Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დგას ოთარ ფარცხალაძის ძალადობის უკან?


ოთარ ფარცხალაძე
ოთარ ფარცხალაძე

ოთარ ფარცხალაძეს სჯიან, მაგრამ სჯიან მსუბუქად. საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს გამოძიება მხოლოდ ცემისა და ძალადობის ფაქტის გამო ედავება, მიუხედავად იმისა, რომ „ელ-ცენტროში“ 2017 წლის 12 მაისს მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებული ლაშა თორდია გენერალური აუდიტორის პოსტს იკავებდა და იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ თავდასხმა მის საქმიანობას უკავშირდებოდა. მთავარი პროკურატურის განმარტებით, ამ ყველაფერს ცალკე მიმდინარე გამოძიება დაადგენს. ინციდენტიდან წელიწადნახევრის შემდეგ წაყენებულ ბრალს ექსპერტები დაგვიანებულად და არასაკმარისად მიიჩნევენ. ისინი ბიძინა ივანიშვილის ორ ცნობილ პრესკონფერენციასაც იხსენებენ და ფიქრობენ, რომ ფარცხალაძის მსუბუქად დასჯის გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება.

მეორე ტური, როგორც გამოუვალი მდგომარეობა

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენებას კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულების დემონსტრირების სასოწარკვეთილ მცდელობად მიიჩნევს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა დაშოშმინებას ცდილობს, თუმცა ეს არცთუ იოლი ამოცანაა, რადგან ეს ფაქტი ბევრისთვის იმაზეც მეტყველებს, რომ მართლმსაჯულება ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

გადმოწერა

როდესაც ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენების ფაქტის გაანალიზებას ცდილობს, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ორ ცნობილ პრესკონფერენციას იხსენებს, როცა ყოფილი მთავარი პროკურორის მისამართით ბიძინა ივანიშვილმა ბევრი კარგი რამ თქვა და მთავარი ეჭვების გაქარწყლება სცადა. შესაბამისად, იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ ოთარ ფარცხალაძის ერთგვარი დასჯის დემონსტრირება წინასაარჩევნო სვლაა და ეს „არადამაჯერებელია საზოგადოებისთვის“. ამასთან, ბევრი ექსპერტის აზრით, იმ პირის მხოლოდ მსუბუქად დასჯამ, რომელსაც ძალიან ბევრი შეკითხვა და ეჭვი უკავშირდება, შესაძლოა, უკუშედეგიც მოიტანოს.

ოთარ ფარცხალაძე და „ელ-ცენტროს“ ინციდენტი

ოთარ ფარცხალაძეს ბრალი სწორედ ღამის კლუბ „ელ-ცენტროში“ 2017 წლის 12 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო წარუდგინეს, მაგრამ მისთვის 5-ათასლარიანი გირაო თავად პროკურატურამ მოითხოვა. გამოძიებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა იმისთვის, რომ დაედგინა, მართლა სცემა თუ არა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა იმხანად გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია.

თუმცა ამას არასაკმარისად მიიჩნევს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, რომელიც ადვოკატირებას უწევს ყოფილ გენერალურ აუდიტორს. ის ბრალის დამძიმებას და სს კოდექსის 126-ე მუხლის შეცვლას ითხოვს 353-ე პრიმა მუხლით, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მის საქმიანობასთან დაკავშირებით. როგორც მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა, პროკურორმა ემზარ გაგნიძემ განმარტა 6 ნოემბერს, ინციდენტის რეალურ მიზეზს „ყოფითი ინციდენტი, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ინციდენტი“ წარმოადგენდა და სწორედ ამის გამო ამ საქმესთან დაკავშირებით დასკვნის დაწერაზე უარი თქვეს უცხოეთიდან მოწვეულმა პროკურორებმა.

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო სექტორი იმთავითვე სვამდა შეკითხვებს, ხომ არ უკავშირდება ლაშა თორდიაზე თავდასხმა თბილისის მერიის მიერ გადაცემული მიწების საკითხს, რომელსაც აუდიტის სამსახური იკვლევდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, არჩევნების პირველ ტურამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ოთარ ფარცხალაძე ამ საკითხშიც გაამართლა :

  • ბიძინა ივანიშვილი სრულიად დარწმუნებულია, რომ ოთარ ფარცხალაძე მართალი იყო მერიასთან მიმართებით და ამის დამტკიცებაც შეუძლია;
  • ბიძინა ივანიშვილს არ სჯერა, რომ „ელ-ცენტროს“ ინციდენტში ლაშა თორდია მართალი იყო.
ბიძინა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:08 0:00

ოთარ ფარცხალაძე და სხვა ეჭვები

განსაკუთრებით ბოლო დროს საზოგადოებას ხშირად ესმოდა ყოფილი მთავარი პროკურორის გვარი და სახელი, მათ შორის - ფარულ აუდიო თუ ვიდეოჩანაწერებთან მიმართებით. ლაპარაკია „"ომეგას" საქმესთან“ დაკავშირებულ ე.წ. „სარდაფის ინციდენტზე“, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი მონაწილეობდა და რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძე ფიზიკურ ძალადობაში იყო მხილებული. 6 ნოემბერს მთავარმა პროკურატურამ ისიც განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე „"ომეგას" საქმესთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც გამოიკითხება, რაც ჯერ არ მომხდარა, „საქმის ინტერესებიდან გამომდინარე“. თუმცა ექსპერტთა პროგნოზი არადამაიმედებელია იმის გათვალისწინებით, რომ ამ ჩანაწერებს არაავთენტიკურად მიიჩნევს და ეს ცნობილ პრესკონფერენციებზეც არაერთხელ გაიმეორა ბიძინა ივანიშვილმა.

პარალელურად, არასამთავრობო სექტორი მუდმივად სვამს შეკითხვებს მოკრძალებული ქონების მქონე მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, სწრაფად გამდიდრებასთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი პრესკონფერენციის ფარგლებში თქვა, რომ ქონების დაგროვებასთან დაკავშირებით ოთარ ფარცხალაძესთან გარკვეული შეკითხვები მასაც აქვს, მაგრამ საგამოძიებო პროცესების დასრულებამდე ნაჩქარევი შეფასებები გაუმართლებელია და არაფერ შუაშია ის ფაქტი, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის, მეგობარია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG