Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დაინახა ქაცარავას დრონმა - რუსეთის სამხედრო სწავლების ერთი ეპიზოდი ჩაიშალა


სოფელ ხურვალეთის სასაფლაოს გვერდით, სამოქალაქო დრონი იმდენად ახლოს მივიდა საოკუპაციო ძალების ორი სამხედროსთან, რომ ცხადად გამოჩნდა მათი ტექნიკაც და საქმიანობაც.

გადაღებული ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ დრონის მფლობელმა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ, იმ წუთებში დაასკვნა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალ საგუშაგოს აწყობდნენ.

„საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დადგნენ ზედ გამყოფ ხაზზე, სადაც აქვთ მოწყობილი მობილური საგუშაგო და დაიწყეს მისი კეთილმოწყობა. როგორც კი შენიშნეს ჩვენი აქტიურობა, შენიშნეს, ჩვენი დრონი როგორ აფრინდა და დაიწყო მათი მოქმედებების მონიტორინგი, ეგრევე გამოიძახეს მანქანა და, დაახლოებით, ათ წუთში დატოვეს იქაურობა. ხურვალეთიდან გამოსვლისას კი შევნიშნე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანები. 5 თუ 6 მანქანა იყო. იშვიათ შემთხვევებში ხდება ასეთი რამ. როგორც წესი, ორი ეკიპაჟი მოძრაობს ხოლმე კონფლიქტის კონკრეტულ ზონაში“, - თქვა ქაცარავამ 31 მაისს.

ქაცარავა იმასაც ამბობს, რომ მსგავსი კონსტრუქციები მან შენიშნა საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს, ოკუპირებული ორჭოსანის მახლობლად.

რა მოხდა სინამდვილეში

დავით ქაცარავას დრონის მიერ გადაღებული ვიდეომასალა რადიო თავისუფლებამაც შეისწავლა, თუმცა ის საქმიანობა, რომელიც ვიდეოზეა აღბეჭდილი, არ ჰგავს საგუშაგოს მოწყობას. კადრებში ჩანს, რომ ორ ჯარისკაცს მონიშნული აქვს ტერიტორია ყვითელ-შავ ფერებში, იქვე ძირს უწყვიათ რკინის კონსტრუქციები და ცდილობენ რაღაცა ტექნიკური ხელსაწყოს გამართვას. დრონის გამოჩენის შემდეგ მალევე მათთან მიდის მანქანა, ჯარისკაცები სასწრაფოდ ალაგებენ ტექნიკურ მოწყობილობებს და ლითონის ძელებს, აწყობენ მანქანაში და ტერიტორიიდან ოკუპირებული ორჭოსანის სამხედრო ბაზისკენ გადიან. დავით ქაცარავამ მიიჩნია, რომ მისმა დრონმა საგუშაგოს მოწყობას ხელი შეუშალა, თუმცა შესაძლოა მან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კადრები გადაიღო, ვიდრე საგუშაგოს მოწყობაა. სავარაუდოდ, რუსეთის საოკუპაციო ძალები ხურვალეთის სასაფლაოსთან პორტატიულ თანამგზავრულ რადიოსადგურს დგამდნენ და ამას სამხედრო სწავლების ფარგლებში აკეთებდნენ.

რა დაწერა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა

31 მაისის საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში მასშტაბური სამხედრო სამეკავშირეო ჯარების წვრთნის შესახებ:

„სამხრეთის სამხედრო ოლქის (სსო) ჯარების კავშირგაბმულობის სპეციალისტებმა ჩაატარეს ფართომასშტაბიანი რადიოტრენინგი მონაცემთა გაცვლის შესახებ, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ და უწყვეტ კომუნიკაციას შენაერთებსა და სამხედრო ნაწილებს, საჰაერო ძალებსა და საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებს, აგრეთვე აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და სომხეთის ბაზებს შორის. რადიო და ელექტრონული კომუნიკაციის 1500-ზე მეტმა სპეციალისტმა ტექნიკის ფარული გადაადგილების ამოცანა შეასრულა. მოხდა ელექტრონული მონაცემების გადაცემა რადიოსიხშირეების ჩახშობის პირობებში. სწავლებაში ჩართული იყო 600-მდე ტექნიკა და სპეციალური მოწყობილობა, მათ შორის თანამედროვე კომპლექსი «Редут-2УС», რადიოსარელეო სადგურები Р-419Л1, Р-419 ანტენის მოდულები R-431AM და რადიოსადგურები R-149AKSH, პორტატიული თანამგზავრული საკომუნიკაციო სადგურები "ბელოზერო" და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობა“.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხურვალეთის სასაფლაოს შემაღლებულ ნაწილში, სავარაუდოდ, პორტატიულ სარელეო ან თანამგზავრულ სადგურს ამონტაჟებდნენ, რა დროსაც დრონი გამოჩნდა.

განგაში დრონის გამო

რა მოხდა ამის შემდეგ? ვიდეოკადრების მიხედვით, ჯარისკაცები განგაშს აცხადებენ, იძახებენ სპეციალურ მანქანას, მიწაზე გაშლილ ანტენებს და პორტატიულ მოწყობილობას სასწრაფოდ ალაგებენ და ტერიტორიას ტოვებენ. ესე იგი წვრთნის ეს ეპიზოდი შეიძლება ჩაშლილად ჩაითვალოს.

რა ქნეს ამ დროს საოკუპაციო ძალების ხელმძღვანელებმა? რუსებმა ცხელი ხაზი გაააქტიურეს და კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იხმეს. მისიის მანქანები ხურვალეთის საგუშაგოსთან ასევე გადაღებულია. დაბოლოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაგვიდასტურა, რომ 31 მაისს ცხელი ხაზი რუსეთის ფედერაციის ინიციატივით გააქტიურდა და მათ გამყოფ ხაზთან ინციდენტის შესახებ განაცხადეს. დრონის გამოჩენა ინციდენტად ჩათვალეს.

დავით ქაცარავას თქმით, მიწაზე გაშლილი ძელები მას თავდაპირველად საოკუპაციო ღობეების საყრდენები ეგონა, თუმცა ვიდეომასალის დაკვირვებით შესწავლის შემდეგ ფიქრობს, რომ ეს ასაწყობი ანტენა უნდა იყოს.

ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში, კახაბერ ქემოკლიძე, რამდენიმე წლის წინ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში მთავარი მომლაპარაკებელი იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და კარგად იცის, რა ტექნიკას ფლობენ რუსები ცხინვალის რეგიონში. დრონით გადაღებული ვიდეოკადრები მასაც ნანახი აქვს.

„პირველი, რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ მანდ საგუშაგოს მოწყობა არ მიმდინარეობდა. იქ ისეთი ინფრასტრუქტურა იყო განთავსებული, რომ არანაირი საგუშაგო არ იყო. ყურადღება მივაქციე მანქანას, რომელიც ჩნდება მაგ ტერიტორიაზე. სუს-ში ჩემი მუშაობის პერიოდში ვიცოდით, რომ ჰყავთ მანქანა პორტატიული, მობილური, საპელინგაციო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი. მაგ მანქანას პერიოდულად ატარებენ საოკუპაციო ხაზზე, განსაკუთრებით, თუკი რაიმე გადაადგილება იყო ჩვენი მხრიდან, მათ შორის საპოლიციო ღონისძიებები, სწავლებები და ასე შემდეგ. ეს საპელინგაციო აპარატურა იჭერს რადიოტალღოვან სიხშირეებს. და თუ ამ დროს ღია ტელეფონით ვინმეს ურეკავ, ამ დროს მომენტალურად ეგრევე ითვისებენ და სიგნალის გადაჭერა ხდება. კადრებიდან გამომდინარე, მგონია, რომ სწორედ პელინგატორი აამოქმედეს“, - გვითხრა კახაბერ ქემოკლიძემ.

რადიო თავისუფლების კიდევ ერთი წყარო, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოების გამო არ დავასახელებთ, გვიყვება, როგორ ცდილობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის წევრები მისგან ისეთი ინფორმაციის მიღებას, რომელიც შემდეგში ქართველი ძალოვანების მოსმენას გაუადვილებდათ. ჩვენი წყარო გარკვეული დროით დაკავებული ჰყავდათ, ე. წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით.

„ცოტა ხნის წინ დაჭერილი ვიყავი. ჯერ მცემეს, მერე უფრო მოლბნენ და მეუბნებოდნენ, რომ მიმეცა იმ პოლიციელების ტელეფონის ნომრები, რომლებიც საზღვართან დგანან. მე ვეუბნებოდი, რომ მათი ნომრები არ მქონდა. აბა, საიდან უნდა მქონდეს პოლიციელების ნომრები? მერე მითხრეს, შენ პრობლემა არასოდეს გექნება, თუ გათავისუფლების შემდეგ მაგ პოლიციელების ნომრებს გაგვიგებ და მოგვაწვდიო. მივხვდი, რომ ჯაშუშობას მთავაზობდნენ. იმწუთში ნაცემი ყველაფერზე თანახმა ვიყავი. გამომიშვეს, მაგრამ იქით აღარც ვიხედები, ტერიტორიასაც კი აღარ ვუახლოვდები. რა თქმა უნდა, მათი ბრძანება არ შევასრულე და თუ კიდევ ერთხელ დამიჭირეს, ალბათ, კარგი დღე აღარ დამადგება“.

რისთვის სჭირდებათ რადიოსადგური

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის ორგანიზებით ოკუპირებულ ცხინვალის და აფხაზეთის ტერიტორიებზე მუდმივად მიმდინარეობს სამხედრო სწავლებები, მათ შორის, კომუნიკაციის და კავშირგაბმულობის მიმართულებით. ცხინვალში განთავსებულ სამხედრო ბაზას დაუბრკოლებელი რადიოკავშირი აქვს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ბაზებთან, ასევე აფხაზეთში და სომხეთის ტერიტორიაზე, გიუმრის სამხედრო ბაზასთან. გარდა ამისა, რეგიონში შეყვანილი სპეცტექნიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ მუდმივად ხდებოდეს ე. წ. საკომუნიკაციო და რადიოსიხშირეების გადაჭერა და ამ გზით ინფორმაციის მიღება. აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება, რისთვის სჭირდებათ საქართველოს ცენტრალური მაგისტრალის სიახლოვეს ასეთი სადგურების განთავსება და ძალოვანი უწყებების თანამშრომლების სატელეფონო ნომრების ბაზების შექმნა. კონფლიქტის ზონაში ჩვეულებრივი მობილური ტელეფონით ლაპარაკი და ინფორმაციის გადაცემა უკვე სახიფათოა და ეს ინფორმაცია შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურებმა სპეციალური აპარატურით მარტივად მოიპოვონ. დავით ქაცარავას ისიც ვკითხეთ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურებიდან, მაგალითად, დაზვერვის სამსახურიდან, ხომ არავინ დაინტერესებულა მისი დრონის მიერ გადაღებული მასალის სრული ვერსიით, - მოკლე ვერსია იუთუბზე უკვე დევს, - რაზეც უარყოფითად გვიპასუხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG