ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული კიდევ სამი დემონსტრანტიდან ორის საქმის პროკურორიც ისაა. სამივეს - ნიკოლოზ კაციას, თედო აბრამოვსა და ანტონ ჩეჩინს ერთნაირი ბრალი აქვთ - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა.
ადვოკატები ამტკიცებენ, რომ დაკავებულებს აკრძალული ნივთიერებები პოლიციამ „ჩაუდო“. და ამ მოსაზრების დასტურად რამდენიმე საეჭვო გარემოება მოჰყავთ:
- სამივე შემთხვევაში პოლიციას ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ მიაწოდა;
- სამივეს ნარკოტიკი ქურთუკის გარე ჯიბეში უპოვეს;
- არცერთ შემთხვევაში პოლიციელებმა ჩხრეკის პროცესი არ გადაიღეს;
- საქმეში ნეიტრალური მტკიცებულება არ არსებობს: ეს შეიძლება ყოფილიყო პოლიციელის მიერ გადაღებული ვიდეო ან რომელიმე ნეიტრალური მოქალაქის ჩვენება, რომელიც ნარკოტიკის „ამოღებას“ დაადასტურებდა.
ნარკოდანაშაულის საქმეებზე, საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საგამოძიებო უწყებებს ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება დაავალდებულა. სასამართლოს აზრით, როდესაც პოლიციელს შეუძლია მოიპოვოს ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი მტკიცებულება და ის ამას არ აკეთებს, ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს. თუ პოლიციელი ნეიტრალურ მტკიცებულებას ვერ მოიპოვებს, ის ვალდებულია დაასაბუთოს, რომ „ამისთვის ყველაფერი გააკეთა“. თანამედროვე ტექნოლოგიები კი იოლად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩხრეკის პროცესი ვიდეოზე აღიბეჭდოს.
იდენტური გარემოებებია ექიმ გიორგი ახობაძის საქმეშიც, ერთი განსხვავებით, მის წინააღმდეგ პროკურორი - შმაგი გობეჯიშვილია. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
პროკურორ ნუგზარ ჭიტაძეს რადიო თავისუფლება დაცვის მხარის არგუმენტებსა და ეჭვებზე ესაუბრა.
პროკურორი სახელმწიფო ბრალმდებელია და თავის უფლებამოსილებას სახელმწიფოს სახელით ახორციელებს. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.
რადიო თავისუფლება: ბატონო ნუგზარ, თქვენ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული სამი დემონსტრანტის საქმეების პროკურორი ხართ. როგორ ხსნით იმას, რომ ეს საქმეები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს?
ნუგზარ ჭიტაძე: ყველა ნარკოტიკული დანაშაული ჰგავს ერთმანეთს. თქვენ კონკრეტულად რას გულისხმობთ მსგავსებაში?
რადიო თავისუფლება: რადგან ამბობთ, რომ ზოგადად ყველა ასეთი საქმე ერთმანეთს ჰგავს, ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ საქმეების მსგავსად არცერთ სხვა საქმეში არ არსებობს, მაგალითად, ვიდეოჩანაწერი, როგორც ნეიტრალური მტკიცებულება?
ნუგზარ ჭიტაძე: არის საქმე, სადაც გვაქვს ჩანაწერი, არის საქმეები, სადაც არ გვაქვს… მე 30-ზე მეტი საქმე მაქვს, მაგრამ თქვენ მხოლოდ სამზე ამახვილებთ ყურადღებას.
რადიო თავისუფლება: თქვენ მსგავსებაზე მკითხეთ, მაგალითებს მოგიყვანთ. სამივე ადამიანი დემონსტრანტია, დააკავეს აქციების დროს, არცერთ საქმეში არ არის ნეიტრალური მტკიცებულება, ვერცერთ შემთხვევაში პოლიციამ ვერ მოახერხა გადაღება, სამივე შემთხვევაში გამოძიება დაიწყო ანონიმური წყაროს შეტყობინებაზე დაფუძნებით.
ნუგზარ ჭიტაძე: არ არის ასე. სისხლის სამართლის საქმეები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველგან არის ერთი და იგივე. როცა შეძენა-შენახვაზე ინფორმაცია შემოდის, სტანდარტულია, ინფორმაციის ავტორი ასახელებს, რა ინფორმაცია მიიღო და ვისგან მიიღო. შემდეგ საგამოძიებო ჯგუფმა უნდა გადაამოწმოს, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გზით, რეალურია თუ არა, ხომ მეთანხმებით?
რადიო თავისუფლება: რატომ ვერ მოახერხეთ ვერცერთ საქმეზე, რომ ჩხრეკას ნეიტრალური მოწმე დასწრებოდა?
ნუგზარ ჭიტაძე: დამსწრეს ინსტიტუტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არ არსებობს. რაც შეეხება ნეიტრალური პირის დასწრებას, არავინ არაა ვალდებული და ვერც დაავალდებულებ, დაესწროს ამ პროცესს.
მოქალაქიდან უნდა ამოხვიდეთ, პოლიციამ რომ ვინმე გააჩეროს და [უთხრას], მოდი დაესწარითო [ჩხრეკას], მე მგონი, ბევრს არ გაუჩნდება ამის სურვილი.ნუგზარ ჭიტაძე, პროკურორი
რადიო თავისუფლება: მაგალითად, ხომ შეიძლებოდა ნეიტრალური დამსწრე ყოფილიყო გამვლელი ან იქვე, ქუჩაში მყოფი მძღოლი?
ნუგზარ ჭიტაძე: ასეთ დროს მოქალაქიდან უნდა ამოხვიდეთ, პოლიციამ რომ ვინმე გააჩეროს და [უთხრას], მოდი დაესწარითო [ჩხრეკას], მე მგონი, ბევრს არ გაუჩნდება ამის სურვილი.
რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ მითხრათ, რამდენს შესთავაზეთ დასწრება და რამდენმა თქვა უარი?
ნუგზარ ჭიტაძე: რომელ საქმეზე?
რადიო თავისუფლება: თედო აბრამოვი ავიღოთ, დოკუმენტირებული არის ეს მცდელობა?
ნუგზარ ჭიტაძე: არა, ფიზიკურად ვერ იქნება, ვინაიდან აბრამოვის შემთხვევაში მითითებულია, რომ ფიზიკური წინააღმდეგობა გაწია. ანტონ ჩეჩინის შემთხვევაში არსებობს ნეიტრალური მტკიცებულება და ეს მოწმე - თარჯიმანია.
რადიო თავისუფლება: თარჯიმნის სანდოობასაც და ნეიტრალურობასაც დაცვის მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რადგან ის საგამოძიებო მოქმედების მონაწილედ მიაჩნიათ...
ანტონ ჩეჩინის ადვოკატმა, გიორგი ჩხაიძემ თარჯიმნის ობიექტურობა 27 იანვრის სხდომაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რამდენიმე არგუმენტით, მათ შორის თქვა, რომ: საქმის გამომძიებლის, ზურაბ რუსიშვილისა და თარჯიმნის, შორენა ტაბატაძის ჩვენებები იდენტურია - copy-paste-თაა გადატანილი; თარჯიმანი არ შეიძლება იყოს ნეიტრალური მოწმე, რადგან პროცესის მონაწილეა.
ნუგზარ ჭიტაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეებზე რაიმე ნეიტრალური მტკიცებულებით უნდა იყოს გამყარებული საგამოძიებო მოქმედების სანდოობა. მაგალითად, ნიკა კაციას თავად აქვს ხელი მოწერილი ჩხრეკის ოქმზე და სხვა დოკუმენტაციაზე.
რადიო თავისუფლება: ოქმზე ხელმოწერა ხომ არ ნიშნავს, რომ ბრალს ეთანხმება?
ნუგზარ ჭიტაძე: არა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ეთანხმება საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს.
რადიო თავისუფლება: და ეს ნეიტრალურ მტკიცებულებად მიგაჩნიათ?
ნუგზარ ჭიტაძე: არა, მაგრამ ხელმოწერის არსებობა ჩხრეკის ოქმზე ფასეულია სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში…
რადიო თავისუფლება: თედო აბრამოვის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ თედო აბრამოვი აქციაზე მიდიოდა, როცა პოლიციამ გააჩერა და თან ჰქონდა აქციის ატრიბუტიკა. ჩხრეკის ოქმში ეს ნივთები შეტანილი არ არის, რატომ არ მოხვდა აირწინაღი ჩხრეკის ოქმში, ანუ ოქმი არასწორადაა შედგენილი და გამოძიებით თუ დასტურდება, რომ ის აქციაზე მიდიოდა?
არანაირი კავშირი ნარკოტიკული საშუალების ამოღებასა და აქციებზე მონაწილეობას შორის არ არსებობს.ნუგზარ ჭიტაძე, პროკურორი
ნუგზარ ჭიტაძე: არანაირი კავშირი ნარკოტიკული საშუალების ამოღებასა და აქციებზე მონაწილეობას შორის არ არსებობს. თავად თედო აბრამოვმა მოაწერა ხელი ამოღებული ნივთების ნუსხაზე შედგენილ ოქმს, ანუ დაეთანხმა იმას, რაც იქ ეწერა. რაც შეეხება ნეიტრალურ მტკიცებულებას, ამ საქმეზე დანიშნულია ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდება ნარკოტიკთან აბრამოვის შემხებლობა. ამას გარდა, დაიკითხებიან პოლიციელები, რომლებიც განმარტავენ, რატომ ვერ გადაიღეს.
აბრამოვის შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედებას სამი პოლიციის თანამშრომელი ატარებდა. მათგან ერთი გამომძიებელი და ორი ოპერატიული თანამშრომელია. საქმის მასალებში მითითებულია, რომ თედო აბრამოვი მათ წინააღმდეგობას უწევდა და მათ ტექნიკური მოწყობილობის გამოყენება ვერ შეძლეს. მას შემდეგ, რაც ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ის დამშვიდდა, მოაწერა ოქმს ხელი, მათ შორის - ნივთიერ მტკიცებულებებსაც.
რადიო თავისუფლება: თქვენ აღნიშნეთ, რომ ნეიტრალური მტკიცებულებისთვის დანიშნულია ბიოლოგიური ექსპერტიზა, ანუ ადასტურებთ, რომ ამ ეტაპზე აბრამოვის საქმეში ნეიტრალური მტკიცებულება არ არის?
ნუგზარ ჭიტაძე: ამ შემთხვევაში ნეიტრალური მტკიცებულება, რომ ცალსახად ბიოლოგიური ექსპერტიზაა, ასე არ არის. თედო აბრამოვი თვითონ ადასტურებს და ხელს აწერს, როგორც გითხარით, ნიშანდობლივია, რომ პრეტენზია არ აქვს. იზოლატორში შესახლებისას, მას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა პრეტენზია პოლიციელებისადმი და ხელი მოაწერა [დოკუმენტს], რომ პრეტენზიას არ აცხადებს.
რადიო თავისუფლება: რაც შეეხება კამერის ვერჩართვას. დარჩენილ საქმეებზე (ნიკოლოზ კაცია, ანტონ ჩეჩინი) რატომ ვერ მოხერხდა ტელეფონის კამერის ჩართვა?
ნუგზარ ჭიტაძე: კიდევ მაქვს სხვა სისხლის სამართლის საქმეებიც, მაგრამ თქვენ მხოლოდ ეს სამი გაინტერესებთ და შემდეგ, ცალმხრივად შეაფასებთ, მაგრამ მაინც გიპასუხებთ. ანტონ ჩეჩინის შემთხვევაში თარჯიმანი დაესწრო, პროცესზე დაიკითხებიან პოლიციელები და თავად იტყვიან, რატომ არ გადაიღეს.
რადიო თავისუფლება: საქმის მასალებში რა წერია ამაზე, რას ამბობენ პოლიციელები?
ნუგზარ ჭიტაძე: მე ვაფასებ შეგროვებულ მტკიცებულებებს, მე არ ვწერ საქმის მასალებს, სასამართლოში დაიკითხებიან და ყველაფერს იტყვიან.
რადიო თავისუფლება: თქვენ არ დაგიკითხავთ ისინი?
ნუგზარ ჭიტაძე: არ დამიკითხავს. მტკიცებულებებს გამომძიებელი აგროვებს, მე მტკიცებულებებს ვეცნობი და შემდეგ სასამართლოში ვიკვლევთ შეჯიბრებითობისა და თანაბრობის პრინციპის დაცვით.
ნუგზარ ჭიტაძე რიგითი პროკურორი არ არის. ის ბევრ გახმაურებულ საქმეზე წარმოადგენდა ბრალდების მხარეს. მათ შორის, იყო ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციების მიმდინარეობისას 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე მსჯავრდადებულების: ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიძის საქმის პროკურორი. ორივესთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მას დაკავებულების ადვოკატები, საქმის მიზანმიმართულად გაჭიანურებაში სდებდნენ ბრალს, ვარაუდით, რომ მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მათი შეწყალება ვერ მოესწრო.
ნუგზარ ჭიტაძე წარმოადგენდა პროკურატურას ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში. 2017 წელს, ფარცხალაძე და ფინანსური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი მაშინდელმა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ თავდასხმაში დაადანაშაულა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
ამ საქმეზე, რომელიც წლები გაგრძელდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2021 წლის 2 თებერვალს გამოიტანა. ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს, მიხეილ ჩოხელს კი 5-ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ნუგზარ ჭიტაძე იყო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გახმაურებული მკვლელობის საქმის პროკურორიც.
პროევროპულ საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე მედიისთვის ცნობილია სისხლის სამართლის წესით დაკავებული სულ მცირე 45 დემონსტრანტის შესახებ. მათგან 43 მას შემდეგ დააკავეს, რაც „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
რადიო თავისუფლება აგრძელებს სიის სრულყოფაზე მუშაობას.
დაკავებული ჟურნალისტი:
- მზია ამაღლობელი
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულები:
- ვეფხია კასრაძე
- ვალერი კაძელაშვილი
- ზვიად ცეცხლაძე
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები:
- ნიკოლოზ ჯავახიშვილი
- თორნიკე გოშაძე
- ირაკლი მიმინოშვილი
- ზვიად ცეცხლაძე
- გიორგი გორგაძე
- ინსაფ ალიევი
- ანდრო ჭიჭინაძე
- ონისე ცხადაძე
- გურამ მირცხულავა
- ლუკა ჯაბუა
- ჯანო არჩაია
- რუსლან სივაკოვი
- რევაზ კიკნაძე
- გიორგი ტერაშვილი
- ვალერი თეთრაშვილი
- სერგეი კუხარჩუკი
- ირაკლი ქერაშვილი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები:
- ანზორ (ანრი) კვარაცხელია
- გიორგი მინდაძე
- დავით ლომიძე
- თემურ ზასოხაშვილი
- საბა ჯიქია
- საბა სხვიტარიძე
სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულები:
- გურამ ხუტაშვილი
- დანიელ მუმლაძე
- არჩილ მუსელიანცი
- ლაშა ჩხაიძე
- მ.გ. (არასრულწლოვანი)
აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულები:
- დავით ხომერიკი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები:
- გიორგი ახობაძე
- ნიკოლოზ კაცია
- ანტონ ჩეჩინი
- თედო აბრამოვი
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბათუმში დაჭერილი დეკანი და სტუდენტები;
- მამუკა ჯორბენაძე
- გურამ მიქელაძე
- დავით გვიანიძე
- გიორგი დავითაძე
- ანრი კაკაბაძე
პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის საქმე:
- ალეკო ელისაშვილი (ის გირაოთი გაათავისუფლეს)
არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები:
- მათე დევიძე
- ანატოლი გიგაური
ფორუმი