Accessibility links

რა ისტორიული როლი აქვთ მესამე ძალებს და რა უშლით მათ ხელს


თითქმის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ გააჩინა იმის მოლოდინი, რომ პოლიტიკური სივრცე უფრო მეტად პლურალისტური გახდება. აქამდე დიდწილად ქართული პოლიტიკა ორი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის გარშემო ტრიალებდა. ლიბერალურ დემოკრატიებში ინტერესთა და აზრთა პლურალიზმი თავისთავად სიკეთედ მიიჩნევა. ის გულისხმობს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს შორის ძალაუფლების გადანაწილებას და კრიტიკული საჯარო სივრცის ჩამოყალიბებას. ასეთ სივრცეში პრობლემები სიღრმისეულად განიხილება და გადაჭრის გზები მარტივ ლოზუნგებამდე არ დაიყვანება. საქართველოში დღესდღეობით ბევრი საკითხი, სამწუხაროდ, იქამდე დადის, თუ რომელი ნაბიჯი ვის ინტერესებში შედის: „ნაცების“თუ „ქოცების“. ეს შინაარსობრივ მსჯელობას, ცხადია, მთლიანად სპობს.

ასეთი პოლარიზაცია ზოგჯერ დიდი დემოკრატიული ტრადიციის მქონე ქვეყნებშიც გვხვდება. თანამედროვე აშშ ამის კარგი მაგალითია. თუმცა აშშ-ს მსგავს ქვეყანაში, სადაც პარტიებს შიგნით დემოკრატიული მექანიზმები ძლიერია, პოლარიზაციას ნაკლებად დამანგრეველი შედეგები მოაქვს. საქართველოში, სადაც დემოკრატიის გამოცდილება მწირია, პოლარიზაციას კრიტიკული მსჯელობა თითქმის მთლიანად ეწირება.

იმისათვის, რომ ინტერესთა და აზრთა პლურალიზმი გაჩნდეს, ისეთი პოლიტიკური პარტიები უნდა გაძლიერდნენ, რომლებიც ავტომატურად ორ პოლუსს არ დაემორჩილებიან. ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პატარა პარტიები დიდ პარტიებთან კოალიციაში არ უნდა შევიდნენ. კოალიციების გარეშე პროპორციულ სისტემაში მთავრობის შექმნა გაძნელდება. თუმცა პატარა პარტიებმა კოალიციების შიგნითაც კი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი უნდა შეინარჩუნონ. სხვანაირად მივიღებთ ბევრ პატარა ზომის სატელიტურ, მარიონეტულ პარტიას და, შესაბამისად, პლურალიზმის იმიტაციას (რის საფრთხეც არც ისე არარეალურია). ერთი სიტყვით, პლურალისტური პოლიტიკური სივრცის შესაქმნელად ბევრი ძლიერი და დამოუკიდებელი პარტია გვჭირდება.

„ედისონ რისერჩის“ მიერ ივნის-ივლისში ჩატარებული გამოკითხვით, ღიად პროდასავლურ მესამე ძალებს საერთო ჯამში მოსახლეობის 18 % უჭერს მხარს. ეს ძალებია: ევროპული საქართველო, ლელო, ლეიბორისტები, ახალი საქართველო (გიორგი ვაშაძე), გირჩი, მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი). დაახლოებით ამავე პერიოდში ჩატარებული „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ გამოკითხვით, ზემოთჩამოთვლილ ძალებს მოსახლეობის 16 % უჭერს მხარს. ამავე მონაცემებით, მოსახლეობის 16 % უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობასაც. ცხადია, რეალური შედეგები მხოლოდ არჩევნებზე გამოჩნდება, მაგრამ წინასწარი მონაცემებით როგორც ირკვევა, პროდასავლურ მესამე ძალებს, ერთად აღებულს, არც ისე მცირე ელექტორალური მხარდაჭერა აქვთ. ეს ერთმნიშვნელოვნად დადებით ტენდენციად შეგვიძლია შევაფასოთ.

რა შეიძლება გააკეთონ ამ პროდასავლურმა მესამე ძალებმა, რომ შანსები გაიზარდონ? ან სხვა კუთხიდან რომ მივუდგეთ, რა უშლით ხელს მათ შანსების გაზრდაში? ქვემოთ ჩამოვწერ რამდენიმე ფაქტორს, რაც მესამე ძალების შემდგომ წარმატებას წინ ეღობება.

პირველი ფაქტორი ის არის, რომ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი შესაძლოა ავტომატურად ძველი სისტემით აძლევს ხმას. ძველ სისტემაში ამომრჩეველს ხშირად ტაქტიკური ხმის მიცემა უწევდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი იმის მიხედვითაც აძლევდა ხმას, თუ რომელ პარტიას გამარჯვების რა შანსი ჰქონდა. ბუნებრივია, რომ დიდ პარტიებს გამარჯვების მეტი შანსი აქვთ. შესაბამისად, ტაქტიკურად მომართული ამომრჩეველიც მათკენ იხრებოდა. დღევანდელი სისტემით, ისეთ პატარა პარტიებს, როგორიცაა, მაგალითად, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ ან გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“, პირველ ადგილზე გასვლის დიდი შანსი არ აქვთ, მაგრამ მათ პარლამენტში მოხვედრა თავისუფლად შეუძლიათ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში, როდესაც ამომრჩეველი ახალ სისტემას უფრო მეტად გაითავისებს, დიდ პარტიებს უფრო ნაკლები „ტაქტიკური“ ამომრჩეველი ეყოლებათ. ეს ამომრჩეველი პატარა პარტიებზე გადანაწილდება.

მეორე ფაქტორი, რაც მესამე ძალების შემდგომ წარმატებას წინ ეღობება, ის არის, რომ ისინი ნაკლებად არიან დაკავებული თავიანთი უნიკალური ამომრჩევლის მობილიზებით. ავიღოთ „ევროპული საქართველოს“ მაგალითი. „ევროპული საქართველო“ აქამდე განსაკუთრებით არ ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ რიტორიკის დონეზე გამოყოფას. მართალია, გარკვეული მცდელობები იყო, მაგრამ ზოგიერთი ლიდერის, მაგალითად, გიგი უგულავას განცხადებები და ქმედებები ზოგჯერ კითხვის ნიშნებს აჩენდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რეალურად არის გამიჯნული „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობისგან“. ბოლო დროს გიგა ბოკერია და დავით ბაქრაძე ამ კითხვის ნიშნების გაქრობას შეეცადნენ. მაგალითად, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ იგი მხარს არ დაუჭერს სააკაშვილის პრემიერმინისტრობას. ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობისგან“, რაზეც გიგა ბოკერიამ დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამგვარი აღშფოთება „ავტორიტარული აზროვნების“ მაგალითია. არჩევნების წინ მწვავე განცხადებებით საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება სწორი ნაბიჯია, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ევროპული საქართველოს“ ამის გაკეთება ცოტა დააგვინდა. იგივე შეიძლება ითქვას ბევრ სხვა შედარებით პატარა პარტიაზეც, რომლებიც საკმარისად არ ცდილობენ გამოკვეთონ საკუთარი იდენტობა ან კარგად ვერ გვეუბნებიან, თუ რით არიან უნიკალურები და სხვებისგან გამორჩეულები.

მესამე და ალბათ ყველაზე მთავარი ფაქტორი, რაც მესამე ძალებს წარმატებაში უშლის ხელს, ის არის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია ერთპიროვნული ლიდერებისადმი ლტოლვა. ეს პოლიტიკური კულტურის - ეროვნული პოლიტიკური „მენტალიტეტის“ - ერთ-ერთი შტრიხია. ამგვარი ლიდერები იყვნენ გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი. ასეთივე ლიდერია ივანიშვილი, რომელიც კულისების მიღმა იმალება და ქვეყანას იქიდან მართავს. ერთპიროვნული მართვის სტილი (თუმცა არა ოლიგარქია) კარგად არის ნაცნობი და ზოგისთვის მისაღებიც. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მართვის ეს სტილი ამომრჩევლის ნაწილისთვის მისაღები, ისაა, რომ ერთპიროვნული მმართველობა რაღაც აზრით სტაბილურობის გარანტიაა. სტაბილურობა კი ღარიბ ქვეყანაში, სადაც ადამიანის კეთილდღეობას და სიცოცხლეს მუდმივად საფრთხე ემუქრება, განსაკუთრებით ფასობს. სწორედ ამიტომ ჩვენი პოლიტიკური კლასის ერთ-ერთი გამოწვევა ახლა იმის დემონსტრირებაა, რომ პოლიტიკური პლურალიზმი თავსებადია სტაბილურობასთან. ამის გამო, ფაქტობრივად, დღევანდელმა მესამე ძალებმა ერთგვარ მენტალურ რევოლუციაში უნდა მიიღონ მონაწილეობა.

2020 წლის ოქტომბრის არჩევნები გარკვეული აზრით ისტორიული არჩევნებია. ამ არჩევნებში მონაწილეობით შეგვიძლია ჩაკეტილი წრიდან გამოსასვლელად ისტორიული ნაბიჯები გადავდგათ. თუმცა ამ გზაზე კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რამდენად რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და რამდენის დათმობა მოგვიწევს იმისათვის, რომ უკეთესი პოლიტიკური გარემო და ქვეყანა შევქმნათ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG