Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გადაწყვეტილება მიიღო სპეციალურმა საბჭომ პაციენტის გარდაცვალების გამო?


აჭარის ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, 31 წლის თემურ გაბაიძის, გარდაცვალების გამო შპს „უნიმედი აჭარის“ რეფერალური საავადმყოფოს ორ ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობებში: ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, შპს „ემერჯენს სერვისის“ ექიმს კი შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სამი თვის ვადით და დაევალა გაიაროს კვალიფიკაციის კურსი.

როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა უთხრა „აჭარის ტელევიზიას“, საქმეში სერიოზული დარღვევები გამოვლინდა, ექიმებისთვის სერტიფიკატის გაუქმება კი ყველაზე მკაცრი სასჯელია:

„საბჭოს სხდომა ჩატარდა 4 მაისს, განხილულ იქნა საკითხი პაციენტ თემურ გაბაიძისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის თაობაზე. იყო სერიოზული დარღვევები, იყო შენიშვნები, ორ ექიმს გაუჩერდა, ერთს კი შეუჩერდა სერტიფიკატი. ეს გადაწყვეტილება კი შესწავლილი მასალების გათვალისწინებით იქნა მიღებული“.

როდესაც სანახავად ვიყავი შესული, მორიგე ექიმს ვკითხე, რატომ წუხს-მეთქი, როდესაც დავინახე, რომ ხელ-ფეხს განუწყვეტლივ ამოძრავებდა. თურმე გამაყუჩებელს არ უკეთებენ, რომ მშვიდად ყოფილიყო და ექთნებმა მომატყუეს, რომ ეგ ტვინი აქტიურობსო. მე კი წარმოდგენაც არ მქონდა, რომ რეფერალურ საავადმყოფოში ჩემს შვილს ყურადღება აკლდა და დანიშნულება თურმე პაციენტმა უნდა შეამოწმოს...
ნაირა დიასამიძე

თემურ გაბაიძის საქმის შესწავლა კი რეგულირების სააგენტომ მას შემდეგ დაიწყო, რაც პაციენტი 2017 წლის 13 იანვარს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. თემურ გაბაიძე გასული წლის დასაწყისში სამთო სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ დაშავდა, რის შემდეგაც იგი, თავის ქალის ტრავმით, ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოში, გადაიყვანეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

სააგენტომ შეისწავლა შპს „ემერჯენს სერვისის“ სამედიცინო ბრიგადის, შპს „უნიმედი აჭარის“ ხულოს ცენტრისა და „უნიმედი აჭარის“ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში თემურ გაბაიძისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი და დაადგინა, რომ შპს „ემერჯენს სერვისის“ ექიმს, რომელიც დანიშნული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის პოზიციაზე, არ ჰქონდა გავლილი სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებისთვის საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურსი და აღნიშნულ თანამდებობაზე 1 წლის მუშაობის სტაჟი, რის გამოც შპს „ემერჯენს სერვისის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

„პაციენტი გამსვლელი ბრიგადის ამბულატორიაში (კურორტი „გოდერძი“) დაყოვნდა დაახლოებით სამი საათი. ექიმის მიერ სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები კი არაადეკვატური იყო. ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა ჭრილობები თავის არეში, გონების დაკარგვის რამდენიმე ეპიზოდი, უნდა მომხდარიყო სისხლის შეჩერება და დაუყოვნებლივი ტრანსპორტირება სპეციალიზებულ კლინიკაში თავის ტვინის ტომოგრაფიის ჩასატარებლად“, - წერია დასკვნაში.

დასკვნაში ლაპარაკია აგრეთვე ანესთეზიის დროს დაშვებულ შეცდომაზე:

„ანესთეზიოლოგის მხრიდან ინდუქციაში შეყვანილ იქნა Sol Fentanili 100mg 1 ამპულა, რაც არის მინიმალურ დოზაზე ნაკლები. …ოპერაციის მსვლელობის პროცესში კი, რომელიც 2 სთ. და 20 წთ მიმდინარეობდა, გამოყენებულია 300 მგ 3 ამპულა, რაც არის ძალიან მცირე დოზა. ოპერაცია მიმდინარეობდა არასაკმარისი ანალგეზიის (ტკივილის გაყუჩების) პირობებში. ყოვლად გაუგებარია კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის არსი. ქალა-ტვინის ტრავმის დროს სტეროიდული თერაპია მიზანშეწონილი არ არის“.

ჯანდაცვის სისტემამ მე და სანდრო დაგვტოვა ჩვენი ყველაზე დიდი მეგობრის გარეშე, სოციალური დახმარების სისტემამ კი დაგვტოვა მხოლოდ 100 ლარის დახმარების იმედად, რომელსაც სანდრო, როგორც მამით ობოლი, ყოველთვიურად იღებს... ქვეყანაში, სადაც ადამიანის უპირველესი უფლებები ამ მასშტაბებით ირღვევა, თქვენ იმაზე დარდობთ, რომ ახალგაზრდებს პირსინგები და ფერადი თმა აქვთ...

რეგულირების სააგენტო წერს ასევე, რომ პოსტოპერაციულ განყოფილებაში საერთოდ არ მიმდინარეობდა ანალგეზია (ტკივილის გაყუჩება):

„ავადმყოფთან მიმართებაში მატულობს ლეიკოციტები, მიზეზი კი ნაპოვნი არ არის. არ არის გაკონტროლებული ინფექციის მარკერები, არ არის გამოკვლეული თავ-ზურგტვინის სითხე. ავადმყოფს აღენიშნებოდა ცხელება, არ იქნა ჩატარებული ნახველისა და სისხლის ბაქტეროლოგიური კვლევა.

არ ჩატარებულა ინფექციონისტის კონსულტაცია. ანტიკონვულსური (გვერდითი მოვლენები) თერაპია დანიშნულია არაადეკვატური სქემით.

არ არის ჩატარებული ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა და კონსულტირებული არ იყო ეპილეპტოლოგის მიერ…“ – ეს არის ამონარიდები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დაწერილი დასკვნიდან.

ამ დასკვნას კარგად იცნობს გარდაცვლილი თემურ გაბაიძის დედა, ნაირა დიასამიძე, რომელიც პროფესიით ექთანია. იგი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნიდან ყველაზე კარგად ახსოვს ის, რომ მის შვილს არასაკმარისად უკეთდებოდა ტკივილგამაყუჩებელი:

„როცა ადამიანს ოპერაციის დროს ანესთეზიას არასაკმარისად აძლევ და მეშვიდე დღემდე არ აძლევ გამაყუჩებელს, დაამძიმეს სიტუაცია. ისედაც მძიმე პაციენტი იყო და, აქ კიდევ, არ მიაქციეს ყურადღება. თავისანაბარა დამიტოვეს შვილი... როდესაც სანახავად ვიყავი შესული, მორიგე ექიმს ვკითხე, რატომ წუხს-მეთქი, როდესაც დავინახე, რომ ხელ-ფეხს განუწყვეტლივ ამოძრავებდა. თურმე გამაყუჩებელს არ უკეთებენ, რომ მშვიდად ყოფილიყო და ექთნებმა მომატყუეს, რომ ეგ ტვინი აქტიურობსო.. მე კი წარმოდგენაც არ მქონდა, რომ რეფერალურ საავადმყოფოში ჩემს შვილს ყურადღება აკლდა და დანიშნულება თურმე პაციენტმა უნდა შეამოწმოს“.

რეგულირების სააგენტოსგან მხოლოდ შეტყობინება მივიღეთ ამ ფაქტზე და ველოდებით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომ შევიტანოთ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ექიმთა ინტერესები. ეს ექიმები კი საავადმყოფოში ამ ეტაპზე არ მუშაობენ...
ნათია ნუცუბიძე

რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი ნათია ნუცუბიძე ამბობს, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნას გაეცნობიან და სასამართლოში გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საავადმყოფოს ორ ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი:

„რეგულირების სააგენტოსგან მხოლოდ შეტყობინება მივიღეთ ამ ფაქტზე და ველოდებით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომ შევიტანოთ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ექიმთა ინტერესები. ეს ექიმები კი საავადმყოფოში ამ ეტაპზე არ მუშაობენ“.

31 წლის თემურ გაბაიძის ოჯახი კი ექიმების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. გარდაცვლილს დარჩა 5 წლის შვილი და მეუღლე, რომელიც სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს :

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ამ ე. წ. ექიმების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს!

ჯანდაცვის სისტემამ მე და სანდრო დაგვტოვა ჩვენი ყველაზე დიდი მეგობრის გარეშე, სოციალური დახმარების სისტემამ კი დაგვტოვა მხოლოდ 100 ლარის დახმარების იმედად, რომელსაც სანდრო, როგორც მამით ობოლი, ყოველთვიურად იღებს.

ქვეყანაში, სადაც ადამიანის უპირველესი უფლებები ამ მასშტაბებით ირღვევა, თქვენ იმაზე დარდობთ, რომ ახალგაზრდებს პირსინგები და ფერადი თმა აქვთ.

დიახ, ჩვენ ვიქნებით ფერადები და ძლიერები, იმისთვის რომ გავაგრძელოთ ბრძოლა და შევცვალოთ სისტემა, რომელიც ადამიანის ღირსებას არაფრად აგდებს“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG