Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა (არ) შეიცვლება კობახიძის მთავრობის საგარეო პოლიტიკაში


ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხდება - რა წერია სამთავრობო პროგრამაში საგარეო პოლიტიკაზე?
ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხდება - რა წერია სამთავრობო პროგრამაში საგარეო პოლიტიკაზე?

მომავალი პრემიერის საგარეო პოლიტიკის პროგრამა „განსაკუთრებულ მნიშვნელობას“ ანიჭებს ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვასა და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა ქვეყანამ მიაღწიოს უმთავრეს მიზანს - სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას.

საგარეო პოლიტიკის ეს მახვილები „ქართული ოცნების“ ყველა მთავრობის მეთაურის, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტის პროგრამაშიც იყო დასმული.

ამავე დროს, საგარეო პოლიტიკის ექსპერტები მიუთითებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეალური საგარეო პოლიტიკა, - რასაც წელს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაც დაემატა, განსხვავდება დეკლარირებული პროდასავლური გზისგან და მას ბიძინა ივანიშვილის ხედვა განაპირობებს.

რა წერია ახალი პრემიერის პროგრამაში და რა არ წერია, რაც შეიძლება მოხდეს?

სამთავრობო გეგმა - ქაღალდზე

პარლამენტი პრემიერ-მინისტრად მალე დაამტკიცებს ირაკლი კობახიძეს. კობახიძის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იცვლება. პოსტს ინარჩუნებს ილია დარჩიაშვილიც, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრად 2022 წლის იანვრიდან მუშაობს.

დარჩიაშვილმა მთავრობის პროგრამის საგარეო პოლიტიკის ნაწილი, პარლამენტის საგარეო საქმეთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 7 თებერვალს წარადგინა.

ციტატები და ძირითადი აქცენტები პროგრამიდან:

დღეს მსოფლიოში რთული გეოპოლიტიკური გარემოა, რაც კარგად გააზრებულ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს მოითხოვს საგარეო პოლიტიკაში;
გამოწვევების მიუხედავად, ხელისუფლებამ „შეძლო აეცილებინა საფრთხეები“ და „ხელშესახები“ წარმატებაც მოიპოვა საგარეო ფრონტზე - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა;
ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის მუშაობა გაგრძელდება;
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას“;
მნიშვნელოვან ამოცანად რჩება დევნილთა სახლში დაბრუნებაზე მუშაობა და „ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაცია“, პარალელურად კი - „შერიგებისა პოლიტიკა“. გაგრძელდება მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკაზე ძალისხმევაც;
„ქვეყნის მთავარ სტრატეგიული პარტნიორთან, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობა გაღრმავდება“ - და „გააქტიურდება მასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხზე მუშაობა (დოკუმენტის საბოლოოდ მიღების მიზნით)“;
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა გამოკვეთა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ როლი. საქართველო, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა აქვს ევროპასთანაც და ჩინეთთანაც, „გააგრძელებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას“.
ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“ - პროგრამა პირობას დებს, რომ „გაგრძელდება ურთიერთობების განვითარება ყველა პრიორიტეტული მიმართულებით“.
უახლოეს მომავალში გაგრძელდება ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა „გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიზნით“.

პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ მისი მიზანია, ევროკავშირის 2030 წლის გაფართოების ტალღას საქართველო მომზადებული შეხვდეს, რათა „წევრი ქვეყნის სტატუსი“ მიიღოს.

ირაკლი კობახიძე პარლამენტში. 2024 წლის 8 თებერვალი
ირაკლი კობახიძე პარლამენტში. 2024 წლის 8 თებერვალი

ევროინტეგრაცია - რა ნაბიჯებით?

ოპონენტები პროგრამის აქცენტებს სკეპტიკურად უყურებენ. იგი „სადღეგრძელოდ“ მოიხსენია პარლამენტარმა თეონა აქუბარდიამ.

„ლელოს“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა ილია დარჩიაშვილს ზოგადი, დაუკონკრეტებელი ჩანაწერებისთვის უსაყვედურა: „აცხადებთ, რომ თქვენი მთავრობის პრიორიტეტია ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყება გაწევრებაზე, თუმცა არ განმარტავთ, როგორ აპირებთ ამას“.

ამავე პარტიის კიდევ ერთმა პარლამენტარმა, ანა ნაცვლიშვილმაც განაცხადა, რომ არც საგარეო საქმეთა მინისტრსა და არც პრემიერს არ დაუკონკრეტებიათ, რეფორმების განსახორციელებლად რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ:

„არაფერს ამბობთ სასამართლო რეფორმის მიმართულებით; იუსტიციის საბჭოა საკვანძო და ამაზეც არაფერს ამბობთ. სასამართლო კლანს სახლში უშვებთ თუ არ უშვებთ“, - მიმართა მან ილია დარჩიაშვილს და განაცხადა, რომ სინამდვილეში პარლამენტი ევრორეკომენდაციების საპირისპირო ნაბიჯებს დგამს:

„ორი დღის წინ აქ იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საარჩევნო რეფორმას, რომელიც ყველა იმ რეკომენდაციის წინააღმდეგ მიდის, რაც ვენეციის კომისიისგან გვაქვს მიღებული; ეს არღვევს იმ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაზეც გადის 9 რეფორმა“, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის წევრი „ლელოდან“, ანა ნაცვლიშვილი
პარლამენტის წევრი „ლელოდან“, ანა ნაცვლიშვილი

დარჩიაშვილმა ამაზე პასუხად თქვა, რომ ირაკლი კობახიძის დიდი „კონტრიბუცია“ იყო კანდიდატის სტატუსის მიღებაში: „დარწმუნებული ვარ, რომ მისი პრემიერობის პირობებში ახალი იმპულსი გვექნება ევროინტეგრაციის გასაძლიერებლად“.

ირაკლი კობახიძე და „გლობალური ომის პარტია“

ირაკლი კობახიძეს, რომელიც პრემიერობამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო, უკრაინის ომის შემდეგ არაერთი ანტიდასავლური, მათ შორის ევროკავშირის საკვანძო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ფრაზა ეკუთვნის. მაგალითად, ის, რომ:

„ჩალის ფასი აქვს [ევროპარლამენტის] რეზოლუციას“, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სანქცირებისკენ მოუწოდებს პარტნიორებს; მისი „სსრკ-ის უზენაეს საბჭოსაც კი შეშურდებოდა“;
კანდიდატის სტატუსი „პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს იძლევა“;
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.
„თუკი, თეორიულად, საქართველოში დეკემბრამდე დაიწყება ომი, ჩვენც მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“.

უკანასკნელი ფრაზა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაწყებული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც „საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობების შესახებ“ შეთქმულების თეორიებით საზრდოობს.

საჯაროდ კონსპირაციის ეს თეორია „ხალხის ძალისა“ და „ოცნებასთან“ აფილირებულ წრეებში გაჩნდა და შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკაშიც გადავიდა.

თუმცა ახლა კობახიძე ამბობს, რომ „არავის უთქვამს, დასავლეთი“ აპირებდა საქართველოს ომში ჩათრევას და „საუბარი იყო გლობალური ომის პარტიაზე, რომელსაც აქვს თავისი ფართო გავლენები“.

ის კვლავ არ აზუსტებს, ვინ დგას „გლობალური ომის პარტიის“ უკან.

აშშ - „მთავარი სტრატეგიული პარტნიორი“?

შეერთებული შტატები პროგრამაში „მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად“ არის დასახელებული.

თუმცა ამ პარტნიორობის სიძლიერეს, მისდამი თბილისის ერთგულებას, ბოლო წლებია, თბილისის მხრიდან ვაშინგტონის შენიშვნებზე არადიპლომატიური პასუხები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ქართულ ოცნებას“ მწვავე დაპირისპირება ჰქონდა აშშ-ის ყოფილ ელჩ კელი დეგნანთან, მათ შორის, „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ შეთქმულების თეორიების გამოც.

კობახიძემ აშშ ქართველი მოსამართლეების - სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, „სასამართლო კლანის წევრების“, - სანქცირების გამო „დამოუკიდებელ სასამართლოში ჩარევაში“ დაადანაშაულა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს წერილით მიმართა, „სრულიად გაუგებარი და მიუღებელი“ უწოდა სანქცირებას „ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე“ და მოითხოვა ან მტკიცებულებები, ან გადაწყვეტილების გაუქმება.

„სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება, როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“, - წერდა დარჩიაშვილი.

ეს წერილი საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გაახსენა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა:

„თქვენ პირველი მინისტრი ხართ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ვინც მუქარის ენით ესაუბრება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება… თქვით, რომ თუ არ განმარტავდა მიზეზს, მასთან ურთიერთობებს საფრთხე შეექმნებოდა. [რახან პროგრამაში კვლავ უმთავრეს პარტნიორად ახსენებთ], ესე იგი, არ გადაგიხედიათ სტრატეგიული მნიშვნელობისთვის. ესე იგი, მიიღეთ განმარტება დასანქცირებაზე? და რა რეაგირება უნდა ჰქონდეს ამაზე თქვენს ხელისუფლებას?"

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი
პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი

მინისტრმა დარჩიაშვილმა ამ კითხვას თავი აარიდა და მხოლოდ ის თქვა, რომ „გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია“.

რუსეთი და უკრაინა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გაუსვა ხაზი 6 თებერვალს, პარლამენტში ბოლო წლიური მოხსენებისას.

ანტიდასავლურმა პროპაგანდამ, მისი თქმით, „მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა, სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ შესამჩნევად შერბილდა პოზიციები“.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

„უკრაინასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვამ, საერთაშორისო სანქციებზე ევროკავშირისა და აშშ-სგან საჯაროდ დისტანცირებამ, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, ჩვენი საგარეო ორიენტაციის სიმყარის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა. დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით საფრთხის ქვეშ დავაყენეთ ჩვენ მიერ ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა და მიღწევები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმითვე, „სახელმწიფოს მასშტაბით“ მიმდინარეობს

  • ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა;
  • პრორუსული ჯგუფების წახალისება/დაფინანსება;
  • „მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც … გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე“…
  • სხვადასხვა პროვოკაცია: ფრენების აღდგენა, „ეფესბეს“ და სხვა მაღალჩინოსნების „შეუფერხებელი შემოსვლა“, რუსული საკრუიზო გემის „პარპაში“ ბათუმში თუ სტალინის ხატი სამების ტაძარში“.

როდესაც ილია დარჩიაშვილს ოპონენტებმა რუსეთთან თავშეკავებული დამოკიდებულების პარალელურად უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებისადმი „ოცნების“ მკვახე რიტორიკა შეახსენეს, ასევე ჰკითხეს, ომის დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე, რატომ არ ჩასულა პირადად კიევში.

„ორ კვირაში ორი წელი გადის უკრაინაში ომის დაწყებიდან. თქვენ არცერთხელ არ ჩასულხართ უკრაინაში, რათა თანაგრძნობა გამოგეხატათ ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის. ხომ არ აპირებთ ჩასვლას? არცერთხელ არ მიპასუხეთ ამ კითხვაზე. ახლა მაინც მიპასუხეთ, რატომ არ ჩახვედით ამ ორი წლის განმავლობაში?“ - ჰკითხა დარჩიაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა.

მინისტრმა კითხვას ასე უპასუხა: „უკრაინის მიმართ ჩვენს მხარდაჭერაზე არაერთხელ მისაუბრია. ბევრს აღარ ვისაუბრებ, რამდენად ღირსეულად იქცეოდა ჩვენი ქვეყანა უკრაინელების მხარდასაჭერად. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“.

ოპონენტებმა „ოცნების“ ხელისუფლებას მორიგ ანტიუკრაინულ ნაბიჯად ჩაუთვალეს 5 თებერვალს გაკეთებული განცხადება „უკრაინიდან საქართველოს გამოყენებით რუსეთში სავარაუდო ტერაქტის აღკვეთის“ შესახებ.

ოპოზიციონერები მთავრობას რუსეთის დაშოშმინების უხერხემლო პოლიტიკის გატარებაშიც სდებენ ბრალს. თეონა აქუბარდიამ მინისტრს ჰკითხა, რა არის ხელისუფლების პოზიცია აფხაზეთში, ბიჭვინთის აგარაკებისა და სხვა ტერიტორიების რუსეთის მიმართ უკანონოდ გადაცემის შესახებ:

„რას ვარქმევთ ამას? ოკუპაციის გაგრძელება? თუ ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი? 49 წლით რომ გადაეცეს მთლიანად აფხაზეთი რუსეთს, - კი, ბატონო, ე.წ. ხელშეკრულებებია, მაგრამ ხომ მიდის პროცესი - ამას რას დავარქმევთ? ე.წ. იჯარას თუ ფაქტობრივ ანექსიას?“

დარჩიაშვილის თქმით, მთავრობას „პოლიტიკური განცხადებების პარალელურად, ურჩევნია პარტნიორებთან მუშაობა, მათი მობილიზება მტკივნეულ საკითხებზე და ყოველთვის, როცა ასეთი ნაბიჯები იდგმებოდა [რუსეთის მხრიდან], საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავდა პოზიციას“.

დეპუტატმა აქუბარდიამ მას ჰკითხა, ცხინალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, - რასაც ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მოჰყვა - თუ მუშაობს მთავრობა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებაზე. დარჩიაშვილს ამ კითხვაზე არ უპასუხია.

ჩინეთი - ახალი სტრატეგიული პარტნიორი

სამთავრობო პროგრამაში წელს პირველად გამოიკვეთა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება.

საქართველო, - რომელიც კვლავ არის ნატოს ასპირანტი, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, - მეორე წელია, ღიად საუბრობს პეკინთან არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კავშირების გაღრმავების საჭიროებაზე. ეს იმის ფონზე, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები გაციებულია; ევროკავშირი, მეორე მხრივ, მასთან ძალიან აქტიურად ვაჭრობს, მაგრამ თან „სტრატეგიულ მეტოქედ“ განიხილავს.

კობახიძის ახალი მთავრობის პროგრამაში წერია, რომ

  • განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში ურთიერთობების განვითარებას დოკუმენტით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით“.
  • დაგეგმილია „აქტიური თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით“.

ჩინეთთან დაკავშირებით მინისტრ დარჩიაშვილს პარლამენტშიც ბევრი კითხვა დაუსვეს - თანაგუნდელებმაც და ოპონენტებმაც. მისი პასუხები ასეთი იყო:

  • „იმისთვის, რომ „შუა დერეფანი“ წარმატებული, შედეგზე ორიენტირებული იყოს, ჩვენი სატრანზიტო როლის სრულად რეალიზება მოხდეს, ჩინეთის როლი და ფუნქცია არის ძალიან მაღალი… ურთიერთობები გასაძლიერებელია;
  • ანაკლიის ინვესტორზე, რომელიც, შესაძლოა, ჩინეთთან დაკავშირებული კომპანია გახდეს: „ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ინვესტორები, რომლებიც ვალდებულებებს ვერ ასრულებენ. გვჭირდება ინვესტორები, რომლებიც ააშენებენ პორტებს და ვინც პასუხისმგებლობას აიღებენ სახელმწიფოს წინაშე“.

საგარეო მინისტრის რწმუნების მიუხედავად, რომ „ჩინეთი მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, დარჩიაშვილს ჰკითხეს, თუ ასეა, რატომ არ ჩაიწერა ეს დეტალი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში:

  • ანა ნაცვლიშვილი: „სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში გქონდათ თუ არა ჩინეთის მიმართ მოთხოვნა, ან წინადადება, რომ როგორც საქართველო აღიარებს „ერთი ჩინეთის პრინციპს“, ჩინეთსაც ეღიარებინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან? თუ იდო საგარეოს მხრიდან ეს წინადადება და ჩინეთმა უარყო? და თუ ასე იყო, ამის შემდეგ მაინც მოაწერეთ ხელი?“
  • სალომე სამადაშვილი: „ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობასა და პოლიტიკურ თანამშრომლობაზე რომ შეთანხმდით, თუ წამოიღეთ გარანტია, რომ ჩინეთი, - რომელსაც არასდროს მხარი არ დაუჭერია გაეროში ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხისთვის, რაც ეხება დევნილების დაბრუნებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - ამ დამოკიდებულებას შეცვლის?“

ამ კითხვებზე მინისტრის პასუხი მოკლედ იყო მოჭრილი: „კიდევ ერთხელ - ჩინეთი უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.

ირაკლი კობახიძე პრემიერად დასახელებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე თავად ხელმძღვანელობდა საპარლამენტო დელეგაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. სხვებთან ერთად, მას თან ახლდა ახლა უკვე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი.

ანალიტიკოსი გია ნოდია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ივანიშვილის მიერ „ირაკლი კობახიძისათვის ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის ხელმძღვანელობის ჩაბარება ადასტურებს, რომ მას უფრო მეტად ენდობა, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს“.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას ახალი პრემიერის პირობებში, გია ნოდია რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელის.

იმავე აზრზეა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია, რომელიც ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკაში, სავარაუდოდ, „ფარული მულტივექტორულობის პოლიტიკა“ გაგრძელდება.

ეს პოლიტიკა კი ასე ხასიათდება:

  • დეკლარირებულიი შე მხარდაჭერა და მზარდი ანტაგონიზმი ვაშინგტონთან, ბრიუსელსა და კიევთან;
  • „არგაღიზიანების პრაგმატული პოლიტიკა“ რუსეთთან - როგორც ამას ირაკლი კობახიძე უწოდებდა;
  • ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან - „შუა დერეფნისა“ და ანაკლიის პორტის განვითარებით და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG