Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მოითხოვენ გარდაცვლილი პაციენტების ნათესავები საგამოძიებო კომისიის შექმნას


აქციის მონაწილეები ბათუმში
აქციის მონაწილეები ბათუმში

ბათუმის კლინიკებში სხვადასხვა დროს გარდაცვლილი პაციენტების ნათესავებმა, რომლებიც ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ზაალ მიქელაძეს მოსთხოვეს, სისტემური პრობლემები აღიაროს. პაციენტების ნათესავები საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც შეისწავლის ბათუმში ბოლო დროს გარდაცვლილი რვა პაციენტის საქმეს. ასევე შეამოწმებს ექიმების კვალიფიკაციასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს კლინიკებში.

ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის ნათესავმა ირმა ზოიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს:

“გლობალურად, ყველა მხარის ჩართვით უნდა მოხდეს ამის შესწავლა და უნდა დადგინდეს, რა არის მიზეზი. ქვეყანაში რეგულაციები ძალიან მოიკოჭლებს. ეს სისტემური პრობლემაა და არამარტო ჯანდაცვის სფეროში. პროკურატურაშიც ვერ ნახულობენ სამართალს გარდაცვლილების ოჯახის წევრები. სწორედ ამიტომ უნდა იყოს ეს საკითხი აყვანილი პოლიტიკურ დონეზე“.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მოთხოვნები მოისმინა და თქვა, რომ საკითხს როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე ქვეყნის პარლამენტის შესაბამის კომიტეტში დააყენებს. თუმცა მოსაზრებას, რომ სფეროში სისტემური პრობლემებია არ ეთანხმება:

“არის კონკრეტული ქეისები და უნდა ვაღიაროთ, რომ კლინიკებში პაციენტებს აქვთ თავიანთი მოლოდინები და მთელი მსოფლიოს პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ნაწილი ლეტალური შემთხვევებით მთავრდება. აქედან გამომდინარე, ამას მე ვერ დავუკავშირებ სისტემურ პრობლემას იმიტომ, რომ ლეტალობა იყო, არის და საუბედუროდ იქნება. თუ ამის უკან სამედიცინო შეცდომა და გადაცდომა დგას, შესაბამისი სამსახური მოკვლევის შემდგომ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხისმგებელ პირს დაუწესებს სანქციას. თუ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, საქმე გადაეცემა პროკურატურას და შემდეგ სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“.

აქციის მონაწილეები ბათუმში
აქციის მონაწილეები ბათუმში

თუმცა სწორედ საგამოძიებო სტრუქტურების უმოქმედობას უჩივიან პაციენტების ოჯახის წევრები. ასევე უარყოფითად აფასებენ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საქმიანობასაც, რომელიც, მათივე მოსაზრებით, ექიმებს გადაცდომებზე არ აკისრებს შესაბამის სანქციას. ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის შვილი ლია ლომთათიძე კერძო კლინიკებს სდებს ბრალს და მოითხოვს სახელმწიფო უწყებებმა მათი შემოწმება გააძლიერონ.

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ კლინიკებს, მფლობელებს და ხელმძღვანელებს მეტი ადვოკატი ჰყავს ყველა ორგანოს მხრიდან, ვიდრე ჩვენ. მათი PR(პიარი) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. არ ვერჩი იმ პროფესიონალ ექიმებს, ვისი სახელიც შესაძლოა შეიბღალოს, მაგრამ, როცა ერთი ექიმის საქმიანობით სამი ადამიანი გარდაიცვალა, კითხვის ნიშანი არ ჩნდება? რატომ იღებენ ასეთ ექიმს ისევ კლინიკაში?“ - ამბობს ლია ლომთაძე, რომელიც გასულ წელს თავისი დედის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ექიმის დაუდევრობას აბრალებს. ამავე ექიმთან პრეტენზია აქვს კიდევ ორი გარდაცვლილი პაციენტის ოჯახს. მათ შორისაა გასულ წელს ბათუმის კლინიკა მედცენტრში გარდაცვლილი 25 წლის ზუკა ფაღავას ოჯახი.სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ფაღავას გარდაცვალების საქმეში ექიმის შეცდომა გამოავლინა და ერთი თვით სამუშაო ლიცენზია შეუჩერა. ოჯახმა ეს გადაწყვეტილება არასათანადო სასჯელად მიიჩნია და საქმე სასამართლოში გაასაჩივრა. გარდაცვლილის და ანა ფაღავა ამბობს, რომ გადაღებული კარდიოგრამით დასტურდება, რომ პაციენტს ინფარქტი აღენიშნებოდა, თუმცა ექიმის დანიშნულებიდან გაირკვა, რომ მას კუჭზე უმკურნალეს, რადგან პაციენტი მუცლის არეში უჩიოდა ტკივილს. მისივე თქმით, კლინიკაში არაერთი დარღვევა გამოვლინდა.

„კლინიკაში მიმდინარეობდა რემონტი და მიუხედავად ამისა, ემერჯენსი ფუნქციონირებდა. ერთ ოთახში ჰყავდათ პაციენტები და მეორეში ეწყო გაჯი. გარდა ამისა, კლინიკას არ ჰქონდა დეფიბრილატორი, რომლითაც, კანონის თანახმად, სასწრაფო დახმარების მანქანაც კი უნდა იყოს აღჭურვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფუნქციონირების უფლებაც კი არ აქვს. ბათუმის მედცენტრის ემერჯენსი კი ფუნქციონირებდა დეფიბრილატორის გარეშე. საათ-ნახევარი ჩემი ძმა იყო გარდაცვლილი და ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდით. რეგულირების სააგენტოს დასკვნაში უწერია, რომ ექიმის მხრიდან დარღვევაა ის, რომ პირველად გადაღებული კარდიოგრამაზე რუსული ასოებით ეწერა დასკვნა - მიოკარდიუმის ინფარქტი, მიუხედავად ამისა, სამედიცინო ისტორიაშიც ჩანს, რომ ამ კარდიოგრამის შემდეგ ექიმმა ჩემს ძმას გაუკეთა გადასხმები კუჭის საშუალებით, კვამატელი გადაუსხა და ცდილობდა, რომ ამოერეცხა მისთვის კუჭი. რეგულირების სააგენტომ ექიმის ბრალეულობა დაადგინა და ლიცენზია შეუჩერა მხოლოდ ერთი თვით“, - ამბობს ანა ფაღავა.

ლიცენზიის აღდგენის შემდეგ კი ექიმი იმავე კლინიკაში დაბრუნდა. შემდეგ თვეებში საექიმო საქმიანობისას კი კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა, რომელთა ოჯახის წევრებს იდენტური პრეტენზიები აქვთ მედცენტრის ექიმთან. გარდაცვლილების ოჯახის წევრები დაწყებული გამოძიების დასრულებასა და სამივე პაციენტის შემთხვევის ერთ საქმედ გაერთიანებას მოითხოვენ. აგრეთვე ეჭვქვეშ აყენებენ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებას.

აქციის მონაწილეები ბათუმში
აქციის მონაწილეები ბათუმში

მათთან ერთად მოთხოვნებია აქვთ ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში სხვადასხვა დროს კიდევ ხუთი გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებს. როგორც ამბობენ, მათ წერილობით გაავრცელეს რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის, გარდაცვალების ფაქტების გამოძიებაზე პასუხისმგებლობა აიღოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, დადგეს რეგულირების სააგენტოს მიმართ ნდობის საკითხი და მოხდეს მისი საქმიანობის შესწავლა, კლინიკებში შემოწმდეს ექიმების პროფესიული დონე და ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობა და პროცესში ჩაერთონ საგამოძიებო ორგანოები.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ ისინი ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG