Accessibility links

რა პრობლემებს ქმნის ქუთაისის 10 დღით ჩაკეტვა


ქუთაისი

15 აპრილს, დილიდან, სოციალურ ქსელში გავრცელდა არაერთი ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც ქუთაისში შემომსვლელი ავტომანქანების დიდ რაოდენობას ასახავდა. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამკაცრება და 10 დღით ოთხი ქალაქის, მათ შორის ქუთაისის ჩაკეტვა გადაწყვიტა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მყოფმა მოქალაქეებმა შინ დაბრუნება დაიწყეს. ამას ისიც ემატება, რომ, ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულისთვის უმრავლესობა შინ ბრუნდება. ახალი შეზღუდვისა და მოახლოებული რელიგიური დღესასწაულისთვის მზადების გამო, ქუთაისელთა ნაწილმა სურსათის, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების საგნების მომარაგება გადაწყვიტა. დილიდან ხალხმრავლობა იყო ქუჩებში, აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებთან. ქუთაისში მცხოვრები დეა მანაგაძის დაკვირვებით, ქალაქის დროებით ჩაკეტვის გამო, ადამიანებს გაუჩნდათ შიში, რომ სურსათისა და მედიკამენტების დეფიციტი შეიქმნება: „ხალხის რაოდენობის მატება უკავშირდება შიშს, რადგან ფიქრობენ, რომ თუ მთავრობა კიდევ უფრო გაამკაცრებს ზომებს, შეიქმნება პროდუქტზე დეფიციტი და გაიზრდება მედიკამენტებზე მოთხოვნა“.

დღეს ვიყიდე იმერული ყველი, რომლის შეძენასაც ვერ შევძლებ მომდევნო 10 დღის განმავლობაში, თუმცა, მაგალითად, ბოსტნეულის მაღაზიაში გათავდა პროდუქტი და უამრავი ადამიანი დარჩა ხელცარიელი...
ქეთი დეისაძე

დეა მანაგაძე, რომელიც წესების გამკაცრების მომხრეა, ამბობს, რომ ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო და დღეს, როცა ვირუსის შიდა გავრცელება გაზრდილია, ამ წესების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: „ვნახე რიგები, მაგრამ ვერ ვნახე წესრიგის დამცველები და პატრული, რომელიც მოუწოდებდა მოქალაქეებს წესრიგის, დისტანციის დაცვისკენ. წესებს, რეგულაციებს სჭირდება აღსრულება“.

დილიდან მაღაზიასთან რიგში იდგა ქეთი დეისაძე, რათა სადღესასწაულოდ საჭირო პროდუქტის ნაწილი შეეძინა. როგორც სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, ქალაქის ჩაკეტვის შემდეგ ზოგიერთი პროდუქტი შესაძლოა ვეღარ შეიძინოს - მაგალითად, იმერული ყველი და ბოსტნეული, რომელიც ქუთაისში ახლომდებარე სოფლებში მცხოვრებ გლეხებს ჩამოაქვთ: „დღეს ვიყიდე იმერული ყველი, რომლის შეძენასაც ვერ შევძლებ მომდევნო 10 დღის განმავლობაში, თუმცა, მაგალითად, ბოსტნეულის მაღაზიაში გათავდა პროდუქტი და უამრავი ადამიანი დარჩა, გამყიდველმა კი თქვა, რომ 10 დღის განმავლობაში არ იქნება პროდუქტი. დღეს ხორცის რიგში იდგა ხალხი, იმიტომ რომ იქაც თქვეს, რომ საქონლის ხორცს ვერ შემოიტანდნენ“.

ადამიანები, რომლებიც ქუთაისის ირგვლივ ცხოვრობენ, დღეს მაქსიმალურად იღებენ პროდუქტს, რადგან ხელისუფლებამ მათ ერთადერთი დღე დაუტოვა, შეიქმნა ხელოვნური ბუმი, რაც ზრდის პანდემიის რისკს...
თორნიკე ბარათაშვილი

ქეთი დეისაძე მიიჩნევს, რომ აკრძალვის გამო დაზარალდებიან გლეხებიც, რომლებსაც ქალაქში სისტემატურად ჩამოაქვთ ყველი და ბოსტნეული და სანაცვლოდ სხვა პროდუქტს ყიდულობენ: „მე ვჯავრობ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ თანხით ახერხებდნენ სხვა საჭირო ნივთების ყიდვას. ხელისუფლებას კარგად გამოსდის აკრძალვები და იმაზეც უნდა ეფიქრა, რომ ამ ადამიანებისთვის არ მოეჭრათ შემოსავლის გზა“.

თორნიკე ბარათაშვილი, დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ ევროპა ჩვენი სახლია“, ამბობს, რომ 15 აპრილს, ქუთაისის ჩაკეტვამდე, განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცალო და საბითუმო პროდუქტის ბაზრობაზე, საიდანაც ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და სხვა სურსათი მიაქვთ იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებში: „ადამიანები, რომლებიც ქუთაისის ირგვლივ ცხოვრობენ, დღეს მაქსიმალურად იღებენ პროდუქტს, რადგან ხელისუფლებამ მათ ერთადერთი დღე დაუტოვა, შეიქმნა ხელოვნური ბუმი, რაც ზრდის პანდემიის რისკს და ვერავინ იტყვის, რომ იქ დაცულია ზომები“.

თორნიკე ბარათაშვილის შეფასებით, არაგონივრულია ქალაქის ჩაკეტვა მაშინ, როცა, მაგალითად, მართლმადიდებლურ ტაძრებში შეზღუდვებს პრაქტიკულად არ ითვალისწინებენ და ამაზე ხელისუფლება არ რეაგირებს: „გამოდის, რომ ეკლესიას აყენებენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ფაქტია, დღეს არ სთხოვს ხელისუფლება ეკლესიას კანონის დაცვას“.

სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძემ, 15 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხალხის მასობრივად შეკრებისა და ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში, ქუთაისსა და ზესტაფონში, სააღდგომო პერიოდში სასაფლაოები სამი დღით დაიკეტება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG