Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იწამლებიან CO-თი? - შენობები საკვამურების გარეშე, რაც ბევრმა რუსთაველმა არ იცის


გაზის ქსელი რუსთავის ერთ-ერთ კორპუსში
გაზის ქსელი რუსთავის ერთ-ერთ კორპუსში

კომპანია „სოკარ გაზ-რუსთავის“ მონაცემებით, 2019 წლის დასაწყისიდან რუსთავში ნახშირჟანგით 17 ადამიანი მოიწამლა. შარშან საცხოვრებელ ბინებში ნახშირჟანგის დაგროვების 100-მდე შემთხვევა იყო. გაზგამანაწილებელი კომპანია პასუხისმგებლობას მოსახლეობას აკისრებს, რუსთავის საკრებულო კი, ნაწილობრივ, - კომპანიას.

როგორც ირკვევა, ნახშირჟანგით ძირითადად იწამლებიან წყლის გამათბობლის არასწორად დამონტაჟების გამო. მოსახლეობა ე.წ. ერთკამერიანი გამათბობლის გამწოვ მილს სავენტილაციო მილს უერთებს და არა საკვამურს. საკვამურები კი, როგორც ირკვევა , რუსთავის არც ერთ საცხოვრებელ შენობას არა აქვს - არც გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებულ ორსართულიან შენობებს და არც მოგვიანებით აგებულ ცხრასართულიან კორპუსებს.

„სოკარ გაზ-რუსთავის“ დირექტორი გელა წერეთელი განმარტავს, რომ სავენტილაციო მილი ბუნებრივი აირის წვით გამოყოფილ ნახშირჟანგს ჰაერში მთლიანად არ აფრქვევს და ნაწილს საცხოვრებელ ბინაში აბრუნებს:

„რუსთავში არსებულ არც ერთ კორპუსში საკვამური არხები დატანილი არ არის, რადგან შენობები გათვლილი იყო ცენტრალურ გათბობაზე, საუბნო საქვაბეები იყო და ცხელი და ცივი წყალი რეგულირდებოდა იქიდან. ორკამერიანი გამათბობლები უნდა დააყენოთ, საიდანაც [გაზის ნამწვი] გარეთ, ატმოსფეროში გაედინება“.

გაზის გამათბობელი
გაზის გამათბობელი

გელა წერეთელმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ისიც თქვა, რომ გამათბობლების დამონტაჟება კომპანია „სოკარ გაზ-რუსთავის“ კომპეტენციაში არ შედის, თუმცა მოსახლეობას აფრთხილებენ, წელიწადში ერთხელ შენობებისა და ბინების შემოწმებით იფარგლებიან და სადარბაზოებში სპეციალურ განცხადებებსაც აკრავენ.
რუსთაველი გელა კასრაშვილი ამბობს, რომ მსგავსი გამაფრთხილებელი განცხადება არასდროს უნახავს. ისიც არ იცის, ბინაში დამონტაჟებული ერთკამერიანი გამათბობელი საკვამურთან აქვს მიერთებული თუ სავენტილაციო მილთან. გელა კასრაშვილმა პრევენციისთვის შეიძინა სპეციალური დეტექტორი, რომელიც ბინაში ნახშირჟანგის დაგროვების შემთხვევაში ხმას გამოსცემს:

„დეტექტორი გამოვიწერე, დავტესტე კიდეც მანქანის გამონაბოლქვზე, მუშა მდგომარეობაშია თუ არა...აქ [დეტექტორის] ძებნა არც მიცდია. მაშინ, მგონი, არც იყო ან ვერ ვნახე. ახლა შეიძლება კიდეც იყოს ბაზარზე. მაქსიმალურად სიფრთხილით ვეკიდები მაგ საკითხს, ყოველთვის ვხსნი ფანჯარას [წყლის გამათბობლის ჩართვის დროს]“.

მახსოვს, ადრე მეგობრობის მოედანზე ეწერა „ფართო გზა ქიმიას“, მაგრამ აქეთ მხარეს ეწერა: „გაზის სუნის შემთხვევაში, დარეკეთ 01-ზე, მილიციაში 02-ზე და სასწრაფოში 03-ზე“. მაგრამ წეღან გაირკვა, რომ „რუსთავის კორპუსის“ ხელმძღვანელობამაც კი არ იცის, რომ გაზის [გაჟონვის] შემთხვევაში, თურმე, უნდა დარეკონ 16 144-ზე.
დავით რეხვიაშვილი

„სოკარ გაზის“ გამაფრთხილებელი განცხადება არც ირაკლი ძაგანიას უნახავს როდისმე. მან სახლში წყლის ორკამერიანი გამათბობელი დააყენა და, როგორც ამბობს, გამწოვი მილი ბინის გარეთ გაიტანა:

„[შენობას] საკვამური არ აქვს, ამიტომ პირდაპირ გარეთ მაქვს გაყვანილი „ტრუბით“. ხელოსანი გამოვიძახე, არ ვიცი რამდენად კვალიფიციური იყო, თუმცა, უკვე შვიდი წელია, მიყენია [გამათბობელი] და პრობლემა არა მქონია..„სოკარ გაზის“ თანამშრომლები ჩვენთან დადიან {მრიცხველების მაჩვენებლის] ამოწერაზე... ერთხელ იყო შემთხვევა, რაღაც სუნი თავად იგრძნეს, დაშალეს [გადამრთველი], გააკეთეს და წავიდნენ“.

ნახშირჟანგით მოწამვლის გახშირებული ფაქტების გამო, რუსთავის საკრებულომ სპეციალური სხდომა გამართა, სადაც „სოკარ გაზისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად მიიწვია „რუსთავწყალის“ წარმომადგენლებიც. ამ სხდომაზე სხვა კომპანიებს თუ მეტ-ნაკლები სიმწვავის შენიშვნები მისცეს, „სოკარ გაზი“ განსაკუთრებით გააკრიტიკეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილმა გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობის არაინფორმირებულობაში დაადანაშაულა:

„მახსოვს, ადრე მეგობრობის მოედანზე ეწერა „ფართო გზა ქიმიას“, მაგრამ აქეთ მხარეს ეწერა: „გაზის სუნის შემთხვევაში, დარეკეთ 01-ზე, მილიციაში 02-ზე და სასწრაფოში 03-ზე“. მაგრამ წეღან გაირკვა, რომ „რუსთავის კორპუსის“ ხელმძღვანელობამაც კი არ იცის, რომ გაზის [გაჟონვის] შემთხვევაში, თურმე, უნდა დარეკონ 16 144-ზე. ხომ შეიძლება პატარა აბრები გამოიკრას, ყველა კორპუსზე ყველამ იცოდეს?!“

დავით რეხვიაშვილი
დავით რეხვიაშვილი

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ „ქართული ოცნებიდან“, დავით რეხვიაშვილმა,“ სოკარ გაზს“ ისიც ურჩია, სადარბაზოებში სპეციალური დეტექტორები დააყენოს. „სოკარ გაზის“ საინფორმაციო კამპანია დაიწუნა საკრებულოს უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, გიგა ჯღარკავამ:

„ცხადია, [„სოკარ გაზს“] უნდა ჰქონდეს ძალიან სწორი საინფორმაციო პოლიტიკა შემუშავებული და, მსუბუქად რომ ვთქვათ, ჩვენ არ მოგვმართოს, როგორც გაჟღერდა შეხვედრაზე: დაგვეხმარეთ ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებასო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ენერგოაქტორებთან არ ვაპირებთ თანამშრომლობას. პირიქით, აქამდე მათი მხრიდან ნაბიჯები გადმოდგმული არ იყო. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს“.

საკრებულოს წევრ გიგა ჯღარკავას თქმით, „სოკარ გაზის“ რეკომენდაცია, რომ აბონენტებმა გამწოვი მილი ბინის გარეთ გაიტანონ, გამოსავალი არ არის. წარმოიდგინეთ, რას დაემსგავსება ქალაქი, ყველამ რომ კედელი გახვრიტოს და გამათბობლის მილი გარეთ გაიტანოს, - ამბობს გიგა ჯღარკავა.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG