Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე - გაიცანი აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები


ფირუზ ბოლქვაძე
ფირუზ ბოლქვაძე

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატი ფირუზ ბოლქვაძე პროფესიით ფსიქოლოგია. 15 წელია ჟურნალსიტურ საქმიანობას ეწევა.

2004 წლიდან მუშაობს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. სხვადასხვა დროს იგი იყო აჭარის რადიოსა და ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორი, პროდიუსერი, საავტორო გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი. ამჟამად აჭარის ტელევიზიაში ანალიტიკური ჯგუფის რეპორტიორად მუშაობს.

იგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში მიწვეული მასწავლებელია და განწყობისა და ზოგად ფსიქოლოგიაში ლექციებს კითხულობს. ასევე კითხულობს ეკონომიკის ფსიქოლოგიას, რაც, მისივე თქმით, სწორედ მენეჯერულ საქმიანობაში დაეხმარება.

ყველა პროცესი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს, უნდა იყოს გამჭვირვალე, ყველა პროცესის შესახებ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული...
ფირუზ ბოლქვაძე

რეგიონალური მაუწყებლის განვითარების ხედვა ფირუზ ბოლქვაძემ 9 ივლისს წარადგინა გასაუბრებაზე. მრჩეველთა საბჭოს უთხრა, რომ აჭარის ტელევიზიასა და რადიოში 15- წლიანი მუშაობის გამოცდილებით კარგად გაიცნო მაუწყებლის სპეციფიკა და თავისებურებები, ასევე შესაბამისი საკანონმდებლო და მედიარეგულაციები. კარგად იცნობს მაუწყებლის დებულებას, სტრუქტურას და პრობლემებსაც. ფირუზ ბოლქვაძემ თქვა, რომ კარგი და კოლეგიალური ურთიერთობა აქვს მაუწყებლის თანამშრომლებთან, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანი პირობაა იმისთვის, რომ ორგანიზაციაში მომუშავე პირს ჰქონდეს ხელმძღვანელ თანამდებიობაზე მუშაობის პრეტენზია.

მრჩეველთა საბჭოს უთხრა, რომ, თუ ნდობას გამოუცხადებენ, უპირველესი პრინციპი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსის განმტკიცება:

„ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, იმიტომ რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, გარკვეულმა პროცესებმა, თუნდაც დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა....ვფიქრობ, რომ ყველა პროცესი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს, უნდა იყოს გამჭვირვალე, ყველა პროცესის შესახებ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა იქმნებოდეს ილუზიები საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესახებ. უნდა გადიოდეს სწორი ინფორმაცია, რა ხდება აქ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი საფრთხე საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისა და მისი განვითარებისთვის. საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე ყველა პროცესი არის ლეგიტიმური, სწორი და ჯანსაღი. თუნდაც დირექტორის არჩევის პროცესი“, - თქვა ფირუზ ბოლქვაძემ.

ნომერ მეორე ამოცანად ფირუზ ბოლქვაძემ მაუწყებლის სტრუქტურის გამართვა და ყველა რგოლის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა დაასახელა. პრეზენტაციაზე დეტალურად ილაპარაკა მაუწყებლის სტრუქტურის თავისეულ ხედვაზე. ყურადღება გაამახვილა სარედაქციო დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და ხელშეწყობის საჭიროებაზე:

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაუწყებელში სარედაქციო პოლიტიკა არ იყოს დამოკიდებული დირექტორის ცვლილებაზე. არც ერთ ხელმძღვანელ პირს, რომელიც მოვა მაუწყებელში, - და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ის, - არ უნდა ჰქონდეს განცდა და მით უმეტეს პრეტენზია, რომ ის ქმნის სარედაქციო პოლიტიკაში ამინდს. დირექტორების შეცვლა კანონზომიერია, მაგრამ ის, რომ დირექტორების ცვლამ რაღაც ქარტეხილები გამოიწვიოს, საინფორმაციო პოლიტიკის გადახრა გამოიწვიოს რომელიმე მიმართულებით, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ამიტომ, მე ვფიქრობ, დირექტორმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ გაიზარდოს საინფორმაციო მიმართულების დამოუკიდებლობა ხარისხობრივად და გაიზარდოს არა უშუალოდ რგოლის, არამედ უშუალოდ რეპორტიორების დამოუკიდებლობაც. ისინი გახდნენ უფრო მეტად კრეატიულები, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ საინფორმაციოს ეს ნაკლებად უხდება, ამ შემთხვევაში ვიტყვი, რომ მათ უნდა შეძლონ ზეგავლენებისგან თავის დაცვა“.

ფირუზ ბოლქვაძემ თქვა, რომ თანამშრომლები მძიმე მდგომარეობაში არიან არასათანადო და არასაკმარისი ტექნიკის გამო, ამიტომ მაუწყებლის ტექნიკური უზრუნველყოფა ერთ- ერთი პრიორიტეტი იქნება მისი დირექტორად არჩევის შემთხვევაში.

რეგიონალური მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის დახვეწა და გაძლიერება მნიშვნელოვან მიმართულებად დაასახელა. მაგალითად კი მოიყვანა მაუწყებლის თანამშრომლების საპროტესტო აქციებში მონაწილეობა. ფირუზ ბოლქვაძეს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთი თანამშრომლის ქმედებამ მაუწყებლის მიუკერძოებლობა და იდეა ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს, რაც, მისივე აზრით, მაუწყებლის შიდა ქცევის კოდექსში უნდა იყოს გაწერილი.

ფირუზ ბოლქვაძე
ფირუზ ბოლქვაძე

განათლება

2008-20011 წლები - ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მაგისტრი.

2000-2006 წლები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ბაკალავრი.

სამუშაო გამოცდილება

2004 წლიდან დღემდე აჭარის ტელევიზია და რადიო. საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორი, საავტორო გადაცემის პროდიუსერი და წამყვანი, ანალიტიკური ჯგუფის რეპორტიორი.

2004 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული მასწავლებელი. კითხულობს ლექციების კურსს ფსიქოლოგიაში არასპეციალურ ფაკულტეტებზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევ კონკურსში თავდაპირველად 12 კანდიდატი მონაწილეობდა. 9 ივლისს გასაუბრებაზე არ გამოცხადდა დირექტორობის კანდიდატი დავით დიასამიძე. გასაუბრება 8 ივლისს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდება, 10 ივლისს კი მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრი ფარული კენჭისყრით ხმას მისცემს კონკურსანტებს. დირექტორის გამოსავლენად კონკურსანტს მრჩეველთა სამი ხმა სჭირდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი უკვე მეორედ იმართება. პირველად კონკურსი 31 მაისს ჩატარდა, თუმცა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საჭირო ხმების რაოდენობა, რის გამოც კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

მეორე ჯერზე კონკურში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა წინა კონკურსში მონაწილე ექვსმა და ახალმა ექვსმა კანდიდატმა, რომელთაგან ერთი კონკურსს გამოეთიშა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG