Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ჩამოიღეს თაროდან ბადრი პატარკაციშვილის საქმე?


ბადრი პატარკაციშვილი, 2005 წელი
ბადრი პატარკაციშვილი, 2005 წელი

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული პირები დანაშაულს არ აღიარებენ. ბრალდებულმა გიორგი მერებიშვილმა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არ იცნობს არც ერთ პირს, ვინც მის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს. სასამართლო დარბაზში მყოფმა მეორე ბრალდებულმა კი, რევაზ შიუკაშვილმა, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის გახსნა, მისი შეფასებით, ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პირდაპირ დაუკავშირა მოახლოებულ არჩევნებს. პროკურორისათვის მისი ადვოკატის, ქეთევან მირიანაშვილის მიერ დასმული მთავარი შეკითხვაც იმას შეეხებოდა, თუ რატომ არ იქნა ბრალი წარდგენილი 2016 წელს, როდესაც პროკურატურამ ვითომდა დანაშაულის მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვა. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ პროკურატურას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, თავად ადვოკატს კი ეჭვი არ ეპარება, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის თაროდან ჩამოღება პროკურატურას მიმდინარე აქტუალური საქმეებისა და თემების გადასაფარად დასჭირდა.

„არჩევნებიდან გამომდინარე ხდება რაღაც საკითხები სწორედ აქტუალური. სარალიძის საქმეა, სუბელიანის ჩანაწერებია, ყიფიანის ჩანაწერებია და ძალიან ბევრი. ყველაფერი მიჰყვა ერთმანეთს და არასახარბიელო მდგომარეობაშია პროკურატურაც და ხელისუფლება, ზოგადად. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ საქმეების გადაფარვას ეცადნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვეღარ მოატყუებენ ხალხს“, - გვითხრა რევაზ შიუკაშვილის ადვოკატმა, ქეთევან მირიანაშვილმა.

პროკურატურა პოლიტიკურ კონტექსტში

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის საქმის წინ წამოწევა და საქმეზე ფარული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ განწყობაზე კიდევ მეტი ნეგატივის დამატების მცდელობაა. მისი აზრით, ჩანაწერების გამოქვეყნების მიზანი ქართული მოსახლეობის დაშანტაჟებაა, მაგრამ უკვე იმდენად ჭარბად მიეწოდება ეს მასალა პოტენციურ ამომრჩეველს, რომ დაკარგა როგორც მოულოდნელობის, ისე სანდოობის ეფექტი. პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას შეფასებით კი, პოლიტიკური პოლარიზაცია ბოლო წლების ქართული პოლიტიკური ტრადიციაა და გაგრძელებაა იმისა, რასაც ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მიმართავს როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“.

„მმართველ პარტიას შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სურს როგორც გახმაურებული საქმეებისა თუ ჩანაწერების გადაფარვა, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის ამომრჩევლისთვის შეხსენება და ამომრჩევლის მობილიზება. კერძოდ, მიუმხრობელ ამომრჩეველს ხდიან იძულებულს, რომ არჩევანი გააკეთოს ცუდსა და უარესს შორის“, - ამბობს კორნელი კაკაჩია, რომლის შეფასებითაც, პოლიტიკურ თამაშებში სამართალდამცავი სტრუქტურების გამოჩენა კიდევ უფრო ამყარებს იმ ეჭვს, რომ რეალურად სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა მის დაქვემდებარებაშია.

კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

„სხვანაირად როგორ შეიძლება უცებ გაახსენდეს პროკურატურას და თაროდან ჩამოიღოს მივიწყებული საქმე, რომელიც მედიასაც კი არ გაუშუქებია მანამდე“, - შენიშნავს კორნელი კაკაჩია.

წარსული - მომავალში

პოლიტიკურად რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეების თემის აქტუალიზებას, არჩევნებისა და მძიმე თემების გადაფარვის მიზნით, პროკურატურა უახლოეს წარსულშიც მიმართავდა ხოლმე. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას, მკვლელობის საქმე, რომელშიც საზოგადოებისთვის ჯერაც ბევრია პასუხგაუცემელი კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ, სკოტლანდ იარდის დასკვნით, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო, ბიზნესმენის გარდაცვალება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მაინც საეჭვო ვითარებაში მოხდა. სწორედ ამის გამო, პროკურატურას საგანგებოდ დასჭირდა იმის განმარტება, რომ 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების ფიგურანტები - გიორგი დგებუაძე, რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი მერებაშვილი - ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე არიან ბრალდებულნი და არა დასრულებულ აქტზე.

რატომ სდევნიდა ხელისუფლება ბადრი პატარკაციშვილს?

ბადრი პატარკაციშვილმა ბიზნესსაქმიანობა რუსეთში დაიწყო, საქართველოში კი 2001 წელს დაბრუნდა. იყო ჰოლდინგ „იმედიას“ დამფუძნებელი, ტელეკომპანია „იმედის“ აქციების მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, „ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის“ დირექტორი და საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტი.

ბადრი პატარკაციშვილმა საქართველო 2007 წლის 2 ნოემბრის მიტინგის შემდეგ დატოვა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მას სახელმწიფო შეთქმულებისა და ტერორისტული აქტების ორგანიზებაში დასდო ბრალი და დაუსწრებლად, ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მისი აშკარა დაპირისპირება დაიწყო 2006 წლიდან, როდესაც ბიზნესმენთა ფედერაციის სხდომაზე მან საქართველოს მმართველი ელიტა ბიზნესმენთა უფლებების დარღვევასა და ვარდების რევოლუციის შემდეგ აღებული დემოკრატიზაციის კურსიდან გადახვევაში დაადანაშაულა. ამავე სხდომაზე მან პირადად აიღო პასუხისმგებლობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ სიმართლის გამომჟღავნებაზე. ამ განცხადებას მაშინდელმა მმართველმა პარტიამ ოპოზიციის ახალი ლიდერისა და შესაძლო სპონსორის განცხადება უწოდა. მოგვიანებით ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესამბიციები პოლიტიკურ ამბიციებშიც გადაიზარდა - მან ჯერ ოპოზიციის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო და ღიად უჭერდა მხარს ხელისუფლების შეცვლის კამპანიას, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში კი კენჭიც იყარა. ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ გეგმებში შედიოდა პარტიის შექმნა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც.

ბადრი პატარკაციშვილმა საქართველო 2007 წლის 2 ნოემბრის მიტინგის შემდეგ დატოვა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მას სახელმწიფო შეთქმულებისა და ტერორისტული აქტების ორგანიზებაში დასდო ბრალი და დაუსწრებლად, ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სარეის საგრაფოში, ქალაქ ლიზერხედში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG