Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იციან ეთნიკურმა უმცირესობებმა კორონავირუსზე და ვის ექმნება პრობლემა?


კორონავირუსისგან თავის დაცვის მეთოდების, დაავადებული პაციენტებისა და ახალი შემთხვევების შესახებ საქართველოს მოსახლეობას მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია, საქართველოში მცხოვრებთა ნაწილისთვის კი, იმ ეთნიკური უმცირესობებისთვის, ვინც არ იცის ქართული, ადგილობრივი მედიაა ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო.

რა ვითარებაა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და რა იციან მათ ახალი კორონავირუსის შესახებ?

როგორც რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი, მაია იველაშვილი, ახალციხიდან იტყობინება, თავიდან, როდესაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსი გავრცელდა, ქალაქში მალევე გაჩნდა პირბადეების დეფიციტი. დეზინფექცია ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, სახელმწიფო უწყებებსა და ტაძრებში - როგორც მართლმადიდებლურში, ისე კათოლიკურში. დახურულია სკოლები, ბაღები, ასევე დაიკეტა რაბათის მუზეუმიც. მოსახლეობა - ძირითადად ახალგაზრდობა - ქალაქში პირბადით დადის.

რადიო თავისუფლება ახალციხის ქუჩებში ეცადა გაერკვია, რა ინფორმაცია აქვთ ეთნიკურ უმცირესობებს კორონავირუსის შესახებ?

მარნეულის სათემო რადიოს ხელმძღვანელი, კალიმა მამედოვა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ასე თუ ისე ინფორმირებულია. მარნეულსა და მიმდებარე სოფლებშიც, იქ, სადაც აფთიაქია, პირბადეები, ფაქტობრივად, აღარ იშოვება და ჰიგიენური საშუალებების ნაკლებობაცაა. პრობლემას ქმნის კერძო სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც არ დეზინფიცირდება და ამით შეიძლება ვირუსის გადადების საფრთხე შეექმნათ მგზავრებს.

„ვფიქრობ, რომ მოსახლეობას ინფორმაცია მეტ-ნაკლებად აქვს, მაგრამ არის დაუდევრობის თემა - “მე არ დამემართება”. ვერ ვიტყვი, რომ დახლებიდან მასობრივად ყიდულობენ პროდუქტს და ეშინიათ, რომ თვითიზოლაციაში მოუწევთ ყოფნა, მაგრამ ელემენტარული ჰიგიენის ნორმების დაცვას ცდილობენ, ქალაქში პირბადიანი ახალგაზრდები დადიან“, - ამბობს კამილა მამედოვა

მამედოვა რადიო თავისუფლებას უგზავნის სათემო რადიოს მიერ მარნეულში ჩატარებულ ქუჩის გამოკითხვას

please wait

No media source currently available

0:00 0:00:28 0:00
გადმოწერა


კამილა ამბობს, რომ ადგილობრივი რადიო, თურქული არხები და უფროსებისთვის, ახალგაზრდა თაობაა ინფორმაციის ძირითადი წყარო. რადგან ინტერნეტთან წვდომა რეგიონში პრობლემაა, ონლაინ პუბლიკაციებს გაცილებით ცოტა კითხულობს. ვითარება იმ ადამიანებისთვის უფრო რთულდება, ვისაც სმენის პრობლემები აქვს.

„ჩვენ ახლა შევეჭიდეთ პრობლემას: მარნეულში არის ყრუ-მუნჯთა კავშირი და აღმოჩნდა, რომ იქ მქოფ 40-მდე ბენეფიციარს არ აქვს წვდომა ინფორმაციასთან. ისინი არიან აზერბაიჯანულენოვანები. არ არის ხშირი ინტერნეტით სარგებლობა, ტელევიზიებს კი ვერ უყურებენ, რადგან იქ არ არის ჟესტური ენა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კამილამ.

ინფორმაცია რთულად არის ხელმისაწვდომი არა მხოლოდ რეგიონში მყოფი ადამიანებისთვის, ვისაც სმენის პრობლემა აქვთ.

როგორც თათა რადიო თავისუფლებას ეუბნება, ინფორმაციას ის ონლაინგამოცემებიდან და იმ ვიდეობიდან იღებს, რომლებსაც სუბტიტრები აქვთ, მათი რაოდენობა კი მცირეა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები სწორედაც ტელევიზიებში ჩანან. ყველას არ აქვს ინტერნეტი, ტელევიზიებში სუბტიტრებია საჭირო, ჟესტების ენა ყველამ არ იცის“.

ინფორმაციის ადაპტირების საჭიროებაზე ლაპარაკობს შშმ პირთა უფლებების აქტივისტი კობა ნადირაძეც.

რას აკეთებს მთავრობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მიღება სჭირდება?

მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მთავრობის მოწოდებებსა და უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ენაზე თარგმნიან და რეგიონებში ადგილობრივ მედიას უგზავნიან, ხოლო სმენის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის ის საინფორმაციო ვიდეოები, რომლებიც ტელევიზიით გადის და Stopcov.ge- ზე თავსდება, მალე შესაბამისი სუბტიტრებით იქნება.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG