Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ გაჭრა მანდატების დაჭრამ?


2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიებმა პარლამენტში შესვლაზე ასევე უარი თქვეს 12 წლის წინაც, 2008 წლის 21 მაისის არჩევნების შემდეგ, როცა VII მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე ოპოზიციის ლიდერებმა მაკრატლით დაჭრეს და გაანადგურეს თავიანთი მანდატები.

„ეს არის ჩემი მანდატი. ჯიბეში მიდევს მაკრატელი, პლასტიკაა, მაკრატლით უნდა დავჭრა. მე მინდა მთელი მსოფლიოს თვალწინ ეს მანდატი დავკუწო”, - განაცხადა მაშინ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა,ევან გაჩეჩილაძემ, და თავისი განზრახვა იქვე მოიყვანა სისრულეში.

2008 წ. ოპოზიციის საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ
2008 წ. ოპოზიციის საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ

სულ იმ დღეს, 2008 წლის 7 ივნისს, განადგურდა „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ მოპოვებული 6 და „გაერთიანებული ოპოზიციის“ 13 მანდატი.

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში 4-მა პარტიამ გადალახა 5 %-იანი ბარიერი:

  • 1. „ნაციონალური მოძრაობა“ 59.2 % (48 მანდატი)
  • 2. გაერთიანებული ოპოზიცია 17.7 % (15 მანდატი)
  • 3. გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები 8.7 % (6 მანდატი)
  • 4. შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია 7.4 % (6 მანდატი)

ოპოზიციის მტკიცებით, მაშინაც წინასაარჩევნო პერიოდი გამორჩეული იყო ძალადობით, ხოლო თვითონ არჩევნები გაყალბდა. ეკა ბესელიამ, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მანდატის დაჭრის წინ განაცხადა:

„უარს ვამბობ დეპუტატის მანდატზე და ეს არის ჩემი პასუხი იმ ძალადობის, იმ გაყალბების და უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში წესად იქცა“.

ლევან გაჩეჩილაძე და ეკა ბესელია
ლევან გაჩეჩილაძე და ეკა ბესელია

მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმაც თქვა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორები ხდებოდა უშუალოდ არჩევნების დღესაც და რომ ეს არ ხდებოდა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ადამიანის დასაშინებლად:

„ეს ხდებოდა მთელი საზოგადოების დასაშინებლად და, ალბათ, სრულიად შეგნებულად იმ პერიოდში, როცა ოპოზიცია ემზადებოდა გარკვეული აქტიურობისათვის. პრაქტიკულად სახელმწიფო ატარებს ტერორს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, სახელმწიფო ატარებს ტერორს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ”.

როგორც რესპუბლიკური პარტიის მაშინდელი ლიდერი, თინათინ ხიდაშელი იხსენებს, 2008 წლის პროტესტს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ოპოზიციის სასოწარკვეთილი ქმედება:

„არჩევნები გაყალბებული იყო. ამ რაოდენობით ოპოზიციის ყოფნას პარლამენტში არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. გადაწყვიტეს, ის მაინც ეჩვენებინათ საზოგადობისათვის, რომ მზად იყვნენ თავგანწირვისთვის: ხელფასებზეც უარი თქვეს და სტატუსზეც. ამით ერთგვარად სცადეს თავისკენ შემოებრუნებინათ საზოგადოება, რომელიც, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დათმობის გამო, ძალიან უარყოფითად იყო განწყობილი ოპოზიციის ლიდერების მიმართ. ხალხი თვლიდა, რომ იანვარში ოპოზიციამ მას უღალატა, რადგან ვერ დაიცვა მათი ხმები, ამიტომ 21 მაისს შედარებით დაბალი იყო მხარდაჭერა. და რადგანაც არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, ეს „ცოდვა“ პარლამენტში არშესვლით გამოესყიდათ“.

თინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი

თუმცა, თინათინ ხიდაშელის თქმით, ოპოზიციის ამ პროტესტმა შედეგი არ მოიტანა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი მაინც შევიდა პარლამენტში, ანუ ამოცანა, მიხეილ სააკაშვილი მარტო დაეტოვებინათ საკუთარ თავთან, არ შედგა.

დაჭრილი მანდატით პარლამენტში

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერებმა კი დაჭრეს თავიანთი მანდატები პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უარი მაინც არ თქვეს დეპუტატობაზე, რისთვისაც განცხადების დაწერა იყო საჭირო. „ლეიბორისტული პარტიის“ 6-მა წევრმა პარლამენტში შესვლისა და ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, მე-6 წევრმა კი, ნუგზარ ერგემლიძემ, ბოიკოტზეც უარი თქვა.

რადიო თავისუფლებამ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს, შალვა ნათელაშვილს, პარტიის ამ გადაწყვეტილების შესახებ ჰკითხა.

„2008 წლის პროტესტი მთლად სერიოზულად მომზადებული არ იყო. საეჭვო გარემოებებიც ახლდა. როგორც მერე გაირკვა, ეს მოთხოვნა ხელოვნურად აგორდა... ხალხი მოითხოვდა, რომ არ შევსულიყავით პარლამენტში, დავყაბულდით ამას, დავჭერით მანდატები, მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ პარტიების ნაწილი შევიდა პარლამენტში, ანუ დაიმსხვრა ერთიანი ფრონტი. შესაბამისად, მაშინ სასურველი შედეგი ვერ დადგა ამ ერთიანობის დარღვევის გამო. დღეს ერთიანი ფრონტია გამოკვეთილი. არავინ ამ პრინციპს არ დაარღვევს და შედეგიც იქნება“, - უთხრა შალვა ნათელაშვილმა რადიო თავისუფლებას.

შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ გარდა, დეპუტატობაზე უარი არც „ქრისტიან-დემოკრატებმა“ თქვეს. პარტიის მაშინდელმა ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ღიად განაცხადა, რომ აპირებდა კუთვნილი ადგილის დაკავებას პარლამენტში:

„ლომის ხახაში იმიტომ არ მქონდა თავი შეყოფილი, რომ სადღაც მოუსავლეთში მივბრძანდეთ და აქ ფსევდოოპოზიციამ, ბურჯანაძის თამადობით, დაიკავოს ჩვენი ადგილი. ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია, ოპოზიციამ თავისი მიზანი შეასრულოს“.

გიორგი თარგამაძე
გიორგი თარგამაძე

ვერც გაერთიანებული ოპოზიცია აღმოჩნდა ერთიანი გამოცხადებულ პროტესტში. როგორც პარტია „ქართული დასის“ თავმჯდომარე და მაშინდელი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ჯონდი ბაღათურია იხსენებს, გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტსაბჭომ ზუსტად იცოდა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტეს პროტესტის გამოცხადება.

„გამოცხადდა გაუგონარი სტრატეგია, რომ ჩვენ ყველანი არ შევსულიყავით პარლამენტში. ამას თეორიულად შეიძლებოდა ჰქონოდა გამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ყველა პოლიტიკური პარტია იქნებოდა ერთსულოვანი. როცა ეს საკითხი დადგა გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტსაბჭოზე, გასაგებად დავსვი საკითხი: ჩვენ გარდა ბარიერი გადალახეს „ქრისტიან-დემოკრატებმა“ და „ლეიბორისტებმა“. თუ პარლამენტი იქნება ჩვენ გარეშე, მაგრამ მასში იქნება 3 სხვა პოლიტიკური ძალა, ჩვენი მიზანი, რომ მსოფლიოს ვამცნოთ, რომ აქ ერთპარტიული დიქტატურაა, დემოკრატია დასრულდა და ა.შ., მიუღწეველი დარჩება. შევხვდით ბარიერგადალახულ პარტიებს. პატიოსნად გვითხრეს, რომ არ აპირებენ მანდატების დატოვებას. არჩევნები მაშინ ნამდვილად გაყალბდა, მაგრამ შევდიოდით 15 ძალიან გამოცდილი ლიდერი. ჩვენ შეგვეძლო, საპარლამენტო სარბიელზე დაგვეჩაგრა სააკაშვილის უმრავლესობა. და, საერთოდ, ვინ გვიშლიდა პარალელურად ქუჩაში აქტიურობას? განა არ შეიძლება, პარლამენტის წევრმა საკანონმდებლო ორგანოშიც იმუშაოს და ქუჩის აქციებშიც მიიღოს მონაწილეობა? აქ ვერ მოხერხდა შეთანხმება. რაღაც ნაწილი შევედით და ახლაც მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი“.

ჯონდი ბაღათურია
ჯონდი ბაღათურია

ჯონდი ბაღათურიას გარდა, გაერთიანებული ოპოზიციის რიგებიდან VII მოწვევის პარლამენტში ასევე შევიდნენ გია თორთლაძე, კონსტანტინე გამსახურდია, პაატა დავითაია.

2008 წლის 21 მაისს არჩეული VII მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ მაშინდელი პარლამენტი მრავალპარტიული იყო, მას ასევე არ ჰქონდა ლეგიტიმურობის პრობლემა, რადგანაც პარლამენტში შესვლაზე უარი, რეალურად, მხოლოდ ათამდე დეპუტატმა თქვა.

„ახლა საუბარია არა მარტო საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობაზე, არამედ მთლიანად პარლამენტის ლეგიტიმურობაზე. დეპუტატების მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება შეიყვანოს პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“, არ აღემატება 91-ს ანუ 150-დან მხოლოდ 91 წევრი ეყოლება პარლამენტს. ეს დიდი პრობლემაა და იმაზე მიუთითებს, რომ თურქმენბაში გვყავს ქვეყანაში“, - უთხრა ხათუნა გოგორიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ხათუნა გოგორიშვილი
ხათუნა გოგორიშვილი

2008 წლის პროტესტმა, როგორც მაშინდელი მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების ყოფილი და მოქმედი ლიდერები თანხმდებიან, ხელშესახები დადებითი შედეგი ვერ გამოიღო. ოპოზიციის ქუჩაში დარჩენილმა ნაწილმა ვერ დააბალანსა საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველი პარტია, რამაც, თინათინ ხიდაშელის თქმით, დიდწილად განაპირობა მაშინდელი ხელისუფლების მძიმე შეცდომები. ხიდაშელი ფიქრობს, რომ უკეთეს შედეგს ვერც X მოწვევის პარლამენტისათვის პროტესტის გამოცხადება გამოიღებს.

„ვფიქრობ, უარყოფითი შედეგი დადგება როგორც თავად ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით, პატარა პარტიებისთვის, რომლებიც, უბრალოდ, გაქრებიან პოლიტიკური სცენიდან, თუ საპარლამენტო ტრიბუნაზე უარს იტყვიან, ასევე ქვეყნისთვის. არალეგიტიმური, მარტო დარჩენილი ხელისუფლება ყოველთვის სახიფათო და ძალიან მოწყვლადია. ეს მოწყვლადობა გახდა მაშინ ხელისუფლების სისუსტის მიზეზი როგორც ბუქარესტის სამიტზე, ასევე შემდეგ, აგვისტოს მოვლენების დროს. ამ თვალსაზრისით, ახლაც მძიმე მდგომარეობაში ვართ. არ იქნება ქვეყნისთვის კარგი, თუ თუნდაც ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ მარტო იქნება პარლამენტში“, - უთხრა თინათინ ხიდაშელმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG