Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პერსპექტივა აქვს სომხეთის სარჩელს აზერბაიჯანის წინააღმდეგ და - პირიქით?   


მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაღუპული ჯარისკაცების სასაფლაო. ერევანი
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაღუპული ჯარისკაცების სასაფლაო. ერევანი

16 სექტემბერს, მთიანი ყარაბაღის გარშემო შარშანდელი 44-დღიანი ომის დაწყების წლისთავის მოახლოების წინ, სომხეთმა აზერბაიჯანს ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, უჩივლა.

ერევანი ბაქოს ადანაშაულებს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში და წარდგენილ სარჩელში აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასა და ზარალის კომპენსაციას მოითხოვს.

ერევნის ეს ნაბიჯი წარმოადგენს პასუხს ბაქოს მსგავს ქმედებაზე: 2021 წლის დასაწყისში აზერბაიჯანმა სომხეთს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში უჩივლა.

სომხეთის მიერ ჰააგაში სარჩელის შეტანას აზერბაიჯანი თავშეკავებით შეხვდა. ბაქოში განაცხადეს, რომ საპასუხოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ, სომხეთს თავად უჩივლებს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის საერთაშორისო კონვენციის დარღვევისთვისაც.

ამასობაში კი ექსპერტები მსჯელობენ იმაზე, თუ რა პერსპექტივა აქვს სარჩელის შეტანას ჰააგაში და რა შეიძლება კომპენსაციის სახით მიიღონ საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებულმა ადამიანებმა.

რა წერია ბაქოსა და ერევნის სარჩელებში

ისევე როგორც ყველა მოკონფლიქტე მხარე, აზერბაიჯანსა და სომხეთს თავ-თავისი წილი სიმართლე აქვთ და შარშანდელი 44-დღიანი ომის შემდეგ ორივე დაპირისპირებული მხარე ცდილობს საერთაშორისო სასამართლოებში დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე.

პირველად აზერბაიჯანმა უჩივლა სომხეთს და თავისი სიმართლის დასამტკიცებლად 2021 წლის თებერვალში ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს მიმართა. ბაქო ერევანს ადამიანის უფლებების დარღვევაში სდებს ბრალს მთიანი ყარაბაღისა და მის გარშემო ტერიტორიების თითქმის 30-წლიანი ოკუპაციისა და ასევე შარშან შემოდგომაზე 44-დღიანი კონფლიქტის განმავლობაში.

როგორც აზერბაიჯანის პარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტის წევრმა ქამალ ჯაფაროვმა 8 თებერვალს განაცხადა, ბაქო ერევანს ასევე ბრალად სდებს იმას, რომ მან არ მიიღო ზომები 3 800-მდე ეთნიკური აზერბაიჯანელის ბედის გასარკვევად, რომლებიც 1990-იანი წლების ომის პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.

აზერბაიჯანის სარჩელში საუბარია იმაზეც, რომ სომხეთმა გამოიყენა ბალისტიკური რაკეტები, თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა და კასეტური ჭურვები, როცა შარშან ბომბავდა კონფლიქტის ზონის მახლობლად მდებარე აზერბაიჯანულ ქალაქებს.

სომხეთმა აზერბაიჯანის ამ ნაბიჯს 7 თვის შემდეგ დაუპირისპირა საკუთარი სარჩელი. ამასთან, ერევანმა უპირატესობა მიანიჭა ჰააგაში მდებარე გაეროს საერთაშორისო სასამართლოს. ნიშანდობლივია, რომ ერევნის სარჩელი ბაქოს წინააღმდეგ დაემთხვა შარშანდელი 44-დღიანი ომის წლისთავს, ომისას, რომლის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღის დიდ ნაწილზე და მის მიმდებარე, მანამდე სომეხთა ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ, ოლქებზე.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, სარჩელში სომხეთი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანი ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა სომხების ეთნიკურ დისკრიმინაციას და, აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ წარმოებული ანტისომხური პოლიტიკის გამო, სომხები სისტემატურად განიცდიდნენ შევიწროებას, წამებას და მასობრივ მკვლელობებს.

სომხეთის სარჩელის თანახმად, აზერბაიჯანმა ეს პრაქტიკა ისევ გამოიყენა 2020 წლის სექტემბერში, "არცახის რესპუბლიკის" (მთიანი ყარაბაღი) წინააღმდეგ აგრესიის დროს და შეიარაღებული კონფლიქტისას სერიოზულად დაარღვია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის საერთაშორისო კონვენცია. სომხეთი ირწმუნება, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულებისა და საზავო შეთანხმების ამოქმედების შემდეგაც აზერბაიჯანი განაგრძობდა სომეხი ტყვეებისა და სხვა დაკავებული პირების წამებასა და მკვლელობებს.

ჰააგაში წარდგენილ სარჩელში სომხეთი მოითხოვს აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და ზარალის კომპენსაციას.

მართლმსაჯულება და პროპაგანდა

მაგრამ საკითხავია, თუ რამდენად აქვს ზარალის კომპენსაციის თაობაზე საქმის მოგებას პერსპექტივა ჰააგის სასამართლოში, სადაც სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებული საქმეების განხილვა წლების განმავლობაში გრძელდება.

„ეხო კავკაზას“ მიმომხილველი ვადიმ დუბნოვი მიიჩნევს, რომ ეს პერსპექტივა ნულის ტოლფასია და სარჩელის შეტანას ჰააგის სასამართლოში უფრო „პროპაგანდისტული“ დანიშნულება აქვს.

„მე ვფიქრობ, (ამ საქმის მოგებას) მინიმალური პერსპექტივა აქვს, იმიტომ რომ ჰააგის სასამართლოზე არსებით განხილვამდე არ მისულა უფრო აშკარა საქმეები, ვიდრე ის, რაც ხდებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მე ვფიქრობ, ეს უფრო პროპაგანდისტული ღონისძიებაა. იგი იმ წინააღმდეგობის რესურსების ჯამში ერთიანდება, რომელიც სომხეთს სჭირდება იმისათვის, რომ აზერბაიჯანის მკაცრ და ბევრად უფრო რეალურ მოთხოვნებს დაუპირისპიროს. აზერბაიჯანი აძლიერებს ზეწოლას გამყოფ ხაზზე დელიმიტაცია-დემარკაციისა და კომუნიკაციების გახსნის საკითხებში. აქ ტემპს იგებს აზერბაიჯანი, ინიციატივა მის მხარეზეა. ამიტომ სომხეთმა რაღაც უნდა იღონოს ამ ფრონტის პერიფერიულ მონაკვეთებზე, რაც, ჩემი აზრით, გასაგები, მაგრამ ნაკლებპროდუქტიულია“, - ამბობს ვადიმ დუბნოვი, „ეხო კავკაზას“ მიმომხილველი.

ჰააგის სასამართლოს შეუძლია დააკისროს გარკვეული რეპარაციის გადახდა ბრალდებულ მხარეს, მაგრამ ეს არ იქნება დიდი კომპენსაცია, ამბობს გიუნერ სლუდალი, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გენერალური მდივნის მოადგილე, რომელიც ასეთი სასამართლო განხილვის კიდევ ერთ შედეგად მიიჩნევს იმას, რომ შემდგომში აღარ განმეორდეს დისკრიმინაციისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევები კონფლიქტის ზონაში.

„არსებობს ორი მთავარი ელემენტი სომხეთის მიერ წარდგენილ სარჩელში. პირველია სარჩელის უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს, რომ სასამართლომ შესაძლოა ძალიან სწრაფად მოუწოდოს აზერბაიჯანს, რომ საჭიროა სომხების ეთნიკური დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაცვა. ეს გულისხმობს სამხედრო ტყვეების დაცვას, რაც მე მიმაჩნია ამ სარჩელის ერთ-ერთ მოტივაციად. და სასამართლოს განხილვებისა და გამოძიების ბოლო საფეხურზე სომხეთსა და აზერბაიჯანს მიეცემათ საკუთარი პოზიციების გამოხატვის შესაძლებლობა. დაბოლოს, გამოტანლი იქნება სავალდებულო გადაწყვეტილება, რომელსაც ორივე მხარე უნდა დაემორჩილოს. მე არ მოველი დიდ კომპენსაციას, არამედ უფრო მეტად ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მოუწოდებს მხარეებს შეწყდეს მსგავსი (დისკრიმინაციის) პრაქტიკა, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ასეთ რამეს მართლა აქვს ადგილი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიუნერ სლუდალმა.

ჰააგაში გაგზავნილი სომხეთის სარჩელის პასუხად აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ, სომხეთს თავად უჩივლებს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის საერთაშორისო კონვენციის დარღვევისთვისაც.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელნურ მამედოვმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ სომხეთს პასუხისმგებლობას უახლოეს დღეებში დააკისრებენ, რადგან არ აპირებენ თვალი დახუჭონ სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის 30-წლიანი ოკუპაციის დროს აზერბაიჯანელთა უფლებების დარღვევაზე.

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ მის ტერიტორიასა და მოსაზღვრე შვიდ რაიონს სომხეთის ძალები აკონტროლებდნენ 1990-იანი წლების პირველი ნახევრიდან.

ამ ხნის განმავლობაში მხარეებს შორის დროდადრო ყოველთვის იყო მცირე შეტაკებები, მაგრამ შარშან სექტემბერში აზერბაიჯანმა ფართო მასშტაბის სამხედრო იერიში წამოიწყო და ხელში ჩაიგდო მთიანი ყარაბაღის მოზრდილი ტერიტორია და მისი მოსაზღვრე რაიონები.

10 ნოემბერს მხარეებმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს საზავო შეთანხმებას, რის შედეგადაც კონფლიქტის ზონაში რუსეთის 2000-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტი გაიგზავნა.

XS
SM
MD
LG