Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით „სინოვაკის“ შესახებ


“სინოვაკის” 100 000 დოზა, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა, თბილისში გუშინ, 29 აპრილს ჩამოვიდა. უწევს თუ არა ამ ვაქცინას, ისივე როგორ "სინოფარმს", რეკომენდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომავალ კვირას გაირკვევა. რა ვიცით ამ ეტაპზე ვაქცინაზე, რომლითაც 24 ქვეყანაში იცრებიან და შესაძლოა, საქართველოშიც აიცრან?

ვაქცინის წარმოშობა

Sinovac-ი კერძო ჩინური კომპანიაა, თავად ვაქცინის ოფიციალური სახელწოდება СoronaVac-ია, თუმცა საქართველოში „სინოვაკის“ სახელითაა ცნობილი. ვაქცინაზე მუშაობა Sinovac-მა 2020 წლის იანვრიდან დაიწყო, ივლისში კი ვაქცინამ გამოცდის მესამე ფაზა გაიარა - ბრაზილიაში, ინდონეზიაში და თურქეთში. ამის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ ვაქცინას საგანგებო გამოყენების უფლება მიანიჭა. Sinovac-ს გეგმაში აქვს, წელიწადში 300 მილიონი დოზა ვაქცინა აწარმოოს.

რას ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) ჯერ კიდევ მსჯელობს ჩინურ ვაქცინებთან, “სინოფარმთან” და “სინოვაკთან” დაკავშირებით - თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე მარიანჯელა სიმაომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწემ.

“შემდეგი კვირის დასაწყისში, ან შემდეგი კვირის ბოლოში სამი ვაქცინის შეფასება გასაჯაროვდება” - აღნიშნა მარიანჯელა სიამაომ. ეს სამი ვაქცინა ჩინური „სინოვაკი“ და „სინოფარმია“, ასვე ამერიკული „მოდერნა".

სინოვაკის ეფექტიანობა

პირველი მასშტაბური კლინიკური ტესტით, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდა, ვაქცინამ 50.65% ეფექტიანობა აჩვენა. ჩილეს უნივერსიტეტის კვლევით, ამ ვაქცინის ორი დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ, ეფექტიანობა 54%-ია. თურქეთის კლინიკურ ტესტებში ვაქცინის ეფექტიანობა 91.25% იყო. მონაცემებში ამხელა განსხვავება იმით აიხსნება, რომ ბრაზილიაში ეფექტიანობა ვირუსის სიმპტომატურ და უსიმპტომო ვერსიების წინააღდმეგ გაიზომა, თურქეთში კი - მხოლოდ სიმპტომატურის.

როგორ მუშაობს ვაქცინა

„სინოვაკი“, ისივე როგორც „სინოფარმი“ ტრადიციული ხერხითაა დამზადებული. სხეულში შეყვანილი ვირუსის მკვდარი ნაწილაკები დაავადებას არ იწვევს და ორგანიზმის იმუნურ სისტემას Сovid-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას ასწავლის. რამდენი თვის განმავლობაშია ეფექტური „სინოვაკით“ გამომუშავებული ანტისხეულები, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ასეთი მონაცემები დაზუსტებით არც სხვა ვაქცინებზე გვაქვს.

ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა და ის 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.

გვერდითა მოვლენები

სინოვაკის ხუთი ყველაზე გავრცელებული გვერდითა ეფექტია - მომატებული წნევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნაჩხვლეტის ადგილზე ტკივილი და შეწითლება. სიცხე, როგორც გვერდითა ეფექტი, „სინოვაკის“ შემთხვევაში უფრო იშვიათად გამოვლინდა, ვიდრე Pfizer-BioNTech-ისა და Oxford-AstraZeneca-ს შემთხვევაში.

სად იყენებენ სინოვაკს

ამჟამად „სინოვაკი“ 24 ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის აზერბაიჯანში. აქ „სინოვაკით“ ვაქცინაცია 2021 წლის თებერვალში დაიწყო, მას შედმეგ რაც ქვეყანამ 4 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო. ამ დრომდე აზერბაიჯანმა "სინოვაკით" მილიონზე მეტი ადამიანი აცრა.

„სინოვაკი“ საქართველოში

საქართველომ „სინოვაკის“ 100 000 დოზა ჩინეთის მთავრობისგან, ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღო. ვაქცინასთან ერთად საქართველოს 100 800 ცალი შპრიცი გადმოეცა.

„ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი ვაქცინა , რომლის ტრანსპორტირებაც საქართველოსთვის უნგრულმა მხარემ განახორციელა, თბილისში ჩამოვიდა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „სინოვაკით“ აცრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ დაიწყება:

„მაისის დასაწყისი აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაანონსებული, როგორც „სინოვაკი“-ს ავტორიზაციის თარიღი. ამდენად ამას დაველოდებით და თუ გადავადდა და დაყოვნდა, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, საბჭო დამატებით იმსჯელებს „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ვაქცინას ეფექტურობის კარგი მონაცემები აქვს და მნიშნველოვნად ამცირებს სიკვდილობის მაჩვენებელს და მძიმე შემთხვევების განვითარებას.

„სინოვაკი“+„სინოფარმი“

არ არის გამორიცხული, რომ ეფექტიანობის გასაზრდელად „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ კომბინირება მოხდეს - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, გაო ფუმ. ასევე, განიხილება დოზების რაოდენობის და დროის შუალედის შეცვლის საკითხებიც.

სინოფარმისა და სინოვაკის კომბინაციით, ვაქცინა, შესაძლოა Pfizer-ის Moderna-ს ეფექტიანობას დაეწიოს, ჩინური ვაქცინების შენახვას კი, მკაცრი პირობები სჭირდება, ვიდრე ამ ორ ვაქცინას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG