Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის უკრაინას „ანტიკოლომოისკის კანონის“ მიღების შემდეგ?


უკრაინის ვერხოვნა რადა
უკრაინის ვერხოვნა რადა

13 მაისს უკრაინის ვერხოვნა რადამ მესამე მოსმენით საბოლოოდ მიიღო სადავოდქცეული კანონპროექტი საბანკო საქმიანობის სრულყოფის შესახებ, რომელიც კიევს გზას უხსნის საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მილიარდობით დოლარის მისაღებად.

კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას ძალიან მალე გამოეხმაურა ევროკავშირი, რომელმაც ამ ნაბიჯს უწოდა „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან „უკრაინისათვის ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებისათვის“.

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად ლამის დეფოლტის წინაშე მდგარი უკრაინის ეკონომიკისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტს, მართლაც, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს არ უნდა მოხდეს უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის ხარჯზე.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრება უკრაინის ვერხოვნა რადის რიგგარეშე სხდომას კიევში. 13 მაისი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრება უკრაინის ვერხოვნა რადის რიგგარეშე სხდომას კიევში. 13 მაისი

სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქვს ამ საკითხისადმი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს, რომელმაც სადავო კანონის ლობისტ ხელისუფლების წარმომადგენლებს 13 მაისს „მარიონეტები“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით მიღებულ კანონპროექტს.

კანონი „არაკეთილსინდისიერი ბანკების“ წინააღმდეგ

„ანტიკოლომოისკის“ სახელით ცნობილ კანონპროექტში, ექსპერტების შეფასებით, ყველაზე არსებითი ის არის, რომ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთ დროს დაახლოებული ოდიოზური ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი, უკვე სასამართლოს გზითაც ვეღარ შეძლებს სახელმწიფოს მიერ წინა ხელისუფლების დროს ნაციონალიზებული, თავისი კუთვნილი, „პრივატიბანკის“ დაბრუნებას.

„პრეზიდენტი ზელენსკი ბოლო მომენტამდე ცდილობდა თავიდან აეცილებინა კონფლიქტი კოლომოისკისთან, განსაკუთრებით, ვიდრე უკრაინა აქტიური იყო სესხის ბაზარზე, რაც ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევდა დაეფინანსებინა საბიუჯეტო დეფიციტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგრამის გარეშე. მაგრამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა უალტერნატივო გახადა სსფ-სთან თანამშრომლობა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იური პანჩენკომ, პორტალ „ევროპეისკაია პრავდის“ რედაქტორმა (ნახეთ ასევე მისი სხვა სტატია).

ამასთან, ექსპერტის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არ იკმარა კიევის აზრით კომპრომისულ ვარიანტი. საუბარია, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ კანონზე მიწის ბაზრის შესახებ, რომელსაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ 28 აპრილს მოაწერა ხელი.

ქვეყანაში მიწის ბაზრის გახსნას მიესალმა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც ამ გადაწყვეტილებას უწოდა რეფორმების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ კანონი საკმაოდ ბევრ შეზღუდვას ითვალისწინებს.

კერძოდ, პირველი ორი წლის განმავლობაში მიწის ყიდვა შეეძლებათ მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს და ისიც კაცზე არა უმეტეს 10 ჰექტარისა. შემდეგ სასოფლო-სამეურნეო მიწის მაქსიმუმ 10 ათასი ჰექტარის ფართობის შეძენის უფლება გავრცელდება უკვე უკრაინელ იურიდიული პირებზე. მიწის შეძენას უკრაინაში ვერ შეძლებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ხოლო მიწა, რომელიც სახელმწიფოს ან კომუნალური საკუთრებაა, არ გაიყიდება.

ზელენსკი იმედოვნებდა, რომ მიწის ბაზრის კანონის მიღების შემდეგ უპრობლემოდ მიაღწევდა შეთანხმებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სესხის გამოყოფაზე და აღარ მოუწევდა „ანტიკოლომოისკის კანონპროექტის“ მიღება, რითაც თავიდან აიცილებდა კონფლიქტს გავლენიან უკრაინელ ოლიგარქთან, რომელიც მისი საპრეზიდენტო კაპმანიის ძლიერი მხარდამჭერი იყო.

უკრაინის პოლიტიკურ კულუარებში აცხადებენ, რომ კიევის შეთავაზებულ ვარიანტს არ დასთანხმდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, „რადგან სსფ არ არის დაინტერესებული ისეთი სახელმწიფოს დაკრედიტებით, რომელმაც შესაძლოა ბანკები დაუბრუნოს არაკეთილსინდისიერ მესაკუთრეებს“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

სსფ-ს მხარდაჭერის გარეშე კი უკრაინა ვერ მიიღებს ვერც მსოფლიო ბანკის დაფინანსებას და ვერც ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარებას. შესაბამისად, ქვეყანას ელოდა დეფოლტი და სრული საფინანსო კრახი.

„ამის შემდეგ კენჭისყრაზე დადგა ეს კანონი („ანტიკოლომოისკის კანონპროექტი“). ამასთან, კანონპროექტის ბლოკირებისთვის მასში შეტანილი იქნა 16 ათასზე მეტი შესწორება, რაც არის ნამდვილი რეკორდი უკრაინის პარლამენტარიზმის ისტორიაში. იმისთვის, რომ დეპუტატებს მიეღოთ ეს კანონპროექტი, „ვერხოვნა რადაში“ მივიდა ზელენსკიც. მაგრამ ამის შემდეგაც კი მმართველი პარტიის, დაახლოებით, 20 %-მა ან კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, ან წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა, ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს „ევროპულმა სოლიდარობამ“ და „გოლოსმა“, - ამბობს იური პანჩენკო, პორტალ „ევროპეისკაია პრავდის“ რედაქტორი.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ბანკის მფლობელებსა და ყოფილ მფლობელებს, რომელთა ინტერესებიც დაირღვა ბაზრიდან საფინანსო დაწესებულების გაყვანით, დანაკარგის კომპენსაცია მხოლოდ ფულადი სახით შეიძლება მიეცეთ.

ამგვარად, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სასამართლო აღიარებს, რომ კოლომოისკის ან ნებისმიერ სხვა ბანკის მესაკუთრის უფლებები დაირღვა, ისინი ვერ შეძლებენ ბანკების დაბრუნებას თავიანთ საკუთრებაში.

ეს არის ერთ-ერთი იმ შესწორებათაგანი, რომელიც, კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აზრით, არ შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და ლახავს უკრაინის სუვერენიტეტს.

მოწინააღმდეგეთა არგუმენტები და მდუმარე კოლომოისკი

როგორც მიწის ბაზრის კანონის შემთხვევაში იყო, ვლადიმირ ზელენსკის ინიცირებულ კანონპროექტს საბანკო საქმიანობის სრულყოფის შესახებ მხარი არ დაუჭირა იულია ტიმოშენკოს საპარლამენტო ფრაქცია „ბატკივშჩინამ“, ხოლო პრორუსულ ძალად მიჩნეულმა „პლატფორმამ სიცოცხლისათვის“ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მისი პარტია აპირებს სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რადგან მიიჩნევს, რომ „ანტიკოლომოისკის კანონპროექტი“ არღვევს ქვეყნის კონსტიტუციის მე-11 მუხლს. უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიდევ უფრო შორს წავიდა თავის კრიტიკაში და საპარლამენტო ტრიბუნიდან, პრეზიდენტ ზელენსკის გასაგონად, „მარიონეტები“ უწოდა უკრაინის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ლობირებდნენ ამ დოკუმენტს.

იულია ტიმოშენკო
იულია ტიმოშენკო

"შესაძლოა, სსფ-მა და გლობალური სივრცის წარმომადგენელმა მეთოჯინეებმა არ იცოდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ იგი გაუქმებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რადგან ის ღრმად ანტიკონსტიტუციურია. ჩვენი ფრაქციაწინააღმდეგ მისცემს ხმას უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ამ დანაშაულსა და პროფანაციას. ჩვენ აუცილებლად მოვაწერთ ხელს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას, რათა სხვა დილეტანტებმა და უმეცრებმა არასოდეს გაივლონ თავში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება“, - მოჰყავს „ბატკივშჩინის“ ლიდერ იულია ტიმოშენკოს სიტყვები პორტალ „ევროპეისკაია პრავდას“.

სადავოდქცეული „ანტიკოლომოისკის კანონპროექტის“ ბოლო წაკითხვით მიღებაზე თავისი კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია თავად ოლიგარქ იგორ კოლომოისკის და, შესაძლოა, არც გააკეთოს, რადგან კანონის ამოქმედების შემთხვევაში მას საკმაოდ მსუყე კომპენსაცია ელოდება სახელმწიფოსაგან, თუკი კოლომოისკი ხელს აიღებს ბანკ „პრივატის“ დაბრუნების სურვილზე.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ კოლომოისკის უნდოდეს „პრივატბანკი“, რადგან, ჩემი აზრით, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ბანკზე კონტროლის დაკარგვისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის მიღება. რამდენიმე მილიარდი დოლარი მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსური დაწესებულება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

და კიდევ ერთი: „ანტიკოლომოისკის კანონპროექტის“ მიღებით უკრაინის ხელისუფლებამ აღიარა, რომ სწორი იყო თავის დროზე უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ვალერია გონტარევას, კურსი. „2016 წელს სწორედ გონტარევამ მოახდინა ოლიგარქ იგორ კოლომოისკის კუთვნილებაში არსებული „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია და გაწმინდა ქვეყნის საფინანსო ბაზარი“, - დასძენს მაგდა.

იმ დროს, როდესაც უკრაინაში ფინანსური სექტორის გაწმენდას ცდილობდა, გონტარევას არაერთხელ დაემუქრნენ მოკვლით, ცენტრალური ბანკის წინ გამართული ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს კი დემონსტრანტებმა გამოიტანეს კუბო, რომელშიც ესვენა ცხედრის მაკეტი მისი გამოსახულებით.

ამის შემდეგ გონტარევამ თანამდებობა დატოვა და ლონდონში გადავიდა, თუმცა მალე მის ირგვლივ საშიში ამბები დატრიალდა.

2019 წლის 26 აგვისტოს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე გონტარევას მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ძლიერ დაუზიანდა ფეხები. 5 სექტემბერს ბოროტმოქმედებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანას, რომელიც გონტარევას რძალს, ასევე ვალერია გონტარევას, ეკუთვნოდა.

ამას მალე მოჰყვა კიდევ ერთი ინციდენტი. შარშან, 17 სქტემბერს, უცნობებმა ცეცხლი წაუკიდეს გონჩარევას რეზიდენციას კიევთან ახლომდებარე სოფელ გორენიჩში.

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაგმო გონტარევას აგარაკზე ხანძრის გაჩენა და სამართალდამცველებს სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდა.

უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კი მის დევნაში „პრივატბანკის“ ყოფილი მფლობელი, ოლიგარქი იგორ კოლომოისკი დაადანაშაულა. „მთელი ეს ბრიგადა უბრალოდ კი არ მდევნის, არამედ ამას აკეთებს თავხედურად და დამცინავად“, - განაცხადა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში გონტარევამ.

იგორ კოლომოისკიმ კი პასუხად უკრანის ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლა „პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ხელყოფის“ გამო და მან თვე-ნახევრის წინ, 30 მარტს, ეს სასამართლო პროცესი მოიგო.

პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დროს უკრაინაში კოლომოისკის მიმართ გამოძიება იყო დაწყებული, როცა ის 2017 წლის ივნისში ქვეყნიდან გაემგზავრა და მას შემდეგ ისრაელსა და შვეიცარიაში ცხოვრობდა. კოლომოისკი უკრაინაში დაბრუნდა 2019 წლის 16 მაისს, სულ რამდენიმე კვირაში საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენ ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვების შემდეგ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG