Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აწუხებთ როჰამსა და მის მეგობრებს?


როჰამ აბასიანი ქრისტიანი ირანელია - საქართველოში ცხოვრობს და საქართველოში უნდა დარჩენა. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირი ყოველ ნაბიჯზე აწყდება პრობლემებს. ირანში მას ჯერ ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო დევნიდნენ, მერე ამას ქრისტიანობის მიღებაც დაემატა.

შაჰ-აბასს ჩემი ხელით მოვკლავდი

გოგო მოსწონდა, ლამაზი იყოო, კარგი ხასიათის - ქეთი. პირველი ქართველი იყო, რომელსაც ეგრევე არ უკითხავს - რა ეროვნების იყო როჰამი. მესამე დღეს ჰკითხა და მას შემდეგ აღარც მისი ზარისთვის უპასუხია.

„ფეხის ყოველ გადადგმაზე შაჰ-აბასს მეძახიან მაშინვე, როგორც კი გაიგებენ, რომ ირანიდან ვარ... ვერ ვხვდები და ვიბნევი, როცა ჩემს კეთილგანწყობას ირონიითა და სიძულვილით ხვდებიან...

ყველაზე ამას ვერ ვიტყვი და აქ ჩემი საუკეთესო მეგობარიც ქართველია... მაგრამ ისე გამიმწარა ამ შაჰ-აბასმა ცხოვრება, წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, ჩემი ხელით მოვკლავდი“.

როჰამი ძალიან შეწუხებულია, რომ ყველა ირანელის ცოდვები, მისი სახით, ერთ უდანაშაულო ადამიანს მოეკითხება - „თუკი ირანელები საქართველოში ნარკოტიკების გაყიდვისთვის დაიჭირეს ანდა თუკი ისინი ღამის ბარებში პრობლემებს ქმნიან, - მე რა დავაშავე?! ყველაფერი ჩემი ბრალია?!“

როჰამი ხვდება, რომ ხალხი სწორედ ირანელობის გამო ერიდება მას და მის მეგობრებს. ასევე ირანელობის გამო არ იღებენ სამსახურში და უარს ეუბნებიან ჩვეულებრივ სერვისებზე - მათ შორის, მაგალითად, ბანკებში.

ქსენოფობია საქართველოს პრობლემაა. რადიკალური ჯგუფები ძირითადად ირანელებსა და თურქებს ერჩიან. ზიზღი განსაკუთრებით კარგად ჩანს სოციალურ ქსელში.

  • „შეგვჭამეს ირანელებმა“
  • „მალე საქართველოში სულ ირანელები დარჩებიან“
  • „ჩვენს ქალებს შეურაცხყოფენ, აღმაშენებლის გამზირზე ქალს ვერ გაუვლია“

ამ ყველაფრის მიუხედავად, როჰამ აბასიანს საქართველო მაინც ძალიან უყვარს. ამბობს, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრებდა. ხალხიც მოსწონს - ძირითადი ნაწილი გულღია და მეგობრულიაო.

საქართველოში მინდა ცხოვრება

როჰამ აბასიანი ქრისტიანი ირანელია. მუსლიმანობა კლინიკური სიკვდილის შემდეგ დათმო, ოთხი წლის წინ.

„თვალი გავახილე თუ არა, იმ წამიდან გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრების გზა ქრისტიანად უნდა გამეგრძელებინა... 25 წუთი ვიყავი მკვდარი. მეზობელმა შემთხვევით მიპოვა. სახლში რომ შემოვიდა, ესეც საოცრება იყო - კარი წესით დაკეტილი უნდა ყოფილიყო...“

როჰამი ირანშივე გაქრისტიანდა და როცა ეს ფაქტი მის ოპოზიციურ საქმიანობას დაემატა. როგორც თავად ამბობს, სასტიკი დევნა დაუწყეს. ერთი მეგობარი ქუჩაში პოლიციელებმა მოუკლეს, ხოლო მეორე - დაიჭირეს.

„ირანში რომ დავრჩენილიყავი, ნამდვილად მომკლავდნენ... ირანში ჩემი დაბრუნება არ შეიძლება“.

ირანი მან 2017 წლის მაისში დატოვა. ჯერ თურქეთში ჩავიდა, ხოლო 3 დღის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და თავშესაფარი მოითხოვა. მას შემდეგ ელოდება.

  • თავშესაფრის მთხოვნელ პირთა საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი „საერთაშორისო დაცვის შესახებ ;
  • თავშესაფრის მინიჭება და საერთაშორისო დაცვის უფლების განხორციელება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა;
  • თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული განაცხადები შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში განიხილება.

რამდენი ლტოლვილი თუ ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირია დღეს საქართველოში? რადიო თავისუფლებამ მიმართა შს სამინისტროს, თუმცა უახლესი მონაცემები ვერ მიიღო.

სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, წლის ბოლოსთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე 1 477 პირი ცხოვრობდა. აქედან, ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა 450 პირს, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსი - 1 027 პირს.

ინფორმაციის მოძიება საჯარო სივრცეში მხოლოდ ფრაგმენტულად არის შესაძლებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა როჰამ აბასიანს 2017 წლის დეკემბერში უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა და დაახლოებით 9-თვიანი პროცესის შემდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ შს სამინისტროს არ ჰქონდა უარის თქმის საფუძველი; თუმცა სასამართლომ არავინ დაავალდებულა, რომ როჰამ აბასიანისთვის ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებინა.

„სამინისტროს პასუხს ველოდებით, ანუ ყველაფერი თავიდან იწყება და ამასობაში გადის დრო. პროცესი ჭიანურდება, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში“, - ამბობს როჰამის ადვოკატი ბექა ბასილაია. მისი თქმით:

  • შს სამინისტროს გადაწყვეტილებაში არ ჩანდა ინდივიდუალური მიდგომა, ანუ რა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ქართულ სახელმწიფოს;
  • პრაქტიკა აჩვენებს, რომ პროცედურები უაღრესად გართულებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქეების მიმართ.

სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, საგრძნობლად გაუარესდა სტატუსის მინიჭების საერთო მაჩვენებელი:

  • 2015 წელს - 1 262 საქმიდან დადებითი მაჩვენებელი იყო - 75%;
  • 2016 წელს - 583 საქმიდან - 43%;
  • 2017 წელს - 492 საქმიდან - 18%.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, იმატა სტატუსის მინიჭებაზე უარის შემთხვევებმა სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტით. თუმცა კვლავ პრობლემაა ამგვარი გადაწყვეტილებების დასაბუთების საკითხი.

როჰამ აბასიანს დიდი იმედი აქვს, რომ საბოლოოდ გაიმარჯვებს და საცხოვრებლად საქართველოში დარჩება. საქართველოში თავშესაფრის მიღებას ის მისიის აუცილებელ ნაწილად განიხილავს.

როჰამი საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის აქტიური წევრია და საქართველოში მუსლიმანებთან მუშაობს, მათი ქრისტიანობით დაინტერესების მიზნით - „კვირაში 3-4 ადამიანის დარწმუნებას ვახერხებთ. ღმერთს მადლობა“.

დასაქმება - ხშირად შიმშილობით

როჰამ აბასიანს გაუმართლა - ბინა კეთილმა ადამიანმა დაუთმო და თავშესაფარში ცხოვრება არ უწევს. მაგრამ დილით რომ გაიღვიძებს, ხშირად ისიც არ იცის, მშიერი ხომ არ დარჩება - „მარტო ღმერთის იმედი მაქვს“.

როჰამი პროფესიით სამრეწველო დიზაინის სპეციალისტია. თავის ქვეყანაში საკუთარი ფირმაც ჰქონდა. ნატრობს იმ დროს - „საქმე კარგად ავაწყვე, ნორმალური შემოსავალი მქონდა, ჩემთან უნივერსიტეტის პროფესორებიც კი მუშაობდნენ“.

საქართველოს კანონმდებლობა მუშაობის უფლებას ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირებსაც აძლევს. თუმცა როჰამის გამოცდილებით, დამსაქმებელი დღეში 11-12-საათიან მუშაობას ითხოვს, ხელფასად კი 150-250 ლარს თუ სთავაზობს. ამჟამად როჰამი ერთ ფირმაში მუშაობს, თანამდებობაც აქვს, არქიტექტურის დეპარტამენტის უფროსია, მაგრამ ხელფასი ისევ ცოტაა - 200 ლარი.

როჰამის მსგავსად, თვიდან თვემდე არსებობისთვის ბრძოლა უწევს მის არაერთ ირანელ მეგობარს. ისინიც ლტოლვილის სტატუსს ელოდებიან. თუკი ლტოლვილებს სახელმწიფო თვეში 45 ლარს უხდის, მაძიებლები დახმარებას არ იღებენ. ზოგი შიმშილობს კიდეც.

შედარებით ყოჩაღები პერიოდულად ახერხებენ:

  • შენობებისა და ეზოების დასუფთავებას;
  • დახმარებას სარემონტო სამუშაოებზე;
  • გიდობას ირანელი ტურისტებისთვის.

„ვიცი, რომ საქართველოში სამსახურს ბევრი ვერ შოულობს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ამ ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება შემიძლია. ხშირად არც მისმენენ. დავიჯერო, არავის სჭირდება აქ ჩემი პროფესიის კარგი სპეციალისტი?!“, - ამბობს როჰამ აბასიანი.

"ქართველთა მარში" მიგრანტების წინააღმდეგ, 2017 წლის 14 ივლისი
"ქართველთა მარში" მიგრანტების წინააღმდეგ, 2017 წლის 14 ივლისი

ერთხელ ძალიან გულნატკენი გამოუშვიათ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან - „მკითხეს, ირანელი ხარ და საქართველოსთვის რაღაცების გაკეთება რატომ გინდაო?!“

როჰამმა საქართველოში კომპანიის დაარსებაც სცადა, მაგრამ მუშაობის საშუალება არ მიეცა და ფიქრობს, რომ აქაც მისმა ირანელობამ შეუშალა ხელი. იმასაც ვერ მიაღწია, რომ ბანკში დოლარის ანგარიში გაეხსნა და უცხოელ ინვესტორებთან დაეწყო მოლაპარაკებები.

დაუსაბუთებელი უარი საბანკო ანგარიშზე

როჰამი მიზანდასახულია, თავისი უფლებებისთვის ბრძოლა შეუძლია. ჯერ მიზანს ვერ მიაღწია, ბევრი უარიც მიიღო, მაგრამ მაინც ჯიუტად დადის ბანკიდან ბანკში, დოლარის მიმდინარე ანგარიში რომ გაუხსნან.

„ირანელი ხარ? ირანელს ვერ გაგიხსნით დოლარის ანგარიშს. შესაძლებელია მხოლოდ ლარის ანგარიშის გახსნა - ძირითადად ასე მპასუხობენ“ - თუმცა ბანკების უმეტესობა თავს არიდებს ანგარიშის ეროვნულ ვალუტაში გახსნასაც.

როჰამმა „საქართველოს ბანკისგან“ მოითხოვა ოფიციალური პასუხი იმაზე, თუ რატომ არ გაუხსნეს ანგარიში ეროვნულ ვალუტაში. პასუხში წერია, რომ ბანკს აქვს უფლება „ყოველგვარი დასაბუთების გარეშე“ თქვას უარი.

ამ ეტაპზე მას “TBC ბანკში” ლარის მიმდინარე ანგარიში და დოლარი/ევროს შემნახველი ანგარიში აქვს გახსნილი.

რაში გჭირდება მაინცდამაინც დოლარის მიმდინარე ანგარიში? - ხშირად ეკითხებიან როჰამს.

პასუხი ასეთი აქვს:

  • „ვფიქრობ, იქნებ უცხოელი ინვესტორები დავაინტერესო-მეთქი; მაგრამ როცა დოლარის ანგარიშიც კი არ გაქვს, აბა ვინ აღგიქვამს სერიოზულად“;
  • „დოლარის ანგარიშის გარეშე ინტერნეტითაც ვერაფერს გამოიწერ“.

როჰამის მეგობარს, ამირან არიაის, ჯერჯერობით უარს ეუბნებიან დოლარის შემნახველი ანგარიშის გახსნაზეც. ამირანს უცხოელებისგან ნაჩუქარი დოლარების ლარის ანგარიშზე შეტანა არ აწყობს, არადა თან ტარებითაც დაიღალა:

  • „დოლარი ლარის ანგარიშზე რომ შევიტანო, წაგებული დავრჩები (10 ლარიც რომ დავკარგო, ჩემთვის დიდი ფულია)“;
  • „თავშესაფარში ვცხოვრობ, ირგვლივ ბევრი უცხო ხალხია და სულ დაძაბული ვარ - ლამის ფული შხაპის მიღების დროსაც თან შევიტანო“.

საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული პრობლემები როჰამის სხვა არაერთ მეგობარს აქვს. კანონი კი ირანელებს ამ მხრივ თითქოს არანაირ შეზღუდვას არ უწესებს.

პასუხში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ეროვნული ბანკისგან მიიღო, განმარტებულია, რომ:

  • „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კომერციულ ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე;
  • ანალოგიური რეგულაციაა გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 07 აპრილის N24/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით.
  • „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომერციული ბანკები, ვალდებული არიან გამოიყენონ რისკზე დაფუძნებული მიდგომა და შეიმუშაონ რისკების მართვის პროცედურები“.
  • ასევე, ისინი „უფლებამოსილი არიან თავის შიდა პოლიტიკით, თავად განსაზღვრონ გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში არ მოემსახურებიან, ან მხოლოდ შეზღუდულ ტრანზაქციებს შეუსრულებენ კლიენტებს“.

რაც შეეხება, მაგალითად ირანის, ერაყისა თუ პაკისტანის მოქალაქეებს, ეროვნული ბანკი განგვიმარტავს, რომ კომერციული ბანკების მიერ გამოყენებული შეზღუდვები „გარკვეულწილად განპირობებულია იმ გარემოებით, რომ აღნიშნული ქვეყნები განიხილება ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების კუთხით მომატებული რისკის მატარებლად ევროკავშირისა და FATF-ის (ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი) მიერ“.

საქართველოში მცხოვრები, ლტოლვილის სტატუსის მომლოდინე ირანელები ამბობენ, რომ უკვე დაიღალნენ ოფიციალური, ზოგადი პასუხებით, რომლებიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არასათანადოდ არის შესწავლილი.

„ჩვენ ინდივიდები ვართ, ადამიანები. ამ ქვეყნისთვის გვინდა მხოლოდ კარგი და თუკი ჩვენი არ სჯერა სახელმწიფოს, თუკი ის დამნაშავეებად გვთვლის, რატომ არ გვიჭერს მაშინ?! გამოიკვლიოს კარგად, იქნებ არა ვართ ცუდები“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG