Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ცვლის ტრამპის აღიარება, რომ ზელენსკის ჯო ბაიდენზე ესაუბრა?


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო კონტაქტისას საუბარი ჰქონდა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე, მაგრამ უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, თითქო მას უკრაინის ახალ ლიდერზე ზეწოლა მოეხდინოს და დაპირებული სამხედრო დახმარების შეწყვეტითაც დამუქრებოდეს, თუ კიევი არ გამოიძიებს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ქმედებას უკრაინაში.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დემოკრატების ბანაკის ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატი, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად ითვლება. შესაბამისად, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების შეფასებით, თუკი სიმართლეა დახმარების შეჩერების მუქარა და უცხო ქვეყნის ლიდერისგან პოლიტიკური მეტოქის გარშემო გამოძიების მოთხოვნა, ეს იქნება ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის მაგალითი.

ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი


„უოლ სტრიტ ჯორნალის“ თანახმად, 25 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა 8-ჯერ მიმართა ზელენსკის თხოვნით, გამოიძიონ ბაიდენის საქმიანობა უკრაინაში, რაც, კონგრესმენი დემოკრატების აზრით, „იძულების“ ტოლფასი ქმედებაა და საგანგებო შესწავლას საჭიროებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ამ სკანდალში, ტრადიციულად, „მატყუარა მედია“ და თავისი პოლიტიკური ოპონენტები დაადანაშაულა.

„სასწრაფო ცნობა: უკრაინის მთავრობამ ახლახან განაცხადა, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა „სასიამოვნო“ ზარის დროს. მეორე მხრივ, „მძინარე“ჯო ბაიდენმა აიძულა უკრაინის მტკიცე პროკურორი უარი ეთქვა მისი [ბაიდენის] შვილის კომპანიის საქმიანობის გამოძიებაზე და იმუქრებოდა, რომ არ მისცემდა მეტ ფულს უკრაინას. ნამდვილი ისტორია, აი, ესაა!“, - დაწერა ტვიტერში 23 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის წინააღმდეგ ახალი სკანდალი აგორდა.

არსებული ინფორმაციით,აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა იძიებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ტრამპი დაიმუქრა, რომ შეაჩერებს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებას, თუ ზელენსკის ადმინისტრაცია არ გამოიკვლევს ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის, მოქმედებებს.

უკრაინის პრეზიდენტზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ სკანდალურ ცნობებს 23 სექტემბერს გამოეხმაურა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვადიმ პრისტაიკო, რომელმაც ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპს არ მოუხდენია ზეწოლა ვოლოდიმირ ზელენსკიზე.

„თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ჩვენს პრეზიდენტზე შეიძლება ზეწოლის მოხდენა, მათ ეს უნდა განმარტონ. ვიცი, რაზეც იყო საუბარი და ვფიქრობ, არავითარი ზეწოლა არ ყოფილა“, - განაცხადა პრისტაიკომ და დასძინა, რომ ორი ლიდერის საუბარი იყო „ხანგრძლივი და მეგობრული“ და რომ ის მრავალ საკითხს შეეხებოდა“.

ჰანტერ ბაიდენი

აშშ-ში აგორებული სკანდალი დასაბამს იღებს 2014 წლიდან, როდესაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, შვილი, ჰანტერ ბაიდენი, გახდა გამოძიების ქვეშ მყოფი უკრაინული კომპანია „ბურისმა ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

ჯო ბაიდენმა, რომელი ვიცე-პრეზიდენტის რანგში იმ დროს უკრაინას კურირებდა, კიევისგან მოითხოვა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ მაშინდელი გენერალური პროკურორი ვიკტორ შოკინი.

რუდი ჯულიანი და დონალდ ტრამპი. 2016 წელი
რუდი ჯულიანი და დონალდ ტრამპი. 2016 წელი


დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის, თქმით, ბაიდენის მოქმედება უკრაინაში გამოძიებული უნდა იქნეს, რადგან საქმე ეხება არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლას, არამედ სერიოზული კორუფციული დანაშაულის მიჩქმალვის მცდელობას.

„ფაქტები ასეთია: ჯო ბაიდენი დაინიშნა უკრაინაზე პასუხისმგებლად. ამის შემდეგ, ორი თუ სამი კვირის თავზე, ჰანტერი ინიშნება უკრაინის ყველაზე კორუმპირებულ გაზის კომპანია „ბურისმაში“, რომელსაც პუტინის მფარველობაში მყოფი ოლიგარქი ხელმძღვანელობდა. ბაიდენის შვილიკო კი ღებულობს დიდ თანხას - სამ თუ ოთხ მილიონს, ხოლო ბაიდენმა, როდესაც მისი შვილიკო გამოძიების ქვეშ აღმოჩნდა, ასეთი რამ თქვა, ვციტირებ: „მე დავაწექი უკრაინის პრეზიდენტს, რათა გაეთავისუფლებინა პროკურორი, რომელიც კორუმპირებული იყო“. ამასთან, მან (ჯო ბაიდენმა) დამალა, რომ პროკურორი კვალში ედგა მის შვილს, კვალში ედგა იმ ფულს, რომელიც გაირეცხა ლატვიასა და ხორვატიაში, ვიდრე ამერიკაში მოხვდებოდა“, - განაცხადა რუდი ჯულიანიმ „ფოქს ნიუსთან“ ტელეინტერვიუში.

მაგრამ უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ შოკინს არავითარი საქმე არ ჰქონია აღძრული „ბურისმას“ წინააღმდეგ მისი გათავისუფლების მომენტამდე.

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, მოითხოვს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნოს იმ სატელეფონო საუბრის ტექსტი, რომელშიც, გავრცელებული ცნობებით, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სთხოვს გამოძიების დაწყებას ბაიდენისა და ასევე მისი ვაჟის გარშემო, რომელიც უკრაინაში ბიზნესს აწარმოებდა.

დონალდ ტრამპმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტთან საუბარს „მეტწილად მისალოცს“ უწოდებს, აცხადებს, რომ განიხილავს ამის შესაძლებლობას.

„მე სიამოვნებით გავაკეთებდი ამას, მაგრამ თქვენ ცოტათი უნდა გრცხვენოდეთ“, - უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

უკრაინის სადავო სამხედრო დახმარება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა იძიებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ტრამპი დაიმუქრა, რომ გააჩერებს უკრაინისთვის აშშ-ის, დაახლოებით, 250 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარებას, თუკი ზელენსკის ადმინისტრაცია არ გამოიკვლევს ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის, მოქმედებებს.

დახმარების გაცემა ტრამპ-ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბრამდე რამდენიმე კვირით ადრე შეჩერდა, მაგრამ თეთრმა სახლმა ახლახან განაცხადა, რომ ის გამოყოფს ამ თანხას უკრაინისთვის. სამხედრო დახმარება გულისხმობს უკრაინის სამხედრო ძალების წვრთნასა დააღჭურვას იმ ფონზე, როდესაც რუსეთის დახმარებით მოქმედ დონბასელ სეპარატისტებთან ხუთწლიან შეიარაღებულ კონფლიქტში, სულ მცირე, 13 ათასი ადამიანი დაიღუპა.

სკანდალური სატელეფონო საუბრის შესახებ ანონიმი ინფორმატორის ცნობის გავრცელების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ივლისში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას მან ილაპარაკა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე და აღნიშნა, რომ არ სურს, "ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი და მისი ვაჟი უკრაინაში ისედაც არსებულ კორუფციას უწყობდნენ ხელს“.

ტრამპმა ასე უპასუხა 22 სექტემბერს, ვაშინგტონიდან ჰიუსტონში გამგზავრებამდე, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შესახებ შეკითხვებს:

"არ მინდა ზიანი მივაყენო ბაიდენს, მაგრამ მან ძალიან უპატიოსნო რამ ჩაიდინა“.

ამ სიტყვების შემდეგ სკანდალმა ახალი ძალით იფეთქა.

22 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფმა განაცხადა, თუ გამოძიება დაადგენს, რომ ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ზუსტია, ტრამპის იმპიჩმენტი გარდაუვალი იქნებაო.

ზოგიერთი დიპლომატი კი დონალდ ტრამპს „საგარეო პოლიტიკის წარმოების“ მეთოდებს უწონებს.

მაიკლ მაკფოლი
მაიკლ მაკფოლი


მაიკლ მაკფოლმა, პრეზიდენტ ობამას დროს აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ამ საკითხზე საუბრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კანონიერია ტრამპის საქციელი, „ეს ცუდი სიგნალია“ უკრაინისათვის მისი ისტორიის კრიტიკულ მომენტშიო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისგან განსხვავებით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი დონალდ ტრამპთან თავისი სატელეფონო საუბრის შინაარსზე, რომლის შესახებ აშშ-ის მედიამ ინფორმაცია 20 სექტემბერს გამოაქვეყნა ანონიმი ინფორმატორის საჩივარზე დაყრდნობით. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საჩივარი სპეცსამსახურების გენერალურ ინსპექტორთან შეიტანა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც თეთრ სახლში მუშაობდა.

ცნობილია, რომ ტრამპ-ზელენსკის პირისპირ შეხვედრა 25 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებშია დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG