Accessibility links

logo-print logo-print

რატომ აცხადებს აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებულს მედია?


ამერიკაში 51 არჩევნები ტარდება: თითო შტატში - თითო და ერთიც - ვაშინგტონში. ყველა მათგანს თავისი წესები და რეგულაციები აქვს. ამერიკას კი ერთიანი ნაციონალური საარჩევნო კომისია არ ჰყავს, რომელიც მსოფლიოს ეტყოდა, თუ ვინ გაიმარჯვა.

მაშ, როგორ შეიძლება, რომ სწრაფად და ზუსტად შევიტყოთ, თუ ვინ მოიპოვა ქვეყნის უმთავრესი თანამდებობა?

ეს საქმე მედიამ ითავა 1848 წლიდან მოყოლებული, როდესაც Associated Press-მა (AP) არჩევნების გამარჯვებულად ზაქარი ტელორი დაასახელა.

სინამდვილეში, აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, გამარჯვებულს საარჩევნო კოლეგია ირჩევს მთელ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, თუმცა ამ საქმეს რამდენიმე კვირა სჭირდება. ფედერალური სისტემის ამ თავისებურებას მე-19 საუკუნეში დაემატა ხმების დათვლის ნელი ტემპი, კომუნიკაციის პრობლემები და, საბოლოოდ, ყოველი შტატის არჩევნების შედეგების დაჯამება და გამარჯვებულის გამოცხადება მედიას მოუხდა.

ეს დღემდე ბევრს უკვირს, მათ შორის, როგორც ჩანს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. როდესაც ამერიკულმა მედიასაშუალებებმა არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი დაასახელეს, მან „ტვიტერზე“ დაწერა: როდის აქეთაა, პრეზიდენტის ვინაობას მედია წყვეტსო?

აი, როდის აქეთ და რატომ ხდება ეს:

ფრაგმენტირებული პროცესი

მოლოდინი, რომ გამარჯვებულის ვინაობა იმავე დღეს გავიგოთ, შედარებით გვიან გაჩნდა, ისევე როგორც არჩევნების ერთ დღეს ჩატარება მთელ ამერიკაში.

„საარჩევნო კოლეგია“ 1787 წელს შექმნეს აშშ-ის კონსტიტუციის ავტორებმა – შექმნეს კომპრომისის საფუძველზე, ერთი მხრივ, პრეზიდენტის საყოველთაო კენჭისყრით არჩევის მომხრეებსა და, მეორე მხრივ, კონგრესის მიერ პრეზიდენტის არჩევის მხარდამჭერებს შორის. „საარჩევნო კოლეგიის“ მეშვეობით მომცრო შტატებს უნდა მისცემოდათ გარანტია, რომ მათ ხმას ისეთივე წონა ექნებოდა, როგორც შტატებს მრავალრიცხოვანი მოსახლეობით.

თავიდან არჩევნები რამდენიმე დღის განმავლობაში ტარდებოდა - თარიღს თავად შტატები ადგენდნენ, თუმცა ტელეგრაფის გამოგონებამ ეს შეცვალა - შიშობდნენ, რომ ერთი შტატის შედეგები მეორეზე გავლენას მოახდენდა და ამიტომ გადაწყდა არჩევნების ყველგან ერთ დღეს ჩატარება.

პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც კონკრეტულ შტატში საყოველთაო კენჭისყრით ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, მიეკუთვნება „საარჩევნო კოლეგიაში“ ამ შტატის ყველა წარმომადგენლის ხმებიც (გარდა მეინისა და ნებრასკისა).

სენატმა „საარჩევნო კოლეგიის“ კენჭისყრის შედეგები უნდა მიიღოს არაუგვიანეს დეკემბრის მეოთხე ოთხშაბათისა - რაც წელს 23 დეკემბერს უწევს. შემდეგ შედეგები ახლად არჩეულ კონგრესს გადაეგზავნება, რომელიც 6 იანვარს საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს.

მედიის როლი

თუმცა ამერიკელებს არ უნდათ, რომ შედეგების გამოცხადებას დეკემბრის შუა რიცხვებამდე ელოდნენ.

ფედერალური საარჩევნო კომისია არჩევნების გარკვეულ ასპექტებს არეგულირებს, თუმცა შედეგებს არ კრებს. ასე რომ, ჩნდება ვაკუუმი ინდივიდუალური შტატების შედეგებსა და ქვეყნის კოლექტიურ გადაწყვეტილებას შორის.

ცენტრალიზებული სამთავრობო სტრუქტურის არარსებობის პირობებში ხმების დაჯამება მედიას უწევს.

AP ამ საქმეს ჯერ კიდევ ამერიკის სამოქალაქო ომამდე აკეთებდა, ამერიკის დიდმა ტელეარხებმა კი საკუთარი ანალიზის გაკეთება 1960 წლიდან დაიწყეს, როდესაც ერთმანეთს რიჩარდ ნიქსონი და ჯონ კენედი დაუპირისპირდნენ.

წელს კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი გაართულა. ბევრმა ხმა წინასწარ, ფოსტის მეშვეობით მისცა. ამას დაემატა ისიც, რომ ბევრ შტატში კანდიდატებმა დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, რაც გამარჯვებულის გამოკვეთას უფრო აძნელებს. დიდმა ტელეარხებმა და Associated Press-მა პრეზიდენტის ვინაობა შაბათს, არჩევნებიდან ოთხი დღის შემდეგ, დაასახელეს.

როგორ ხვდებიან, ვინ მოიგო

AP აგროვებს მონაცემებს 50-ივე შტატის არჩევნებიდან, რომელსაც შემდეგ ანალიტიკოსები ადარებენ კვლევის შედეგებს - დემოგრაფიულ მონაცემებს, წინა არჩევნებს, სტატისტიკას ხმის წინასწარი მიცემის შესახებ და შემდეგ გამარჯვებულს აცხადებენ. დიდი ამერიკული ტელეარხებიდან ზოგი AP-ის მონაცემებს იყენებს, ზოგი კი რომელიმე სხვა დიდი კომპანიის შედეგებს ეყრდნობა.

თუმცა მათ გადაწყვეტილებას ოფიციალური სტატუსი არა აქვს, რაც დროდადრო გაუგებრობას წარმოშობს ხოლმე.

უბრალოდ, ამ საქმეს თავის თავზე სხვა არც არავინ იღებს.

შეიძლება მედია შეცდეს?

შეცდომები რამდენჯერმე მომხდარა.

1948 წელს „ჩიკაგო დეილი ტრიბიუნმა“ პირველ გვერდზე გამოჭიმა წარწერა „დიუიმ ტრუმენი დაამარცხა“. პირველადი შედეგებით ისე ჩანდა, თითქოს მაშინდელ საპრეზიდენტო არჩევნებში თომას დიუი იმარჯვებდა. სინამდვილეში კი, საბოლოოდ, სწორედ ჰარი ტრუმენი გახდა პრეზიდენტი.

2000 წელს დიდმა სატელევიზიო არხებმა, ძირითადად ეგზიტპოლებზე დაყრდნობით, ფლორიდის შტატი დემოკრატ ალ გორს მიაკუთვნეს. ხმების დათვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა და გამარჯვებულად უკვე მისი კონკურენტი, ჯორჯ ბუში დაასახელეს, თუმცა შემდეგ ამ გადაწყვეტილების გაუქმებაც მოუხდათ. საბოლოოდ, გამარჯვებულის ვინაობა ერთი თვის მერე დასახელდა - მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ხმების ხელახალი დათვლის პროცესი შეაჩერა. საბოლოო გამარჯვებული ჯორჯ ბუში გახდა.

ახლა რა მოხდება?

დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა, ფედერალურ პროკურორებს უფლებამოსილება მიანიჭა, გამოიძიონ კენჭისყრის დროს შესაძლო გაყალბებების შემთხვევები. თუმცა გაყალბების კონკრეტული მაგალითები ჯერ არავის დაუსახელებია.

ტრამპის პირადმა ადვოკატმა კი, რუდი ჯულიანიმ, ხაზგასმით თქვა, მედიას ამერიკის პრეზიდენტის განსაზღვრაში ოფიციალური როლი არა აქვსო.

ეს მართლაც ასეა. თუმცა გამარჯვებულის ვინაობას მომავალშიც, ალბათ, მედია გამოაცხადებს. ერთია, რომ სხვა ამას არავინ იკისრებს. მეორეა, რომ, მართალია, მედიას შეუძლია მეთოდების უკეთ დახვეწა, მაგრამ სისტემა, როგორც ჩანს, ასეც კარგად მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG