Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ჰყავს საქართველოს ბევრი პატიმარი?


პატიმრობის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა - ასეთია ევროსაბჭოს ანგარიშის ერთ-ერთი მიგნება. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში 2017 წლიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით 100 000 მოსახლეზე 252 პატიმარი მოდიოდა. პატიმრობის რაოდენობის მაღალი მაჩვენებლით საქართველო ჩამორჩება მხოლოდ რუსეთს, სადაც 100 000 მოსახლეზე მსჯავრდებული 418-ია. მესამე ადგილზე ამ ჩამონათვალში აზერბაიჯანია. პატიმართა რაოდენობის მაღალ მაჩვენებელს საქართველოში თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს რაოდენობა ძირითადად სტაბილურ ფარგლებშია.

პატიმართა რაოდენობის საშუალო მაჩვენებელი ბოლო წლებში

პატიმართა რაოდენობის საშუალო მაჩვენებელი ბოლო 6 წლის განმავლობაში ძირითადად 10 000 ადამიანის ფარგლებში მერყეობს. ევროსაბჭოს მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, მაგალითად, 2017 წელს 2018 წლის იანვრის ჩათვლით, პატიმართა რიცხოვნობა იყო 9407 ადამიანი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2017 წელს პატიმართა რაოდენობა 9280 პირი იყო, ხოლო 2018-ში გაიზარდა და 9575 ადამიანს მიაღწია.

მთლიანობაში 2008-დან 2018 წლამდე პერიოდში, საქართველოში პატიმრების რაოდენობა 43 პროცენტითაა შემცირებული. ამაზე მიუთითებს ევროსაბჭოს ანგარიშიც. ამ ანგარიშის თანახმად, პატიმრობის ინდექსი 2012 წელს 516 პატიმარი იყო, ხოლო 2013 წელს 100 000 სულ მოსახლეზე - 219. პატიმართა რაოდენობის მკვეთრი შემცირება ხელისუფლების ცვლას და ქვეყანაში ამ ნიადაგზე გატარებულ მასშტაბურ ამნისტიას უკავშირდება. ამნისტიის შედეგად, 2012 წელს წინა წლებთან შედარებით, პატიმართა რაოდენობა თითქმის განახევრდა, მაგრამ მას შემდეგ კლების ტენდენცია აღარ შეინიშნება.

რატომ აქვს საქართველოს პატიმართა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში?

საქართველოში პატიმართა რაოდენობის სიმრავლეს „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, ცირა ჭანტურია უკავშირებს, ერთის მხრივ, სასჯელის შეფარდების, მეორეს მხრივ კი სასჯელისგან გათავისუფლების პოლიტიკას. იგი ამბობს, რომ სასურველია დანაშაულის წინააღმდეგ უფრო ხშირად გამოიყენებოდეს სასჯელის ალტერნატიული სახეები. მისივე შეფასებით, დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს შორის მთავარი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაა. ცირა ჭანტურია ამბობს, რომ საქართველოში გავრცელების მხრივ ყველაზე ხშირი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. ამავეს ადასტურებს ევროსაბჭოს ანგარიში და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც. საქსტატის თანახმად, 2018 წელს დანაშაულის რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზე ქურდობა იყო. მას ნარკოდანაშაული მოსდევს:

დანაშაული, სასჯელი და პრევენცია

ევროპული სტანდარტების მიხედვით, საქართველოს გაცილებით ნაკლები რაოდენობის პატიმარი უნდა ჰყავდეს, ვიდრე ჰყავს. 100 000 სულ მოსახლეზე ეს სტანდარტი დაახლოებით 100-150 პატიმარია, რასაც საქართველო თითქმის 100-ზე მეტი პატიმრით აჭარბებს. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის-„ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“-ხელმძღვანელი, ტატო ქელბაქიანი ფიქრობს, საქართველოში პატიმართა ჭარბი რაოდენობა კავშირშია არა იმდენად დანაშაულთან, რამდენადაც არასაპატიმრო სასჯელების აქტიურად და ეფექტურად გამოუყენებლობასთან.

„სასჯელი მარტო ციხე ხომ არ არის. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სხვა არასაპატიმრო ღონისძიებებიც“, - ამბობს იგი. ეს მექანიზმებია:

  • განრიდება
  • პირობითი მსჯავრი
  • შინაპატიმრობა
  • საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და სხვა.

ალტერნატიული სასჯელების გამოყენება, ტატო ქელბაქიანის განმარტებით, კიდევ უფრო აადვილებს განმეორებითი დანაშაულის პრევენციასაც.

ალტერნატიული სასჯელების აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს საქართველოს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშში კერძოდ აღნიშნულია, რომ „სისტემის შედარებით მცირე დაწესებულებებად დაყოფის სტრატეგიის პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკა არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენებისკენ იყოს მიმართული. ამავე დროს დასახვეწია მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების სისტემა, რომელიც ხარვეზებით მუშაობს“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს პირობითი მსჯავრი, ანუ პრობაცია მსჯავრდებულთა 49 %-ში იყო გამოყენებული.

თავის მხრივ, სწორად განხორციელებული ალტერნატიული სასჯელის კიდევ ერთ უპირატესობაზე ამახვილებს ყურადღებას ტატო ქელბაქიანი. მისი თქმით, ციხის ხარჯებთან შედარებით,იგი სახელმწიფოსაც იაფი უჯდება და შესაბამისად, გამოყენებული უნდა იყოს ყველგან, სადაც ამის საშუალება არის. ევროსაბჭოს ანგარიშის მიხედვით, საქართველო ერთ მსჯავრდებულზე დღეში საშუალოდ 11,7 ევროს ხარჯავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG