Accessibility links

რა იწვევდა შიშსა და იმედს ბათუმელებში 2008 წლის აგვისტოში


ბათუმი

ბათუმელები 2008 წლის 8 აგვისტოს ქალაქში უჩვეულო სიჩუმეს იხსენებენ. როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, აჭარაში ტურისტული სეზონი პიკს აღწევდა, ამის შემდეგ კი ბათუმი ტურისტებმა სწრაფად დატოვეს. ქალაქში აგვისტოს თვისთვის დამახასიათებელი ხმაური და აურზაური შეწყდა და სიჩუმემ დაისადგურა, იხსენებს ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი. იგი აგვისტოს ომის დროს რადიო თავისუფლებისთვის მოვლენებს აჭარიდან აშუქებდა:

Direct link

„ჩვენ მაშინ ვაშუქებდით რეზერვისტების ომში გაწვევის ამბავს. ვაშუქებდით, რა მდგომარეობაში იყო ბათუმის პორტი, იმიტომ რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პირველად პორტის აღების მცდელობა იქნებაო, შემდეგ კი თურქეთ-საქართველოს საზღვარზე სარფის გამშვები პუნქტის და ჩვენ ვაშუქებდით ამ ამბებს. გამოძახილი მოჰყვა ხელვაჩაურში რუსული ბომბების ჩამოვარდნის ფაქტს. თუმცა მოქალაქეები იმედოვნებდნენ, რომ, რადგან მეზობელი ქვეყანა, თურქეთის რესპუბლიკა, ნატოს წევრი ქვეყანაა, ეს ფაქტორი გადაგვარჩენდა“.

ბათუმელები იხსენებენ, რომ ქალაქში პანიკა მაშინ დაიწყო, როდესაც ბათუმის თავზე, ცაში, რუსული სამხედრო თვითმფრინავები გამოჩდნენ, რის შემდეგაც ღამით შუქიც გათიშეს. ჩაბნელებულ ქალაქში კი ხმა გავრცელდა, რომ მოსალოდნელი იყო სტრატეგიულ ობიექტებზე საჰაერო იერიშის მიტანა. ეს შეტყობინება ოფიციალურად მიიღო ჟურნალისტმა ნათია ზოიძემაც, რომელიც იმ დროს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. იგი იხსენებს, რომ ოფიციალური პირებისგან გაფრთხილება მიიღო ტელევიზიის შენობის შესაძლო დაბომბვის შესახებ, ამის შემდეგ კი ხუთ თანამშრომელთან ერთად გადაწყვიტა ტელევიზიის შენობაში დარჩენილიყო და მუშაობა გაეგრძელებინა:

„მაშინ არ ვიცოდი, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო თუ მცდარი. უბრალოდ, ვიცოდი, რომ სხვანაირად არ შემეძლო. სულ ხუთი ადამიანი დარჩა ჩემთან ერთად ტელევიზიაში და ჩვენ ვიყავით ერთადერთი ტელევიზია იმ დროს, რომელიც გადასცემდა. შესაძლებელია ერთსა და იმავე ინფორმაციას ვიმეორებდით, მაგრამ ეთერში იჯდა წამყვანი და ესაუბრებოდა მოქალაქეებს. მუშაობა ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ მსგავსი გამოცდილებაც არ გვქონდა. ყოველწამს იღებდი ინფორმაციას, რომ ფოთში რუსულმა არმიამ მოახდინა ქართული საზღვაო ძალების ბლოკირება, იბომბებოდა ფოთის ნავსადგური; ჩვენთან, გონიო-სარფის მონაკვეთზე, რუსული ბომბები ჩამოვარდა, ფაქტიურად, ნატოს წევრი ქვეყნის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში. მოქალაქეები სასოწარკვეთილნი და გაურკვევლობაში იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ინფორმაციას გადავცემდით პირდაპირ ეთერში, ხალხი მაინც ტელევიზიასთან იკრიბებოდა. მათ იმედი ჰქონდათ, იმიტომ რომ იმ ჩაბნელებულ ბათუმში ტელევიზიის შენობა იყო ერთადერთი, სადაც შუქი ენთო და ხალხი მოძრაობდა. ტელევიზიასთან მოსული ხალხი გვთავაზობდა დახმარებას“.

სწორედ აჭარის ტელევიზიის ეთერით ნახა ბათუმელმა ლაშა მიქელაძემ, როგორ შემოვიდა ბათუმის პორტში გემები ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით და, როგორც შეიტყო, ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება. ეს იყო, მისი თქმით, პირველი შემთხვევა, როცა რამდენიმე ღამის განმავლობაში ჩაბნელებულ და რუსული საჰაერო შეტევის მოლოდინში მყოფ ქალაქში გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანა დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა:

„ეს ამერიკის სამხედრო დანაყოფის ფაქტორი ბევრად უფრო იყო, ვიდრე ჰუმანიტარული დახმარება, იმიტომ რომ მეტ-ნაკლებად ეკონომიკური ზრდა გვქონდა და მობილიზებული იყო ქვეყანა, რომ თავისთვის გაეწია დახმარება. ეს იყო ის ფაქტორი, რამაც გამოიწვია, ჩემი აზრით, საზოგადოების განწყობაში გარდატეხა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა და იქნებოდა უკეთესობისკენ, იმიტომ რომ ყველაზე ჰაიკლასის სახელმწიფო როდესაც მოდის მისიით, რომ შენ დახმარება გაგიწიოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მორალური, ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური, ამას ძალიან დიდი გავლენა აქვს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებზე, ასევე საზოგადოებაზეც“.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გაცვლითი სასწავლო პროგრამით იმყოფებოდა სოხუმელი რევაზ ოკუჯავა, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანია და სოხუმის დაცემის შემდეგ ოჯახთან ერთად ბათუმში ცხოვრობს. როგორც იხსენებს, 2008 წელს, როცა ომის შესახებ შეიტყო, სახლში დაბრუნება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ეს ვერ მოახერხა, ქართველ სტუდენტებთან ერთად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ემიგრანტების საერთო პროტესტს შეუერთდა, რომელიც ევროპისა და ამერიკის ქალაქების ცენტრალურ მოედნებსა და რუსეთის ფედერაციის საკონსულოებთან რამდენიმე დღე მიმდინარეობდა:

„დაიწყო ფულის მოგროვება, გამოგზავნა დახმარებების, ჰუმანიტარული მოძრაობები. ჩევნ შევძელით არისტოტელეს მოედანზე, სალონიკში, ყველა ქართველის მობილიზება და რამდენიმე დღის განმავლობაში ვაწყობდით აქციებს. ამ აქციებზე სიტყვით გამოდიოდნენ ქართველები, უცხოელები, სტუმრები. საინტერესო ფაქტი იყო ის, რომ სხვა ეროვნების სტუდენტები - მათ შორის კავკასიელები, განსაკუთრებით ჩეჩნები და ადიღელები - მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი ქართველების ძმები არიან და დღეს არიან საქართველოს გვერდით. მოვაწყვეთ მსვლელობა რუსეთის საკონსულოსთან, გადაიკეტა ქუჩები და, მიუხედავად ამისა, ქალაქს ამ მანიფესტაციის მიმართ ჰქონდა მისაღები რეაქცია. ბევრი ადგილობრივი გვიერთდებოდა. ჩართული იყო ადგილობრივი ქართული დიასპორა, სამღვდელოება. რა თქმა უნდა, დამთრგუნველი იყო და იყო ფიქრი, ნერვიულობა, მაგრამ რაღაც პროტესტს გამოვხატავდით და ჩვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი იქ“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG