Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის ვიქტორ მედვედჩუკს


უკრაინის უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ეჭვმიტანილად გამოაცხადა პრორუსულად განწყობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი და მისი თანამოაზრე, აგრეთვე უმაღლესი რადის დეპუტატი, ტარას კოზაკი.

„ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამად წოდებული მედვედჩუკი და ამავე გაერთიანების წევრი ტელემაგნატი ტარას კოზაკი ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფოს ღალატში და ისეთ საქმიანობაში, რომელიც მიმართულია „უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების“ ძირის გამოთხრასა და რუსეთისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში.

ორივე ბრალდება სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება და, უკრაინის პროკურატურის განცხადებით, გამოძიებას მოეპოვება უტყუარი ფაქტები ამ ბრალდების სასამართლოზე დასამტკიცებლად.

თუმცა ასე არ ფიქრობს ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც 12 მაისს თავად გამოცხადდა გენერალურ პროკურატურაში და „აბსურდი“ უწოდა მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს.

რა ბედი ელის ვიქტორ მედვედჩუკს?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:58 0:00
გადმოწერა

აგრესორთან თანამშრომლობა სახელმწიფოს საზიანოდ

უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, რომლის გამომძიებლებმა 11 მაისს ჩხრეკა ჩაატარეს ეჭვმიტანილი პოლიტიკოსების საცხოვრებელ სახლებსა და პარტიის ოფისში, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით რუსეთს გადასცა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ.

ამ ბრალდების გარდა, უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას მიერ მედვედჩუკ-კოზაკის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტში საუბარია ასევე „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეროვნული ფასეულობების ძარცვის სამზადისის შესახებ“.

საქმე ეხება შავი ზღვის შელფზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქერჩში არსებულ გაზის საბადო „გლუბოკაიაზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან მედვედჩუკისა და კოზაკის კავშირებზე.

აღსანიშნავია, რომ ანექსირებულ ქერჩში არსებულ „გლუბოკაიას“ საბადოსთან ვიქტორ მედვედჩუკის უკანონო ბიზნესკავშირებზე პირველად 2018 წლის ოქტომბერში რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტმა „სქემებმა“ გაავრცელა დოკუმენტური მასალა. მასში, კერძოდ, ნათქვამი იყო, რომ გაზის და ნავთობის საბადო „გლუბოკაიას“ შელფის ნაწილი გადაეცა კომპანია „ახალ პროექტებს“, რომლის დირექტორიც ვიქტორ მედვედჩუკის ოჯახთან დაახლოებული ბიზნესპარტნიორია.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ივან ბაკანოვის, თანახმად, ყირიმის ანექსიის შემდეგ მედვედჩუკმა ამ საბადოს შესახებ ექსკლუზიური მონაცემები გადასცა „საოკუპაციო ხელისუფლებას“, ხოლო კიევში დარეგისტრირებული თავისი სააქციო საზოგადოება „ახალი პროექტები“ გადაიყვანა ყირიმის იურიდიულ მისამართზე და შემდეგომში უკვე საბადო „გლუბოკაიაზე“ გაზის მოპოვება ხორციელდებოდა რუსეთის რეგისტრაციის მქონე საწარმოს მიერ, რომელიც გადასახადს რუსეთის ბიუჯეტში იხდიდა.

„შესაბამისად, უკრაინელი პოლიტიკოსები შეუერთდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საბადოს ათვისების სამუშაოებს და, ფაქტობრივად, ეხმარებიან აგრესორ სახელმწიფოს, რომელმაც ეს საბადოები მიითვისა“, - განაცხადა ბრიფინგზე ივან ბაკანოვმა.

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას მიერ მედვედჩუკის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე, უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს კიევში მდებარე მედვედჩუკისა და ტარას კოზაკის საცხოვრებელ სახლებსა და „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ოფისში.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებაში პოლიტიკოსების სახლში ჩატარებულ ჩხრეკას უწოდეს იმ პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ თებერვალში თავისივე მოქალაქეების, მედვედჩუკისა და კოზაკის, წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციების შემოღებით დაიწყო.

დამოუკიდებელი უკრაინელი მიმომხილველები კი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო მტკიცედ უნდა მოქმედებდეს იმ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, რომელიც თავისი შემადგენლობით სააქციო საზოგადოებას უფრო წააგავს, ხოლო რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა მისი ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ მედვედჩუკის, „პოლიტიკური კაპიტალის“ ნაწილს წარმოადგენს.

„მედვედჩუკი, რა თქმა უნდა, ყველაზე პრორუსი ოლიგაქრია. იგი ერთადერთია უკრაინელ ოლიგარქთა შორის, ვინც პუტინის ნათლიმამაა და, თანაც, ის კი არ მალავს რუსეთთან კავშირს, არამედ ამას წინა პლანზე აყენებს. ანუ მისთვის რუსეთთან კავშირი პოლიტიკური კაპიტალის ნაწილს წარმოადგენს. მასზე თავდასხმა ზელენსკის მხრიდან იმის დემონსტრირებაა, რომ მედვედჩუკი უკვე აღარ არის საჭირო, როგორც კრემლთან ურთიერთობაში შუამავალი, და ამიტომ იგი შეიძლება მოიშორო. ინტრიგა იმაში მდგომარეობს, დაეთანხმება თუ არა კრემლი, რომ მედვედჩუკი ჩამოაშორონ საჯარო სივრცეს და ეყოფა თუ არა ზელენსკის გუნდს ძალა, რომ ჩამოაშოროს მედვედჩუკი საჯარო სივრცეს“,- ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში მდებარე „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

რას იტყვის კრემლი?

ვიქტორ მედვედჩუკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს 12 მაისს „უკრაინის შიდა საქმე“ უწოდა რუსეთის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ამ პროცესებში ჩარევას.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროცესებში, უკრაინის ამ შიდა საქმეში ჩარევას, მაგრამ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას და გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ამის უკან არ დგას პოლიტიკური მოტივით დევნა, რაღაც კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური კონკურენტის გზიდან ჩამოშორებას“, - განაცხადა პესკოვმა 12 მაისს.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი მედვედჩუკისათვის თავშესაფრის მიცემას, პესკოვმა თქვა, რომ რამდენადაც იცის, მისგან ასეთი დახმარების თხოვნა არ ყოფილა. „მას რაიმე სახის დახმარებას ძნელად თუ გავუწევთ იმ დევნის ფონზე, რომელსაც ახლა აქვს ადგილი“, - დასძინა პესკოვმა.

ვიქტორ მედვედჩუკიც აცხადებს, რომ ის არსად გაქცევას არ აპირებს. პრორუსულად განწყობილი პოლიტოკოსი 12 მაისს თავად გამოცხადდა გენერალურ პროკურატურაში და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურს ცნობით, ადვოკატითა და თანაპარტიელებით გარშემორტყმულმა მედვედჩუკმა პროკურატურის შესასვლელთან განაცხადა, რომ არ აპირებს უკრაინიდან გაქცევას და პატიმრობისთვისაც კი მზად არის.

მაგრამ საკითხავია, თუ რამდენად არის თავად უკრაინის ხელისუფლება მზად ასეთი მძიმეწონოსანი პოლიტიკოსისა და პუტინის ნათლიმამად წოდებული ოლიგარქისათვის თავისუფლების აღსაკვეთად.

„ჯერჯერობით მე არ მაქვს შეგრძნება, რომ უკრაინის ხელისუფლება პირველ ნომრად თამაშობდეს, ჰქონდეს მოქმედების საბოლოო გეგმა იმის შესახებ, თუ რა სვლები უნდა განახორციელოს ვიქტორ მედვედჩუკის მიმართ. სიმართლე ითქვას, ეს ძალიან სამწუხარო შეგრძნებაა. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, უკრაინის სპეცსამსახურები მედვედჩუკს დააკავებდნენ. მე ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან იქ საკმაოდ ბევრი პროფესიონალი მუშაობს“,- უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა ანალიტოკოსმა ევჰენ მაგდამ.

  • უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მთავარმა სათათბირო ორგანომ, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ, ორი თვის წინ მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა ვიქტორ მედვედჩუკს.
  • სანქციების ქვეშ მოყვნენ მედვედჩუკის ცოლი, ოლგა მარჩენკო, ექვსი პირი და 19 კომპანია, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, ოლიგარქთან არიან დაკავშირებული. სანქცირებული პირებიდან რამდენიმე რუსეთის მოქალაქეა.
  • სანქციებით სამი წლით გაიყინა წყვილის ქონება და მათ უკრაინაში ბიზნესის წარმოება შეეზღუდათ. მედვედჩუკის ქონების უდიდესი ნაწილი მისი ცოლის სახელზეა გაფორმებული.
  • უფრო ადრე, 2 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა მისი ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შეთავაზებულ სანქციებს სამი სატელევიზიო არხის წინააღმდეგ, რომლებსაც ფორმალურად ფლობს ტარას კოზაკი, პრორუსული ოპოზიციური ფრაქციის, "სიცოცხლის პლატფორმის", წევრი.
  • თუმცა, უკრაინის მედიის თანახმად, ეს მედიასაშუალებები - უკრაინული ტელეარხი 112, NewsOne-ი, და ZIK-ი - რეალურად ვიქტორ მედვედჩუკის მფლობელობაშია, რომელიც არის ფრაქციის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი და ყველაზე გავლენიანი ფიგურა. მედვედჩუკი, რომელმაც პუტინი აირჩია თავისი ქალიშვილის ნათლიად, უარყოფს ტელეარხების ფლობას.
  • პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ ეს არხები "საკმაოდ აქტიურად და ხშირად ღიად იყო გამოყენებული უკრაინაში უცხოეთის პროპაგანდის გასავრცელებლად".
  • 11 მაისს ვიქტორ მედვედჩუკისა და ტარას კოზაკის ეჭვმიტანილად გამოცხადება ბოლოა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებში, რომელთა მიზანია იმ უკრაინელების შეზღუდვა, ვისაც, მათი კრიტიკოსების თქმით, ახლო კავშირები აქვთ კრემლთან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG