Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ წააგო სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში?


ბათუმი
ბათუმი

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო ბათუმში, სადაც ამომრჩეველთა 33,88 %-მა მისცა ხმა. ხმების უმრავლესობაა კი ამ ქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიპოვა, მას ბათუმელების 44,82% დაუჭირა მხარი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას ბათუმში მსჯელობენ იმაზე, თუ რამ განაპირობა იმ პოლიტიკური პარტიის კანდიდატის გამარჯვება, რომელსაც ქალაქმა უარი უთხრა 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნებზე.

რატომ წააგო სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში?
please wait

No media source currently available

0:00 0:04:37 0:00
გადმოწერა

ჟურნალისტი ნათია ზოიძე ამბობს, რომ იგი ელოდა ამ შედეგს რადგან, მისი შეფასებით სიტუაცია ბოლო დროს კრიტიკული იყო, ხოლო ხელისუფლება პრობლემებს არ აღიქვამდა ადეკვატურად:

„რა ვნახეთ ბათუმელებმა ექვსი წლის განმავლობაში? ჩვენ თვალს ვადევნებდით ხეების ისტერიკულ გადარგვის პროცესს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე წავიდა თანამდებობიდან ისე, რომ ჩვენ მიზეზები ვერ გავიგეთ. ადამიანები შემოჰყავთ პოლიტიკაში შემდეგ უშვებენ პოლიტიკიდან. რატომ მოვიდა ახლანდელი მთავრობის თავმჯდომარე ამ პოსტზე, რა დამსახურებისთვის? ვერაფერზე პასუხი ვერ მიიღო საზოგადოებამ. ჩვენ არ გვინახავს აჭარის უმაღლესი საბჭო განცხადება არცერთ საკითხზე, გარდა იმისა, რომ მუდმივად იცავდნენ ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის პოზიციებს და გაუთავებლად აპელირებდნენ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. როდესაც დაკარგა ხელისუფლებამ შიგნით სიჯანსაღე, ცხადია, მას აღარ ჰქონდა ადეკვატური რეაქცია, რაც ჩვენ ბოლო დღეებში კარგად ვნახეთ“.

არჩევნები ბათუმში
არჩევნები ბათუმში

არჩევნების შედეგები კი, რომელიც კენჭისყრის დღის შეჯამების შემდეგ დადგა, ეს არ იყო კონკრეტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატისადმი გამოცხადებული მხარდაჭერა, არამედ უფრო იყო პროტესტი ხელისუფლების წინაღმდეგ - მიიჩნევს ბათუმის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი თამარ მამეიშვილი:

„ამომრჩეველს დღეს არა აქვს რეალური არჩევანის საშუალება. ძალიან რთულია მოძებნო ისეთი პარტია, რომელიც პირდაპირ პასუხობს შენს ინტერესებს. სწორედ ამიტომ ამომრჩეველი თავის რეაქციას გამოხატავს ხელისუფლების საწინააღმდეგო პარტიის მხარდაჭერაში. ეს არჩევნები სწორედ ეს იყო. აგრეთვე იყო გზავნილი ოპოზიციური პარტიების მიმართაც, იმიტომ რომ ამომრჩევლის დაკვეთა ოპოზიციის გაერთიანება და ერთიანი კანდიდატის დასახელება იყო, და ახლაც მიუთითებს, რომ მოახერხონ ერთიანი მყარი პლატფორმის შექმნა არსებული მმართველობის წინააღმდეგ“.

ქალაქ ბათუმის მაგალითზე კი, სადაც ხელისუფლების მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა წააგო, თამარ მამეიშვილი ფიქრობს, რომ წინა ხელისუფლების დროს დაწყებული ქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეებისთვის არ იყო მისაღები, 2012 წელს შეცვლილი ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდა:

„ქართულ ოცნებას 2012 წელს იმიტომ დაუჭირა მხარი ამომრჩეველმა, რომ ამ პოლიტიკის შეცვლაც ისურვა, თუმცა ეს პოლიტიკა გაგრძელდა და უფრო დიდი მასშტაბებით და ამას მოჰყვა ხელისუფლების უკომპრომისო პოზიციები ამ ყველაფრის მიმართ. არაადეკვატურიც იყო ეს ყველაფერი, შეიძლება ითქვას. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის ეკონომიკური ფონი, რაც არის ქალაქში“.

გამოვიდა რამდენიმე დღის წინ ბათუმელების არცთუ მცირე ნაწილი და თქვა, რომ ჩვენ აღარ გვინდა ასეთი ქალაქი. ეგრევე მოგვაკერეს პოლიტიკური ინტერესი და მართულები გვიწოდეს...
შოთა გუჯაბიძე

სამოქალაქო აქტივისტი შოთა გუჯაბიძე ფიქრობს, რომ ბათუმელები საპროტესტო აქციებზე ნაკლებად გამოხატავენ პროტესტს, თუმცა რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებენ სწორედ საარჩევნო ყუთებთან. შოთა გუჯაბიძე იხსენებს, რომ სწორედ ასე შეიცვალა ასლან აბაშიძის ხელისუფლებაც და რევოლუციით მოსული ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაც, რასაც მისივე თქმით, თავისი მიზეზები აქვს:

„სააკაშვილის წასვლა იმანაც განაპირობა, რომ ბათუმი აღარ იყო ის, რაც ჩვენ ვიცოდით. არამხოლოდ იმიტომ, რომ ჰაერი აღარაა, შუქი აღარ შემოდის ფანჯრებში და აღარაა სასიცოცხლო გარემო კონსტიტუციურად უზრუნველყოფილი, არამედ ადამიანისთვის აღარაა ქალაქი და ადამიანი დაკარგულია აქ. გამოვიდა რამდენიმე დღის წინ ბათუმელების არცთუ მცირე ნაწილი და თქვა, რომ ჩვენ აღარ გვინდა ასეთი ქალაქი. ეგრევე მოგვაკერეს პოლიტიკური ინტერესი და მართულები გვიწოდეს“.

გამოსავლის ძიების ნაცვლად კი ხელისუფლება კიდევ უფრო დიდ შეცდომებს უშვებს - მიიჩნევს შოთა გუჯაბიძე, რომელიც ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ამომრჩევლის დარწმუნება.

„არ მჯერა ამ ხუჭუჭა ბიჭის, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ან კალაძის - ხალხი ამას ხვდება. მაგრამ, კიდევ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ არჩევანიც აღარ გვაქვს. იმიტომ რომ, ორი საშინელი კანდიდატს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ ერთს ულვაშები აქვს და მეორეს არა. და მაინც, ორჯონიკიძის დროიდან მოყოლებული ულვაშებიანი კაგებეშნიკი გვირჩევნია მე მგონი, როგორც ჩანს“, - შოთა გუჯაბიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG