Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით რუს ჰაკერზე, რომელიც საქართველომ აშშ-ს გადასცა


დარი პანკოვი, ფოტო პირადი ინსტაგრამიდან
დარი პანკოვი, ფოტო პირადი ინსტაგრამიდან

დარი პანკოვს, რომელიც 2021 წლიდან ქობულეთში ცხოვრობდა, მსოფლიოში ათიათასობით კომპიუტერის დავირუსებაში ადანაშაულებენ. 5 თვის წინ ის გადასცეს აშშ-ს, სადაც ბრალი ახლახანს წაუყენეს. მას 47-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

28 წლის ჰაკერი, ზედმეტსახელად dpxaker, პოლიციამ 2022 წლის 4 ოქტომბერს დააკავა. 21 თებერვალს ის ამერიკის ქალაქ ტამპაში, მოსამართლის წინაშე წარდგა.

პანკოვს ბრალად ედება მავნე პროგრამის შექმნა. ამ პროგრამას 2016-2018 წლებში ყიდდა ჰაკერებზე, რომლებიც მისი გამოყენებით იპარავდნენ პაროლებს და მონაცემებს ათიათასობით კომპიუტერიდან.

მავნე პროგრამა NLBrute ასე მუშაობს: პროგრამა პოულობს სუსტ წერტილს "მსხვერპლ" კომპიუტერში და აინფიცირებს მას. შემდეგ ამ კომპიუტერიდან აგზავნის ვირუსებს. ბოლოს ჰაკერი აკონტროლებს დაინფიცირებული კომპიუტერების მთელ ქსელს. ასეთი ქსელები და მასში აღმოჩენილი მონაცემები სარფიანად იყიდება.

„ეს იგივეა, რაც საკეტების გამხსნელი ქურდებისთვის”, - აუხსნა CNN-ს კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, ადამ მეიერსმა.

გამოძიების ინფორმაციით, პანკოვი თავადაც იყენებდა NLBrute-ს ძირითადად ამერიკული კომპანიებისთვის პაროლების მოსაპარად და შემდეგ ამ პაროლებსაც ყიდდა DarkWeb-ში. DarkWeb-ი ინტერნეტის ნაწილია, რომელში შესვლაც მხოლოდ დაშიფრული ვებბრაუზერით შეიძლება.

სულ, კიბერდანაშაულით მან თითქმის 360 ათასი დოლარი იშოვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პანკოვს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის ბრალს არ აღიარებს.

რუსული გამოცემა „ბუმაგას” ინფორმაციით, პანკოვმა 2015 წელს გამოყენებითი მათემატიკის ოლიმპიადა მოიგო, 2018 წელს კი დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომთვლელი მათემატიკისა და კიბერნეტიკის ფაკულტეტი. 2020 წელს პანკოვი პეტერბურგში დასახლდა, 2021 წლის შემოდგომაზე კი ჯერ თურქეთში წავიდა და ნოემბერში ქობულეთში დაბინავდა. მისი ჰობია ფორტეპიანოზე დაკვრა.

როგორც ჩანს, პანკოვი არ იმალებოდა. მისი პირადი ინსტაგრამი საჯაროა. იქიდან ჩანს, რომ მოგზაურობდა და ჩექინდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მაგალითად, ბორჯომსა და მაჭახელას ეროვნულ პარკში.

სხვა რუსი ჰაკერები

დარი პანკოვი არაა პირველი ჰაკერი, რომელიც საქართველომ აშშ-ს გადასცა.

2017 წლის დეკემბერში თბილისში დააკავეს დმიტრი ტიურინი, რომელსაც FBI ეძებდა. ტიურინის კიბერდანაშაულები გაცილებით მასშტაბური იყო. გამოძიების ფედერალური ბიურო მას და კიდევ რამდენიმე თანამზრახველს 138 მილიონი ადამიანის პირადი მონაცემების მოპარვაში ადანაშაულებდა. გამოძიების ინფორმაციით, მონაცემები მან 5 მილიონ დოლარად გაყიდა. 2021 წლის იანვარს ტიურინს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2019 წელს კიდევ ერთი რუსი ჰაკერი, იაროსლავ სუმბაევი, საქართველომ ამჯერად უკვე რუსეთის ხელისუფლებას გადასცა. მას მოსკოვის რეგიონის გამომძიებლის მკვლელობაში, კიბერთაღლითობასა და დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობაში სდებდნენ ბრალს.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG