Accessibility links

გაფართოვდება თუ არა წერტილოვანი შეზღუდვები? - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 ნოემბერს


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

დღეს გახდება ცნობილი ახალი მონაცემები კორონავირუსის დღიური შემთხვევების შესახებ. კვირის მონაცემებით კი, ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობამ 4048-ს მიაღწია. გარდაიცვალა 49 პაციენტი. შემთხვევების რაოდენობით თბილისი ისევ პირველ ადგილზეა.

მიუხედავად ვირუსის სწრაფი გავრცელებისა, საკოორდინაციო საბჭოს წევრები უარყოფენ, რომ ქვეყანაში ისევ „ლოკდაუნი“ გამოცხადდება. თუმცა გასულ კვირაში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ შესაძლოა კიდევ დაწესდეს გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოში ამ კვირიდან სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეზღუდვების ამოქმედების საკითხი განიხილება.

ყველა სიახლე ამ თემაზე წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

ვინ მოხვდა 2020 წლის პარლამენტში - ცესკოს მონაცემებით გასული დეპუტატების სია

ცესკომ პირველ და მეორე ტურში ხმების დათვლის პროცესი დაამთავრა, შესაბამისად, უკვე ცნობილია, პროპორციული და მაჟორიტარული წესით, რომელი პარტიის რამდენი კანდიდატი მოხვდება მეათე მოწვევის პარლამენტში. შედეგის მიხედვით, კვლავ საპარლამენტო უმრავლესობა ექნება „ქართულ ოცნებას“.

ამ დროისთვის, ცნობილია ისიც, რომ ოპოზიციური პარტიები 2020 წლის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

ბოიკოტის გარეშე კი საკანონმდებლო ორგანოში 9 პარტია შევიდოდა. ყველაზე მეტი დეპუტატი პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ ეყოლებოდა. პარტიას 90 მანდატი (60 პროპორციული წესით, 30 - მაჟორიტარული) აქვს. შემდეგ ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ - „ძალა ერთობაშია“ - 36 მანდატით, შემდეგ მოდიან „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო“ (4 მანდატი), „პატრიოტთა ალიანსი“ (4 მანდატი), „გირჩი“ (4 მანდატი), „მოქალაქეები“ (2 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი).

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა - იმედი გვაქვს, ყველა პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საპარლამენტო არჩევნებისა და ოპოზიციის ბოიკოტის შესახებ განცხადება გაავრცელა. „იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს.

მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

სრული განცხადება წაიკითხე აქ.

დღეს სასამართლო იმსჯელებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმისთვის დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმსჯელებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმისთვის დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. მას ბრალი გუშინ წარუდგინეს.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ლ.ზ.-ს, რომელიც 20 ნოემბერს, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სის" ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა, ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

წაიკითხე მეტი.

ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ

ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული და გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბების ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილის დაცვის მხარეს კომპიუტერული გრაფიკით დამონტაჟებული სატელიტური ჩანაწერები გადასცა, საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს გენერალურ პროკურატურაში, ფურცხვანიძემ სრულად აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალი და ითანამშრომლა გამოძიებასთან, მან 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. პროკურატურისავე ინფორმაციით, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ერთ-ერთი მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

წაიკითხე მეტი.

აშშ გამოეთიშება ღია ცის ხელშეკრულებას, მოსკოვი გმობს მის ამ ნაბიჯს

აშშ ოფიციალურად გამოეთიშება ღია ცის ხელშეკრულებას - 18 წლის განმავლობაში მოქმედ შეთანხმებას იარაღის კონტროლსა და შემოწმებაზე, რომლის დარღვევაშიც ვაშინგტონი ხშირად ადანაშაულებდა მოსკოვს.

ხელშეკრულებიდან გამოსვლა ბოლო დარტყმაა იარაღის საერთაშორისო კონტროლის სისტემაზე, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ის ჩიოდა, რომ ვაშინგტონს ატყუებენ, ან უსამართლოდ ზღუდავენ თავის სამხედრო შესაძლებლობებში.

წაიკითხე მეტი.

მეორე ტური - ძველი ბიულეტენებით, შაბაშებით, ფოიერვერკებით, თვლემით უბნებზე და ხალისით სოციალურ ქსელში

არჩევნების მეორე ტური ჩატარებულია. შედეგები ცნობილი. ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე „დამაჯერებლად გამარჯვებას“ ზეიმობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“.

საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა საარჩევნო უბნებზე. რასაც ვერ ვიტყვით სოციალურ ქსელზე, სადაც არჩევნების მეორე ტური შეფასებების და ხალისის საგნადაც კი იქცა.

ხუმრობდნენ, მაგალითად, ამომრჩევლის დაბალ აქტივობაზე. ადარებდნენ პირველ და მეორე ტურებზე ამომრჩევლის აქტიურობას ერთსა და იმავე უბანზე, ერთსა და იმავე დროს. ყველა საინტერესო ფოტო და პოსტი რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ეკა ქევანიშვილმა შეკრიბა. სტატია უცნაურად მშვიდი მეორე ტურისა და ფეისბუკმომხმარებლების რეაქციების შესახებ წაიკითხე აქ.

როგორ დაიწყო ყვითელი პრესის ისტორია საქართველოში, როგორ ესმოდათ სიტყვის თავისუფლება და როგორ შეაღწია სიყვითლემ სერიოზულ მედიაში? მედიის მკვლევრები, ლაშა ქავთარაძე და ლაურა კუტუბიძე იხსენებენ სახეებს, რომლებიც საქართველოში ყვითელი პრესის ისტორიას ქმნიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG