20 ივლისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვის ოლქზე მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა. უკრაინული OSINT-არხები წერენ, რომ იერიში მიიტანეს კვლავ რუსეთის ყველაზე დიდ მარკეტპლეის Wildberries-ის საწყობებზე - კოლედინოს დასახლებასა და დომოდედოვოში მდებარე ინდუსტრიულ პარკ „სამხრეთის კარიბჭეში“ („Южные врата“).
Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე წინა იერიშები 18 ივლისის ღამეს განხორციელდა - მოსკოვის ოლქის ელექტროსტალსა და ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში. კოტოვსკში დაიღუპა შვიდი ადამიანი, 25 დაშავდა. ელექტროსტალში კი დაშავდა 61 ადამიანი, რომელთაგან ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რა გავლენას მოახდენს Wildberries-ის საწყობებზე იერიშები რიგით რუსებზე - მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე, ასევე იმ ადამიანებზე, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს აქამდე არ/ვერ ამჩნევდნენ?
რუსული მარკეტპლეისის Wildberries-ის საწყობებსა და გამანაწილებელ ქსელებზე მიტანილი იერიშების სიხშირე სამხედრო ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იმავე მიზანდასახულობით მოქმედებენ, როგორითაც უმძიმესი ზიანი მიაყენეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების (Сили безпілотних систем) სარდალმა, რობერტ ბროვდიმ („მადიარი“) Wildberries-ის საწყობებზე მიტანილი მორიგი იერიშის შემდეგ თავის Telegram არხზე პირდაპირ დაწერა, რომ იერიშების მიზანია ომი იგრძნოს რუსეთმა - მისმა ეკონომიკამ და საზოგადოებამ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის საქმიანობა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია Wildberries-თან.
„ჩიტი Wildberries-ის „ველური კენკრის ბუჩქნარში“ - ეს არ არის მხოლოდ 100-მილიარდიანი ხანძარი. ეს აგრესორი ქვეყნის მორჩილი ბიომასის მაძღარი და მშვიდობიანი ცხოვრების ილუზიის წამებში დამსხვრევაა. ეს ასევეა გემრიელი სილა ყველაზე მგრძნობიარე „კომფორტის ზონაში“, რომელიც უკვე დამოკიდებულების ზღვარზე აქვთ, „ზნეობრივი სამაგრების“ რიგით მატარებლებს - პუტინმადიდებლებს.
ზაფხული ზენიტშია - არალოიალურობის „კენკრისა“ და ზომბების თავში ბუნტის მომწიფების დროა, რომელიც თავისუფლებისმოყვარე უკრაინული ჩიტის ფრენას ეხმიანება. დისიდენტობის პირველი ყლორტები უკვე გაჩნდა, ხოლო გამოფხიზლების ნაყოფი დროთა განმავლობაში სულ უფრო მწარე გახდება.
თვალები გაახილეთ, ჭიებო, ყური დაუგდეთ ომის ცას და თავადვე დაამხვეთ საკუთარი დემონები... ჩვენ გავუძლებთ. მოსკოვი დაეცემა. ყირიმს კვლავ დავიბრუნებთ და აღვადგენთ“, - დაწერა უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების (Сили безпілотних систем) სარდალმა რობერტ ბროვდიმ („მადიარი“).
პოლიტოლოგი ივან იაკოვინაც რუსულ მარკეტპლეისებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას პარალელს ავლებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიასთან:
„ნავთობის მოპოვება, ტრანსპორტირება, გადამუშავება და ექსპორტი რუსეთის მსხვილი ბიზნესის საფუძველია. ასევე არსებობს „გაზპრომი“, ფოლადისა და სასუქების მწარმოებლები, მაგრამ რუსეთის ეკონომიკის ხერხემალი მაინც ნავთობის სექტორია. მსგავსი მნიშვნელობა აქვს Wildberries-ის საწყობებსაც, რომლებიც რუსეთის მთელი მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარ ლოგისტიკურ საფუძველს ქმნიან. კაფეები იქიდან იწერენ ყავასა და ფინჯნებს, ავტოსერვისები - სათადარიგო ნაწილებსა და სახარჯ მასალებს, სილამაზის სალონები - ლაქებს, მაკრატლებსა და შამპუნებს“.
ეკონომისტთა თქმით, ათობით მილიონი რუსისთვის, რომლებიც სხვადასხვა საქონელს ყიდიან ან ყიდულობენ, Wildberries მათი სამუშაო ადგილია, მთავარი და ხშირად შემოსავლის ერთადერთი წყარო.
Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მისი გამყიდველების წლიურმა ბრუნვამ 2,9 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავს. სწორედ ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.
იაკოვინას თქმით, დამკვირვებლები ამ ფაქტორს ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ („როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს რუსეთის მშპ-ზე ან პუტინის ომის წარმოების შესაძლებლობაზე საპარიკმახერომ ან სამრეცხაომ?“), თუმცა რეალურად სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესმა და არა პუტინმა, ნაბიულინამ ან ნავთობის მაღალმა ფასებმა გადაარჩინა რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს, როდესაც ის კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდა: „სწორედ მცირე მეწარმეებმა უმოკლეს დროში იპოვეს სანქციების გვერდის ავლის გზები და ბაზარი საჭირო საქონლით შეავსეს. მათ ათობით მილიონ ადამიანს მისცეს სამუშაო და ტრილიონობით რუბლის გადასახადი გადაიხადეს. ათიათასობით მცირე ბიზნესის მოსახერხებელი და ეფექტიანი მუშაობისთვის საჭირო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა კი სწორედ Wildberries-ის დახარისხების უზარმაზარმა ცენტრებმა უზრუნველყვეს“.
ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის (BBC) რუსული რედაქციის ეკონომიკური მიმომხილველი, ოლგა შამინაც ამბობს, რომ ძნელია რუსეთის ეკონომიკაში Wildberries-ისა და მისი გიგანტური საწყობების როლის გაზვიადება.
„თუ რუსეთის ნავთობის ტანკერებსა და ჩრდილოვან ფლოტზე იერიშები ურტყამს რუსეთის ეკონომიკის საექსპორტო ნაწილს, იერიშები მარკეტპლეისების ინფრასტრუქტურაზე, ურტყამს რუსეთის შიდა ეკონომიკას - ყველაფერი ეს კი მთლიანობაში ურტყამს რუსეთის ბიუჯეტს, რომლის ხარჯზეც წარმოებს ომი. ბიზნესს ისედაც მძიმე დღეები უდგას: გადასახადები იზრდება, კომუნიკაციის საშუალებები იბლოკება, საწვავის კრიზისის გამო ხარჯები მატულობს, ახლა კი უკრაინული დრონების მიერ შექმნილი force majeure“, - ამბობს ოლგა შამინა.
Wildberries-ის გამანაწილებელი ცენტრები - ეს არის უზარმაზარ შენობათა კომპლექსი, სადაც თავს იყრის რუსეთის მთელ ტერიტორიაზე გასანაწილებელი ყველა ტიპის საქონელი. შესაბამისად, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, კომპანიას აქვს ძალიან დიდი სოციალური ფუნქცია: რუსეთის ყველა კუთხეში, ქალაქსა თუ დაბაში არის Wildberries-ის პუნქტი თუ განყოფილება, რაც შესაძლებელს ხდის ცხოვრებას რუსეთის შორეულ წერტილებში, სადაც სწორედ Wildberries-ის წყალობითაა შესაძლებელი ისეთი საგნების შეძენა/გაყიდვა, რომლებიც რეგიონში არ იწარმოება.
სპეციალისტების თქმით, ფაქტობრივად Wildberries-ის საწყობები იქცა რუსეთის ეკონომიკის გულად, რომელიც „ორგანოებსა“ და „უჯრედებს“ სასიცოცხლოდ აუცილებელ რესურსებს აწვდის. ამიტომ, როგორც ეკონომისტები განმარტავენ, გრძელვადიანი შედეგების თვალსაზრისით, მარკეტპლეისების საწყობებზე მიტანილი იერიშები ბევრად უფრო მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, ვიდრე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები: Wildberries-ის გარეშე ადამიანების უზარმაზარი რაოდენობა დაკარგავს სამუშაოს, შემოსავალს, მომავალს და ყოველგვარ პერსპექტივას. ათიათასობით მცირე ბიზნესს ერთდროულად შეექმნება პრობლემა, რაც უკიდურესად ნეგატიურად აისახება რუსეთის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობაზე.
ლეგიტიმური სამიზნე?
სამხედრო ექსპერტების თქმით, Wildberries-ისა და სხვა მარკეტპლეისების საწყობები უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან ამ ლოგისტიკურ ცენტრებს არ აქვთ არანაირი ფილტრი და მათ ტერმინალებში ბლომად არის ორმაგი დანიშნულების საქონელი.
„Wildberries-ი, - გარდა საწყობებისა და მიტანის სერვისისა, - ასევე არის ერთგვარი ვიტრინა, სადაც ფაქტობრივად ყველაფრის გამოდება შეიძლება, მათ შორის ფრონტის საჭიროებებისთვისაც, არანაირი მოდერირება არ ხდება.
„მართალია OZON-იც და Wildberries-იც უფრო სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა, ვიდრე სამხედრო, მაგრამ ეკონომიკაც და სოციალური ცხოვრებაც რუსეთში იმდენად მილიტარიზებულია, რომ ეს გარემოება უკვე გავლენას ახდენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც, ხდება მისი მილიტარიზებაც. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ომი აქაც მივიდა, ამ სფეროსაც მისწვდა“, - ამბობს ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის ეკონომიკური მიმომხილველი.
საგულისხმოა, რომ Wildberries-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უკრაინული დრონების იერიშის შედეგად დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს ფულად კომპენსაციას გადაუხდიან ისევე, როგორც ომში (ე.წ. СВО) დაღუპული სამხედროების ოჯახებს უხდიან, ამასთან კომპანია არც კი ცდილობს სამომავლო, გარდაუვალი საფრთხეებისგან თანამშრომლების დაცვას.
რუსი ისტორიკოსის, სოციოლოგისა და ბრემენის უნივერსიტეტის მკვლევრის, ნიკოლაი მიტროხინის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა მომწოდებლებს მიმართა, ჩვეულებრივ გააგრძელონ საქონლის გაგზავნა სხვა, ჯერ კიდევ დაუზიანებელ ლოგისტიკურ ცენტრებში.
„დრონების იერიშების შემდეგ კომპანიას უნდა გამოეცხადებინა საქონლის სასწრაფო გატანა რუსეთის ევროპული ნაწილის ყველა საწყობიდან და საქმიანობის დროებით შეჩერება. თუ უკრაინამ მსგავსი ობიექტების დაბომბვა გადაწყვიტა, მაშინ, სულ მცირე, მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში, თუ ყოველ ღამე არა, ყოველ მეორე ღამეს მაინც ხანძარი იქნება. და ეს მხოლოდ ამ კომპანიას არ შეეხება. მაგრამ Wildberries-მა გადაწყვიტა, საქმიანობა ჩვეულებრივ გაეგრძელებინა. თითქოს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება არც იმ თანამშრომლების წინაშე, რომლებიც ღამის ცვლაში გადიან და რეალური რისკის ქვეშ არიან, და არც მომწოდებლებისა და მომხმარებლების წინაშე“, - წერს ნიკოლაი მიტროხინი სოციალურ ქსელში.
რა იქნება?
Wildberries-ის საკუთრებაშია დაახლოებით ათი სისტემურად მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი, რომელთაგანაც ყველაზე მსხვილი ქალაქ ელექტროსტალში (მოსკოვის აღმოსავლეთით) მდებარეობს, მეორე უმსხვილესი ქალაქ კოლედინოშია (მოსკოვის ოლქი, მოსკოვის სამხრეთით), კოტოვსკის ცენტრი კი ბრუნვის მოცულობით დაახლოებით მეოთხე-მეხუთე ადგილზეა. სპეციალისტების შეფასებით, Wildberries-ის ობიექტებზე მიტანილი იერიშების შედეგად გამოწვეული დანაკარგის ზუსტი შეფასება რთულია, თუმცა, წინასწარი გათვლებით, კომპანიის ბრუნვა მინიმუმ 15%-ით შემცირდება, რაც, მთლიანობაში, კომპანიის პარალიზებას ალბათ ვერ მოახდენს, თუ რა თქმა უნდა, მსგავსი მასშტაბის იერიშები არ განხორციელდება. მაგრამ, როგორც ალექსეი კოპიტკო - სამხედრო ანალიტიკოსი და უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი ამბობს, საქმე გვაქვს მსგავსი ტიპის იერიშების მხოლოდ პირველ ტალღასთან, რომელიც აღიქმება ერთგვარ სამართლიან პასუხად უკრაინული „ნოვა პოშტის“, „უკრპოშტის“ და სხვა უკრაინული ბიზნესების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე.
„რუსეთის ხელისუფლება ასეთ ობიექტებს ვერ დაიცავს, - ამბობს ალექსეი კოპიტკო, - ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც ქმნის საკმაოდ ნათელ პერსპექტივას: დღეს Wildberries-მა ბრუნვის 15%-ზე მეტი დაიკარგა, ერთ თვეში კი შესაძლოა უკვე 50%-ზე მეტი დაიკარგოს. მსგავსი შეტევები შეიძლება განხორციელდეს Ozon-ის, Yandex-ის და კიდევ რამდენიმე მსხვილი ოპერატორის საწყობებზეც“.
ეკონომისტების ვარაუდით, ყველაზე მტკივნეული დარტყმა იმ მცირე ბიზნესს მიადგება, რომელიც Wildberries-ის პლატფორმის მეშვეობით ვაჭრობდა. საქმე ის არის, რომ ცოტა ხნის წინ მარკეტპლეისმა ახალი ხელშეკრულების პირობები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ დრონების შეტევებთან დაკავშირებული ყველა რისკზე პასუხისმგებლობა მოიხსნა.
შეთავაზების (ოფერტის) ახალი რედაქცია, რომელიც 7 ივლისიდან შევიდა ძალაში, მარკეტპლეისს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს იმ შემთხვევებში, როდესაც ვალდებულებების შესრულება ფორსმაჟორული გარემოებების გამო შეუძლებელი ხდება. ასეთ გარემოებებს შორის მოიაზრება იარაღის, სამხედრო ტექნიკის, საფრენი აპარატების (მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების), დამაზიანებელი საშუალებების, საბრძოლო მასალისა და მათი ნაწილების გამოყენების, ზემოქმედების, ჩამოვარდნის, გაშვების ან ამოქმედების ნებისმიერი შედეგი, ასევე დაბომბვები, აფეთქებები და სხვა სახის სამხედრო ზემოქმედება.
ოფერტის წინა რედაქციაში, რომელიც 18 ივნისიდან 6 ივლისამდე მოქმედებდა, მსგავსი გარემოებები ცალკე ჩამოთვლილი არ იყო. დაახლოებით ერთი თვით ადრე ანალოგიური ცვლილებები Wildberries-ის კონკურენტმა Ozon-მაც შეიტანა: თუ საქონლის დაკარგვის ან დაზიანების მიზეზი სამხედრო მოქმედებები, საგანგებო მდგომარეობა, დაბომბვა, მასობრივი არეულობა ან სხვა მსგავსი გარემოებები გახდება, ზარალი გამყიდველის სამეწარმეო რისკად ჩაითვლება და მას არც მარკეტპლეისი და არც სადაზღვევო კომპანიები არ აუნაზღაურებენ.
2024 წლის იანვარში Wildberries-ს უკვე დაეწვა გიგანტური საწყობი სანქტ-პეტერბურგთან, მაშინაც ზარალი ათობით მილიარდ რუბლად შეფასდა. დაზარალდა ათასობით გამყიდველი, ბევრმა მათგანმა მთელი საქონელი დაკარგა, თუმცა დაპირებების მიუხედავად, მეწარმეების დიდ ნაწილს კომპენსაცია დღემდე არ მიუღია.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ანდრე პივოვაროვის თქმით, შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიებმა ნაწილობრივ კომპენსაცია გასცენ, მაგრამ გაკოტრების შემთხვევები მაინც მრავლად იქნება.
„დღევანდელი ვითარება კიდევ უფრო თვალსაჩინოა, - ამბობს პოლიტიკოსი, - არსებობს ომი, რომელიც კრემლმა დაიწყო. არსებობს უმსხვილესი ბიზნესი. უკვე ორი წელია Wildberries-ის უკან დგას გაერთიანებული კომპანია РВБ (Russ და Wildberries), რომელიც VTB-ის სტრუქტურებისა და სულეიმან ქერიმოვის მონაწილეობით შეიქმნა. კომპანიის კონტროლისთვის ბრძოლა იმდენად მწვავე იყო, რომ მოსკოვში სროლამდეც კი მივიდა, ხოლო რამზან კადიროვს, რომელიც ასევე ცდილობდა ამ პროცესში ჩართვას, საბოლოოდ უკან დახევა მოუწია. ახლა უდიდესი ზიანი დრონების შეტევამ გამოიწვია. სახელმწიფო, რომელსაც უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალება, პასუხისმგებლობას არ იღებს. დიდი ბიზნესიც, სავარაუდოდ, არ დაზარალდება - ზარალს დაზღვევა დაფარავს, საჭიროების შემთხვევაში კი სამთავრობო სუბსიდიებიც დაეხმარება. ყველაზე მეტად, ალბათ, მცირე მეწარმეები დაზარალდებიან. სწორედ ისინი დაკარგავენ საქონელს, გაკოტრდებიან და კომპენსაციის მიღებასაც, შესაძლოა, ვერ შეძლონ. სქემა მარტივია: ომს სახელმწიფო იწყებს, მსხვილი ბიზნესი ფულს შოულობს, შედეგების საფასურს კი რიგითი ადამიანები იხდიან“.
ფორუმი