Accessibility links

site logo site logo

„შეტევითი“ მანევრების პოლიტიკური განზომილება


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

1 თებერვალს ყარსის პროვინციაში სტარტი აიღო თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივმა სამხედრო მანევრებმა „ზამთარი 2021“, რომელიც სომხეთში უკვე მონათლეს როგორც ძალის მორიგი დემონსტრირება ერევანზე მორალურ-ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოსახდენად.

დამოუკიდებელი ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ არა მხოლოდ ამ სწავლების „შეტევით“ ხასიათზე, არამედ თავად იმ ფაქტზეც, რომ ერთობლივი მასშტაბური სამხედრო სწავლება ორი კვირის განმავლობაში სომხეთის დასავლეთ საზღვართან მდებარე თურქეთის ტერიტორიაზე ტარდება.

სწავლების მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის, ოფიციალური ინფორმაციით, ერთობლივ სამხედრო წვრთნაზე დამუშავდება ზამთრის რთულ კლიმატური პირობებში საჭირო ოპერატიული შესაძლებლობები, უკვე არსებული პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ასევე საკმაოდ ნიშანდობლივი ფორმულირებაა.

სწავლებით „შენიღბული“ თურქეთის განზრახვა

„ერთობლივ თურქეთ-აზერბაიჯანის სწავლებაზე წარმოდგენილი იქნება თურქეთის სამხედრო-სამრეწველი კომპლექსის უკანასკნელი მიღწევა. მაგრამ ამ სწავლების ამოცანაა ძალის დემონსტრირება, სომხეთზე მორალურ-ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენის მიზნით“,-უთხრა რადიო თავისუფლებას თურქოლოგმა ანდრანიკ ისპირიანმა.

ფსიქოლოგიური და პოლიტიკური კლიმატი სომხეთში კვლავ დაძაბულია შარშანდელ ომში აზერბაიჯანის გამარჯვების გამო, რაშიც სომხეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც გადამწყვეტად სწორედ თურქეთის მიერ აღმოჩენილი სამხედრო დახმარება მიიჩნევა.

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანთან მიმდინარე 44-დღიანი საომარი მოქმედების შედეგად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი დათანხმდა 10 ნოემბერს მოსკოვის შუამავლობით შემუშავებულ საზავო პირობებზე. სამმხრივი შეთანხმებით აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშასა და ყარაბაღის გარშემო მდებარე 7 რაიონზე, რომელთაც სომეხი სეპარატისტები აკონტროლებდნენ 1990-იანი წლების დასაწყისიდან, აზერბაიჯან-სომხეთის პირველი ომის შემდეგ.

ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში რეგიონში გაძლიერდა თურქეთის როლი და ანკარა შეეცდება ერევანზე ზეწოლის გზით უზრუნველყოს თავისი ორი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანის მიღწევაო, - ამბობს სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, რუბენ საფრასტიანი.

„ყარაბაღში 44-დღიანი ომის შემდეგ თურქეთს განზრახული აქვს აიძულოს ერევანი უარი თქვას სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებაზე და ცნოს თურქეთის საზღვარი. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთი გააძლიერებს ზეწოლას სომხეთზე და სწორედ ამ სამხედრო სწავლებიდან გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ დავინახავთ ამ ნაბიჯებს თურქეთის მხრიდან“, - უთხრა რუბენ საფრასტიანმა რადიო თავისუფლებას.

თურქეთმა და აზერბაიჯანმა გეგმიური მასშტაბური სამხედრო წვრთნის სამზადისი ახალი წლის დადგომისთანავე დაიწყეს. აზერბაიჯანმა თავისი ქვედანაყოფები ყარსის პროვინციაში „ზამთარი 2021“ წლის აქტიური ფაზის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გადაისროლა.

თურქეთის პროსახელისუფლებო გამოცემა „Daily Sabah“-ის ინფორმაციით, სწავლების დროს ნაჩვენები იქნება „სამამულო წარმოების თანამედროვე შეიარაღება და ტექნიკა“.

აზერბაიჯანიდან ერთობლივ წვრთნაში ჩაებმება სპეცდანიშნულების ნაწილი, რომელიც მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე 44-დღიან ბრძოლებში მონაწილეობდა.

სომეხი ანალიტიკოსების მსგავსად, თურქული წყაროებიც ხაზგასმით ლაპარაკობენ ერთობლივი წვრთნის „შეტევით“ ხასიათზე.

“დიახ, ეს მართალია, რადგან ასეთი სწავლება დღემდე ორი-სამი დღით შემოიფარგლებოდა, ამჯერად კი აზერბაიჯანმა „ზამთარ 2021“- ში თავისი ქვედანაყოფი სწავლების დაწყებამდე ორი კვირით ადრე გადაისროლა. ეს ნიშნავს, რომ წვრთნის სცენარში არის გარკვეული ელემენტი, რომლის დამუშავებას ჩვეულებრივზე უფრო მეტი დრო სჭირდება“, - ეუბნება აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი, ადალატ ვარდიევი, რადიო თავისუფლებას.

კერძოდ, ერთობლივ წვრთნაში ყარსში თავმოყრილი აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო ქვედანაყოფები ორი კვირის განმავლობაში პრაქტიკულ სავარჯიშოებს შეასრულებენ „მიწისზედა და საჰაერო შეტევის დროს ორივე ქვეყნის სამხედრო დანაყოფების სადესანტო და სადესანტო-საჰაერო ოპერაციების მართვისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით“.

ყარსის სამხედრო მანევრების სცენარზე საუბრის დროს თურქეთის პროსახელისუფლებო გამოცემა Deily Sabah-ი ყურადღებას ამახვილებს განსაკუთრებით თურქეთ-აზერბაიჯანის წინა ერთობლივ სამხედრო მანევრებზე, შარშანდელი 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე რომ გაიმართა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სახმელეთო და საავიაციო ძალების მონაწილეობით.

სწავლების ერთ-ერთი ადგილი იყო აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი განჯა, სადაც პირველად გამოჩნდნენ თურქეთის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ რჩებოდნენ მთიანი ყარაბაღის გარშემო 27 სექტემბერს დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებამდე.

ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი აღდამში

თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი მანევრების ფონია თურქეთის როლის გაძლიერება სამხრეთ კავკასიისა და უშუალოდ მთიანი ყარაბაღის რეგიონში.

ნიშანდობლივია, რომ სომხებისგან გათავისუფლებულ აღდამის რაიონში 30 იანვარს გაიმართა თურქეთ-რუსეთის მონიტორინგის ცენტრის გახსნის ოფიციალური ცერემონია, რასაც სომხეთის პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.

„44-დღიანი ომის განმავლობაში თურქეთის არმიის შეუფერხებელი მოქმედებები სამხრეთ კავკასიაში, საბძოლო მოქმედებებში რუსეთის ჩაურევლობა და, განსაკუთრებით, შემდგომი რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებები, საბოლოო ჯამში, დასრულდა ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნით აღდამში. ბევრი ანალიტიკოსისათვის ეს საკმარის საფუძველს იძლევა იმის დასადასტურებლად, რომ, პუტინ-ერდოანის მოლაპარაკებების სახით, ჩვენ საქმე გვაქვს სომხეთის წინააღმდეგ მიმართულ ახალ ლენინ-ათათურქის გარიგებასთან“, - ამბობს რუბენ საფრასტიანი.

მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის შექმნის შესახებ მემორანდუმს შარშან 11 ნოემბერს მოაწერეს ხელი რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, აღდამში განთავსებულ ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის თურქულ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალი აბდულა კატირჩი, რუსეთისას კი - გენერალ-მაიორი ვიქტორ ფიოდორენკო.

4 ჰექტარ ტერიტორიაზე გადაჭიმული ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის 24-საათიან დაცვას აზერბაიჯანელი სამხედროები უზრუნველყოფენ.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა სომხეთის კონტროლქვეშ დარჩენილ მთიანი ყარაბაღის ნაწილში 2 000-კაციანი რუსეთის სამხედრო დანაყოფის შესვლას, ბაქო შეეცადა და მიაღწია კიდეც, რომ რუსული ყოფნა დაებალანსებინა თურქეთის სამეთვალყურეო მისიით.

შესაბამისად, ნატოს წევრი თურქეთი, როგორც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი ექსპერტების დაკვირვებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკურთან ერთად უკვე მნიშვნელოვან სამხედრო მოთამაშედ გადაიქცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG