Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პროცესები ვითარდება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გარშემო


აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით ჟურნალისტმა ფირუზ ბოლქვაძემ წერილობით მიმართა აჭარის საკანონმდებლო ორგანოს. ფირუზ ბოლქვაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევ კონკურსში ორჯერ მონაწილეობდა, თუმცა ვერც ერთი მრჩევლის ხმა ვერ მიიღო. უნდობლობის გამოცხადების მიზეზად ის სამ ჩაშლილ კონკურსს ასახელებს, რის გამოც ხუთწევრიანმა საბჭომ ვერ აირჩია ახალი დირექტორი. ფირუზ ბოლქვაძე რიგით მეოთხე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას აპირებს და მიიჩნევს, რომ დირექტორი მოქმედმა მრჩეველთა საბჭომ აღარ უნდა აირჩიოს:

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მრჩეველთა საბჭოს ამ შემადგენლობამ კონკურსი აღარ ჩაატაროს, იმიტომ რომ ამ კონკურსმა გააჩინა ძალიან მაღალი რისკები მაუწყებელში რაღაც გავლენების მქონე პირის მოყვანის, მეოთხე კონკურსის შედეგი კი არ ისარგებლებს ნდობით და მას არ ექნება ლეგიტიმურობა“.

რეგიონალური მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი აჭარის უმაღლეს საბჭოს კომისიებში განიხილება. დეპუტატებმა, რომლებიც 6 წლის ვადით ირჩევენ ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლებს, უნდა გადაწყვიტონ, დარეგისტრირდება თუ არა ეს მოთხოვნა განსახილველ საკითხად. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე არასერიოზულად მიიჩნევს ამ საკითხის დაყენებას იმ მიზეზით, რომ მოქმედ მრჩეველთა საბჭოს ოთხ წევრს მიმდინარე წლის შემოდგომაზე უფლებამოსილების ვადა ეწურება, მათ ადგილას ახალი მრჩევლების შესარჩევი კონკურსი კი უმაღლესმა საბჭომ დღეს გამოაცხადა:

„იმის გათვალისწინებით, რომ კონკურსი უკვე ცხადდება, ჩემი მოსაზრებით, არ არის და ვერ იქნება გამართლებული ამ ბორდის მიმართ რაიმე ღონისძიების გატარება. თუმცა ეს ჩემი, ერთი დეპუტატის, აზრია და ეს დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, დადგება თუ არა საკითხი განსახილველად“.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი მრჩევლების მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ საჩივრის ინიციატორი დირექტორობის ყოფილი კანდიდატი ფირუზ ბოლქვაძე განაწყენებულია. რაც შეხება სამი ჩაშლილი კონკურსის მიზეზებს, რის გამოც დირექტორი ვერ აირჩიეს, ნატა იმედაიშვილი ამბობს, რომ მასთან ერთად კიდევ ერთი მრჩეველი დამოუკიდებელ და კვალიფიციურ კანდიდატს უჭერს მხარს, დანარჩენი სამი კი, როგორც საზოგადოებამ დაინახა, პოლიტიკური პარტიების გავლენის ქვეშაა. მათ შორის ორი მრჩეველი ერთხმად სახელისუფლებო კანდიდატის გაყვანას ცდილობს, მესამე კი კონკურსის ჩაშლის მიზნით არ მონაწილეობს კენჭისყრაში:

„არის ეს მცდელობები. საზოგადოება ამბობს და ეს ჩანს კიდეც, რომ ორი წევრი იხრება სამთავრობო კანდიდატისკენ და ეს გაცხადებულია. ორი წევრი კი დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს მხარს. ერთი წევრი კი, ასევე, პარტიული ნების გამტარებელია. ამიტომ არსებობს ეს შეუთანხმებლობა საბჭოს წევრებს შორის. ჩვენ ვარაუდებს გამოვთქვამთ, მაგრამ ეს ასეა. როცა ბოლოს უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩავაბარეთ, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ ჩვენ ვერ ავირჩევდით დირექტორს. ეს კი იყო მითითება. მეორე მხარეს კი არსებობს ორი ხმა, რომელიც ერთსა და იმავე კანდიდატს ირჩევს. ეს არის ფაქტი და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მითითებები, რომელსაც ეს სამი წევრი ასრულებს“.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრთა უმრავლესობა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კვოტით შეირჩა წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს მიერ. ერთადერთი ახალი მრჩეველი გიგა ჩხარტიშვილია, რომელიც გასულ წელს საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით მოხვდა. იგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძისთვის, უნდობლობის გამოცხადების.

„ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით ტელევიზიაში ორი მრჩეველია - ირაკლი დარმცელიძე და ბეჟან გობაძე. თითო-თითო წევრი კი „თავისუფალ დემოკრატებს“ (ნატა იმედაიშვილი) და რესპუბლიკელებს (გიორგი ირემაძე) ჰყავთ. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განახლებულ საბჭოში ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ ორი კვოტა, მმართველ პოლიტიკურ პარტიას კი სამი მრჩევლის შერჩევის საშუალება ექნება. ძველ საბჭოს ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ბოლო, მეოთხე, შესაძლებლობა აქვს, თუ მანამდე რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ მათ უნდობლობა არ გამოუცხადა. ამ გარემოების გათვალისწინების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით საბჭოში წარდგენილი მრჩეველი, ბეჟან გობაძე, ამბობს, რომ ვერ ხედავს პრობლემას ახალი დირექტორი არა მოქმედმა, არამედ ახალმა საბჭომ შეარჩიოს. მისივე თქმით, იგი არ თანამშრომლობს ოთხ მრჩეველთან, რომლებმაც ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის, გადაყენების საკითხს მხარი დაუჭირეს:

„მე არ წავედი ამ გაყოფილი ოთხი მრჩევლის არც ერთ მხარეს და ვამბობ მარტივად: როგორც ერთხმად გადააყენეს ყოფილი დირექტორი, კეთილი ინებონ, აიღონ პასუხისმგებლობა და შეთანხმდნენ არჩევნებზე. შესაძლებელია აირჩიონ ახალი დირექტორი, მაგრამ თუ ვერ აირჩევს ეს საბჭო, არც ესაა პრობლემა - მოვა ახალი საბჭო და ის აირჩევს დირექტორს“.

რაც შეეხება პოლიტიკური ძალების გავლენას აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ამ საკითხში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია აბულაძე, როგორც ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის, იმპიჩმენტის დაწყებაში, ისე სამი კონკურსის ჩაშლაში ხელისუფლების ხელს ხედავს.

„ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონდა აჭარის ტელევიზია. იგი ჩამოვიდა ბათუმში და, მართლაც, ღიად დაესხა თავს აჭარის ტელევიზიას. ვამბობდით, რომ ხელისუფლება გეგმავდა აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის გადაყენებას. მართლაც, გადააყენეს. ჩვენ გვაქვს წყაროები, საიდანაც მოგვდის ეს ინფორმაცია. სამწუხაროდ, ეს რეალობად იქცა და ცუდია“, - ამბობს გია აბულაძე.

თავის მხრივ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მმართველი პარტიის რაიმე სახით ჩარევას რეგიონალური მაუწყებლის საქმეებში გამორიცხავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ჩარევის მცდელობაში ღიად ადანაშაულებს.

„მე გამოვრიცხავ ყველანაირი სახელისუფლებო კანდიდატის მონაწილეობას მაგ პროცესში. სამი კონკურსი ჩატარდა და სხვადასხვა პირზე იყო საუბარი, რომ სახელისუფლებო კანდიდატია, და არც ერთხელ არ იქნა არჩეული. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ისეთი განცხადებები აქვს აჭარის ტელევიზიაზე გაკეთებული, რომ, ჩემი აზრით, რაღაც მითითებებს აძლევდა მათი კვოტით არჩეულ ბორდის წევრს“, თქვა დავით გაბაიძემ.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოქმედ დირექტორ ნათია კაპანაძეს უფლებამოსილების ამოწურვამდე ხუთი თვით ადრე უნდობლობა გამოუცხადა საბჭოს ოთხმა წევრმა. თავის მხრივ, ნათია კაპანაძეს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG