Accessibility links

რას უნდა ელოდეს ღარიბი სამთავროს მდიდარი მთავარი


ზეიმი, წარმატების ვითარებისთვის შეუსაბამო აღნიშვნა, დროშებით სირბილი, ავტომობილების გამაყრუებელი სიგნალი, ზალპების ბათქაბუთქი და პარტიის სათავო თუ რეგიონული ოფისების თავზე ჩამოწოლილი წყვდიადის მაშხალებით განათება, - ეს ყველაფერი ვერ ფარავს იმ რეალობას, რომელიც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დადგა. მმართველი პარტიის ცალკეული ლიდერებისა და მხარდამჭერების ხმამაღალი ძახილი, რომ გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და, რომ საქართველო სამუდამოდ გათავისუფლდა წარსულისგან (ამ შემთხვევაში წარსული სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ოპონენტის აღმნიშვნელი ევფემიზმი), არაფერს ნიშნავს, რადგანაც არ არსებობს პოლიტიკაში ერთხელ და სამუდამოდ გამარჯვება, ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებაში დარჩენა. დროსთან ერთად იცვლება პოლიტიკური ცხოვრების ყველა მდგენელი - სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, ემოციური და ა.შ. - მათ შორის იცვლება ხელისუფლების (მმართველი პარტიის) აღქმა ამომრჩევლის მიერ და, თუ ამ ცვლილებას ვერ ხედავს ან სათანადოდ ვერ პასუხობს ხელისუფლება, დაემართება ის, რაც ბიძინა ივანიშვილს დაემართა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, როცა, მისდა გასაკვირად, აღმოაჩინა, რომ „მოჭარბებული ნდობა“ სადღაც გამქრალიყო.

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩათვალა, რომ „ერთხელ და სამუდამოდ“ გაათავისუფლა საქართველო „წარსულისგან“ და მერე, მთელი ექვსი წლის განმავლობაში არ შეუცვლია აზრი. არადა, თუკი ათვლის წერტილად ავიღებთ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს (პირველი არჩევნები ახალი ოპოზიციისა და ახალი მმართველი პარტიის პირობებში), დავინახავთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ფიასკო გარდაუვალი იყო: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ძირითადი ოპოზიციის ჯამური ელექტორატი განუხრელად იზრდებოდა, მაშინ როცა მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა არჩევნებიდან არჩევნებამდე იკლებდა.

როგორ იცვლებოდა მმართველი პარტიისა და ძირითადი ოპოზიციის ელექტორატი 2013 წლიდან
როგორ იცვლებოდა მმართველი პარტიისა და ძირითადი ოპოზიციის ელექტორატი 2013 წლიდან

2013 წელი: „ნაციონალური მოძრაობა“ - 354 ათასი ხმა. „ქართული ოცნება“ - 1,01 მლნ ხმა.

2016 წელი: „ნაციონალური მოძრაობა“ - 447 ათასი ხმა; „ქართული ოცნება“ - 856,6 ათასი ხმა.

2017 წელი: „ევროპული საქართველო“ - 156, 2 ათასი ხმა. „ნაციონალური მოძრაობა“ - 265,5 ათასი ხმა (ჯამში - 421,7 ათასი ხმა). „ქართული ოცნება“ - 838 ათასი ხმა.

2018 წლის I ტური: „ევროპული საქართველო“ - 174,8 ათასი ხმა. „გაერთიანებული ოპოზიცია“ - 601, 2 ათასი ხმა (ჯამში 776 ათასი ხმა). სალომე ზურაბიშვილი - „ქართული ოცნება“ - 615,5 ათასი ხმა.

2018 წლის II ტური: გაერთიანებული ოპოზიცია - 780,6 ათასი. სალომე ზურაბიშვილი - „ქართული ოცნება“ – 1,15 მლნ. ხმა.

გრაფიკიდან ასევე კარგად ჩანს პირველ და მეორე ტურებს შორის ვითარების შეცვლის ხელოვნურობის მასშტაბი, როცა ოპოზიციის ჯამური ელექტორატი თითქმის იგივე დარჩა, ხოლო მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის ამომრჩეველი გაორმაგდა, რამაც „ოცნების“ გრაფიკის წირი არანორმალურად გადატეხა.

საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ამგვარი „არანორმალურობა“ შედეგია ამომრჩევლის ნებაზე განხორციელებული ასევე არანორმალური ძალადობისა, რაზეც ღიად მიუთითებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ამასთან, ამ ორგანიზაციების ანგარიშებით, ამომრჩევლის ნებაზე ძალადობას ჰქონდა როგორც კოლექტიური (მთავრობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილებები), ასევე ინდივიდუალური (კოორდინატორების, ე.წ. უბნის ავტორიტეტების და ა.შ. ვიზიტები) ხასიათი.

როცა „მოჭარბებული ნდობიდან“ აღარაფერი გრჩება, მაგრამ გაქვს მოჭარბებული ძალაუფლება და მოჭარბებულზე მეტი მატერიალური შესაძლებლობა, შეგიძლია საეჭვო ექსპერიმენტებითაც დაკავდე: ნაჩქარევად, „ძველი გვარდიის“ მობილიზებით სული ჩაუდგა და გააცოცხლო შენზე ხელჩაქნეული (პრინციპში, შენთვის მკვდარი) ამომრჩეველი, რომელიც თავისი სურვილით არ მივიდოდა არჩევნებზე და აკი არც მივიდა პირველ ტურში, როცა მის ნებაზე უხეშად არ ძალადობდნენ. კოორდინატორების და მათთან გათანაბრებული პირების წინასაარჩევნო აქტიურობაც ამგვარი გაცივებული ამომრჩევლისთვის სიცოცხლის ნიშნების (იმედის ჩასახვა, დანაყრება, შეშინება და ა.შ.) გასაჩენადაა საჭირო. კოორდინატორი დიდი ხანია, აღარ არის პარტიის პროგრამის ცოდნით აღჭურვილი გულწრფელი აგიტატორი, რომელიც ამომრჩევლის გულის მოგებას და გადაბირებას ცდილობს თავისი პარტიის იდეოლოგიის უპირატესობის დამტკიცებით. კოორდინატორი - ესაა აქტიური ქალი (კაცი) მეზობელი სადარბაზოდან, ენერგიული ნათესავი, შენი შვილების სკოლის (ბაღის) მასწავლებელი, რომელიც ოჯახში გივარდება დაშაქრული სახით და როგორც ძალიან ახლობელი, როგორც შენი ჭირისუფალი გელაპარაკება ფულად დახმარებაზე, სოციალური შემწეობის დანიშვნაზე, ქმრის (ცოლის) დასაქმების პერსპექტივაზე, შვილის (ძმის) პრობლემების დაძლევაზე და იმ საფრთხეებზე, რომლებიც გარდაუვალად დაგატყდება თავს, თუკი სხვა პარტია (სხვა კანდიდატი) გაიმარჯვებს. დღევანდელი კოორდინატორი - ესაა ქართული სახელმწიფოს მიერ არჩეული მართვის უძველესი მოდელისა თუ მეთოდის - „მათრახი და თაფლაკვერის“ რიგითი გამტარებელი ყველაზე დაბალ დონეზე. კოორდინატორი - ესაა ქართული სახელმწიფოს სახე, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილ მოქალაქეს ენახვება არჩევნების დროს და, რამე სარგებლის ან დაპირების სანაცვლოდ, სძალავს ხმას.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით, ცხადია, ერთხელ და სამუდამოდ, არაფერი დასრულებულა. ბიძინა ივანიშვილს ყოველ ჯერზე, ხელახლა მოუწევს დაკარგული ელექტორატის გაცოცხლება, რისთვისაც სულ უფრო მეტი კოორდინატორის (და მათთან გათანაბრებული პირის) დაქირავება და ფულის დახარჯვა მოუწევს. ძნელი დასაჯერებელია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში, მოესწრება იმ მასშტაბის ცვლილებების გატარება, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის „ელექტორალური სხეულს“ დაბრუნებას შეაძლებინებს. ვითარების შესაცვლელად ბიძინა ივანიშვილს ძალიან ცოტა დრო აქვს. უზარმაზარი ფინანსური კაპიტალიც კი მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს საქართველოსავით ღარიბ ქვეყანაში. ნორმალურია, როცა ღარიბ სამთავროს ღარიბი მთავარი ჰყავს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ღარიბი სამთავროს მდიდარი მთავარია, რაც უკმაყოფილებისა და არასტაბილურობის ნოყიერ ნიადაგს ქმნის: წონასწორობისათვის ან სამთავრო უნდა გამდიდრდეს ან მთავარი უნდა გაღარიბდეს.

2012 წელს მილიარდერობა მეტ მიმზიდველობას სძენდა ბიძინა ივანიშვილს. ბევრი ფიქრობდა, რომ ღარიბ სამთავროს მდიდარი მთავარი კეთილდღეობას მოუტანდა, მაგრამ, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ასე არ მოხდა. ექვსი წლისთავზე ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის სიმდიდრე გაღიზიანების დამატებითი წყაროა. ყოველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ 2018 წელს ქართველები სულ სხვა რამეზე ოცნებობენ, ვიდრე ექვსი წლის წინ, 2012 წელს ოცნებობდნენ.

XS
SM
MD
LG