Accessibility links

რატომ დანიშნა ბათუმის მერმა მოადგილედ სოფო ხალვაში?


სოფო ხალვაში, ლაშა კომახიძე

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მესამე მოადგილედ მომღერალ სოფო ხალვაშის წარდგენისას განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო ხალვაშის კულტურის სფეროში მოღვაწეობის გამოცდილების გამო და აგრეთვე მისი ცნობადობისა და პოპულარობის გათვალისწინებით.

Direct link

„სოფო სწორედ ის ადამიანია, რომელიც გააძლიერებს ჩვენს გუნდს ამ მიმართულებებით. ის წლების განმავლობაში მოღვაწეობს კულტურის სფეროში. მისთვის ეს სფერო განსაკუთრებით ნაცნობია. არის შემოქმედებითი ადამიანი. რაც ჩვენ გვჭირდება ახლა ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი გუნდის გაძლიერება იქნება და ვფიქრობ, რომ საინტერესო და ძალიან შინაარსიანი მუშაობა გვექნება მომავალში“, - განაცხადა ლაშა კომახიძე.

ახლა ასე კონკრეტულად ჩახედული არ ვარ და შეიძლება შესაბამისი პასუხი ვერ მიიღოთ, ამიტომ მინდა, რომ ყველაფერში გავერკვე და შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრო ამის შესახებ...
სოფო ხალვაში

კულტურის სფეროს გარდა, მომღერალ სოფო ხალვაშს ბათუმის მერის მოადგილის რანგში განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის მიმართულებებითაც მოუწევს მუშაობა. 32 წლის ხალვაშს ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში აქვს განათლება მიღებული და პროფესიით პიანისტია. თავის სამუშაო გამოცდილებაზე საუბრისას ხაზს უსვამს სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალსა და კონკურსში მონაწილეობას. ამბობს, რომ მართვის არანაირი გამოცდილება არ აქვს და იმედი აქვს იმ გუნდის, რომელთან ერთადაც ბათუმის მერიაში მოუწევს მუშაობა. სოფო ხალვაშის თქმით, ბათუმის მერის მოადგილედ დანიშვნის შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო, რომლის შემდეგ მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. თუმცა გადაწყვეტილება ფიქრის შემდეგ მიიღო. კითხვაზე, თუ რას გააკეთებს მერის მოადგილის რანგში და რა გამოწვევებსა და პრობლემებს ხედავს მისთვის ასე ნაცნობ კულტურის სფეროში, კონკრეტულად ქალაქ ბათუმის მაგალითზე, პასუხობს:

„ახლა ასე კონკრეტულად ჩახედული არ ვარ და შეიძლება შესაბამისი პასუხი ვერ მიიღოთ, ამიტომ მინდა, რომ ყველაფერში გავერკვე და შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრო ამის შესახებ. ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა ღონისძიებების და ივენთების, რაც შეიძლება გავუკეთო ჩვენს ბათუმს. სამუშაო გამოცდილება ამ მხრივ არ მქონია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს გუნდის, რომელიც ჩემთან ერთად იქნება“.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ბათუმის მერიის მუშაობას ადევნებენ თვალს აღნიშნავენ, რომ მუნიციპალიტეტში სწორედ ამ მიმართულებებზე მომუშავე გუნდია ყველაზე სუსტი. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ამას ადასტურებს წლების განმავლობაში ქალაქის ბიუჯეტის არაეფექტური დაგეგმვა კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის მიმართულებით და შემდეგ საბიუჯეტო პროგრამების შესრულების დაბალი ეფექტი.

„ამ ნაწილში რასაც გულისხმობს - კულტურა, განათლება, სპორტი, ტურიზმი და ახალგაზრდობა - მერია თავად აღიარებს, რომ იყო მისი ყველაზე სუსტი ნაწილი, განსაკუთრებით კი საკადრო პოლიტიკა. ფაქტია, რომ ბიუჯეტი, მუნიციპალური პროგრამები და ქალაქი საჭიროებს ცვლილებას. 2019 წლის ბიუჯეტსაც გავეცანით მრჩეველთა საბჭო და ახლა რეკომენდაციებს ვამუშავებთ და იქაც მთავარ გამოწვევად მივიჩნიეთ, ახალგაზრდული და განათლების პროგრამების სისუსტეები. ამ ფონზე კი ვხედავთ ახალ კადრს, რომელსაც ჯერჯერობით არ აქვს მართვის უნარები და გამოცდილება“, - ამბობს თეონა დიასამიძე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელი და ბათუმის საკრებულოს საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

2019 წლის ბიუჯეტსაც გავეცანით მრჩეველთა საბჭო და ახლა რეკომენდაციებს ვამუშავებთ და იქაც მთავარ გამოწვევად მივიჩნიეთ, ახალგაზრდული და განათლების პროგრამების სისუსტეები. ამ ფონზე კი ვხედავთ ახალ კადრს, რომელსაც ჯერჯერობით არ აქვს მართვის უნარები და გამოცდილება.
თეონა დიასამიძე

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ნათია აფხაზავა კი ბათუმის მერის ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც სუსტი მმართველის გადაწყვეტილებას:

„მაშინ, როცა ქალაქს აქვს უდიდესი ურბანული პრობლემები, მოადგილის დანიშვნა, როცა არ გყავს მოადგილე ეკონომიკური და ფინანსური მიმართულებით, დაუსაბუთებელია. წარმოდგენილი კანდიდატის კვალიფიკაცია, გამოცდილება და ხედვა პოლიტიკურ თანამდებობაზე აბსოლუტურად შეუსაბამოა, მისი პირველი განცხადებაც მეტყველებს ამაზე. მას არანაირი ხედვა არ გააჩნია ქალაქში ამ კუთხით არსებული პრობლემების შესახებ“.

ბათუმის მერის მოადგილედ ახლად დანიშნული მომღერალი სოფო ხალვაში წლების განმავლობაში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემის, „დილის ტალღის“ წამყვანი. მაუწყებლის ხელმძღვანელობამ მომღერალს ხელშეკრულება დროებით შეუჩერა ოქტომბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც სოფო ხალვაშმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გამართულ კონცერტებში. ბათუმის მერმა კატეგორიულად უარყო ალბათობა იმისა, რომ მომღერლის მის მოადგილედ დანიშვნა ერთგვარი წახალისებაა მმართველი გუნდის მხარდაჭერის სანაცვლოდ. თუმცა ქართული ოცნების წევრი და ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა სოფო ხალვაშის მერის მოადგილედ დანიშვნის ფაქტს და მას უწოდა როგორც ნიშანი იმისა, რომ აუცილებლად სათანადოდ დაფასდებიან მხარდამჭერები კომპეტენციის ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG