Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ დაბრუნდება გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში


„მომავალი წლიდან შესაძლოა "დედა ენა" სკოლებში დაბრუნდეს“, - ამ შინაარსის განცხადება განათლების, კულტურისა და სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს ეკუთვნის და ის მედიით 25 ნოემბერს გავრცელდა.

მოგვიანებით პარლამენტის საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის წევრებმა ზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც განათლების სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, „დედა ენის“ ქართულ საანბანე სახელმძღვანელოს, იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.

განცხადების თანახმად, „დედა ენა“, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეები შეუფერხებლად სწავლობდნენ ამ წიგნით.“

განცხადებიდან ვერ ვიგებთ იაკობ გოგებაშვილისეული სახელმძღვანელოს, რომელი რედაქციის შეტანას ცდილობს საინიციატივო ჯგუფი სკოლებში, ვინაიდან 1865 წლის შემდეგ იაკობ გოგებაშვილმა „დედა ენა“ 33-ჯერ გამოსცა და 1876 წლის რედაქციას უწოდა "დედა ენა“, მანამდე გამოცემულ სახელმძღვანელოებს „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ ერქვა.

ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს გრიფირების სტანდარტული წესის მიღმა, რადგან „დედა ენა“ არის ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი...
მარიამ ჯაში

როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა საუბარია იაკობ გოგებაშვილის მეთოდიკით შექმნილ „დედა ენაზე“ რომლის ზუსტი შინაარსი უნდა შეადგინოს იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებასთან ერთად ექსპერტთა კომისიამ, რომელიც იმუშავებს განათლების სამინისტროს ბაზაზე და შეჯერებული რედაქცია იქნება დამტკიცებული.

„საკანონმდებლო ინიციატივა მოიცავს ექსპერტთა კორპუსის შექმნას და ეს კორპუსი მიიღებს გადაწყვეტილებას არა მხოლოდ რა შინაარსით არამედ რა წესით უნდა დაბრუნდეს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლაში, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს გრიფირების სტანდარტული წესის მიღმა, რადგან „დედა ენა“ არის ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“.

იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება წლებია იაკობ გოგებაშვილისეული „დედა ენის“ სკოლებში შეტანას ლობირებს. ორგანიზაციის თანათავმჯდომარე გიორგი გოგოლაშვილი რამდენიმე ინტერვიუში საუბრობს რომ გოგებაშვილისეულმა„დედა ენამ“ განათლების სამინისტროსგან გრიფი 2009 წელს მიიღო, 2011 წლის გრიფირების კონკურსში კი გრიფი ვეღარ მოიპოვა იმ არგუმენტით, რომ მეთოდოლოგია იყო მოძველებული.

შეკითხვას, ხომ არ შეიძლება ეს ინიციატივა, რომელიმე ერთი ჯგუფის მხარდაჭერად აღვიქვათ, მარიამ ჯაში მიკერძოებულს უწოდებს, თუმცა დასძენს, რომ

„იმისთვის რომ ერთპიროვნული მხარდაჭერა არ მოხდეს რომელიმე ჯგუფის მიმართ ამისთვის შეიქმნება კომისია“.

რას გულისხმობს გრიფირების სტანდარტული წესი და უშვებს თუ არ ის გამონაკლისებს?

„ნეტავ რომელი რედაქცია უნდა იყოს? ცხადია, 1912 წლის გამოცემა არ იგულისხმება“, - შეკითხვაზე შეკითხვითვე პასუხობს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ჯაყელი, რომლის თქმითაც „ამ გამოცემის უცვლელი სახით შეტანა სკოლებში ბევრ უხერხულობას შექმნის“.

უკვე გრიფირებულია დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოები, კონტრაქტები გაფორმებულია, უამრავი რამ არის უკვე შეთანხმებული და ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს...
თამარ ჯაყელი

„არ მგონია ვინმე ამას ფიქრობდეს, ვინაიდან 40-იანი წლებიდან მოყოლებული მოსწავლეები გოგებაშვილის „დედა ენის“ ადაპტირებული ვერსიით სწავლობენ. არ შეიძლება წიგნი მოწყდეს კულტურული და პედაგოგიკური განვითარების პროცესებს და ამის მაგალითი იაკობ გოგებაშვილმა მოგვცა, რომელმაც რამდენჯერმე შეცვალა თავისი პირველი გამოცემა.“

1-დან მე-6 კლასის ჩათვლით ყველა საგნის სახელმძღვანელოს ეროვნული სასწავლო გეგმით უკვე აქვს გრიფი და მომავალი 5 წლის განმავლობაში ამ საფეხურის ახალ სახელმძღვანელოზე გრიფი არ გაიცემა. შესაბამისად, გრიფს „დედა ენა“ მინიმუმ 5 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს. თუმცა "დედა ენის" ადაპტირებული 2 სახელმძღვანელო სკოლებში ამჟამადაც არსებობს.

„უკვე გრიფირებულია დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოები, კონტრაქტები გაფორმებულია, უამრავი რამ არის უკვე შეთანხმებული და ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს“, - ამბობს თამარ ჯაყელი. მისი თქმით, ცალკე აღებულ ერთ სახელმძღვანელოს გრიფი არ ენიჭება.

წინასაარჩევნო პერიოდი და ეროვნული სენტიმენტები

თუ განათლების სამინისტრო „დედა ენის“ გრიფირების საკითხის წამოწევას, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების მცდელობებთან აკავშირებს, საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საკითხმა აქტუალობა წინასაარჩევნოდ, ეროვნული მოტივების მხარდაჭერის საბურვლით შეიძინა.

სტატიაში „გოგებაშვილის მეთოდის პარადოქსი“, ლიტერატორი ქეთო ნინიძე წერს, რომ „დედა ენამ”, როგორც ქართული ენის სიწმინდის დაცვისა და განათლების სიმბოლომ, ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი – საბჭოთა რეჟიმის პირობებში საქართველოს ნაციონალური იდენტობის შენარჩუნების საქმეში მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა, თუმცა, ის თანამედროვე ბავშვის საჭიროებებს ნაკლებად ეხმიანება:

„არა იმდენად მეთოდური აცდენაა, რამდენადაც თემატური, ლექსიკურ ფრაზეოლოგიური იმიტომ, რომ ის „დედა ენა“ აბსოლუტურად სხვა სოციალური კულტურული გამოწვევისთვის და მიზნობრივი ჯგუფისთვის იქმნებოდა და ახლა სულ სხვა მოცემულობა გვაქვს. მეეჭვება "დედა ენის" რეკონსტრუქციაზე საუბრისას მხედველობაში ჰქონდეთ ის, რომ წიგნი მორგებული უნდა იყოს დღევანდელი და არა საუკუნისწინა ბავშვის ინტერესებს, ყოფას, მის ლექსიკას.”

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG