Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ცვლის პრემიერ-მინისტრის გადაყენება ბელარუსის პოლიტიკაში


ალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, თანამდებობიდან დაითხოვა პრემიერ-მინისტრი სერგეი რუმასი და მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად თავისი გარემოცვის წარმომადგენელი, რამან გალოუჩანკა, დანიშნა.

ეს სამთავრობო ცვლილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, რადგან ლუკაშენკომ ორი კვირით ადრე დააანონსა სამთავრობო ცვლილებები, ხოლო თავისი გადაწყვეტილება მოსახლეობას ისე მიაწოდა, თითქოს მთავრობის ახალი შემადგენლობის გამოცხადება არჩევნებამდე ჩვეულებრივი მეთოდი ყოფილიყოს ამომრჩევლის ნდობის ასამაღლებლად.

მთავრობის ცვლილება რომ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, ეს აშკარაა, მაგრამ აქ არის, როგორც იტყვიან, ერთი მაგრამ: მიმომხილველებმა მალე გაიხსენეს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინა საპრეზიდენტო არჩევნების წინ მინისტრთა კაბინეტი არასოდეს შეუცვლია. ამ შეუსაბამობის გამო ეჭვქვეშ დადგა ბელარუსის ლიდერის ის განცხადებაც, რომ მას არ ჰქონდა „პრეტენზიები სერგეი რუმასის“ მთავრობის მიმართ.

საქმე ის გახლავთ, რომ აგვისტოსათვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარ მეტოქედ უკვე ითვლება ერთ-ერთი უმდიდრესი პოლიტიკოსი, ბანკ „ბელგაზპრომბანკის“ პრეზიდენტი, ვიქტორ ბაბარიკო, რომელსაც თავისი კარიერის განმავლობაში გარკვეული შეხება ჰქონდა ბელარუსის აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრთან.

ბაბარიკო - „კრეატიული კლასის“ ფავორიტი

მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო, 26 წელია, ერთპიროვნულად მართავს ბელარუსს, მისი მეხუთე საპრეზიდენტო კადენციის ბოლოს ქვეყანა საკმაოდ მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე იმყოფება. კორონავირუსის გამო ბელარუსში შენელებულია ეკონომიკური აქტიურობა; მოსკოვთან დაპირისპირების გამო ქვეყანა, მეორე თვეა, არ ღებულობს ნავთობს თავისი მთავარი ენერგეტიკული პარტნიორისგან; ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო უგულებელყოფს კორონავირუსს და არ უწევს ქმედით დახმარებას ბიზნესს.

ბოლო კვირის ქრონიკებში ჩანს, თუ როგორ იდგნენ ბელარუსის მოქალაქეები რიგებში, რომ ხმა მიეცათ ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი კანდიდატებისათვის 9 აგვისტოსათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში. საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა ქალაქების მინსკის, ბრესტის, გროდნოს, გომელისა და სლუცკის ქუჩებში. ასეთი რამ ბელარუსის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა მმართველი ელიტის ორმა წარმომადგენელმა - ექს-დიპლომატმა ვალერი ცეპკალომ და ბანკირმა ვიქტორ ბაბარიკომ. ამ უკანასკნელის გამოსვლა ბელარუსის პოლიტიკურ სცენაზე საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება ალექსანდრ ლუკაშნეკოს მიერ მთავრობის გადაყენების ფონზე.

როგორც ირკვევა, ვიქტორ ბაბარიკო, რომელიც რუსული კომპანია “გაზპრომის“ შვილობილი ფინანსური ინსტიტუტის, ბანკ „ბელგაზპრომბანკის“, პრეზიდენტია, ფინანსური რესურსებითა და რუსეთთან კავშირებით, უკვე მიიჩნევა წინასაარჩევნო ბრძოლის ფავორიტად, რასაც რამდენიმე ინტერნეტგამოკითხვაც ადასტურებს.

„საქმე ის გახლავთ, რომ ბელარუსში ხელისუფლების მიერ აკრძალულია არასანქცირებული სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება, ხოლო ოფიციალური კვლევები არ ქვეყნდება. ამიტომ, ჩვენ მის [ბაბარიკოს] პოპულარობაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ პოპულარული პორტალების საიტებზე ჩატარებული გამოკითხვებით, რომლებიც ახალ უკვე ასევე აიკრძალა - მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბაბარიკო პირველ ადგილზეა. მე ამას არ ვთვლი რეპრეზენტაციულ გამოკითხვებად, მიუხედავად იმისა, რომ იგი ასახავს კრეატიული კლასისა და პოლიტიკურად აქტიური ადამიანების განწყობას. უცნობია, თუ რას ფიქრობს ხალხი. მაგრამ, ვიმეორებ, ელექტორალური თვალსაზრისით, სწორედ ბაბარიკოა ყველაზე წონიანი კანდიდატი“, - აცხადებს იური დრაკახრუსტი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის მიმომხილველი.

„კორონავირუსზე უფრო საშიში“

ახლახან უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ (HRW) გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ბელარუსში მთავრობამ გააძლიერა ზეწოლა დემონსტრანტებზე, ოპოზიციონერ ბლოგერებზე, ჟურნალისტებსა და მთავრობის სხვა კრიტიკოსებზე და დაიწყო "განურჩეველი დაპატიმრებების ახალი ტალღა" 9 აგვისტოს დანიშნული არჩევნების წინ.

ევროკავშირმა კი მინსკს მოუწოდა გაათავისუფლოს ოპოზიციონერი ნიკოლაი სტატკევიჩი, ბლოგერი სერგეი ციხანოვსკი და, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული სხვა აქტივისტები. ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის და მალე დატოვებენ იზოლატორებს.

უფრო ადრე ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა ოპოზიციის ცნობილი ლიდერის, ნიკოლაი სტატკევიჩის, საინიციატივო ჯგუფს 9 აგვისტოსათვის დანიშნულ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად მის რეგისტრაციაზე.

კომისიის 19 მაისის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა „სტატკევიჩის ნასამართლეობას“.

მოგვიანებით ბელარუსის ცესკომ რეგისტრაციის გარეშე დატოვა ცნობილი ბლოგერი, სერგეი ციხანოვსკი. 9 აგვისტოს საპრეზიდენტო კამპანიის ფონზე ციხანოვსკის ფენომენი ცალკე აღნიშვნის ღირისა.

სერგეი ციხანოვსკი იუტუბ არხ „Страна для жизни“-ს ავტორია. ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მას რეგისტრაციაზე უარი უთხრა იმის გამო, რომ ციხანოვსკი 15-დღიან პატიმრობაში იმყოფებოდა და პირადად ვერ შეძლო დოკუმენტაციის წარმოდგენა.

მიუხედავად იმისა, რომ იგი არ დაარეგისტრირეს კანდიდატად, სერგეის ნაცვლად კამპანიაში აქტიურად ჩაერთო მისი მეუღლე, სვეტლანა, რომელიც აგრძელებს ხმების შეგროვებას თავისი კანდიდატურის რეგისტრაციისათვის. მის კანდიდატად რეგისტრაციას სჭირდება ასი ათასი ადამიანის ხელმოწერის შეგროვება, რასაც ჯერჯერობით საკმაოდ წარმატებით განაგრძობს.

„იმიტომ რომ, რაც ხელმოწერების შეგროვების ეს კამპანია დაიწყო, ძალიან ბევრი ადამიანი აწერს ხელს მის სასარგებლოდ, რითაც, ფაქტობრივად, მხარდაჭერას უცხადებენ [ბლოგერ] ციხანოვსკის. ამ თვალსაზრისით, თუ ბაბარიკოს, როგორც ზემოთ ვთქვი, მხარს უჭერს კრეატიული კლასი, უპირატესად დედაქალაქისა და დიდი ქალაქების მოსახლეობა, ციხანოვსკაია უფრო დაბალ სოციალურ ფენაში სარგებლობს მხარდაჭერით“, - მიიჩნევს იური დრაკახრუსტი.

წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, ბელარუსიაში აშკარაა გარკვეული გამოცოცხლება, მაგრამ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლება დაუშვებს თავისუფალ არჩევნებს და რადიკალურად შეცვლის წინასაარჩევნო ფონს. „დღევანდელი ბელარუსი არც ყოფილი საბჭოთა კავშირია და არც ჩრდილოეთი კორეა, მაგრამ ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი მედია და იკრძალება ნებისმიერ სახის საპროტესტო აქცია ხელისუფლების ნებართვის გარეშე“, - ამბობს დრაკახრუსტი.

„ბოლო მოვლენებმა ბელარუსში სერიოზული შეკითხვები გააჩინა, ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეთა ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის თვალსაზრისით“, - განაცხადა სტანომ და მოუწოდა მინსკს საპრეზიდენტო არჩევნებზე უზრუნველყოს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მუშაობა, „რაც არჩევნების გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს“.

უფლებადამცველებისა და ევროკავშირის კრიტიკის პასუხად, - მას შემდეგ, რაც მინსკსა და სხვა ქალაქებში მასობრივი აქციები ჩატარდა პოტენციური ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდასაჭერად, - პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოვიდა ღია გაფრთხილებით, რომ ქვეყანაში "მაიდანი" არ იქნება.

სიტყვა „მაიდანი“ პოსტსაბჭოთა სივრცეში პროევროპული, ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების სიმბოლო გახდა მას შემდეგ, რაც კიევის ცენტრალურ მოედანზე გამართულმა მასობრივმა აქციებმა 2014 წელს დაამხო პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, ხელისუფლება.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსთვის არის დანიშნული. 65 წლის ლუკაშენკომ, რომელიც კვლავ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას, განაცხადა, რომ ვერ ხედავს კორონავირუსის ეპიდემიის გამო არჩევნების გადატანის საჭიროებას.

ბელარუსის ცესკომ უარყო უფლებადამცველების წინადადება კორონავირუსის გამო კენჭისყრა დისტანციურად ჩატარებულიყო.

ამ დროისათვის ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცაში გაატარა 15 საინიციატივო ჯგუფის განაცხადი, წარდგენილი 55-დან.

ალექსანდრ ლუკაშენკო 26 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავს სახელმწიფოს. 2001, 2006, 2010 და 2015 წლებში - მისი მმართველობის განმავლობაში - ჩატარებული არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებას არ უღიარებია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG