Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით მიხეილ სააკაშვილის დაკავების დეტალებზე ამ მომენტისთვის


8 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს საღამოს დააკავეს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგიდან გავიგეთ, რომელიც მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსა და შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად გამართა.

ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მას არ დაუკონკრეტებია, სად დააკავეს მიხეილ სააკაშვილი.

მიუხედავად ამისა, ცალკეული განცხადებებისა და თავად სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე ატვირთული ვიდეოების საფუძველზე შესაძლებელია გარკვეული სურათის აღდგენა.

სად და როგორ დააკავეს მესამე პრეზიდენტი?

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრის საღამოს თბილისში დააკავეს. ის ახლა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. ყოფილი პრეზიდენტი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებამ აიყვანა. მოკლე ვიდეო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სააკაშვილი ქვიშხეთის ქუჩაზე, სანზონაში დააკავეს, რომლის პირველ სართულზეც „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი მდებარეობს. ექსპრეზიდენტი მეოთხე სართულიდან გაიყვანეს.

სავარაუდოდ, ადგილზე სამართალდამცველების გამოჩენის დროს ჩაწერა ექსპრეზიდენტმა ეს ვიდეო.

რა იყო მანამდე?

ექსპრეზიდენტმა საქართველოს 1 ოქტომბერს დილით აცნობა, რომ ქვეყანაში იმყოფებოდა. მან ორი ვიდეო ბათუმიდან დადო.

მიუხედავად ამისა, მთელი დღის განმავლობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს ვიდეოები ფაბრიკაცია იყო და ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოსულა.

სააკაშვილის ადგილსამყოფლის შესახებ თითქმის 12 საათის განმავლობაში ინფორმაცია არ ვრცელდებოდა, სანამ მისი დაკავების შესახებ არ გამოაცხადა პრემიერმა.

როდის ჩამოვიდა სააკაშვილი?

1 ოქტომბრის საღამოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, ამ დღეების მანძილზე ის იყო ქუთაისსა და თბილისშიც.

„ადამიანს ეძებდნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამტკიცებდნენ, რომ აქ არ იყო. ჯიუტად ვეუბნებოდით, რომ აქ იყო, ვიცოდი, რომ აქ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათდა გასაოცრად სააკაშვილი დაიჭირეს თბილისში“, - თქვა ხერხეულიძემ.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქმე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზეც აღიძრა. ამ დრომდე არ ვიცით, რომელი საზღვარი გადმოკვეთა მან.

როგორც პროკურატურა აცხადებს, მესამე პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

უკვე ცნობილია, რომ მესამე პრეზიდენტს მოქმედი პრეზიდენტი არ შეიწყალებს, რაც ამ დრომდე სააკაშვილის მიერ ციხის დატოვების ყველაზე სწრაფ გზად განიხილებოდა. „არა და არასოდეს“, - ასეთი პასუხი გასცა სალომე ზურაბიშვილმა მთავარ კითხვას ამ თემაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG