Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ “იპრიგოჟინა” ლუნინმა?

ალექსანდრ ლუნინი
ალექსანდრ ლუნინი

მოსკოვში დააპატიმრეს ყოფილი რუსი სამხედრო, ალექსანდრ ლუნინი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე რუსეთის არმიაში არსებულ წამებებზე ისაუბრა და პუტინს ამბოხებით დაემუქრა. კრემლში ვიზიტისა და პრეზიდენტთან პირადი შეხვედრის ნაცვლად, ე.წ. СВО-ს ვეტერანი „ექსტრემისტული სიმბოლიკის“ ტარების ბრალდებით დააპატიმრეს.

რუსი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მონაწილე, ალექსანდრ ლუნინი, რომელიც მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის იმედით გაემგზავრა, 27 ივნისს „ექსტრემისტული სიმბოლიკის“ დემონსტრირების ბრალდებით დააპატიმრეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გაასამართლეს (რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3-ე მუხლი).

გამოცემა „ვიორსტკას“ ცნობით, სასამართლოს ვებსაიტზე ინფორმაცია გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი დღის შემდეგ, 29 ივნისის დილით გამოქვეყნდა. სასამართლოში ჟურნალისტებს საქმის დეტალები არ გაუმხილეს და განაცხადეს, რომ „ასეთი საქმეები გასაჯაროებას არ ექვემდებარება“.

„ექსტრემისტული სიმბოლიკის“ პროპაგანდის მუხლი 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. ლუნინის Telegram-არხზე 27 ივნისის საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ სამხედროს 11-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მანამდე კი მისი სახლი გაჩხრიკეს. სამხედრო მოსამსახურის მეუღლემ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა სახლიდან მთელი კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს. მოგვიანებით ქალმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „საშა ცოცხალია და ჯანმრთელად არის“ და, რომ მეტ კომენტარს არ გააკეთებდა.

25 ივნისს ალექსანდრ ლუნინმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა - პუტინთან პირადი შეხვედრა მოითხოვა და თქვა, რომ თუ უახლოეს მომავალში „კრემლში არ მივა და რუსეთის პრეზიდენტის გვერდით პირდაპირ ეთერში არ გამოვა“, „არმია საკუთარ იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“.

ვიდრე დააპატიმრებდნენ - ამბოხის მუქარა

რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის სადაზვერვო რაზმის ყოფილმა მეთაურმა, 39 წლის ალექსანდრ ლუნინმა, რომელიც მოხალისეთა ბატალიონ „სუდოპლატოვში“ მსახურობდა, 27 ივნისს სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მოსკოვში მიიწვიეს მის მიერ წამოჭრილი პრობლემების განსახილველად. თუმცა, მისი თქმით, შეხვედრა შედგა არა პუტინთან, არამედ ვიტალი ბოროდინთან, რომელიც რუსულ მედიაში ცნობილია კრემლის მხარდამჭერი საქმიანობითა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დასმენებით.

ვირუსული ვიდეომიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი Instagram-ის მომხმარებელმა luninalexandr1987-მა, რომელსაც 171 ათასი გამომწერი ჰყავს, 25 ივნისს გამოაქვეყნა. საღამოს ვიდეოს ნახვების რაოდენობა 5 მილიონს მიუახლოვდა, ხოლო 26 ივნისის შუადღისთვის 12 მილიონს გადააჭარბა. კამერის წინ კამუფლაჟში გამოწყობილი მამაკაცი, მკერდზე უამრავი მედლით, საკუთარ თავს ალექსანდრ ლუნინად წარადგენს და ამბობს, რომ ვორონეჟის ოლქის სოფელ ლიზინოვკაში, მასთან მივიდა შავი “ჯიპი”, სავარაუდოდ Land Cruiser, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა: „ერთი თავდაცვის სამინისტროდან იყო, მეორე - შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მესამე კი კიდევ რომელიღაც უწყებიდან, რომელიც, როგორც მივხვდი, თავდაცვის სამინისტროსთან იყო დაკავშირებული. <...> მთხოვეს, ვლადიმირ პუტინისთვის გადამეცა ინფორმაცია ფრონტზე არსებული უკანონობისა და თვითნებობის შესახებ“.

ალექსანდრ ლუნინის თქმით, ვიდეო სწორედ ამ ადამიანების თხოვნით ჩაიწერა.

„არავის სურს სისხლის ღვრა. უბრალოდ პრეზიდენტამდე მიიტანეთ, რომ თუ ასე გაგრძელდება, სრული ქაოსი გვექნება. ძალიან ბევრ ადამიანს ისეთ დავალებებზე გზავნიან, რომელთა შესრულებაც შეუძლებელია. იქიდან აღარ ბრუნდებიან. ხალხს უკვე აღარ სურს წასვლა, ამისთვის კი სჯიან. ამჟამად ჩვენი ათეულობით, ასეულობით და ათასობით ჯარისკაცი ზის “ზინდანებში” (მიწაში გათხრილ საპატიმრო ორმოებში), სადაც ისინი ლპებიან, საკუთარი მეთაურების მხრიდან წამებისა და ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ისჯებიან იმის გამო, რომ უარი თქვეს სულელური, თვითმკვლელობის ტოლფასი ბრძანებების შესრულებაზე. ისჯებიან იმის გამოც, რომ უარი თქვეს საკუთარი ფულის გადაცემაზე. საბოლოოდ კი მათ უბრალოდ „ანულებენ“ - კლავენ და უგზო-უკვლოდ დაკარგულებად აცხადებენ“, - მიმართავს პუტინს ალექსანდრ ლუნინი, მასთან პირად შეხვედრასა და პირდაპირ ეთერში გამოსვლის შესაძლებლობას ითხოვს:

„თუ უახლოეს მომავალში კრემლში არ მოვალ და პირდაპირ ეთერში, თქვენს გვერდით არ გამოვალ, არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“.

ლუნინის ვიდეომიმართვას მალევე გამოეხმაურნენ კრემლშიც. „გვითხრეს, რომ ასეთი მიმართვა არსებობს, თუმცა მისი გაცნობა ჯერ ვერ მოვასწარით“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, რომელსაც სამხედრო მოსამსახურის მიერ გამოყენებული ფორმულირებები „საკმაოდ უცნაურად“ მოეჩვენა.

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

ვიდრე დააკავებდნენ, ყოფილი სამხედრო აცხადებდა, რომ მასთან შეხვედრას ვორონეჟის ოლქის მთავრობის წარმომადგენელიც ცდილობდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩინოვნიკი მას ფინანსური პრობლემების მოგვარებას სთავაზობს, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა - ვეტერანმა კვლავ პუტინთან აუდიენცია მოითხოვა. როდესაც ოფიციალური პირი საუბრის შეწყვეტას შეეცადა, ლუნინმა მკვეთრად განაცხადა, რომ „ხელში ნაჯახს აიღებს“.

მოგვიანებით ლუნინმა კიდევ ერთი ვიდეო ჩაწერა, სადაც უარყო, რომ სამხედრო ამბოხისკენ მოუწოდებდა.

„განა მე ბუნტი და ამბოხი მინდა? ვისაც ამბოხის მოწყობა უნდა, ამას ჩუმად გააკეთებს. ისინი მე დამიკავშირდნენ და ამან შედეგი გამოიღო. მე აუცილებლად უნდა მივაღწიო პრეზიდენტთან აუდიენციას“, - განაცხადა ალექსანდრ ლუნინმა, რომლის თქმითაც, მოსკოვში მიწვევა მიიღო კრემლის მხარდამჭერი აქტივისტის, ვიტალი ბოროდინისგან.

„ვიტალი ბოროდინი დამიკავშირდა. მოსკოვში მიმიწვიეს, რათა ყველა ის პრობლემა და საკითხი გავაჟღერო, რაც დაგროვდა“, - თქვა მან და იქვე დაამატა, რომ იწყებს რუსეთის სამხედროების წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებას. ლუნინმა რუსეთის მოქალაქეებს მიმართა, გაუგზავნონ წამების ამსახველი ფოტოები და ვიდეოჩანაწერები, მიუთითონ თარიღი, ადგილი, სამხედრო ნაწილის ნომერი, დაზარალებულებისა და მოწმეების მონაცემები, ასევე მომხდარის დეტალური აღწერა:

“ჩემი მიზანია მტკიცებულებების დიდი ბაზის შექმნა, რომელიც შემდგომ ქვეყნის ხელმძღვანელობას წარედგინება”.

ერთ-ერთი ვიდეოს კომენტარებში ალექსანდრ ლუნინი შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილეს.

„ფრთხილად იყავი, რომ პრიგოჟინის მსგავსად არ დაგემართოს“, - დაწერა ერთ-ერთმა კომენტატორმა.

ვინ არის ლუნინი?

39 წლის ალექსანდრ ლუნინი - რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სრულმასშტაბიანი შეჭრის მონაწილე და ვორონეჟის ოლქის როსოშის რაიონის სოფელ ლიზინოვკის მკვიდრია. გამოცემების „მედუზასა“ და „მედიაზონას“ ინფორმაციით, ლუნინი 150-ე მოტომსროლელ დივიზიაში მსახურობდა და დაჭრილიც იყო.

ალექსანდრ ლუნინი, როგორც თვითონ ამტკიცებდა, 2025 წლიდან აღარ არის შეიარაღებული ძალების რიგებში, რადგან “აიძულეს ფრონტის დატოვება”. 2023 წელს იბრძოდა ოკუპირებულ მელიტოპოლის ტერიტორიაზე „სუდოპლატოვის“ სახელობის მოხალისეთა ბატალიონის რიგებში თავდაპირველად მსროლელად, მოგვიანებით კი ქვედანაყოფის მეთაურად. შემდეგ მსახურობდა ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე „სუდოპლატოვის სახელობის ტექნიკური განვითარების და მომსახურების ცენტრში“.

ალექსანდრ ლუნინი
ალექსანდრ ლუნინი

BBC-ის ინფორმაციით, „სუდოპლატოვის“ ბატალიონი 2022 წლის დეკემბერში მელიტოპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციამ შექმნა. ეს იყო პირველი ცნობილი შემთხვევა, როდესაც უკრაინაში მებრძოლი შეიარაღებული ფორმირება რუსეთში კომერციული სტრუქტურის სახით დარეგისტრირდა.

ვიდრე დაიჭერდნენ, ლუნინმა გამოცემა „აგენტსტვოსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ 2026 წლიდან სხვადასხვა პლატფორმაზე საკუთარ არხს მართავდა და ფრონტზე მყოფი ნაცნობებისგან რეგულარულად იღებდა შეტყობინებებსა და ვიდეოებს სამხედროების მდგომარეობის შესახებ.

„ძალიან ბევრ შეტყობინებასა და ვიდეოს მიგზავნიან. მათი გამოქვეყნებაც კი მეშინია, რადგან იქ მართლაც საშინელი კადრებია“, - ამბობდა ის. ლუნინის თქმით, პუტინს სწორედ ამიტომ მიმართა, „რომ ეს ყველაფერი პირადად ეჩვენებინა და პირადად დალაპარაკებოდა“.

ლუნინი და სხვა "უარესი ლუნინები”

რამდენად სერიოზულად უნდა აღიქმებოდეს ალექსანდრ ლუნინის ამბოხის მუქარა და რატომ არ დაუჭირეს მას მხარი სხვა Z-ბლოგერებმა? - ამ კითხვის პასუხად სამხედრო ექსპერტი ნიკოლაი მიტროხინი რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას ეუბნება, რომ მსგავსი ადამიანებისა და ვიდეოების რაოდენობის სიმცირეს რუსულენოვანი ინტერნეტი არ უჩივის.

“ხშირად ნახავთ დაახლოებით იგივე შინაარსის მიმართვებს, ოღონდ გაცილებით მეტი უცენზურო სიტყვების გამოყენებით. ასეთია მაგალითად, ევგენი გოლმანი. ლუნინმა უბრალოდ სხვა ბლოგერებს მიბაძა, თუმცა, გარკვეული ალგორითმების წყალობით, მისი ემოციური გამოსვლა ძალიან ფართოდ გავრცელდა, - ამბობს მიტროხინი, - როგორც წესი, ბლოგერის მიერ პრეზიდენტისადმი მიმართვას პრაქტიკულად არანაირი შედეგი არ მოჰყვება. გამონაკლისი მხოლოდ ვიქტორია ბონიას შემთხვევა იყო, რადგან მას 24 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო მისმა ვიდეომ 30 მილიონი ნახვა დააგროვა. ამან პუტინის გარემოცვაზე გარკვეული გავლენა მოახდინა და ხელისუფლებამ მის მიმართვას საჯაროდ უპასუხა. მოგვიანებით, ვლადიმირ სოლოვიოვთან საუბრისას, ბონიამ განაცხადა, რომ პუტინს მხარს უჭერს. ამიტომაც რუსეთის ხელისუფლებამ იცის, როგორ იმუშაოს მსგავსი ტიპის ადამიანებთან”.

ნიკოლაი მიტროხინის თქმით, რუსეთში ამ ვიდეომიმართვაზე ბევრად უფრო მასშტაბური პროცესები მიმდინარეობს - საწვავის დეფიციტის, სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების მკვეთრი ზრდისა და უკრაინის სტრატეგიული უპირატესობის მოპოვების სახით.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ Telegram-არხზე წერს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე 40-დღიან ოპერაციაზე. უკვე გასული 40 დღის განმავლობაში უკრაინა, მისი შეფასებით, წარმატებით ბლოკავს რუსეთის ლოგისტიკას და ანადგურებს ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიას. ოპერაციის მესამე მნიშვნელოვანი მიმართულება კი იმ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებაა, რომელიც სარაკეტო შეიარაღებისთვის კომპონენტებს აწარმოებს. ამ სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევა ყირიმის წარმატებული ბლოკირებაც. შედეგად, უკრაინამ რუსეთს მრავალი სერიოზული პრობლემა შეუქმნა, ომი ახალ ეტაპზე გადაიყვანა და სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება შეძლო, ამბობს პოლიტოლოგი ნიკოლაი მიტროხინი.


ნიკოლაი მიტროხინი
ნიკოლაი მიტროხინი

რუსეთის მთავრობისთვის “ლუნინის მუქარაზე” ბევრად დიდი პრობლემაა ცოცხალი ძალის ნაკლებობაც. გამოცემა „ვიორსტკას“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს კონტრაქტით გაწვეული ჯარისკაცების რაოდენობა დაახლოებით ერთი მესამედით ნაკლებია, შარშანდელთან შედარებით.

პოლიტოლოგ რუსლან აისინის თქმით, რუსეთში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ახალი მობილიზაციის შესაძლებლობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის სახელმწიფო დუმის საშემოდგომო არჩევნების (2026 წლის სექტემბერი) შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს. აისინის თქმით, ახალი მობილიზაცია სავსებით რეალურია, რადგან აშკარაა, რომ ვლადიმირ პუტინს ნებისმიერ ფასად სურს ომის გაგრძელება:

“ვფიქრობ, ეს სრულიად რეალური სცენარია, რადგან პუტინს სხვა კოზირები პრაქტიკულად აღარ დარჩა. ჩემი აზრით, მობილიზაციას შემოდგომაზე უნდა ველოდოთ. შესაძლოა, ის აღარ ჩატარდება ისე, როგორც 2022 წლის სექტემბერში ჩატარდა. პროცესი, სავარაუდოდ, დროში გაიწელება, შესაძლოა, ლოკალური იყოს და ყველა რეგიონს არ მოიცავდეს. ხელისუფლება დამატებით ზომებსაც მიიღებს, რათა თავიდან აიცილოს ქაოსი და პირველი მობილიზაციის კამპანიის ფაქტობრივი კოლაფსი. თუმცა პუტინი კვლავ ძველი კატეგორიებით აზროვნებს. მას მიაჩნია, რომ თუ ფრონტზე ადამიანების უზარმაზარ რაოდენობას გაგზავნის, ომის ვითარებას თავის სასარგებლოდ შეცვლის. გარდა ამისა, რუსეთს მოლაპარაკებების პროცესში საკუთარი პოზიციების გაძლიერებაც სჭირდება, რათა უკრაინასა და დასავლეთს აჩვენოს: „ახლა შეგვიძლია ძალები სწრაფად გავზარდოთ და ყველა მიმართულებით ძლიერი დარტყმა მივაყენოთ.“ ეს სრულიად არქაული ლოგიკაა, მაგრამ პუტინს სჯერა, რომ სწორედ ასე უნდა იმუშაოს”.

რუსლან აისინი
რუსლან აისინი

პუტინი რომ ომის შეწყვეტას არ აპირებს, ეს კარგად გამოჩნდა “თავისი რჩეული” ჟურნალისტისთვის, პაველ ზარუბინისათვის მიცემული ინტერვიუდან, რომელშიც პუტინმა უარყო უკრაინის წინადადება, შეწყვეტილიყო ერთმანეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმები და საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებით შემოფარგლულიყო. როგორც კრემლის მიერ გამოქვეყნებული ამ ინტერვიუდან ირკვევა, პუტინმა ორივე წინადადება „უკრაინის სისუსტის“ გამოვლინებად წარმოაჩინა. მისი თქმით, პირველი შეთავაზება იმით აიხსნება, რომ რუსეთის დარტყმები „გაცილებით უფრო ძლიერი, მტკივნეული და, პირდაპირ რომ ვთქვათ, დამანგრეველია“, ხოლო მეორე - უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, პუტინის თქმით, „პირადი შემადგენლობის კატასტროფული დეფიციტია“.

პუტინმა აღიარა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების გამო საწვავის დეფიციტი არსებობს, თუმცა, მისი თქმით, „ეს კრიტიკული არ არის“. პუტინმა ასევე გაიმეორა თავისი მოსაზრება, რომ უკრაინის დარტყმების მიზანია „ჩვენში თავისა და საკუთარი ძალებისადმი უნდობლობის გაჩენა, ხოლო იდეალურ შემთხვევაში - რუსეთის საზოგადოებაში განხეთქილების გამოწვევა“. პუტინის განცხადებით, რუსეთის არმია ფრონტის მთელ ხაზზე წინ მიიწევს, ხოლო მოწინააღმდეგე უზარმაზარ დანაკარგებს განიცდის.

პოლიტოლოგ ალექსანდრ მოროზოვის თქმით, პუტინის მიერ ზარუბინისათვის მიცემული ინტერვიუს არსი ასეთია: „უბრალოდ რუტინულად გავაგრძელებ ომს, როგორც ამას აქამდე გავაკეთებდი“.

„კარგი ამბავი ის არის, რომ პუტინი არ უსმენს თავის მხარდამჭერებსაც, - დაწერა პოლიტოლოგმა Facebook-ში, - ისინი ელიან, რომ პუტინი დამაჯერებლად უპასუხებს სხვადასხვა სეგმენტის სახელით სხვადასხვა პერსონაჟის მიერ დასმულ კითხვებს, იქნება ეს ბონია, კასპერსკი, მარხაევი, ლუნინი თუ ვინმე სხვა. პუტინი ვერ ხედავს ვერანაირ გზაგასაყარს, ვერანაირ „შესაძლებლობის ფანჯარას“. პუტინი ასევე არ უსმენს „მოსახლეობას“, რომელიც ხმამაღლა კითხულობს: „სად არის საჰაერო თავდაცვა?“ პუტინს აქვს სტანდარტული, მორიგე პასუხი: „იქნება საჰაერო თავდაცვა, მე გავეცი მისი შექმნის ბრძანება“, „ბენზინის კრიზისი არ არის“, „ამაზე საუბარი მიზნად ისახავს „საზოგადოების გახლეჩას“. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ყველა ჩიხში მოქცეული, დაღლილი დიქტატორის მსგავსად, პუტინიც მოითხოვს „პანიკის დათესვისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, „საზოგადოების გახლეჩას“ კი ФСБ მიხედავს“.

პოლიტოლოგ რუსლან აისინის თქმით, რუსეთის მთელი ძალოვანი და სამოქალაქო ხელმძღვანელობა სრულად არის მორგებული პუტინის ამ სურვილზე, გააგრძელოს ომი. თუმცა, პოლიტოლოგის თქმით, ალბათ, არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ მსგავსი ნაბიჯებით ომის სტრატეგიული მიმდინარეობის შეცვლა შეუძლებელია.

“ტაქტიკურად შეიძლება გარკვეული წარმატებების მიღწევა, მაგრამ სტრატეგიულად ეს ჩიხია. უფრო მეტიც, ომი უკვე დრონების ომის ფაზაში გადავიდა და მიწაზე მყოფი ადამიანები, ფაქტობრივად, მხოლოდ სამიზნეები არიან. რუსეთი ყოველთვიურად თითქმის 30 ათას სამხედრო მოსამსახურეს კარგავს. თუნდაც 150–200 ათასი ადამიანის მობილიზება შეძლონ, ეს რესურსი მხოლოდ დაახლოებით ექვსი თვის აქტიური საბრძოლო მოქმედებებისთვის იქნება საკმარისი. შემდეგ რა მოხდება - გაურკვეველია. ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია როგორც მობილიზაცია, ისე სახელმწიფო დუმის არჩევნები, ამიტომ გადაწყვიტეს, ეს ორი პროცესი დროში ერთმანეთისგან გაემიჯნათ”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი რუსლან აისინი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG