Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყვეობა ყირიმში: რუსეთის კვალი ჩეხეთის პოლიტიკურ სკანდალში


ჩეხეთის ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ მოითხოვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის გადადგომა მის შვილთან დაკავშირებული სკანდალის გამო. იმავე მოთხოვნით 15 ნოემბრის საღამოს პრაღის ცენტრში ხალხმრავალი ანტისამთავრობო აქციაც გაიმართა. ჩეხეთში საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია საინტერნეტო ტელევიზია „სეზნამის“ ( SeznamZpravy) მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ, რომელშიც ანდრეი ბაბიში უმცროსი აცხადებს, რომ იგი მოსკოვიდან მოტყუებით ჩაიყვანეს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, სადაც ტყვეობაში აღმოჩნდა.

ყირიმული ტყვეობის ისტორია

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა დაადასტურა, რომ მისი შვილი გასულ წელს ნამდვილად იმყოფებოდა ანექსირებულ ყირიმში.

14 ნოემბერს, პრაღაში ჟურნალისტებთან საუბრისას, ბაბიშმა დააზუსტა, რომ მისი შვილი ანდრეი უმცროსი იქ იმყოფებოდა კანონიერ საფუძველზე და მოტაცებული არ ყოფილა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მის შვილს აწუხებს ფსიქიკური პრობლემები და ჟურნალისტები მისგან ინტერვიუს აღებისათვის გააკრიტიკა. პოლიტიკოსის თქმით, პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია არის პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს, პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის გზით, მთავრობის გადაყენებას.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის შვილი 36 წლისაა. მას ეკუთვნის წილი უმსხვილეს კომპანია „წეროს ბუდეში“, რომელიც თავის დროზე ევროკავშირიდან მოზიდული დოტაციით აიგო.

პრემიერ-მინისტრის შვილს ადანაშაულებენ ევროკავშირის თანხების მიღებისას ჩადენილ თაღლითობაში.

ფსიქიკური პრობლემების გამო პრემიერ-მინისტრის შვილი არ მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებებში. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მისი დიაგნოზი ნამდვილია, თუ მოგონილია გამოძიებისთვის თავის ასარიდებლად. ასეთი ეჭვის საფუძველს თავად პრემიერ-მინისტრის შვილის ინტერვიუ იძლევა.

რუსეთის კვალი

პროტოპოპოვამ მითხრა, რომ მე ან ფსიქიატრიულ კლინიკაში უნდა დავწოლილიყავი, ან უნდა წავუსლიყავი „დასასვენებლად“. მე დასვენება ავირჩიე, რაც ჩემი გატაცებით დასრულდა.
ანდრეი ბაბიშ უმცროსი

„სეზნამის“ რეპორტაჟის თანახმად, ბაბიშის შვილი ამბობს, რომ ვინმე პიოტრ პროტოპოპოვმა, რომელიც მისი მამის კომპანია „აგროფერტში“ მძღოლად მუშაობს, სისრულეში მოიყვანა მამის სურვილი, ის „წეროს ბუდესთან“ დაკავშირებული სკანდალის გამო გადაემალათ.

ოპონენტები ხელს იშვერენ თავად პრემიერ-მინისტრისკენაც, რომელმაც, მათი ვარაუდით, უკანონოდ მიითვისა ევროკავშირიდან მცირე ბიზნესისათვის გამოყოფილი 2 მილიონი ევრო, დამალა რა, რომ კომპანია „წეროს ბუდე“ მისი კუთვნილება იყო.

ანდრეი ბაბიშ უმცროსის თქმით, მისი ნდობით ბოროტად ისარგებლა პროტოპოპოვის ცოლმა, ფსიქიატრმა დიტა პროტოპოპოვამ, რომელიც მას მკურნალობდა. „პროტოპოპოვამ მითხრა, რომ მე ან ფსიქიატრიულ კლინიკაში უნდა დავწოლილიყავი, ან უნდა წავუსლიყავი „დასასვენებლად“. მე დასვენება ავირჩიე, რაც ჩემი გატაცებით დასრულდა“, - ამბობს ბაბიში უმცროსი.

გამოცემა „სეზნამის“ თანახმად, ამაზე ლაპარაკია წერილში, რომელშიც ბაბიში უმცროსი ადასტურებს, რომ იგი დიდხანს იყო დატყვევებული ანექსირებულ ყირიმში, საიდანაც მან ჯერ სლოვაკეთში გაქცევით უშველა თავს, იქიდან კი შვეიცარიაში ავტობუსით ჩავიდა.

გავრცელებული ცნობით, ხსენებული პროტოპოპოვა ჩეხეთის ფინანსთა სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა 2016-2017 წლებში, როდესაც ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა ანდრეი ბაბიშს, ამჟამად ჩეხეთის პრემიერ-მინისტრსა და მმართველი პარტია „ანოს“ ლიდერს. სწორედ ამ პარტიის სახელით იქნა არჩეული პროტოპოპოვა პრაღის ერთ-ერთი რაიონის, „პრაღა 8-ის“, საბჭოს წევრად. „სეზნამში“ პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ პროტოპოპოვამ განაცხადა, რომ იგი ტოვებს თანამდებობას იმ ზეწოლის გამო, რომელიც ბოლო ხანებში „მასა და მის ოჯახზე“ ხორციელდება.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის საქმიანობითა და წარსულში მის სახელთან დაკავშირებული სკანდალებით (ბრალდებოდა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა) ისედაც უკმაყოფილო ჩეხური ოპოზიციური პარტიები ცდილობენ კენჭისყრაზე დააყენონ პრემიერ-მინისტრის ნდობის საკითხი და მოუწოდებენ კომუნისტურ პარტიას უკან წაიღოს ბაბიშისათვის გამოცხადებული მხარდაჭერა. მთავრობის მოწინააღმდეგე ოპოზიციური პარტიები ჩეხეთის პარლამენტში 92 ხმას ფლობენ, მაშინ როცა პრემიერ-მინისტრის გადაყენებისათვის 101 კანონმდებლის ხმაა საჭირო.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG