Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საფრთხეს ქმნის ანტიკორუფციულ ორგანოებზე უკრაინის ხელისუფლების ზეწოლა   


ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ჯოზეპ ბორელი შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის.
ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ჯოზეპ ბორელი შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის.

გასულ კვირაში ევროკავშირის უკმაყოფილება გამოიწვია უკრაინის საკანონმდებლო ორგანო „ვერხოვნა რადის“ მიერ იმ საკონკურსო კომისიის წევრთა უმრავლესობის დანიშვნამ, რომელმაც, თავის მხრივ, უნდა აირჩიოს უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის (საპი) ახალი ხელმძღვანელი.

ეს თანამდებობა ვაკანტურია მიმდინარე წლის 21 აგვისტოდან, როდესაც ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობა დატოვა სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა ნაზარ ხოლოდნიცკიმ.

როგორც ევროპელი, ისე უკრაინელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ საპ-ის ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად უკრაინის „ვერხოვნა რადას“ 17 სექტემბერს უფრო უკეთესი გამოცდილებისა და რეპუტაციის საკონკურსო კომისიის წევრები უნდა შეერჩია.

„ისე მოხდა, რომ უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა საარჩევნო კომისია, რომელშიც დილეტანტები შეიყვანეს. კანონი კი ამბობს, რომ პარლამენტის მიერ საკონკურსო კომისია უნდა დაკომპლექტდეს ისეთი ხალხით, რომელსაც აქვს კარგი რეპუტაცია და ანტიკორუფციული მუშაობის სათანადო გამოცდილება. ეს მოთხოვნა კი არ იქნა დაცული, რასაც ევროკავშირიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა“, - ამბობს იური პანჩენკო, პორტალ „ევროპეისკაია პრავდის“ რედაქტორი.

ევროკავშირში მალევე შეახსენეს უკრაინას, რომ სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის გამჭვირვალედ და ყველა პროცედურის დაცვით არჩევა მთავარი პირობაა ბრიუსელისგან 600 მილიონი ევროს მიკროსაფინანსო დახმარების მისაღებად.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა უკრაინა გააფრთხილა, რომ ამ კრიტერიუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში რისკის ქვეშ აღმოჩნდება ევროკავშირთან მისი უვიზო მიმოსვლა.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა და ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება მხოლოდ ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების მოსაზრებას წარმოადგენს.

სწორედ კორუფციაა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენლის, ჯოზეპ ბორელის, უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი.

ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ჯოზეპ ბორელი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს - ანდრეი ტარანსა და დმიტრი კულებას, ეწვევა ასევე უკრაინაში ევროკავშირის საკონსულტაციო (EUAM) მისიას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას ეხმარება ევროკავშირის სტანდარტის რეფორმების განხორციელებაში.

რუსეთისა და კოლომოისკის მხარდამჭერი ძალები „ვერხოვნა რადაში“?

ნიშანდობლივია, რომ კიევში მყოფი ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტი დაიწყო „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის“ წარმომადგენლებთან შეხვედრით. ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა დარია კალენიუკმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ვიტალი შაბუნინმა ჯოზეპ ბორელის მიაწოდეს შეულამაზებელი ინფორმაცია უკრაინაში არსებული კორუფციული გარემოს შესახებ.

პირველი ცნობა, რომელიც „შოკისმომგვრელი“ ყოფილა ბორელისათვის, შეეხებოდა ოლიგარქ იგორ კოლომოისკის მიერ „პრივატბანკიდან“ 5 მილიარდი დოლარის მითვისებას, რაც ეკვივალენტურია ევროკავშირისგან 6 წლის განმავლობაში მიღებული ფინანსური დახმარებისა.

უკრაინელი ანტიკორუფციონერი აქტივისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არათუ სამართლებრივად არ აგებინა პასუხი კოლომოისკის, არამედ ოდიოზურ ოლიგარქს თავისი დასაყრდენი აქვს „ვერხოვნა რადაში“.

„მე დეტალურად მოვახსენე ბატონ ბორელის უკრაინის პარლამენტში მყოფი რუსეთისა და კოლომოისკის მხარდამჭერი ძალების შესახებ, რომლებიც ებრძვიან უკრაინის პროდასავლურ კურსს, თუმცა თავიანთი ბიზნესისათვის ევროკავშირში არსებულ კომპანიებთან ამჯობინებენ საქმის დაჭერას“, - დაწერა თავის ფეისბუკში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის“ დირექტორმა დარია კალენიუკმა.

შეხვედრის შემდეგ ჯოზეპ ბორელი, მასპინძლებისგან განსხვავებით, უკრაინაში კორუფციის შესახებ უფრო დიმლომატიური განცხადებით შემოიფარგლა, თუმცა ევროპელმა მაღალჩინოსანმა მიანიშნა, თუ რას ანიჭებს ბრიუსელი პრიორიტეტს კიევთან ურთიერთობაში.

„უკრაინის საზოგადოებისათვის გადამწყვეტია ძლიერი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი ანტიკორუფციული ინსტიტუტები და სასამართლო რეფორმა“, - განაცხადა 22 სექტემბერს ბორელიმ კიევში ანტიკორუფციონერ აქტივისტებთან შეხვედრის დროს.

ვიოლა ფონ კრამონის კრიტიკა და გაფრთხილება

საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენლის კიევში ვიზიტამდე, ბრიუსელში საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გაკეთდა უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის (საპი) მიმართ უკრაინის ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის გამო.

კვამლი, როგორც იტყვიან, უცეცხლოდ არ ჩნდება.

ამ უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ნაზარ ხოლოდნიცკიმ 21 აგვისტოს გამოაცხადა თავისი გადადგომა, გენერალურ პროკურორ ირინა ვენედიქტოვას ზეწოლის გამო.

„ჩვენი ოფისი სისტემატურად აწყდებოდა ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ჩვენი მუშაობის შედეგების მანიპულაციის პოლიტიკურ მცდელობებს“, - დაწერა 21 აგვისტოს თავის ფეისბუკში ხოლოდნიცკიმ, რომლის მოღვაწეობის მიმართ პრეტენზიები, ცხადია, ჰქონდა უკრაინის ახალ გენერალურ პროკურორსაც, რომელსაც ფორმალურად ექვემდებარება სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა.

ევროკავშირში მოელოდნენ, რომ „ვერხოვნა რადა“ პროფესიონალი და პატიოსანი კადრებით დააკომპლექტებდა საკონკურსო კომისიას, რომელიც, თავის მხრივ, პროცედურების სრული დაცვით შეარჩევდა კოროფციასთან ბრძოლის მთავარი სახელმწიფო სტრუქტურის - სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის - ახალ ხელმძღვანელს.

3 სექტემბერს „ვერხოვნა რადამ“ ვერ მოახერხა 11-კაციანი კომისიის 7 წევრის, ანუ საკუთარი კვოტის, დაკომპლექტება. ორკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა 7 წევრი, რომელთა რეპუტაცია დაიწუნეს როგორც უკრაინელმა ანტიკორუფციონერმა აქტივისტებმა, ისე ევროპარლამენტის დეპუტატებმა.

ამასთან, საკონკურსო კომისიის კიდევ 4 წევრი, რომელიც პროკურორთა საბჭოს მიერ არის წარდგენილი, საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს.

ევროპარლამენტარმა გერმანიიდან, ვიოლა ფონ კრამონმა, მწვავედ გააკრიტიკა საკონკურსო კომისიის წევრთა „პროფესიონალიზმი“ და „პატიოსნება“ და განაცხადა, რომ ეს ამბავი უკრაინასთან უვიზო მიმოსვლაზეც იმოქმედებს.

„ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ბელარუსზეა გადატანილი, უკრაინის ხელისუფლება დაჩქარებით აწინაურებს ისეთ კანდიდატებს, რომლებსაც არ ჰყოფნით გამოცდილება და წესიერება საპ-ის ხელმძღვანელის ასარჩევად. უკრაინის ხელისუფლება საფრთხის ქვეშ აყენებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისა და შემდგომი დახმარების ტრანშის, 1,5 მილიარდი ევროს, ბედს“, - დაწერა ტვიტერში ვიოლა ფონ კრამონმა.


კიევის დაპირება

უკრაინამ 2017 წლის 6 აპრილს მიიღო ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის უფლება. უვიზოდ მოგზაურობის ხანგრძლივობა, ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქეებისთვისაც 90 დღეა 180 დღის განმავლობაში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი აცხადებს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ევროპარლამენტარის კრიტიკის პასუხად კიევი პირობას დებს, რომ საკონკურსო კომისია საზოგადოებასთან ერთად გამჭვირვალედ ჩაატარებს სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატორის ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსს.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ უკრაინელი ანალიტიკოსებიც, თუმცა არ გამორიცხავენ კორუფციის პრობლემაზე უკრაინის ხელისუფლებასთან მკაცრ საუბარს.

„რა თქმა უნდა, ძალიან ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რომ ევროკავშირი გააუქმებს უვიზო მიმოსვლას უკრაინასთან, ვინაიდან თავად გადაწყვეტილების მიღების მოდელი ევროკავშირში საკმაოდ რთულია და მას დიდი დროს დასჭირდება. ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რომ ბრიუსელი ადგება და ყველაფერს გააუქმებს, არ შეიძლება. მაგრამ, ჩემი აზრით, ჯოზეპ ბორელის ამჟამინდელი ვიზიტის დროს და შემდეგაც, უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე, მოსალოდნელია საკმაოდ მკაცრი საუბარი ამ თემაზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

ასეა თუ ისე, წილი ნაყარია და „ვერხოვნა რადის“ მიერ დამტკიცებული საკონკურსო კომისია უნდა შეუდგეს სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატების გამჭვირვალე და საჯარო შერჩევას, რასაც უკრაინის ხელისუფლებისგან ელოდებიან მისი საერთაშორისო მოკავშირეები.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ კიევში და აშშ-ის საელჩომ, 17 სექტემბერს, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ უკრაინისადმი შემდგომი დახმარება დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ დაიკავებს სპეციალური ანტიკორუფციული პროკურორის ხელმძღვანელის პოსტს.

„ეს განცხადება ნათელყოფს, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს აინტერესებთ არა ის, თუ ვინ ირჩევს, არამედ ის, თუ ვის აირჩევენ და ვინ დაიკავებს სპეციალური ანტიკორუფციული პროკურორის ხელმძღვანელის პოსტს. თუ ვინმე დილეტანტს აირჩევენ, მაშინ ევროკავშირი დაიწყებს მოქმედებას, ხოლო თუ საკონკურსო კომისია ნორმალურ კანდიდატს შეარჩევს, მაშინ, არსებული პრობლემების მიუხედავად, ევროკავშირი არ წავა უკრაინასთან კონფრონტაციაზე“, - ამბობს იური პანჩენკო, პორტალ „ევროპეისკაია პრავდის“ რედაქტორი.

„ევროკავშირის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ უკრაინა შეესატყვისება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებს, მაგრამ მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იქნეს ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობა და თავიდან იქნეს აცილებული სამართალდამცველი ორგანოების პოლიტიზება“, - განაცხადა 22 სექტემბერს კიევში მყოფმა ჯოზეპ ბორელიმ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG