Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დატოვეს თანამდებობები თელავის მერიაში?


თელავში სამოქალაქო საზოგადოების ნაწილიც დარწმუნებულია, რომ მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უკავშირდება.
თელავში სამოქალაქო საზოგადოების ნაწილიც დარწმუნებულია, რომ მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უკავშირდება.

თელავის მერის სამ მოადგილეს და ოთხი სამსახურის უფროსს თითქმის ერთდროულად გაუჩნდა სურვილი, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური მიეტოვებინა, ზოგი მათგანი კერძო სექტორში წასულიყო და ზოგიც, უბრალოდ, უმუშევარი დარჩენილიყო. მასშტაბური საკადრო ცვლილება მერიაში რამდენიმედღიანი ინტერვალით განხორციელდა და, როგორც თავად უსამსახუროდ დარჩენილთა ნაწილი გვეუბნება, განცხადებები წასვლის თაობაზე, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, საკუთარი სურვილით დაწერეს.

მერის უკვე ყოფილმა მოადგილემ გიორგი თუშიშვილმა, მას შემდეგ, რაც გაიგო, თუ რა საკითხზე ველაპარაკებოდით, სატელეფონო კავშირი გათიშა და ზარებს აღარ უპასუხა. მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიგა გიგიაშვილმა კი გვითხრა, რომ „ვაზი აქვს გაშენებული, რეგიონში მუშახელი ჭირს და ამიტომ საჯარო სამსახურიდან წავიდა, რათა საკუთარ მამულში იმუშაოს“:

„მე მაქვს სოფლის მეურნეობა, ვენახები. ვერ ავუდივარ სამუშაოებს და ამის გამო დავწერე განცხადება. აი, ახლაც კი, როცა თქვენ გესაუბრებით, ვენახში ვარ დ ვმუშაობ. კახეთში ყველა ვენახს აშენებს და ამიტომ მუშახელი საკმაოდ ჭირს. ამიტომ გადავწყვიტე სამსახურიდან წამოვსულიყავი და თვითონ მიმეხედა ჩემი ვენახისთვის“.

თელავის მერიაში კიდევ ერთი სამსახური, რომელიც ხელმძღვანელის გარეშე დარჩა, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის განყოფილებაა. ყოფილი ხელმძღვანელი ნუგზარ ბაჩიაშვილი ირწმუნება, რომ სამსახურიდან წასვლა თავად გადაწყვიტა და ზემდგომების მხრიდან ზეწოლა არ მომხდარა:

„მე ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში მქონდა განცხადება დაწერილი განთავისუფლებაზე და ახლა მოხდა ამ განცხადების დაკმაყოფილება. რაც შეხება შეკითხვას, ჰქონდა თუ არა ჩემზე ზემოქმედებას ადგილი, ასე არ ყოფილა. მე გავაგრძელებ მუშაობას კერძო კომპანიაში, რომელიც კახეთში ზედამხედველობას უწევს სამშენებლო სამუშაოებს“.

გიორგი ბოტკოველი
გიორგი ბოტკოველი

თელავის მერიაში განხორციელებულ მასშტაბურ საკადრო ცვლილებას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უკავშირებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი. თელავში საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის კანდიდატთან წააგო. გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ სწორედ ამის გამო იგეგმებოდა თელავის მერის გათავისუფლება, თუმცა, მერის რიგგარეშე არჩევნები რომ თავიდან აეცილებინათ, სამსახურებიდან გაუშვეს დანიშნული საჯარო მოხელეები. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იმასაც ამბობს, რომ თელავის მერმა ერთ-ერთ მოადგილედ ახლა საკუთარი ნათესავი დანიშნა.

„მათ ზუსტად იცოდნენ, რომ შუალედური არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში მას წააგებდნენ. დიდი ხნის განხილვა ჰქონდათ, მოეხსნათ თუ არა მერი თანამდებობიდან. საუბარია მარცხზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თელავში. საკადრო ცვლილებებზე გადაწყვეტილებებს იღებენ სუსი და სხვა ძალოვანი სტრუქტურები. შოთა ნარეკლიშვილი რომ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით?! მაგრამ, როგორც ჩანს, მერს მაინც რაღაცა გადაუგდეს და მისცეს უფლება, რომ საკუთარი ქვისლი დაენიშნა თავის მოადგილედ. მე ამას ნეპოტიზმსაც აღარ დავარქმევდი. ეს არის თანამდებობების ყაჩაღურად დატაცება და სხვა არაფერი“.

თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი საკადრო ცვლილებების კავშირს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან კატეგორიულად გამორიცხავს. რაც შეეხება მის მოადგილედ ახლახან დანიშნულ დავით ბეგიაშვილს, მერი ამბობს, რომ ბეგიაშვილთან ნაცნობობა ბავშვობიდან აკავშირებს, თუმცა არ არის ნათესავი:

შოთა ნარეკლიშვილი
შოთა ნარეკლიშვილი

„ჩემ ახლანდელ მოადგილე დავით ბეგიაშვილს ბავშვობიდან ვიცნობ, ჩვენ არაერთ სამსახურშიც გვიმუშავია ერთად. აქედან გამომდინარე, მე ვიცი მისი საქმისადმი მიდგომა და ამის გამო დაინიშნა თანამდებობაზე. რაც შეეხება მასთან ნათესაურ კავშირს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს“.

თელავის მერი ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ოპოზიციის გარდა თელავში სამოქალაქო საზოგადოების ნაწილიც დარწმუნებულია, რომ მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უკავშირდება. სამოქალაქო აქტივისტ მაკა მოსიაშვილის თქმით, დიდხანს მიმდინარეობდა მსჯელობა, მერი გაეთავისუფლებინათ, თუ მისი გარემოცვა.

„შეიძლება დავუშვათ, რომ ეს 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებაც არის, მაგრამ ჯერ სამზადისს ვერ ვამჩნევ. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ გაუშვეს სამსახურიდან, მაგრამ მერის მოადგილეების წასვლა უკავშირდება არჩევნების წაგებას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქალაქის მერს დაბრალდა. შოთა ნარეკლიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და მის მოადგილეებს ამიტომ გამოუტანეს ე.წ. „განაჩენი“. მე ვიცი, რომ საკუთარი ნებით არავინ წასულა“.

იყო თუ არა თელავის მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიზეზი პოლიტიკური მოტივები, ამის გარკვევას მომდევნო დღეებში რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები შეეცდებიან.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG