Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ იხდის ფიზიკურ პირთა დიდი ნაწილი კახეთის მუნიციპალიტეტებში დასუფთავების მოსაკრებელს?


კახეთის მუნიციპალიტეტებში ფიზიკური პირების დიდი ნაწილი დასუფთავების მოსაკრებელს არ იხდის. რეგიონის ბევრ ქალაქში არ არსებობს გადასახადის ამოღების მექანიზმი, არადა, თითოეული მუნიციპალიტეტი მომსახურებას ეწევა, მაგრამ კარგავს შემოსავალს, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში ვერ შედის. შესაბამისად, დასუფთავების სამსახურები ძირითადად სუბსიდიით მუშაობენ. დაკარგული თანხის რაოდნობა წლიდან წლამდე 100 ათასობით ლარია.

რეგიონის თითქმის არც ერთ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია მონაცემთა სრულყოფილი ბაზა აბონენტთა რაოდენობის შესახებ. ასეა თელავში, სადაც, როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, იურიდიული პირების გარდა დასუფთავების მოსაკრებელს არავინ იხდის.

მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასუფთავების სამსახური წელიწადში, დაახლოებით, 600 ათასი ლარით ფინანსდება. ამ თანხის დიდი ნაწილის ამოღება ვერ ხერხდება. მით უმეტეს ახლა, როცა პანდემიის პირობებში ბიზნესის მთელი რიგი სახეობები არ მუშაობს.

„მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი. ფიზიკური პირებისთვის არ გვაქვს ბილინგის ბაზა, რომელშიც სათითაო ოჯახის მონაცემი უნდა შევიდეს. შემდეგ ამ ყველაფრის დაკავშირება უნდა მოხდეს ბანკთან, რათა დავინახოთ ვინ როდის და რამდენი გადაიხადა. ამას სახსრები სჭირდება, პროგრამა უნდა იყიდო... ამ ეტაპზე რაღაც სახის სამუშაოები კი დავიწყეთ, მაგრამ ეს მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდია“, - თქვა ბერძენაშვილმა.

დასუფთავების გადასახადი დაწესებულია, თუმცა ფიზიკური პირებიდან მოსაკრებელს თითქმის ვერ იღებენ ვერც სიღნაღში, რადგან მათ გადასახადის ვადას არავინ უწესებს. საკრებულოს დადგენილებით, სიღნაღში თითო სულ მოსახლეზე 40 თეთრია დაწესებული. მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სიღნაღში პანდემიამდე დასუფთავების საფასურს ძირითადად სასტუმროებისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები იხდიდნენ, თუმცა ახლა ეს ობიექტები არ მუშაობს და არც გადასახადს იხდიან. სამსახური, რომელიც მუნიციპალიტეტში დასუფთავებასა და ნარჩენების გატანაზეა პასუხისმგებელი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველ წელს, დაახლოებით, 45 ათასი ლარით ფინანსდება.

„მომავალში ჩვენ ვგეგმავთ, რომ მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიიდან მოხდეს დასუფთავების მოსაკრების ამოღება. ამისთვის სპეციალური პროგრამა (კომპიუტერული) მუშავდება. როცა ეს ამუშავდება, მაქსიმალურად ამოვიღებთ მოსახლებისგან გადასახადს. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, ისინი გადასახადს იხდიდნენ, მაგრამ პანდემიისას სასურსათო მაღაზიების გარდა თითქმის ყველაფერი გაჩერებულია და ახლა დასუფთავების მოსაკრებელს არ იხდიან სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები. ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან“.

2019 წლამდე ფიზიკური პირების დიდი ნაწილიდან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება არ ხდებოდა არც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, თუმცა მერიამ შექმნა მონაცემთა ბაზა, სადაც ახლა 15 ათასამდე აბონენტი ჰყავთ. პარალელურად მიმდინარეობს მონაცემების განახლება და აბონენტების დამატება. თითო ოჯახზე მინიმალური გადასახადი 50 თეთრია, მაქსიმალური კი 2 ლარი. კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების გამო სულ ახლახან, ლაგოდეხის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 4 თვით ფიზიკური პირები ასეთი გადასახადისგან საერთოდ გათავისუფლდნენ. გარკვეული შეღავათები დაუწესდათ იურიდიულ პირებსაც.

„მივიღეთ დადგენილება და ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 4 თვით გავათავისუფლეთ დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადისგან (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი). ასევე დროებით გადასახადს არ გადაიხდიან ის იურიდიული პირებიც, რომლებიც საწარმოებს არ ამუშავებენ. მათ მერიას უნდა მიმართონ შესაბამისი განაცხადით და მოხდება გადასახადის დროებით შეჩერება“, - განაცხადა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიამ.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიამდეც დასუფთავების მოსაკრებელს ლაგოდეხში ყველა არ იხდიდა. მართალია, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ლაგოდეხში გადასახადის ამოღების სისტემა არსებობს, მაგრამ არ არის მექანიზმი, რომელიც გადაუხდელობის შემთხვევაში რაიმე სანქციას ითვალისწინებდეს.

დასუფთავების მოსაკრებლის ღირებულებას და გადასახადის ამოღების წესებს ადგილობრივი საკრებულოები ადგენენ, თუმცა ისინი ვერ აკონტროლებენ, ხდება თუ არა მოსაკრებლის ამოღება, ამიტომ ეს თემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ ანგარიშებში ხვდება როგორც მერიის პრობლემა.

აუდიტი თვითმმართველობებს 2005 წლიდან პერმანენტულად მიმართავს პრობლემის მოგვარების რეკომენდაციითაც, მაგრამ საკითხი მუნიციპალიტეტთა უმრავლესობაში დღემდე მოუგვარებელია.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG