრიმინაციული. სასამართლომ გურამი დამნაშავედ ცნო და 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პოლიციამ მტკიცებულებად გამოიყენა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს მისი აწეული შუა თითი აქციაზე - მოსამართლემ ამ კადრებზე თქვა, რომ არ იყო მკაფიო ჩანაწერიდან, ვის მიემართებოდა მისი ეს ჟესტი, პოლიციელებს თუ ვინმე სხვას.

არ დაუპატიმრებიათ, მაგრამ სასტიკად სცემეს ხელკეტებით 7 მარტს დავით ჯავახიშვილს. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ ინგოროყვას კლინიკაში ტვინის შერყევით, გახეთქილი წარბით და დაზიანებული კბილით შეიყვანა.

დავით ჯავახიშვილი კლინიკაში და კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ.
დავით ჯავახიშვილი კლინიკაში და კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ.

“ჩვენ ძალიან მშვიდობიანად, წყნარად ვიყავით. 9 აპრილის ქუჩაზე, სპეცრაზმის წევრები ჯგუფურად იდგნენ, ჩვენც ათამდე ადამიანი ვიყავით, ვსაუბრობდით ჩვეულებრივ, უცბად ამოვარდნენ დამატებითი ძალები, ისევ ნიღბიანები, მეთაურთან ერთად, რომელმაც ძალიან აგრესიულად დაიწყო ჩვენთან ლაპარაკი, გვითხრა, რომ არ უნდა გველაპარაკა სპეცრაზმელებთან და ძაღლებს რომ მიუქსევ, ეგრე მოგვიქსია თავისი რობოკოპები. ჯაფარა და ნიკა მოგვტაცეს, ჩვენ გვცემეს. თავიდან ხელებით დაიწყეს, მერე ხელკეტებზე გადავიდნენ, მაქსიმალურად ცდილობდნენ ზიანი მოეყენებინათ ჩვენთვის. რასაც მივხვდი, მშვიდობას იკავებენ მანამ, სანამ მეთაურს რამე ბრძანება არ მოუვა. ტელეფონს რომ იღებდა ხელში, მერე იწყებოდა სროლა და შეტევა”, - უყვება რადიო თავისუფლებას დავით ჯავახიშვილი. ის ფიქრობს, რომ დაკავებას მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ რადგან სასწრაფოს მანქანა იქვე იდგა, ექიმებმა სწრაფად წაიყვანეს კლინიკაში. ჯაფარა და ნიკა, ვისაც დავითი ახსენებს, პარტია „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ამავე პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი არიან. ორივე 7 მარტის ღამეს დააკავეს და დაკავებისას ხელკეტებით სცემეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა.

“ჩვენ ვიყავით აქციაზე, არავისთვის არანაირი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, პირიქით, იქ დაიწყეს ბავშვების ცემა და კადრებშიც ჩანს, რომ ზურგით ვდგები სპეცრაზმთან, რომ ბავშვებს გადავეფარო და მაგ დროს გადამათრიეს უკან. თან მიმათრევდნენ და თან მირტყამდა 5-6 ადამიანი. მას შემდეგ, რაც 9 აპრილის ქუჩაზე შემათრიეს ჭიშკრის შიგნით, გააგრძელეს ჩემი ცემა ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, მათ შორის, თავზე ნაჭდევი რაც მაქვს, ხელკეტისგან მაქვს. ამის შემდეგ შიგნით გავაგრძელე საუბარი, პოლიციელებს ველაპარაკებოდი, რის შემდეგაც უკვე ფეხზე დამდგარი გვცემეს, ყბებში გვირტყამდნენ. ყველას ეკეთა ნიღბები, ესენი იყვნენ სპეცდანიშნულების თანამშრომლები... ჩვენ ანგარიში გაგვისწორეს”, - გაიხსენა დაკავების და ცემის ამბავი ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ 9 მარტს.

დავით ჯავახიშვილი კი, რომელმაც კლინიკა იქ მოხვედრიდან მეორე დილას დატოვა თავზე 8 ნაკერით, იმავე საღამოს წავიდა აქციაზე. პოლიციამ ამ დღეს ნაკლებ ადამიანს სცემა, მაგრამ მეტი მხუთავი აირი და წიწაკის სპრეი გამოიყენა, ასეთია იმ ადამიანების დაკვირვება, რომლებიც ორივე დღეს იდგნენ რუსთაველზე.

“ეზოებში შევრბოდით, იმდენად შეუძლებელი იყო რუსთაველზე სუნთქვა. იქაც შემოდიოდნენ და იქაც უშვებდნენ მხუთავი აირის ბალონებს. ადამიანები გამოდიოდნენ და გვთავაზობდნენ თავშესაფარს, პირველად დახმარებას. ჩვენ გვეუბნებიან, ეკლესიის მაგინებლები ხართო და ქაშუეთის ეზოში, რაც ჩემი თვალით დავინახე, ორჯერ ჩააგდეს მხუთავი აირის ბალონები”, - იხსენებს დავითი.

სახელმწიფო ამ დრომდე არ ასაჯაროებს იმ პირების რაოდენობას, ვინც აქციებზე დაშავდა და ვისაც სამედიცინო დახმარებისთვის კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო არც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე საუბარს თვლის საჭიროდ და ახსენებს მხოლოდ დაშავებულ პოლიციელებს. 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა აქციაზე დაშავებულმა ერთმა მამაკაცმა.

9 მარტს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა გამოაქვეყნა განცხადება თბილისში გამართულ აქციებზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „უმეტეს შემთხვევაში, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG