Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საფრთხეს ხედავენ ჟურნალისტები აჭარის ტელევიზიის მრჩევლად ყოფილი დირექტორის არჩევაში?


აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები, უკვე მეორედ, საუბრობენ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე მას შემდეგ, რაც რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში, უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით წარმოდგენილმა „ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი აირჩია. მათ შორის კი, ერთ-ერთი წარსულში აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი სოსო სტურუაა. მისი დირექტორობის დროს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ირინა ყურუამ და ორმა პროდიუსერმა სტურუა მთავრობის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს და სამსახური დატოვეს. მათ შორის ორი ჟურნალისტი ტელევიზიაში სოსო სტურუას დირექტორობის ვადის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდა.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს, ირინა ყურუას დღეს ტოქშოუ „სათქმელი“ მიჰყავს. 24 ოქტომბერს მან პირდაპირ ეთერში პროტესტის ნიშნად გადაცემის წაყვანაზე უარი თქვა, რადგან ტოქშოუში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრთა არჩევის საკითხს განიხილავდნენ, სადაც ყოფილი დირექტორი იყო მიწვეული. ჟურნალისტმა მიიჩნია, რომ სოსო სტურუასთან, რომელთანაც წარსულში სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის გამო კონფლიქტი ჰქონდა, ინტერვის წარმართვა იქნებოდა ინტერესთა კონფლიქტი, ამიტომ გადაცემაში სტუმრის ადგილას გადაინაცვლა და თქვა:

„რატომ ინტერესთა კონფლიქტი? იმიტომ, რომ როდესაც ბატონი სოსო სტურუას სახელი და გვარი ამოვიკითხე ტელევიზიის მრჩევლებს შორის, გამახსენდა, ეს არსად არ წასულა - ჩემი ისტორიის ნაწილია და ძალიან მწარე გამოცდილებაა წარსულიდან. მე კი არ მინდა, განმეორდეს ეს პერიოდი. ის არგუმენტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი დაგვიცავს, ეს არ არის გარანტია. გარანტია უნდა ვიყოთ ჩვენ, ჟურნალისტები. მე მაშინ სოსო სტურუა მინახავს ძალიან ცუდ მდგომარეობაში, როცა მას სთხოვდნენ ხელისუფლებისთვის მოსაწონი რიგითობა ყოფილიყო საინფორმაციო გამოშვებებში“, - თქვა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა ირინა ყურუამ.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში თემების რიგითობის განსაზღვრა ხელისუფლების ინტერესის მიხედვით, გახდა მიზეზი იმისა, რომ ჟურნალისტმა ქეთი დუმბაძემ აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერის თანამდებობა 2014 წელს დატოვა. ქეთი დუმბაძემ ამის გამო ჟურნალისტურ საქმიანობაზეც თქვა უარი და კერძო სექტორში გააგრძელა მუშაობა. თუმცა აჭარის ტელევიზიას, როგორც მაყურებელი, გულშემატკივრობს. მიიჩნევს, რომ სოსო სტურუას დირექტორობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც 2013-2016 წლებში ხელმძღვანელობდა რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჭარის ტელევიზიამ განახლებული გუნდით სარედაქციო დამოუკიდებლობას მიაღწია.

ქეთი დუმბაძე ყოფილი დირექტორის მრჩევლის სტატუსით დაბრუნებაში რისკებს ხედავს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გუნდმა, ასევე საზოგადოებამ სიტყვის თავისუფლების გემო იგრძნო და მის დაკარგვას რთულად შეეგუება. ჟურნალისტი იხსენებს, რომ სოსო სტურუა მაშინდელი საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის მეშვეობით, სატელევიზიო რეპორტაჟის თავისი შეხედულებისამებრ გაშვებას სთხოვდა:

„რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური თემები არ უნდა გასულიყო, განსაკუთრებით კი რეგიონის მთავარი პოლიტიკური თემები. ასევე, რელიგიური თემები, რის მიმართაც იყო ცენზურა და მახსოვს, ძალიან ხშირად ხდებოდა ე.წ. მსუბუქი თემების, გამოფენების და კულტურის თემების გაშუქებაზე მოთხოვნა. არ ვაკნინებ ამ მიმართულებას, მაგრამ ძალიან ხშირად ხდებოდა მაშინდელი მაუწყებლის დირექტორის მხრიდან არაპოლიტიკური თემების გაშუქების მოთხოვნა და, ბუნებრივია, საინფორმაციო განრიგი, ე.წ. ვიორსტკა ივსებოდა იმ თემებით, რაც იყო არაპოპულარული, არ იყო მნიშვნელოვანი და არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ნიშნით შერჩეული“.

ჟურნალისტი ქეთი დუმბაძე ამბობს, რომ რადიკალური გადაწყვეტილება რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წასვლის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც ყოფილმა დირექტორმა, სოსო სტურუამ, დასვენება, საქმეში კი სხვა პროდიუსერის ჩართვა შესთავაზა. „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული, უკვე ტელევიზიის მრჩეველი სოსო სტურუა კი დღეს ამბობს, რომ თავისი დირექტორობის პერიოდით ამაყობს და ტელევიზიის მაშინდელ რეიტინგზე მიუთითებს:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი დირექტორი ვიყავი სამი წელი და ჩემთვის არის საამაყო. ზოგიერთი რომ ხარვეზად და შეცდომად თვლის, იმის მიუხედავად, და ყველაფერზე მაქვს პასუხი. მაშინ ჩვენ გვქონდა მიღწევები, სანდოობა და კვლევები. ჩემი დირექტორობის პერიოდში აჭარის ტელევიზია მეშვიდე ადგილზეც გასულა და მერვე-მეცხრე ადგილზე იყო სტაბილურად. ჩემს შემდეგ კი 22-ე ადგილზეც კი ჩამოსულა ეს მაჩვენებელი - ეს მე კი არ მახარებს, მაგრამ რეიტინგი, რაც აჭარის ტელევიზიას ჰქონდა იმ წლებში, ამას მე ვთვლი ჩემს საამაყო წარსულად“, - ამბობს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს „ქართული ოცნების“ კვოტით ახლად არჩეული წევრი და ტელევიზიის ყოფილი დირექტორი სოსო სტურუა. მასთან ერთად, 25 ოქტომბერს, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი მრჩეველი თამილა დოლიძე წარადგინა. დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კი თამარ წილოსანი წარადგინეს. ერთი წევრის წარდგენის შესაძლებლობა ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ რჩება, რომელმაც პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა, რაც მრჩევლის შესარჩევი ახალი კონკურსის ჩატარების მიზეზი ხდება. საბჭოში რჩება მოქმედი მრჩეველი გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც 2018 წლიდანაა წევრი მმართველი პარტიის კვოტით.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 5-წევრიანმა მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლობის ახალი დირექტორი ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიოს.

თუმცა ფაქტი ერთია, რომ დირექტორს აირჩევს ახალი საბჭო, რომელშიც მმართველ პარტიას წევრთა უმრავლესობა ჰყავს წარდგენილი. რადგან მანამდე მოქმედ საბჭოს დირექტორის არჩევის შესაძლებლობა არ მიეცა. მასში 5 მრჩევლიდან „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთი, დანარჩენები კი ოპოზიციურ პარტიებს ჰყავდათ წარდგენილი. ძველ საბჭოს დირექტორის არჩევის შესაძლებლობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ მისცა, როდესაც 24 სექტემბერს ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი რიგით მეოთხე კონკურსი შეაჩერა. ოქტომბერში კი საბჭოს ძველი შემადგენლობიდან 4 წევრს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების ნაწილი ამ ფაქტს გამოეხმაურა, სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე მიუთითა და საზოგადოებას მხარდაჭერა სთხოვა. მათ შორის იყო აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე. იგი ამბობს, რომ ჟურნალისტების პირველი განცხადების შემდეგ იმედი ჰქონდა, „ქართული ოცნება“ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა, თუმცა:

„ის ნაბიჯი, რაც უმაღლესმა საბჭომ გადადგა, ცხადყოფს, რომ პროცესი დემოკრატიული აღარ იქნება. იმიტომ, რომ დეპუტატების წინაშე იდგა მთავარი ამოცანა, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო დაეკომპლექტებინა ღირებულებების ერთგული, საზოგადოებისგან მაღალი სანდოობის მქონე პროფესიონალებით. მათ შეარჩიეს მრჩევლები, რომელთა პრონციპული პოზიცია ჩვენ არასოდეს მოგვისმენია მნიშვნელოვან თემაზე. გარდა ამისა, პრობლემა ღირებულებებისა და ნდობის თვალსაზრისითაც არის. ამიტომ ვამბობ, რომ დემოკრატიულ პროცესთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. მეტიც, ეს არის საფრთხე მედიისთვის, რომელიც როგორ დასრულდება, არ ვიცით“, - ამბობს მაია მერკვილაძე.

თუმცა საფრთხეების შესახებ იგი მანამდეც საუბრობდა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან აჭარის ტელევიზიის მისამართით გაკეთებულ არაერთი განცხადებაზე მიანიშნებდა. მათ შორის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში ყოფნისას ტელევიზიას „რუსთავი 2“-ის ფილიალი უწოდა და საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტს დაუპირისპირდა. ამ განცხადების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პირდაპირ ეთერში ტელევიზიას „დაოკება“ ურჩია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG