Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი წინასაარჩევნოდ სამეგრელოში


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ერთ კვირაზე მეტია ზუგდიდში იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში მან რამდენიმე შეხვედრა გამართა. ზოგიერთი მათგანი მედიისთვის ცნობილი გახდა, თუმცა დახურული იყო. ასეთია, მაგალითად, შეხვედრა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მაჟორიტარ დეპუტატებთან, ასევე მცირე მეწარმეებთანაც.

„გაერთიანებული ოპოზიცია“ ირწმუნება, რომ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებს არჩევნებისთვის რეგიონების ტოტალური კონტროლი დაავალა. ამას უკავშირებენ ისინი მინისტრის სამეგრელოში აქტიურ შეხვედრებსაც. „გაერთიანებული ოპოზიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის ზუგდიდის შტაბის უფროსის, ანა წითლიძის, განცხადებით, სამეგრელოში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, შტაბს პირადად მინისტრი გიორგი გახარია კურირებს და მისი უფროსი მხოლოდ ფორმალურად არის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.

„ფერმერებს, თხილის ქარხნის თანამშრომლებს, პედაგოგებს, ყველა ამ სფეროს წარმომადგენლებს პირადად ხვდება გახარია და მათ უშუალოდ თვითონ ეუბნება, რომ ხმა უნდა მისცენ ზურაბიშვილს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ანა წითლიძემ.

მისი ინფორმაციით, გახარიამ 7 ნოემბერს გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ მორიგ შეხვედრაზე თხილის ქარხნის დირექტორებს თანამშრომლებზე კონტროლი დაავალა, რათა მათ სალომე ზურაბიშვილს მისცენ ხმა არჩევნებზე.

ეს შეხვედრები არ არის არჩევნებთან დაკავშირებით. ეს კონკრეტული შეხვედრა კი, რომელიც ჩატარდა თხილის მეწარმეებთან, ეხებოდა თხილის სექტორში არსებული პრობლემების მოგვარებას.
პაატა ლაგვილავა

თავად მეწარმეებმა, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, აღნიშნეს, რომ არჩევნების შესახებ საუბარი არ ყოფილა. მათი განცხადებით, იყო მხოლოდ დაპირებები თხილზე არსებული პრობლემების გადასაჭრელად:

„ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გადავარჩინოთ 2019 წლის მოსავალი. ამაში სახელმწიფო დაგვეხმარება, ჯერ ეს ერთი, მეცნიერული დასკვნებით და, მეორე, შეწამვლებით“, - განაცხადა თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ვალდეკ კოდუამ.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, საარჩევნო შტაბში ირწმუნებიან, რომ გიორგი გახარია საარჩევნო პროცესებში ჩართული არ არის. შტაბის მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, პაატა ლაგვილავას, განცხადებით, გახარია შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად არის ვიცე-პრემიერი და სწორედ ამ რანგში შეხვდა ის მცირე მეწარმეებს:

„ეს შეხვედრები არ არის არჩევნებთან დაკავშირებით. ეს კონკრეტული შეხვედრა კი, რომელიც ჩატარდა თხილის მეწარმეებთან, ეხებოდა თხილის სექტორში არსებული პრობლემების მოგვარებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პაატა ლაგვილავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მშვიდ გარემოს და უსაფრთხო გარემოს არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ეს შევძელით როგორც პირველ ტურში, ჩვენ ამას ასევე შევძლებთ მეორე ტურშიც.
გიორგი გახარია

მან სიცრუე უწოდა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასაც, რომ რამდენიმე რეგიონში, მათ შორის სამეგრელოში, 50 ლარად ქირაობენ პირადობებს გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებისგან, რათა მათ არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ. პაატა ლაგვილავას სიტყვებით, მსგავსი ბრალდებებით ოპოზიცია ცდილობს დღეს არსებული მშვიდი საარჩევნო გარემო უარესობისკენ შეცვალოს და ამომრჩევლებს ცუდი განწყობა შეუქმნას წინასაარჩევნოდ.

თავად გიორგი გახარიამ ზუგდიდში თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ განმარტება ჯერ კიდევ 5 ნოემბერს გააკეთა და არ უარყო, რომ ის არჩევნებს უკავშირდება მხოლოდ უსაფრთხოების კონტექსტში.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მშვიდ გარემოს და უსაფრთხო გარემოს არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ეს შევძელით როგორც პირველ ტურში, ჩვენ ამას ასევე შევძლებთ მეორე ტურშიც. აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს “, - განაცხადა გიორგი გახარიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შინაგან საქმეთა მინისტრი, სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, შაბათს ჩხოროწყუში იმყოფებოდა და დაესწრო ზეიმს „კოლხური შემოდგომა“. ღონისძიებაზე მას მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიენიჭა. კონკრეტულად რა წვლილზეა საუბარი, ჩხოროწყუს მერიას ინფორმაციაში არ აქვს დაკონკრეტებული, თუმცა ნათქვამია, რომ „ვიცე-პრემიერი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოშობით ჩხოროწყუელია".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG