Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იხურება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფერმა?


საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი კომპანია „შირაქის“ მესაქონლეობის ფერმა იხურება.
საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი კომპანია „შირაქის“ მესაქონლეობის ფერმა იხურება.

მესაქონლეობის ფერმა, რომელიც 9 წლის წინ შეიქმნა და მერძეული მიმართულებით მუშაობდა, იხურება. ლაპარაკია, დაახლოებით, 8-მილიონიან ინვესტიციაზე, სადაც სახელმწიფო დაფინანსებაც არის ჩადებული. კონკრეტულად რამ შექმნა პრობლემა და რა მოთხოვნა აქვთ სახელმწიფოს მიმართ?

საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი კომპანია „შირაქის“ მესაქონლეობის ფერმა იხურება. ფერმის მფლობელი ნიკოლოზ ბენიაიძე რადიო თავისუფლებასთან იმ მიზეზებზე ლაპარაკობს, რის გამოც იძულებული გახდა მაღალპროდუქტიული მერძეული ფერმის დახურვის გადაწყვეტილება მიეღო. ფერმერის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა გაუფასურებული ლარი, რის გამოც საქონლის საკვებად საჭირო ნივთიერება, შროტი, თითქმის ერთიორად გაძვირდა. ეს პროდუქტი საქართველოში არ იწარმოება და ფერმერებს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვთ. ნიკოლოზ ბენიაიძე გასულ წელს ერთ კილოგრამ შროტში თუ 1.65 ლარს იხდიდა, ახლა იხდის 2.50-ს. ერთი ძროხის გამოსაკვებად დღეში 20 ლარზე მეტია საჭირო.

მე რა ფასშიც ვყიდი რძეს, იმით საკვები არ მომდის. მევენახეობა და მეღვინეობა მაქვს, ასევე რძის გადამამუშავებელი საწარმო. მარცვლეული კულტურებიც მაქვს ძალიან დიდ ფართობზე. ამ ყველაფრიდან აღებულ ფული, თითქმის 8 მილიონი ლარი, სრულად მესაქონლეობაში ჩავდე, თუმცა არსებული პრობლემების გამო მაინც წაგებაზე ვმუშაობ. ის დანარჩენი ბიზნესებიც დავაზარალე. ახლა იძულებული ვარ, რომ საქონელი გავყიდო და მხოლოდ 25 სული დავიტოვო, რომელსაც დოტაციაზე დავსვამ. წარმოიდგინეთ, რა რთულია 9 წელი აკეთო საქმე, ფერმა 400 სულამდე გაზარდო და ახლა დავიწყე დახურვა... ფაქტიურად, ნახევარი უკვე გავყიდე.

ნიკოლოზ ბენიაიძის ფერმაში, როგორც თავად ამბობს, 8-მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო. მათ შორის სახელმწიფოს წილიცაა. ფერმერმა იაფი კრედიტის პროგრამით ისარგებლა. მისი თქმით, მერძეულ ფერმებს რომ პრობლემები აქვთ, ეს ცნობილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის. ბიზნესმა სახელმწიფო უწყებისგან დახმარებაც მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.

მესაქონლეობაში ყველაზე რთული დარგია მერძეული მიმართულება. სწორედ ამიტომ, ევროპასა და ამერიკაში ამ კუთხით სახელმწიფოს დახმარება დიდია, მათ შორის გაიცემა გრანტები. ასეთი ფერმებისთვის უფასოა დენი და წყალი. ეს იმისთვის კეთდება, რომ მოსახლეობას, მომავალ თაობას ხელი მიუწვდებოდეს ნედლ და საღ რძეზე. ჩვენ სახელმწიფოსგან ვითხოვეთ სესხების გადავადება, საკვების სუბსიდირება ან რძე-მჟავა პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლება, მაგრამ არც ერთი ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მერძევეობის დარგში ცუდი ამბებია და თუ პრობლემებს დროულად არ მიეხედა, პროცესები შეუქცევად ხასიათს იღებს,- ამბობს რუსუდან გიგაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი. მისი ინფორმაციით, მაღალპროდუქტიული ჯიშის საქონლის მერძეული ფერმები ერთმანეთის მიყოლებით იხურება ან წარმოებას ანახევრებენ. გიგაშვილის თანახმად, ნიკოლოზ ბენიაიძის გარდა სულადობის განახევრება მოუწია ფერმა „შროტსაც“, რომელიც ბაზარს ყოველდღე 3 ტონამდე ნედლი რძით ამარაგებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სახელმწიფოს მოუწოდებს დროულად ჩაუღრმავდეს დარგის ყველა პრობლემას და იფიქროს მისი გადაჭრის გზებზე.

„(პირობითად) თუნდაც, რომ ეს იყოს ერთი დიდი ინვესტიციის პრობლემა, საჭიროა უფრო სიღრმისეული ჩახედვა. აქ ლაპარაკია 8-მილიონიან ინვესტიციაზე, სადაც იაფი სესხის პროგრამის ფარგლებში 3 მილიონი ლარი სახელმწიფოს ფულია. აქ დგება საკითხი იმაზეც, რამდენად ეფექტურად დაიხარჯა ბიუჯეტის ფული. როდესაც დარგი დადგა განსაკუთრებული კრიზისის წინაშე, ამ დროს სახელმწიფომ შეიძლება დღგ- გადახედოს, ან რაღაცა ეტაპი გამოაცხადოს თანადაფინანსების კომპონენტში. თუკი ჩვენ ვაფინანსებთ ყურძნის მოსავალს და შემდეგ ტონობით ღვინო და სპირტი დასაწყობებულია, რომელსაც ვერაფერში ვიყენებთ, რატომ არ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ფერმერს სტრატეგიული პროდუქტის წარმოებაში იმ დროს, როცა მას უჭირს? განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც კი რძე აყვანილია ცოტა სხვა რანგში, იმიტომ რომ ის ჩადებულია ბავშვთა კვებაში და .. არ არის ეს მხოლოდ ერთი ბიზნესის პრობლემა.

რადიო თავისუფლება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რა იციან ფერმერ ნიკოლოზ ბენიაიძის მიერ დასახელებულ პრობლემებზე. მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამბობს, „ცალკეულ ფერმებში შექმნილი პრობლემები შესაძლოა მართვის ხარვეზებს უკავშირდებოდეს, ზოგადად კი დარგი ვითარდებაო“. ხანიშვილის თქმით, უკვე დიდი ხანია, აღარ არის საბჭოთა კავშირის მმართველობა, როცა თითქმის ყველა სფერო ე. წ. დოტაციაზე იყო.

სუბსიდირების და დღგ- თემა მარადიულია და დასაბუთებული პასუხებიც მუდმივად არის. ვერანაირი სუბსიდირება ვერ იქნება. საბჭოთა კავშირი დამთავრდა ამ ქვეყანაში. ჩვენ სოფლის მეურნეობაში გვაქვს მოქნილი საგადასახადო კანონმდებლობა. პირველადი წარმოება პრაქტიკულად გათავისუფლებულია ყველა გადასახადისგან და აქვს უნარი დაიბრუნოს დღგ- თანხაც. ამ პირობებში სუბსიდირებაზე ლაპარაკი აზრს მოკლებულია. საკვები ბაზრის ფასი რომ გაიზარდა, ეს ცხადია. ამას მოჰყვა რძის ფასების ზრდაც. თქვენ თუ ბაზარზე გახვალთ, ნახავთ, რომ სულგუნი იქნება ეს, იმერული თუ ნებისმიერი ყველი, ბოლო ერთ წელში 30-40 პროცენტით გაძვირდა. ეს არის სწორედ ის, რომ რძისგან წარმოებული პროდუქტის გაძვირება აკომპენსირებს იმ გაზრდილ ხარჯებს, რომელიც არის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მესაქონლეობა და მერძევეობა დღეს საქართველოში მომგებიანი ბიზნესია, თუმცა საპირისპიროს ამბობს ფერმერთა ნაწილი და მესამე სექტორი. მათი განცხადებით, თუ სახელმწიფო მესაქონლეობაში არსებულ პრობლემებს დროულად არ აღიარებს და მისი გადაჭრის გზებზე არ იმუშავებს, რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში ნედლი რძე და მისგან წარმოებული პროდუქტები შეიძლება საერთოდ გაქრეს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG