Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სახიფათო სტუმრები" - რაში გამოადგება "ვაგნერი" ლუკაშენკას?


ფოტოილუსტრაცია. ალიაქსანდრ ლუკაშენკამ თქვა, რომ ევგენი პრიგოჟინი უკვე ბელარუსშია
ფოტოილუსტრაცია. ალიაქსანდრ ლუკაშენკამ თქვა, რომ ევგენი პრიგოჟინი უკვე ბელარუსშია

27 ივნისს, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ თქვა, რომ ევგენი პრიგოჟინი უკვე ბელარუსშია, ადგილს მის „ვაგნერელებსაც“ გამოუნახავენ და ბელარუსის ჯარშიც დაასაქმებენ. მოვლენათა ამგვარი განვითარება მრავალ შეკითხვასა და ეჭვს წარმოშობს.

აუდიოჩანაწერში, რომელიც პრიგოჟინის სახელით 26 ივნისს გამოქვეყნდა, ის ამბობს, რომ ლუკაშენკამ მას „ვაგნერის“ კანონიერი გადარჩენის გზა შესთავაზა, ხოლო ამავე დღეს პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ - „ვაგნერელებს“ ბელარუსში გადასვლაც შეუძლიათ.

აღმოსავლეთ ევროპაში შიშობენ, რომ „ვაგნერის“ ბელარუსში დაფუძნება ახალ საფრთხეს შექმნის, რასაც ნატო ახალი ძალით უნდა დაუპირისპირდეს.

რა როლს თამაშობს ლუკაშენკა? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

პრიგოჟინის მასპინძელი

24 ივნისის შემდეგ, რაც სწრაფი და სისხლისმღვრელი სვლით მოსკოვის გარეუბნებამდე მისულმა თავისი სამხედროები უკან მოაბრუნა, ევგენი პრიგოჟინი ფიზიკურად ჯერ არავის უნახავს და არც მისი ვიდეომიმართვა გავრცელებულა. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ტელეგრამარხიც, დღის ბოლომდე, მხოლოდ ალიაქსანდრ ლუკაშენკას სიტყვებზე დაყრდნობით წერდა, რომ პრიგოჟინი ბელარუსშია.

მანამდე, 27 ივნისს, მონიტორინგის ჯგუფმა, Беларускі Гаюн-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი მინსკის მახლობლად მდებარე მაჩულიშჩის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა. Беларускі Гаюн-ი - ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობას აკვირდება.

ვარაუდობენ, რომ ის მინსკის დასავლეთ ნაწილში, სასტუმრო Green City Hotel-ში დაბინავდა.

ევგენი პრიგოჟინის არშემდგარი გადატრიალების ფონზე, ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, როგორც გადამრჩენელი, რუსეთში ლამის გმირად შერაცხეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დისკუსიებში რუსეთის უბრალო მოქალაქეები გულითად მადლობას სწირავენ - სისხლისღვრის თავიდან აშორების გამო.

თავად ლუკაშენკა ამბობს, რომ მისი ქმედება გმირობა არ არის, მაგრამ ასევე აღნიშნავს, რომ მზად იყო ყველაფრისთვის და ჯარიც სრული მზადყოფნის რეჟიმზე გადაიყვანა, რადგან რუსეთის დაშლა მისთვის „ყველას ნანგრევებში მოყოლას“ ნიშნავს და „თუ არეულობა იქნებოდა, დასავლეთი ამით მაშინვე ისარგებლებდა“.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ლუკაშენკამ პრიგოჟინი, 20-წლიანი ნაცნობობის ხათრით, პირადი ინიციატივით მიიწვია, როგორც ამას პუტინის პრესმდივანი პესკოვი ირწმუნება, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ეს გამორიცხულია კრემლის დირექტივების გარეშე.

„ნებისმიერ შემთხვევაში ჩანს, რომ კრემლი იყენებს ლუკაშენკას და ის არ არის მთავარი ფიგურა ამ პროცესში. ის ტექნიკურ როლს თამაშობს და თან საკუთარი თავის პიარს ეწევა“, - ეუბნება რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს პოლიტიკური მიმომხილველი ალექსანდრ კლასკოვსკი. მისი ვარაუდით, ბელარუსი პრიგოჟინისთვის შესაძლოა სატრანზიტო ზონა იყო, საიდანაც საკუთარ ბიზნესს აფრიკაში დაუბრუნდება.

მაგრამ თუკი პრიგოჟინი დარჩება ბელარუსში, კლასკოვსკის აზრით, „ორი დათვი ვიწროდ იქნება ერთ ბუნაგში“ და, ამასთან, ვალში არც ამბოხის ფონზე „დამცირებული პუტინი“ დარჩება და შეეცდება ყველას დაანახვოს „ვინ არის ბატონი და ვინ ვასალი“.

თუკი პრიგოჟინმა უღალატა პუტინს, თავის თანამებრძოლებს - რატომ არ უღალატებს თავად ლუკაშენკას? - შეკითხვას სვამს ბელარუსის საჰაერო სადესანტო ძალების პოლკოვნიკი ვალერი სახაშჩიკი, რომელიც ამჟამად ოპოზიციონერი ლიდერის - სვიატლანა ციხანოუსკაიას გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტის წარმომადენელია.

„ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბრისას პოლკოვნიკი აღნიშნავს, რომ პრიგოჟინის საკითხი ლუკაშენკასთვის მხოლოდ თავის გამოჩენის შესაძლებლობაა, სხვა მხრივ კი - პრიგოჟინი არაფერში გამოადგება და არც მათ შორის - აფრიკაში იარაღის შესაძლო გაყიდვის ხაზით, რადგან „ბელარუსი აკეთებს მხოლოდ იმას, რის ნებასაც დართავს რუსეთი“.

„ლუკაშენკას ყველაფერი უნდა, რაც მას მედიის სივრცეში გაიყვანს და წარმოაჩენს როგორც ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ რაღაცის გაკეთება შეუძლია. სულ ეს არის. წერტილი“, - ამბობს ვალერი სახაშჩიკი.

რას უპირებს „ვაგნერს“ ლუკაშენკა?

„ლუკაშენკამ შემოგვთავაზა „ვაგნერის“ მუშაობის გაგრძელების ვარიანტი კანონიერი იურისდიქციით“, - ამბობს პრიგოჟინი 26 ივნისს „ვაგნერის“ პრესსამსახურის მიერ მისი სახელით გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რამაც ექსპერტებს შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ პრიგოჟინი ბელარუსში მარტო ჩასვლას არ გეგმავდა.

26 ივნისს, თავის გამოსვლაში, „ვაგნერელებს“ ბელარუსში წასვლა პრეზიდენტმა პუტინმაც შესთავაზა ერთ-ერთ არჩევნად, რუსეთის არმიასთან კონტრაქტის გაფორმების ან სახლში წასვლის გარდა.

ФСБ პრესსამსახურზე დაყრდნობით, რუსეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო ამბოხებასთან დაკავშირებული გამოძიება შეწყდა და საქმე დაიხურა. ძალოვნების მონაცემებით, გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ პროცესის მონაწილეებმა 24 ივნისს შეწყვიტეს დანაშაულებრივი საქმიანობა.

რუსული წყაროების მიერ გავრცელებული, მაგრამ დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბელარუსში „ვაგნერელებისთვის“ ბანაკებს ამზადებენ - 24 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, სადაც 8000 საწოლის განთავსებაა დაგეგმილი. თუმცა ამ ინფორმაციას 26 ივნისის მდგომარეობით არ ადასტურებდა Беларускі Гаюн-ი.

27 ივნისს, ლუკაშენკამ თქვა, რომ „ვაგნერისთვის“ ახალ ბანაკებს „ჯერჯერობით“ არ აშენებენ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ყველანაირად დაეხმარებიან.

„ჩვენ მათ ერთ-ერთი მიტოვებული სამხედრო ნაწილი შევთავაზეთ. ღობე არის, ყველაფერი არის. კარვები გაიშალოს. დავეხმარებით, რითაც შევძლებთ“, - თქვა მან ოფიცერთა უმაღლესი შემადგენლობისთვის სამხრეთა გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე.

ბალარუსის ლიდერს გადაწყვეტილი აქვს, რომ „ვაგნერელები“, როგორც ომში გამოცდილები, შეიარაღებულ ძალებში ინსტრუქტორებად მიიღოს და თავდაცვის მინისტრს ვიქტორ ხრენინს მოუწოდა, მოლაპარაკებები გამართოს მათთან.

„დაგველაპარაკებიან იარაღზე: რამ იმუშავა, რამ არა, ტაქტიკაზე, შეიარაღებაზე, როგორი უნდა იყოს თავდასხმა, როგორ დავიცვათ თავი. ეს შეუფასებელია. აი, რა უნდა ავიღოთ "ვაგნერელებისგან“, - ამბობს ლუკაშენკა. მას სააგენტო „ბელტა“ ციტირებს.

მანამდე, ხრენინმა თქვა, რომ ბელარუსის არმიაში ასეთი ქვედანაყოფი „არ აწყენდა“.

ასეთი მოცემულობის შემთხვევაში ექსპერტები მოვლენათა სხვადასხვაგვარ განვითარებაზე ლაპარაკობენ და მათ შორის არის - ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაში შეჭრის ვერსიაც, რაზეც აქტიურად მსჯელობენ უკრაინაში.

მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის თადარიგის დაჭერის აუცილებლობას ხედავენ ლიეტუვაში. ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ თუკი პრიგოჟინი „ვაგნერელების“ ნაწილთან ერთად, გაურკვეველი გეგმებით და განზრახვით ბელარუსში აღმოჩნდება, საჭირო იქნება ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება.

ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, 27 ივნისს, ვილნიუსში, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზეც განაცხადა. მანამდე კი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ სპეცსამსახურები გააძლიერებენ ლიეტუვის უსაფრთხოების პოლიტიკის ასპექტების და მეზობელ ბელარუსში შექმნილი სიტუაციის შეფასებას.

„დიდ ბრიტანეთში თვლიან, რომ თეორიულად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ შეიძლება დაიწყოს შეტევა კიევზე, ბელარასურის ტერიტორიიდან - ეს შესაძლებელია?“ – „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ შეკითხვაზე პასუხად, ბელარუსი სამხედრო, ვალერი სახაშჩიკი იხსენებს, რომ ბახმუტის აღებას „ვაგნერმა“ მრავალი თვე მოანდომა და ბელარუსის მხრიდან რუსეთს უკრაინაში წარმატებული შეჭრა რომ შეეძლოს, ამას აქამდეც გააკეთებდა. „არ შეუძლიათ მათ არაფერი და არც გააკეთებენ - ეს უტოპიაა“, - ამბობს ის.

„ვაგნერელებს“ „სახიფთო სტუმრებად“ თვლის - რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურის ბლოგერი, პოლიტიკური მიმომხილველი - ალეს ჩაიჩიცი და ფიქრობს, რომ ლუკაშენკას ახალი, სერიოზული თავსატეხი გაუჩნდება. მოსალოდნელ სცენარებს შორის არის: თავად ლუკაშენკას რეჟიმის განადგურების მცდელობაც, კრემლისთვის უფრო ხელსაყრელი, სრულყოფილი საოკუპაციო რეჟიმის შესაქმნელად.

ამავე ჩამონათვალშია ასევე ახალი მარში მოსკოვისკენ - უფრო მოკლე გზით, ბუნებრივი წინაღობების გარეშე.

კიდევ ერთი ვერსია, რასაც ექსპერტები აქტიურად განიხილავენ, ეს პრიგოჟინის და მისი „ვაგნერელების“ ბელარუსში შეტყუება და განადგურებაა.

აქამდე „ვაგნერისა“ და ბელარუსის თემა ერთმანეთს 2020 წლის აგვისტოში, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაუკავშირდა, როდესაც მინსკში კერძო სამხედრო კომპანიის 33 მებრძოლი დააკავეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG