Accessibility links

რატომ ჭრიან ბიჭვინთის ფიჭვებს


სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოჩნდა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალში ხეივნის გასწვრივ გამწკრივებული მოჭრილი ფიჭვების მორები. სოციალური ქსელის აფხაზეთის მომხმარებლები ამბობენ, რომ რელიქტური ბიჭვინთის ფიჭვი კომერციული მიზნით იჭრება. ნაკრძალის დირექტორი დაურ ჯერგენია ამტკიცებს, რომ სპეციალისტებმა შეისწავლეს ჭალა და აღმოაჩინეს, რომ ფიჭვები დიდი ლაფნიჭამიით იყო დაზიანებული.

ბოლო ხანს უსიამოვნებების შესახებ, რომელიც ხან სად იჩენს თავს და ხანს სად, ჩვენ უფრო ხშირად სოციალური ქსელების პუბლიკაციებიდან ვიგებთ. ასე მოხდა ამჯერადაც: დაიწყეს თუ არა მეტყევეებმა უნიკალური ფიჭვების მოჭრა ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალში, რელიქტური ფიჭვების ჭალაში, მეორე დღესვე გამოქვეყნდა შესაბამისი ფოტო- და ვიდეომასალა მომხდარის საილუსტრაციოდ. კომენტარებში ადამიანები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ხეებს ჭრიან კომერციული ობიექტის აშენებისათვის ადგილის მოსასუფთავებლად, ანდა ჭრიან სამშენებლო მასალად მათ გამოსაყენებლად.

სხვადასხვა დონის მოხელეები და თანამდებობის პირები მოქალაქეებს არასოდეს აწვდიან ინფორმაციას თავიანთი გეგმების შესახებ, მაგრამ როდესაც ხმაური იწყება, უკვირთ, რატომ რეაგირებენ ადამიანები ასე აგრესიულად მათ მოქმედებაზე. ბიჭვინთის ნაკრძალში ფიჭვის მოჭრის გამო ატეხილ ხმაურზე ქალაქ გაგრის ადმინისტრაციის რეაქციას წარმოადგენს წიწვოვანი ნარგავების სატყეო-პათოლოგიური შემოწმების აქტი, რომელიც 2020 წლის 5 მაისს შედგა.

აქტს ხელს აწერენ მთავარი მეტყევე, ტყის პათოლოგი ინჟინერი, ზონალური ეკოლოგი და რიგითი მეტყევე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 20 აპრილიდან 5 მაისამდე სპეციალისტებმა ჩაატარეს წიწვოვანი ნარგავების სატყეო-პათოლოგიური შემოწმება 60 ჰექტარის ტერიტორიაზე. შემოწმების დროს გამოვლინდა დიდი ლაფნიჭამიით დაზიანებული ხეები კურორტ ბიჭვინთის ტერიტორიაზე, მიუსერის სახელმწიფო აგარაკსა და ნაკრძალის ტერიტორიაზე - ჯამში, 36 ძირი ხე.

კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ საჭიროა დაზიანებული ხეების მოჭრა და მათი უტილიზაცია.

დაურ ჯერგენია, ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალის დირექტორი, ამბობს, რომ რელიქტური ფიჭვების დაავადების შესახებ, დიდი ხანია, ცნობილია და ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება მხოლოდ ჭალიდან დასნებოვნებული ხეების მოცილებით.

„დიდი ლაფნიჭამიით გამოწვეული ასეთი დაავადება არსებობს იმ დროიდან მოყოლებული, რაც ბიჭვინთის ფიჭვი გაჩნდა და ვერც ჩვენმა წინაპრებმა და ვერც ჩვენ ვერ შევძელით მისი ამოძირკვა. ლაფნიჭამია შედის ხეში და იწყებს მის გამოხვრას. რითაც ეს აჟიოტაჟი დაიწყო, არის ის, რომ ერთი თვის წინ, კარანტინის გამოცხადებამდე, ჩვენს ამ უბანზე დაზიანებული ხე იქნა ნაპოვნი. რადგან ჩვენ დროულად ვერ მოვახერხეთ მისი მოშორება, ერთ თვეში მის მახლობლად მდგარი ხეებიც დაავადდა. ბრძოლის სხვა მეთოდი არ არსებობს. და რადგან ასეთი ხე ითვლება დაავადების კერად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფიჭვის ავადმყოფობის გავრცელება, ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს მექანიკური გზით მისი მოჭრა და გატანა. კარანტინის გამო ჩვენ დავკარგეთ მთელი თვე, ამიტომ მოგვიხდა ამ უბანზე 9 ძირის მოჭრა. ფიჭვის ლაფნიჭამიას არ შეუძლია ზემოდან ქვემოთ ფრენა. იგი ქერქს ხრავს, გამოწოვს წვენს და გადადის სხვა ჯანსაღ ხეზე“, - ამბობს დაურ ჯერგენია.

ლაფნიჭამიის მიერ დაზიანებული ხეების მოჭრა და გატანა თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ყოველ წელს ხდება. მათი რაოდენობა ზოგჯერ მეტია, ზოგჯერ ნაკლები.

„სამი წლის წინ ჩვენ არა მხოლოდ 13-14 ძირი, არამედ ყოფილა შემთხვევა, როცა 50 ძირიც მოგვიჭრია“, - ამბობს ჯერგენია და დასძენს, რომ მას აქვს დიდი „წითელი წიგნი“, რომელშიც ყველა მოჭრილი ხეა აღნუსხული.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კომენტარებში გამოითქმებოდა ეჭვიც, რომ ადამიანებს, რომლებიც ბიჭვინთაში ფიჭვს ხერხავენ, სანაცვლოდ არაფერი დაურგავთ. ამ მოსაზრებას უარყოფს დაურ ჯერგენია და მოუწოდებს დაინტერესებულ ხალხს, მივიდნენ და ყველაფერს ადგილზე გაეცნონ.

„ჩვენ ხუთი წლის წინ დავრგეთ ნერგები, რომლებიც დღეს უკვე 2-3 მეტრამდე არიან გაზრდილი. ჩვენ ვახდენთ განახლებას. მაგრამ, მეორე მხრივ, გვაქვს ასაკოვანი ხეები, საშუალოდ, 150 წლის და მეტის, ხოლო 110 წლის შემდეგ ხე ბებერია და საჭიროებს განახლებას. „როსატომის“ დახმარებით, კურორტ ბიჭვინთაში 20 ჰექტარზე მეტი ტყე გავწმინდეთ ჯაგრცხილასგან. ხოლო ჯაგრცხილა, ეს არის სარეველა მცენარე, რომელიც ფიჭვს გაზრდის საშუალებას არ აძლევს“, - ამბობს ჯერგენია.

ბიჭვინთის ნაკრძალის თანამშრომლები ყოველწლიურად 1 500-2 000 ძირ ნერგს რგავენ იმ ადგილებში, სადაც ფიჭვი ძნელად ხარობს. ასეთ შემთხვევაში მეტყევეები დასახმარებლად მიმართავენ ე.წ. ნიადაგის გაფხვიერების მეთოდს. ამისთვის იყენებენ სპეციალურ ტრაქტორს, რომელიც იღებს ტორფს და აფხვიერებს ნიადაგს, რათა შეიქმნას პირობა თესლის ბუნებრივი აღმოცენებისთვის.

„ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი, რადგან ხელოვნურად გამოყვანილი ნერგები იშვიათად ხარობენ“, - ამბობს დაურ ჯერგენია.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG