Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავიგეთ საარჩევნო რეფორმის პრეზენტაციიდან


რას ნიშნავს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, თითოეული პარტია, რომელიც მიიღებს, სულ მცირე, ერთი მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ხმების რაოდენობას, ანუ საერთო ხმების 0,67%-ს, მიიღებს მანდატს საქართველოს პარლამენტში.

რამდენი დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო საარჩევნო სისტემის ცვლილების მისაღებად

ცვლილება უნდა შევიდეს კონსტიტუციაში. შესაბამისად, კანონპროექტის მისაღებად საჭიროა პარლამენტის წევრთა ¾-ის, ანუ 113 დეპუტატის, მხარდაჭერა. საქართველოს პარლამენტში არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტი ინიცირებულია უმრავლეოსობის 100-მდე დუპუტატის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭირო იქნება პოლიტიკური კონსენსუსი, ანუ, სულ ცოტა, 13 ოპოზიციონერი დეპუტატის მხარდაჭერა.

რა პროცედურებია გასავლელი კანონპროექტის მისაღებად

იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა ითვალისწინებს ცვლილების შეტანას კონსტიტუციაში, უნდა შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია, რომელმაც უნდა გამართოს საჯარო შეხვედრები საქართველოს მოქალაქეებთან დედაქალაქსა და რეგიონებში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საკითხის პარლამენტში განხილვა, სავარაუდოდ, სექტემბერში დაიწყება, საბოლოო კენჭისყრა კი ახალ წლამდე გაიმართება.

ერთჯერადია ცვლილება თუ მუდმივი

საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი ტექსტი, რომელშიც განსაზღვრულია საარჩევნო სისტემა - პროპორციული სისტემა 5 %-იანი საარჩევნო ბარიერით - არ შეიცვლება. შესაბამისად, 2024 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით და 5 %-იანი ბარიერით. შესაბამისად, ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს არჩევნების ჩატარებას ნულოვანი ბარიერით, ერთჯერადია და აისახება კონსტიტუციური კანონის გარდამავალ, მე-9, დებულებაში, სადაც ჩანაწერი - „2020 წლის არჩევნები ტარდება შერეული სისტემით“ - შეიცვლება შემდეგი ტექსტით: „საქართველოს პარლამენტის მომდევნო (2020 წ.) არჩევნებში მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პარტია, რომელიც მიიღებს, სულ ცოტა, ერთი მანდატისათვის საჭირო ხმების რაოდენობას.

როგორი იქნება პარტიების დაფინანსების წესი

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ აუცილებლად შეიცვლება პარტიების დაფინანსების წესი, რომელიც ვერ უპასუხებს ინიცირებულ სიახლეს. პარტიების დაფინანსების წესის შეცვლის დეტალები საკითხის პარლამენტში განხილვისას გაირკვევა.

როგორი იქნება პარტიების საარჩევნო სიები

საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ეტაპზე უჭირთ იმის თქმა, თუ როგორი იქნება პარტიების საარჩევნო სიები: ღია, ნახევრად ღია თუ დახურული. არც ეს საკითხია გადაწყვეტილი.

ხომ არ გაჩნდებიან პარტიები რეგიონალური ან ეთნიკური ნიშნით?

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს ესმით, რომ პროპორციულმა არჩევნებმა ნულოვანი ბარიერით, შესაძლოა, წაახალისოს ეთნიკური ან რეგიონალური ნიშნით გაერთიანებული პარტიების შექმნა და არჩევნებში მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტის პარლამენტში განხილვისას შემუშავდება აღნიშნული რისკების დამზღვევი მექანიზმი და ინსტრუმენტები, რომლებმაც ასევე უნდა უზრუნველყონ რეგიონების სათანადო წარმოდგენა პარლამენტში.

როგორ განაწილდება დარჩენილი მანდატები

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. „დარჩენილი მანდატების“ განაწილების წესი ასახულია კანონპროექტში - სავარაუდოდ, დარჩება 3-4 მანდატი, რომლებსაც გაინაწილებენ უკეთესი შედეგის მქონე პარტიები: თითო-თითო მანდატს მიიღებენ პირველ, მეორე, მესამე და ა.შ. ადგილებზე გასული პარტიები, თუმცა ასევე განიხილება აღნიშნული სისტემის ალტერნატიული წესი, რომლის ინიციატორი წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია. მისი თქმით, „დარჩენილი მანდატები“ უნდა ერგოთ არა ყველაზე ძლიერ პარტიებს, არამედ იმათ, ვისაც ყველაზე მეტი ნაშთი დარჩა, ანუ იმათ, ვისი ნაშთიც ყველაზე ახლოს არის ბუნებრივ ბარიერთან.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG