Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ეღობება წინ ტრამპის სურვილს კედელი ააგოს მექსიკის საზღვარზე


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

5,6 მილიარდი დოლარი სურს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ბიუჯეტიდან დამატებით, მექსიკასთან სასაზღვრო კედლის დასაფინანსებლად. ამ იდეას კონგრესის დემოკრატი ლიდერები არ ეთანხმებიან. ახალ კონგრესში, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მქონე დემოკრატები პრეზიდენტს სთავაზობენ 1,3 მილიარდ დოლარს, რაც უნდა მოხმარდეს საზღვრების უსაფრთხოებას, მთლიანად. ეს თანხმა ერთი ცენტითაც არ აღემატება წინა ბიუჯეტში იმავე მიზნით გათვალისწინებულ სახსრებს.

ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისას მექსიკის საზღვარზე კედლის აგება იყო ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება. პრეზიდენტს ახლა არ სურს ხელი მოაწეროს ბიუჯეტს, რომელიც არ ითვალისწინებს კედლის აგების ხარჯებს. ბიუჯეტის საკითხის შეჩერებას მოჰყვა 22 დეკემბრიდან აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეწყვეტა.

ტრამპის აზრით, კედელი საჭიროა იმისათვის, რომ შენელდეს მექსიკიდან აშშ-ისკენ არალეგალური ემიგრანტებისა და ნარკოტიკების ნაკადი. 8 იანვრის საღამოს პრეზიდენტმა ამერიკელებს ტელევიზიით მიმართა და სცადა დაერწმუნებინა, რომ მექსიკასთან საზღვარზე კედლის აგება აუცილებელია. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კედელი შეერთებულ შტატებს დაიცავს მექსიკიდან მასშტაბური არალეგალური იმიგრაციისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ნარკოტიკებისა და დამნაშავეების შეღწევისგან.

ამერიკის სიმბოლო უნდა იყოს თავისუფლების ქანდაკება და არა კედელი საზღვარზე.
ჩაკ შუმერი

პრეზიდენტი 2016 წელს, კენჭისყრამდე, იმასაც აცხადებდა, რომ კედლის ხარჯებს მექსიკა აიღებდა თავის თავზე, მაგრამ სამხრეთელმა მეზობელმა უარი თქვა. დემოკრატები და კედლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა ძალები თვლიან, რომ ქვეყანას არ სჭირდება ეს კედელი. ისინი ტრამპს აბრალებენ, რომ ფაქტებს და რიცხვებს ბოროტად იყენებს - სამხრეთ საზღვარზე არსებული პრობლემების გასაბუქებლად. ტრამპი და მისი თანაგუნდელები კი ამბობენ, რომ „ტერორისტები“ ამ გზით შედიან ქვეყანაში. 4 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ „ტერორისტები სამხრეთის საზღვრის გავლით შემოდიან ქვეყანაში, რადგან, ალბათ, ყველაზე იოლია იქიდან შემოღწევა. პირდაპირი გზით შემოდიან და მერე გაუხვევენ ხოლმე მარცხნივ“. 6 იანვარს, ფოქს იუზთან საუბრისას, თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა ჰაკბი სანდერსმა თქვა, „ოთხი ათასამდე ცნობილი ან ეჭვმიტანილი ტერორისტი შემოვიდა ქვეყანაში უკანონოდ და ეს ხდება ყველაზე უფრო სუსტად დაცულ სამხრეთის საზღვრის გავლითო“. თუმცა რეალური მონაცემები, რომლებიც დაადასტურებდა ამგვარ ვარაუდს, არ არსებობს. აშშ-ის ლიბერტარიანული მიმართულების კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრი, CATO, აცხადებს რომ 1975 წლიდან 2017 წლამდე „საგანგებო ინტერესების“ ქვეყნებიდან აშშ-ში შევიდა შვიდი პირი, რომლებიც, სულ მცირე, კავშირში იყვნენ ტერორიზმთან და რომლებიც ტერორიზმში ბრალდებით გაასამართლეს. იმის შიშით, რომ 8 იანვარს დონალდ ტრამპი სატელევიზიო მიმართვისას ფაქტებს თავის სასარგებლოდ წარმოადგენდა, დემოკრატებმა მთავარ მედიაგამოცემებს მოსთხოვეს მათთვისაც იმდენივე დრო დაეთმოთ, რამდენიც პრეზიდენტს გამოუყვეს. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ნენსი პელოსიმ და სენატში დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ერთობლივ ბრიფინგზე მოუწოდეს ტრამპს, ნუ აქცევს ამერიკელ ხალხს არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკის მძევლად. ნენსი პელოსის განცხადებით, დემოკრატები მხარს უჭერენ საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებას და კონკრეტული საჭიროებების დაფინანსებას, მაგრამ გადასახადების გადამხდელი ფულს არ გადაიხდის მექსიკასთან საზღვარზე ძვირი და არაეფექტიანი კედლისთვის. შუმერი მიიჩნევს, რომ ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს სასაზღვრო უსაფრთხოების პრობლემის განხილვა.

ჩაკ შუმერი და ნენსი პელოსი
ჩაკ შუმერი და ნენსი პელოსი

„ამერიკის სიმბოლო უნდა იყოს თავისუფლების ქანდაკება და არა კედელი საზღვარზე“, - განაცხადა სენატორმა შუმერმა. მისი და ნენსი პელოსის ერთობლივი ბრიფინგი მოჰყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტელემიმართვას, რომელშიც მან ჰუმანიტარულ კრიზისად შეაფასა მექსიკასთან საზღვარზე შექმნილი ვითარება, კიდევ ერთხელ მოითხოვა კედლის მშენებლობის დაფინანსება და დემოკრატებს დააკისრა პასუხისმგებლობა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერებაზე. პრეზიდენტის სურვილის განსახორციელებლად ის საჭიროებს თანხებს ფედერალური ბიუჯეტიდან. ბიუჯეტის თაობაზე შეთავაზებას კონგრესი პრეზიდენტისგან იღებს, მაგრამ კონგრესისთვის ის მხოლოდ რეკომენდაციაა. ბიუჯეტის განხილვისას კონგრესმენები იღებენ კანონებს, რომლებიც განსაზღვრავს სხვადასხვა სფეროს დაფინანსებას. შემდგომ პრეზიდენტს აქვს უფლება ვეტო დაადოს ამა თუ იმ კანონს, მაგრამ ამ ვეტოს დაძლევა კონგრესს შეუძლია. აშშ-ის კონსტიტუციით, კონგრესი განკარგავს სახსრებს. ეს არის ის უფლებამოსილება, რომელიც ასე სურთ დაიცვან ამერიკელმა კანონმდებლებმა. „საქმე ეხება საუწყებო ძალაუფლებას და სიამაყეს", უთხრა „სიეტლ ტაიმსს“ რატგერსის უნივერსიტეტში კონგრესის საკითხთა ექსპერტმა როს ბეიკერმა 2017 წელს. „გასულ წლებში კონგრესმა ბევრი დაუთმო პრეზიდენტებს. ამის დათმობა ახლა მათ არ სურთ“.

თუ ჰერი ტრუმენმა ვერ შეძლო ომის დროს მეტალურგიული მრეწველობის ნაციონალიზაცია 1952 წელს, ამ პრეზიდენტსაც არ აქვს ძალაუფლება საგანგებო ვითარება შემოიღოს და საზღვარზე რამდენიმემილიარდოლარიანი კედელი ააგოს.
ადამ შიფი

მაგრამ პრეზიდენტი შეეცდება გვერდი აუაროს კონგრესს და აპირებს საგანგებო საპრეზიდენტო უფლებამოსილების გამოყენებას, რათა საკუთარ თავს მიანიჭოს უფლებამოსილება, ააგოს კედელი. „მე თუ მსურს, ამას გავაკეთებ. შემიძლია საგანგებო მდგომარეობა შემოვიღო“, უთხრა მან ჟურნალისტებს 4 იანვარს. ტრამპის ადმინისტრაცია, ჩანს, არ ხუმრობს. იმაზე, შეუძლია თუ არა ტრამპს ამის გაკეთება, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა იმსჯელეს 4 იანვარს, საშინაო უსაფრთხოების უწყებისა და პენტაგონის წარმომადგენლთან ერთად, - იტყობინებოდა „ენ-ბი-სი“. ტრამპის მუქარას დისკუსია მოჰყვა აშშ-ში. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ პრეზიდენტს ასეთი რამ არ შეუძლია. მათ რიცხვშია კალიფორნიელი ადამ შიფი: „თუ ჰერი ტრუმენმა ვერ შეძლო ომის დროს მეტალურგიული მრეწველობის ნაციონალიზაცია 1952 წელს, ამ პრეზიდენტსაც არ აქვს ძალაუფლება საგანგებო ვითარება შემოიღოს და საზღვარზე რამდენიმემილიარდოლარიანი კედელი ააგოს“, განუცხადა შიფმა აშშ-ის ერთ-ერთ ტელეარხს. აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ტრუმენმა, კორეის ომის დროს შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, რათა მეტალურგიულ მრეწველობაზე კონტროლი დაეწესებინა, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მისი განკარგულება.

1976 წელს აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა საგანგებო მდგომარეობის შესახებ დოკუმენტი, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს პრეზიდენტს ამ მხრივ. დღეს არსებულ ვითარებაში, როცა წარმომადგენელთა პალატას დემოკრატიული პარტია მართავს, ძნელი არაა იმის წარმოდგენა, რომ თუ პრეზიდენტი სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ისურვებს, კონგრესი მას წინ აღუდგება და შეცვლის გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში სენატს 15 დღე ექნება, კენჭი უყაროს საკითხს. ეს პრეზიდენტისთვის იმას ნიშნავს, რომ მივიდეს კონგრესში და დაუსაბუთოს კანონმდებლებს, რომ სამხრეთის საზღვარზე მართლაც საგანგებო მდგომარეობაა. 2017 წელს ტრამპმა მიაღწია 1,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას საზღვრების დაცვისთვის, მაგრამ ეს არ ითვალისწინებდა ახალ მშენებლობებს, ის უკვე არსებულის გაფართოებას უნდა მოხმარდეს.

ტრამპის ინფორმაციით, კონგრესში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერებთან მორიგი შეხვედრა 9 იანვარს გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ კანონმდებლები განსხვავებულ პარტიულ შეხედულებებზე მაღლა დადგებიან.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG