Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩაბარებისთვის მას არაფერი გაუკეთებია“ - რატომ არ სჯერა უკრაინას ტყვედ აყვანილი ნოდარ ბახტურიძის?


უკრაინა, ტყვეთა ბანაკი, ნოდარ ბახტურიძე
უკრაინა, ტყვეთა ბანაკი, ნოდარ ბახტურიძე

50 წლის ნოდარ ბახტურიძე, რუსეთის მოქალაქე, უკრაინელების ტყვეობაში, მაისის ბოლოს ან ივნისის პირველი რიცხვებში უნდა მოხვედრილიყო.

საქართველოში, სოფელ ნუკრიანში დაბადებული, 90-იანი წლებში რუსეთში გადასახლდა. ოთხი წლის წინ კი რუსეთის სასამართლომ მკვლელობისთვის გაასამართლა და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში, ნოდარ ბახტურიძე პირდაპირ ამურის ოლქის ბლაგოვეშჩენსკის კოლონიიდან აღმოჩნდა.

ნოდარ ბახტურიძისა და მისი ოჯახის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ სამხედრო ძალების შევსება პატიმრების ხარჯზეც გადაწყვიტა, ბახტურიძემ ომში წასვლის კონტრაქტს ხელი ერთადერთი მიზეზითა და გეგმით მოაწერა - პირველივე შესაძლებლობისას ტყვედ ჩაჰბარებოდა უკრაინელ სამხედროებს.

სწორედ ამ გეგმის შესახებ ყვებოდა ის 21 ივნისს ტელეარხ FREEДOM-ის მიერ გავრცელებულ ინტერვიუში: „[მინდოდა]ჩავბარებოდი [ტყვედ უკრაინას] და ჩემს სამშობლოში, საქართველოში თავშესაფარი მომეთხოვა“.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მტკიცებით, უკრაინელ სამხედროებს ტყვედ რამდენიმე თანამოსაკნესთან ერთად, ბახმუტის სიახლოვეს, ფრონტის წინა ხაზზე გასვლიდან მეორე დღესვე ჩაბარდა და მას „არცერთი ტყვია არ უსვრია უკრაინელების მისამართით“, უკრაინული მხარისთვის მისი მონათხრობი არადამაჯერებელი აღმოჩნდა.

ნოდარ ბახტურიძის ახლობლები შიშობენ, რომ თუკი იგი ტყვეთა გაცვლის შედეგად კვლავ რუსეთში აღმოჩნდება, დიდი ალბათობით, მოკლავენ. ოჯახი უკრაინის ხელისუფლებას საქმის გამოძიებას და ნოდარ ბახტურიძის უკრაინაში დატოვებას სთხოვს:

"ყველას ერთ ქვაბში ხარშავენ, მაგის პატრონი არავინაა. ხომ შეიძლება ამ ყველაფრის გამოძიება. გადაამოწმონ ინფორმაცია, თუკი მართლა ომში იყო და უკრაინელებს ტყვიებს ესროდა, მაშინ, როგორც საჭიროა, ისე დასაჯონ, მაგრამ თუ ბრალი არ მიუძღვის, ცოდო არ არის? მაგრამ მესმის, რომ ძნელი დასაჯერებელია ეს ყველაფერი და ვის სცალია მისთვის იქ. ერთი კაცის გულისთვის ხმას ალბათ არავინ ამოიღებს", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნოდარ ბახტურიძის დისშვილი, დავით მერებაშვილი.

რატომ ეშინიათ ნოდარ ბახტურიძის ახლობლებს?

მისი მეგობარი, ზვიად ნადირაშვილი, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ნოდარ ბახტურიძის თანამოსაკნის (ახალა ისიც უკრაინელების ტყვეა) დაკითხვის თანახმად, სანამ ნოდარი უკრაინის მხარეს გადავიდოდა, ზედ ფრონტის ხაზზე რუსეთის სამეთაურო ბლინდაჟი ააფეთქა:

„ამ აფეთქებას მოჰყვა მსხვერპლიც. სავენტილაციო მილიდან ჩაყარა ე.წ. „ლიმონკები“. მასთან ერთად იყო ორი თანამოსაკნე, ისინი რუსეთიდან ერთად წაიყვანეს უკრაინაში და ერთ-ერთმა თანამოსაკნემ თქვა ეს დაკითხვაზე. ნოდარი გამოცდილია და იცოდა, რასაც აკეთებდა. ის რომ რუსეთში დააბრუნონ, გადაცვალონ უკრაინელ ტყვეებში, მას იქ აუცილებლად ელის სიკვდილი“.

ზვიად ნადარეიშვილის თქმით, ტყვედ ჩაბარების გეგმა მათ ერთად დასახეს:

„ნოდარს მაისის დასაწყისში ველაპარაკე. დაბადების დღე მივულოცე. განვიხილეთ სცენარი და ვუთხარი, რომ თუკი კოლონიაში მოვლენ და წასაყვანთა სიაში შენც აღმოჩნდები, პირველივე შესაძლებლობისას გადადი უკრაინის მხარეს და იქ მოგხედავენ-მეთქი. თავდაპირველად ციხეებში პატიმრების რეკრუტირებას „ვაგნერი“ ახდენდა და ომში წასვლა ნებაყოფლობითი იყო. თუმცა, შემდეგ ეს პროცესი სამინისტრომ გადაიბარა და ის უკვე ყველას, ვისაც იარაღის ჭერა შეეძლო ხელში, უშვებდა ომში, ასე მოხდა ნოდარის შემთხვევაშიც. ველაპარაკე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, ვთხოვე დახმარება. ვუთხარი, რომ ჩათვალეთ, დაჭრილი გყავთ გამოსაყვანი ბრძოლის ველიდან-მეთქი“.

დავით მერებაშვილი ამბობს, რომ ბიძამისის ომში წაყვანის შესახებ მან 26 მაისს, საქმის კურსში ჩააყენა უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე. შეტყობინება ვანო ნადირაძეს მესენჯერში მისწერა:

„ერთი სიტყვით გეტყვით, ჩემი ბიძაა, რუსეთში იყო დაჭერილი, 10 წელი ჰქონდა მისჯილი, 5 გასულია და გუშინ გადაუწყვეტია ომში წასვლა. აქ მე 5 წელი ვერ გავძლებ და აქ მოვკვდები თუ იქ, რა აზრი აქვსო. აფხაზეთის და სამაჩაბლოს მებრძოლია, ყველა ომი გამოვლილი აქვს. მე უკრაინელებს არ ვესვრიო, იძახდა და სად გაუშვებენ ეგ უჯიშო ღორები, ალბათ პირველ ხაზზე“, - სწერს დავით მერებაშვილი ვანო ნადირაძეს.

ვანო ნადირაძემ დავითს პასუხი მალევე დაუბრუნა: „ვიცი უკვე, ძმაო, „ვაგნერშია“. არავის დაუძალებია, თვითონ მოინდომა ჩვენს მოსაკლავად წამოსვლა“.

FREEDOM-თან ინტერვიუში ნოდარ ბახტურიძე არ აკონკრეტებს, ის „ვაგნერის“ რიგებიდან აღმოჩნდა უკრაინაში თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებიდან. ის მხოლოდ იმაზე ეთანხმება ჟურნალისტს, რომ „რუსულ არმიაში“ იმიტომ ჩაეწერა, რომ თავი დაეღწია უკანონო პატიმრობისთვის, რომელსაც იმ დანაშაულის გამო იხდიდა, რომელიც არ ჩაუდენია, ჩაბარებოდა უკრაინელებს და მიეღწია საქართველოში ექსტრადირებისთვის.

იმის დაზუსტება, რეალურად, რა გზით მოხვდა ნოდარ ბახტურიძე უკრაინის ომში - კონტრაქტი გააფორმა „ვაგნერთან“ თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებთან, რადიო თავისუფლებამ, ამ ეტაპზე, ვერ მოახერხა.

რა შეატყობინა უკრაინულ მხარეს ვანო ნადირაძემ?

მიუხედავად იმისა, რომ 26 მაისს, ვანო ნადირაძემ ნოდარ ბახტურიძის დისშვილს მკვახე პასუხი დაუბრუნა, 13 ივლისს, მას შემდეგ, რაც ნოდარ ბახტურიძეს, უკრაინელთა ტყვეობაში, სავარაუდოდ, თვენახევარი ჰქონდა გატარებული, ვოლოდიმირ ზოლკინს, უკრაინელ აქტივისტსა და ბლოგერს მესენჯერში მისწერა:

„გამარჯობა. ჩვენებს ტყვედ ჰყავთ ქართველი, რომელიც თავად ჩაბარდა, ნოდარ ბახტურიძე. სანამ მოსკალები სასაკლაოზე წაიყვანდნენ, მე პირადად დამიკავშირდა მისი და და მითხრა, რომ ის უკრაინელებს არ ესროდა. ის რუსეთ-საქართველოს პირველი ომის ვეტერანია... თუ დაგაინტერესებთ მისი ისტორია, შემიძლია გიამბოთ. მაგრამ თავისი სიტყვა შეასრულა და რაც მთავარია, ჩვენი მისამართით არ უსვრია. თუკი არის შესაძლებლობა, მიეცით უფლება დაელაპარაკოს დას. როგორც მითხრეს, ქალი მძიმე მდგომარეობაშია. მე ვანო ნადირაძე ვარ, უკრაინის სახალხო გმირი“.

ზოლკინი, ვისაც ვანო ნადირაძე წერდა, უკრაინაში ცნობილია საკუთარი იუტუბ-არხით, სადაც აქვეყნებს ინტერვიუებს რუს ტყვეებთან და გარდა ამისა, მათ აკავშირებს ოჯახის წევრებთან.

გაცვლიან თუ არა ნოდარ ბახტურიძეს უკრაინელ ტყვეში?

როგორც ვანო ნადირაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, საფრთხე იმისა, რომ ნოდარ ბახტურიძე საკუთარი სურვილის გარეშე გაცვალონ უკრაინელ ტყვეებში, ფაქტობრივად, არ არსებობს:

ვანო ნადირაძე
ვანო ნადირაძე

„მისი გაცვლის საკითხი მასზეა დამოკიდებული, როგორც მოითხოვს, ისე იქნება. მისმა ოჯახმა უნდა გაიგოს, რომ ეს ადამიანი სულ თავისუფალი ვერ იქნება, რადგან ჩემი ინფორმაციით, „ვაგნერელებთან“ ერთად შემოვიდა. მას იქ არავინ აწამებს, თითს არავინ აკარებს, ციხის პირობებში, სხვა რა უნდა ვქნათ“.

ვანო ნადირაძის თქმით, ნოდარ ბახტურიძეს, ამ ეტაპზე, შეფარდებული აქვს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა, თუმცა, როგორც წესი, ეს ვადა ხანგრძლივდება ხოლმე:

„შესაძლოა, ერთი წელიც გაგრძელდეს. ვერ გეტყვით. რუსეთს ასე არ გადასცემენ. მე ამ პირის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე უკრაინაში საქართველოს კონსულიც. თუმცა, ნოდარ ბახტურიძე რუსეთის მოქალაქეა და ცხადია, მის კომპეტენციაში არ შედის ამ ადამიანის ინტერესების დაცვა“.

ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა აამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა „ხაჩუ ჟიტ“ („სიცოცხლე მინდა“), რომელიც რუს ჯარისკაცებს ახალისებს ტყვედ ჩაბარებას.

უკრაინა ტყვედ ჩაბარებულებს ჰპირდება:

  • ჟენევის კონვენციით გათვალისწინებული ყველა პირობის დაცვას;
  • სამედიცინო მომსახურებას, სამჯერად კვებას, რეგულარულ კომუნიკაციას ახლობლებთან;
  • უკრაინელ ტყვეებში ნებაყოფლობით გაცვლის შესაძლებლობას;
  • უკრაინასა ან სხვა ევროპულ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაში დახმარებას.

უკრაინელი ბლოგერი, ვოლოდიმირ ზოლკინი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ნოდარ ბახტურიძეს მართლაც ჰქონდა გადაწყვეტილი ტყვედ ჩაბარება, მინიმუმ ამ პროგრამის შესაბამისად, წინასწარ უნდა ეცნობებინა უკრაინული მხარისთვის თავისი გეგმის შესახებ.

ზოლკინი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისი ოჯახის არგუმენტები, რომ ნოდარ ბახტურიძეს რუსეთში სიკვდილი ემუქრება და ამიტომ ტყვეთა გაცვლა არ უნდა შეეხოს, უკრაინული მხარისთვის არასაკმარისია:

ვოლოდიმირ ზოლკინი
ვოლოდიმირ ზოლკინი

„მჯერა, რომ მას ბრძოლა არ უნდოდა. მაგრამ ჩაბარებისთვის არაფერი გაუკეთებია. ის ისე იბრძოდა როგორც ყველა სხვა. ვიცი, რას ამბობს მისი ოჯახი, მაგრამ ამის არანაირი მყარი მტკიცებულება არ არსებობს. მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ოჯახმა ლაპარაკი იმაზე, რომ ის რუსეთში დაბრუნების შემდეგ შესაძლოა მოკლან, რაც კაცი ტყვედ აიყვანეს უკრაინელებმა. ჩვენ გვაქვს პროგრამა „ხაჩუ ჟიტ“, მაგრამ არავინ დაჰკავშირებია ამ პროექტს იმ დრომდე, სანამ ის ტყვედ არ ჩავარდა. რის საფუძველზე უნდა დავუჯერო ამ ადამიანს, რომ რუსეთში მას ვინმე დევნის? კიდევ ერთხელ გიმეორებთ. ჩვენთან ფუნქციონირებს პროგრამა „ხაჩუ ჟიტ“. მის ოჯახს შეეძლო დაეწერა ერთი პატარა წერილი, რომ ამ ადამიანს ჩაბარება სურდა. მაგრამ არავის არაფერი გაუკეთებია და ახლა კი ლაპარაკობენ იმაზე, რომ მას რუსეთის რეჟიმი დევნის“.

ზოლკინის თქმით, ასევე არ დასტურდება ის, რომ ნოდარ ბახტურიძე სამხედროებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. ამბობს, რომ ის ფაქტები, რაც უკრაინულ მხარეს აქვს, იმაზე მიუთითებს, რომ ბახტურიძე უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს:

„კარგი, თუკი ვერც მან და ვერც მისმა ოჯახმა ვერ შეგვატყობინა, რომ სურდა ჩაბარება, მას მინიმუმ ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ ჩაგვბარებოდა - დაეტოვებინა სანგარი, დაეყარა იარაღი, გამოსულიყო რაიმე თეთრი ნაჭრით, აწეული ხელებით, ანუ ჩაბარებულიყო ნებაყოფლობით და არ ჩავარდნილიყო ტყვედ ბრძოლაში, როგორც ეს მის შემთხვევაში მოხდა.

ის, როგორც სხვები, ზონიდან გამოგზავნეს, ის, როგორც სხვები, ტყვედ ჩავარდა, არ არსებობს არანაირი არგუმენტი, რომ ის ჩაბარებას აპირებდა. ეს უფრო იმას ჰგავს, რომ ის ჩავარდა ტყვედ და ახლა მის ახლობლებს არ სურთ, რომ კვლავ რუსეთში დაბრუნდეს, უნდათ რომ ან უკრაინაში დარჩეს, ან საქართველოს გადავცეთ. არ ვიცი, რას ფიქრობენ, მაგრამ მე ამის ვერანაირ საბაბს ვერ ვხედავ“.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, განიხილება თუ არა ნოდარ ბახტურიძის უკრაინელ ტყვეში გაცვლა და კვლავ რუსეთში გაგზავნა, ვოლოდიმირ ზოლკინი გვპასუხობს:

„გუშინ, ჩერნიგოვში, 6 წლის ბიჭი დავკრძალეთ. ჩვენთან ყოველ დღე უამრავი ადამიანი იღუპება, რომლებსაც კლავენ ისეთები, როგორიც ეს ადამიანია. ანუ, თქვენ გვთავაზობთ, რომ ის არ გადავცეთ რუსეთს, არ წამოვიყვანოთ იქიდან ჩვენი მებრძოლი, რომელიც იქ ჯოჯოხეთურ პირობებში იმყოფება, რადგან რა?! რომ საქართველოში მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მას რუსეთში საფრთხე ემუქრება?! სიმართლე გითხრათ, მაოცებს.

რა თქმა უნდა, დიდი შანსია, რომ მას რუსეთს გადავცემთ, თუკი მას რუსეთი წაიყვანს, არის 100%-იანი შანსი, რომ მას გადასცემენ და არ არსებობს არანაირი არგუმენტი, რომ ეს არ გავაკეთოთ. არანაირი“.

ვოლოდიმირ ზოლკინი ნოდარ ბახტურიძეს სამი კვირის წინ, უკრაინაში მყოფ იმ სხვა ტყვეებთან ერთად შეხვდა, რომელიც ზოლკინის თქმით, გასაცვლელ ტყვეთა სიაში არიან. ეს ლაპარაკი ვიდეოზეა გადაღებული.

მათი საუბარი 10 წუთს გაგრძელდა. ნოდარ ბახტურიძე ცდილობდა დაერწმუნებინა ვოლოდიმირ ზოლკინი, რომ მას უკრაინელების წინააღმდეგ არ უბრძოლია და ფრონტის წინა ხაზზე გაყვანიდან, მეორე დღესვე ჩაბარდა უკრაინელ სამხედროებს:

ნოდარ ბახტურიძე
ნოდარ ბახტურიძე

„ომში ციხიდან მოვხვდი. დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა. ისე კი გეტყვით, რომ მოვიდნენ თავდაცვის სამინისტროდან, არსებობს გარკვეული საშუალებები, როგორც მოტყუების, ისე იძულების. ეს იყო ტყუილი, მოდი ასე ვიტყვი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, 17 მაისს როსტოვიდან ახლოს ვხვდები სამხედრო აეროდრომზე, იქ გაშლილ კარვებში მოგვაწერინეს ხელი შეთანხმებაზე.

თავიდან იყო ლაპარაკი, რომ ყველა, ვისაც ასაკი და ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, ისინი ადგილზე შეასრულებდნენ სხვადასხვა საქმეს. მე შემომთავაზეს თავისუფლება და ფული და მითხრეს, რომ არ ვიბრძოლებდი... ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ... ოფიციალურად შეიძლება ძალა არავის დაუტანებია, მაგრამ...“

ნოდარ ბახტურიძის თქმით, შეთანხმებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ხელი 18 მაისს მოაწერა, ამის შემდეგ გაიარა მცირეხნიანი მომზადება და ასე აღმოჩნდა დონეცკის ოლქში, ქალაქ სოლედართან, ფრონტის წინა ხაზზე:

„იარაღი მოგვცეს, გაჭედილი, ძალიან ცოტა ტყვია-წამალი. არანაირი სხვა აღჭურვილობა, მხოლოდ ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი. მეორე დღესვე ჩავბარდი ტყვედ. პირველი ხაზიდან დაახლოებით 10 მეტრში ვიმყოფებოდი, სანგარში. დავინახე, როგორ წამოვიდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. გვითხრეს, ჩაგვბარდით... რომ დამაბრუნონ რუსეთში, ისევ გამომიშვებენ, გაიგეთ, რომ მე არავინ მკითხავს, არჩევანი არ არის“...

დავით მერებაშვილი, ნოდარ ბახტურიძის დისშვილი გვეუბნება, რომ ოჯახი მას დაახლოებით სამი კვირის წინ ელაპარაკა. მათთან დარეკვა სწორედ ვოლოდიმირ ზოლკინის მეშვეობით მოახერხა. ამბობს, რომ ბიძამისს ცე ჰეპატიტი აქვს, თავს ცუდად გრძნობს და ოჯახს თანხის გაგზავნას სთხოვს.

გაზაფხულზე, პროექტის „ხაჩუ ჯიტ“ ფარგლებში, უკრაინაში ტყვედ მყოფი 400-მდე ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხული ტყვეების თითქმის 55%-ისთვის სამხედრო სამსახურის მთავარი მოტივაცია “ცხოვრებაში სტაბილურობის მიღწევაა”. გამოკითხულთა თითქმის 36%-მა ჯარში “წინსვლის შესაძლებლობა” დაინახა. “ამხანაგებთან ყოფნის” - 20%-მა, ფულის შოვნის - თითქმის 19%-მა.

პროექტის გუნდის მტკიცებით, ტყვედ ჩაბარებაში უკვე "რამდენიმე ათას" ჯარისკაცს დაეხმარნენ.

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები პირველად 2022 წლის 24 მარტს, ომის დაწყებიდან ზუსტად ერთ თვეში გაცვალეს - ჯამში 40 ადამიანი. ტყვეთა ბოლო გაცვლა წელს ივლისის დასაწყისში შედგა. უკრაინასა და რუსეთში 45-45 სამხედრო დაბრუნდა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის განმავლობაში რუსეთის ტყვეობიდან 2526 უკრაინელის გათავისუფლება მოხერხდა.

"უმაღლესი რადის" ადამიანის უფლებათა კომისრის თქმით, უხეში გათვლებით, რუსეთს მძევლად ჰყავს აყვანილი 20 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი. უცნობია რამდენი სამხედრო რჩება ტყვეობაში - ამას მხარეები არ ამბობენ.

XS
SM
MD
LG